საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.10.2022
საქმის ნომერი
2კ-689აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.10.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №689აპ-22 თბილისი

ა-ა ვ., 689აპ-22 31 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ა-ას ადვოკატ პ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით ვ. ა., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით სამ ეპიზოდში და მიესაჯა: 2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდში გურამ ყიფიანის მიმართ - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდში რ. ბ-ის მიმართ - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2019 წლის 21 ივნისის ეპიზოდში ინგა სურმანიძის მიმართ - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ა-ას განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 11 ივლისიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ვ. ა-ას მსჯავრი დაედო:

ü პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ სხვაგვარ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (ორი ეპიზოდი);

ü პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში, ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა (2 ეპიზოდი) და 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევმა ვ. ა-ამ 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 01:51 საათზე, ბ-ში, თ. მ-ის ქუჩის №--ში მდებარე №- პენიტენციური დაწესებულების №- საკანში, სხვაგვარად იძალადა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორს - გ. ყ-ს, კერძოდ: მარცხენა ყვრიმალის არეში ანთებული სიგარეტის მიდებით მიღებული დამწვრობით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო შემდეგ სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა (2 ეპიზოდი) და 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევმა ვ. ა-ამ 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 03:48 საათზე, ბ-ში, თ. მ-ის ქუჩის №--ში მდებარე №- პენიტენციური დაწესებულების №- დეესკალაციის ოთახში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს - რ. ბ-ეს, კერძოდ: სახეში დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2019 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 17:23 საათზე, ბ-ში, თ. მ-ის ქუჩის №--ში მდებარე №- პენიტენციური დაწესებულების №- საკანში მყოფმა, მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა ვ. ა-ამ, რომელიც კონსულტაციის მიზნით გაყვანილი ჰყავდათ ამავე დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ოთახში, სხვაგვარად იძალადა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საექიმო-სამედიცინო პუნქტის მთავარ ექიმს - ი. ს-ეს, კერძოდ: ტელეფონის ყურმილის სროლის შედეგად მარჯვენა მტევნის არეში ნაჭდევის სახით, ხოლო ფეხის დარტყმის შედეგად მარჯვენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ა-ას ადვოკატმა პ. კ-ემ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვაჟა აბურჯანიას გამართლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ა-ას ადვოკატმა პ. კ-ემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ვ. ა-ას გამართლებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ვ. ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით სამ ეპიზოდში. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის სტანდარტს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ა-ას ადვოკატ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე