საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.04.2023
საქმის ნომერი
2კ-1130აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.04.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100120003798141

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1130აპ-22 ქ. თბილისი

ხ-ე ზ 1130აპ-22 4 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),თამარ ოქროპირიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ხ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის, მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

1.1. ზ. ხ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ზ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 26 ივნისიდან.

1.2. ლ. შ-ი, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4 -ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ლ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 26 ივნისიდან.

1.3. გ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან -2020 წლის 26 ივნისიდან.

1.4. ნ. ც-ე, - დაბადებული ... წლის .... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან -2020 წლის 26 ივნისიდან.

1.5. ნ. ქ-ი, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 26 ივნისიდან.

1.6. ა. ქ-ი, - დაბადებული ... წლის 8 სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 26 ივნისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ხ-მ ჩაიდინა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ესე იგი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ესე იგი თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ლ. შ-მა - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ესე იგი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ესე იგი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა; გ. მ-მა - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ესე იგი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ესე იგი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა; ნ. ც-მ - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ესე იგი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ესე იგი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა; ნ. ქ-მა - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ესე იგი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა; ა. ქ-მა - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ესე იგი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ესე იგი თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 18 ივნისს ლ. შ-მა, გ. მ-მა, ნ. ც-მ და სხვა პირებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ნ. ც-მ და სხვა პირებმა, ვ. ჩ-ა და ნ. ხ-ის ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე - მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზება. ამისათვის, ვ. ჩ-ის „ტოიოტა ქემრის“ მარკის და გ. ტ-ის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მოძრავი პირები, მათ შორის ნ. ც-ე, მ-ის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ თ-ი, ხოლო მ-ში დარჩენილი, ავტობანზე მყოფი ლ. შ-ი და გ. მ-ი ავტომანქანებში მსხდომ პირებს შეუერთდნენ ამ საერთო განზრახვაში და ისინი პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მათ წინ მოძრავი მოწინააღმდეგე მხარის, დაზარალებულების ადგილსამყოფლის შესახებ.

· თ-ი ჩამოსვლის შემდეგ, თავის მხრივ, ნ. ც-მ და მასთან მყოფმა პირებმა მობილიზება გაუწიეს ფიზიკურად ძლიერი პირების შეკრებას, რის გამოც თ-ი, ნ-ის რაიონში, მიაკითხეს მათზე უფროსი ასაკის, ოთხ ფიზიკურად ძლიერ პირს და უზრუნველყვეს მათი მ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ. ჩ-ის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ერთ-ერთი მოწვეული პირი, გადანაწილდნენ ა. ქ-ა და ზ. ხ-ან ერთად, მათ გარდა კიდევ სამი პირი, მათგან ერთ-ერთი ნაცემი პირი, ვ. ჩ-ი, სულ - ექვსი პირი, ხოლო გ. ტ-ის კუთვნილ ავტომობილში - ნ. ც-ე, ნ. ქ-ი და მათ გარდა, კიდევ ოთხი პირი, მათგან ერთი მოწვეული პირი, რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით. აღნიშნული პირები 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ-ან გაემართნენ მ-ის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ ლ. შ-ი და გ. მ-ი, რომლებიც, თავის მხრივ, აწვდიდნენ ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრებს ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფლის თაობაზე.

· 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტში, მდინარე ა-ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გ. შ-ს, გ. ა-ს, გ. ქ-ს, ვ. ა-ს, ი. ბ-სა და კ. ღ-ს, რომლებიც ფეხით მოძრაობდნენ თ-ის მიმართულებით, თავს დაესხნენ ნ. ც-ე, ნ. ქ-ი, მათთან მყოფი სამი პირი და რკინის ხელკეტით შეიარაღებული მოწვეული პირი, რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ. მ-ი და ლ. შ-ი. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ გ. ქ-ს, კ. ღ-ა და ვ. ა-ს, რა დროსაც კ. ღ-ე გაიქცა თ-ის მიმართულებით, ი. ბ-ე დაიმალა გზის გვერდულზე არსებულ შენობაში, ხოლო გ. შ-ი, გ. ა-ი და ვ. ა-ი გაიქცნენ დ-ის მიმართულებით.

· თავდამსხმელების წასვლის შემდეგ გ. შ-ი, გ. ა-ი და ვ. ა-ი დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გ. ქ-ს და ცდილობდნენ თ-ი დაბრუნებას. დაახლოებით 00:50 საათზე მათ თავს დაესხნენ ა. ქ-ი, ზ. ხ-ე და მათთან ერთად მყოფი ერთი პირი და სამი, ფიზიკურად ძლიერი, მოწვეული პირი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გ. შ-ს, გ. ა-ს, გ. ქ-ა და ვ. ა-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გ. შ-ი, გ. ა-ი, გ. ქ-ე და ვ. ა-ი გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებით, შემდგომ კი - გზიდან მარჯვენა მხარეს არსებული ბუჩქნარისკენ. გ. ა-ი, ვ. ა-ი და გ. ქ-ე დაიმალნენ მდინარე ა-ის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გ. შ-ი გაიქცა მდინარე ა-ის მიმართულებით.

· ა. ქ-ა, ზ. ხ-მ და მათთან მყოფმა პირებმა დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ. ა-ი, რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება - მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, ჩაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს თ-ი, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვევს მეტროსადგურ ,,დ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლ-ის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან.

· 2020 წლის 22 ივნისს მდინარე ა-ი აღმოაჩინეს გ. შ-ის გვამი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების - ლ. შ-ის, გ. მ-ის, ნ. ც-ის, ნ. ქ-ის, ა. ქ-სა და ზ. ხ-ის მიმართ კვალიფიკაციის, სასჯელისა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლის ნაწილებში დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ზ. ხ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ზ. ხ-ის გამართლება; ასევე გრ. რ-ის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ გ. დ-ის მიერ გაცემული №... დასკვნის, როგორც მტკიცებულების, დაშვება და შესაბამისად, ექსპერტის დაკითხვა.

4.1. კასატორების მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; გამამტყუნებელი განაჩენი ძირითადად აგებულია მხოლოდ ერთი მოწმის - გ. ა-ის ჩვენებაზე, რაც არ არის საკმარისი მსჯავრდებულ ზ. ხ-ის დამნაშავედ ცნობისათვის; სასამართლომ არასამართლიანად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ვერ ადასტურებს ზ. ხ-ის ბრალეულობას; მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ საერთოდ უგულებელყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი და მისი მოთხოვნები.

4.2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ნიკოლოზ სანიკიძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ზ. ხ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

5.1. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში; მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ მოიპოვება არათუ საკმარისი ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები, არამედ არ არსებობს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

5.2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ნიკოლოზ სანიკიძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. კასატორების მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა რამდენად საკმარისია ზ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ლ. შ-ის - სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა კი წარმოადგენს იმ სამ, უმთავრეს ელემენტს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება (სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი). ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის ჭრილში განმარტა, რომ მტკიცებულების შესაფასებლად სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იყენებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ვარაუდს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას (იხ. საქმე: „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,“ Ireland v. The United Kingdom), N5310/71, 18/01/1978, §161).

8. საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა):

8.1. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. ხ-ის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება; ასევე საფუძველს მოკლებულია ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ლ. შ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ზ. ხ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ხოლო ლ. შ-ის ქმედებაში - სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შემადგენლობის როგორც ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობა, ასევე მათი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულების - გ. ა-ის, გ. ქ-ის, ვ. ა-ის, კ. ღ-ის, ი. ბ-ის ჩვენებები, მოწმეების - ა. გ-ას, ს. ჭ-ას, ე. ხ-ას, ვ. თ-ის, ნ. ხ-სა და სხვათა ჩვენებები, შეტყობინების ოქმი, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ამოცნობის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ვიდეოკამერების ჩანაწერის დათვალიერების ოქმები, კავშირგაბმულობის პროვაიდერების ქსელში მომუშავე ანძის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენის შესახებ ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N... და N... დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ:

8.2. დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, 2020 წლის 18 ივნისს ა. გ-ა იხდიდა დაბადების დღის წვეულებას მ-ის მუნიციპალიტეტში მდებარე აგარაკზე; წვეულების დარბაზის გარეთ მოხდა ჩხუბი, რა დროსაც სცემეს ვ. ჩ-ა და ნ. ხ-ს. აგარაკიდან წავიდა ერთი, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანა, სახ.№..., რომელსაც მართავდა ვ. ჩ-ი და რომელშიც მის გარდა, ისხდნენ თ. ბ-ე, ნ. ქ-ი, გ. შ-ე, ნ. ხ-ი, ა. ქ-ი, ზ. ხ-ე და მეორე - გ. ტ-ის მართული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახ.№..., რომელშიც გ. ტ-ის გარდა, ისხდნენ ი. მ-ე, ნ. ც-ე და თ. დ-ი. ორივე ავტომანქანა გაემგზავრა მ-ნ თ-ის მიმართულებით და მივიდა თ-ში, ნ-ის რაიონში, ე. ბ-ის ქუჩაზე, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ზემოაღნიშნული ავტომანქანები, კერძოდ, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა გ. ტ-ი, მისგან მარჯვნივ - ნ. ჟ-ა, ხოლო უკანა სალონში - ნ. ც-ე, ნ. ქ-ი, თ. ბ-ე, ი. მ-ე და „ტოიოტას მარკის“ ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა ვ. მ-ე, გვერდით - ა. გ-ე, უკანა სალონში - ვ. ჩ-ი, ა. ქ-ი, ზ. ხ-ე და ნ. რ-ი - დაბრუნდა მ-ი; ვ. მ-ის მართული „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანა მივიდა, აგარაკზე, წვეულების ადგილას; გ. ტ-ის მართული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ა-ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსამრეცხაოსთან გაჩერდა დაზარალებულების - გ. ა-ის, გ. შ-ის, ვ. ა-ის, გ. ქ-ის, კ. ღ-ა და ი. ბ-ის წინ, რომლებიც ფეხით მოძრაობდნენ თ-ის მიმართულებით. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდნენ გ. ტ-ი, ნ. ქ-ი, ნ. ც-ე, ი. მ-ე, თ. ბ-ე და ნ. ჟ-ია. ავტოსამრეცხაოს წინ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ჩხუბი. ჩხუბის შემდეგ დაზარალებული გ. ქ-ე იყო ნაცემი, ხოლო დანარჩენი დაზარალებულები - გ. ა-ი, გ. შ-ი, ვ. ა-ი, კ. ღ-ე და ი. ბ-ე გაიქცნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნაცემი გ. ქ-სა და უკან მობრუნებული დაზარალებულების - გ.ა-ის, გ. შ-ის, ვ. ა-ის წინ გაჩერდა ვ. მ-ის მიერ მართული „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ვ. მ-ე, ვ. ჩ-ი, ა. ქ-ი, ზ. ხ-ე, ა. გ-ე და ნ. რ-ი; დაზარალებულები - გ. ა-ი, გ. შ-ი, ვ. ა-ი და გ. ქ-ე გაიქცნენ ა-ის ხიდის მიმართულებით, გადაკვეთეს გზის შუა გამყოფი ზოლი და გადავიდნენ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის ზოლში დ-ის მიმართულებით. „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან გადმოსული ყველა პირი დაედევნა მათ. ფერადი შენობის უკანა მხარეს ნახეს დამალული გ. ა-ი და წაიყვანეს თ-ში. იგი „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვეს დ-ის მეტროსთან არსებულ „ლ-ის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე; გ. ტ-ის მიერ მართული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ავტოსამრეცხაოდან დაბრუნდა აგარაკზე, სადაც მათ დახვდნენ ე. ხ-ია და ვ. თ-ე; თ. ბ-მ თავისი ავტომანქანა გამოიყვანა აგარაკის ეზოდან და დააპირა მანქანაში გამოძინება, მასთან ერთად დარჩნენ ლ. შ-ი, ნ. ქ-ი და ი. მ-ძე, ხოლო გ. ტ-ის ავტომანქანით თ-ში დაბრუნდნენ თავად გ. ტ-ი, გ. მ-ი, ნ. ც-ე და ნ. ჟ-ია. ღამით, ლ. შ-ნი და ნ. ქ-ი თ-ში წამოიყვანეს ავტომანქანით მათთვის უცხო პირებმა - ი. ა-მ და გ. გ-მ. 2020 წლის 22 ივნისს მდინარე ა-ში აღმოაჩინეს გ. შ-ის გვამი.

8.3. საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებით - სატელეფონო ნომრების ამონაწერით დგინდება, რომ მ-ან თ-ის მიმართულებით ავტომანქანებით მოძრაობის დროს, იქ მსხდომ პირებს სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ მ-ში დარჩენილ ლ. შ-ან (გ. ტ-ის მანქანაში მსხდომ პირებს - ი. მ-სა და ნ. ც-ს ლ. შ-ან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ 23:27:43, 23:28:35, 23:29:35, 23:31:09, 23:33:41, 23:36:27 საათებზე), რომლის გვერდითაც უწყვეტად იმყოფება გ. მ-ი. თავის მხრივ, დროის იმავე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაცია (23:27:45 საათსა და 23:27:56 საათზე) ხორციელდება „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მჯდომ - ი. მ-სა და „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანში მყოფ ვ. ჩ-ს შორის. გარდა აღნიშნულისა, 23:37:51 საათზე, სატელეფონო კომუნიკაცია მყარდება ლ. შ-სა და გ. მ-ს შორის. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის ნ. ც-ის განმარტებით, დგინდება, რომ გ. ტ-ი და ვ. ჩ-ი (მ-ან თ-ნ მიმავალი ავტომობილების მძღოლები) თ-ის შესასვლელში აჩერებენ მანქანებს, გადმოდიან მანქანიდან და მგზავრები საუბრობენ ერთმანეთთან. როგორც შპს ,,ლ-ის“ ვიდეოკამერების ჩანაწერის ოქმით დგინდება, მ-ი დარჩენილი გ. მ-ი და ლ. შ-ი უკან მიჰყვებოდნენ მ-ნ თ-ის მიმართულებით მიმავალ დაზარალებულებს და მეთვალყურეობდენ მათ გადაადგილებას, რა დროსაც, როგორც სატელეფონო ზარების ამონაწერებით დგინდება, მუდმივი კავშირი ჰქონდათ ნ. ც-ა და ი. მ-ნ, რომლებიც იმყოფებოდნენ გ. ტ-ის მანქანაში. თავის მხრივ, იმავე ავტომანქანაში მყოფ ი. ჟ-ას კომუნიკაცია აქვს ვ. ჩ-ნ, რომელიც იმყოფებოდა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანაში. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ. მ-ი მის წინ მიმავალ დაზარალებულებს აყოვნებს, ერთ-ერთს - გ. ქ-ს კი განმეორებით სთხოვს მობილური ტელეფონის ნომერს და რეკავს მასთან. ამასთან, ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაზარალებულებზე ძალადობის შემდგომ, გ. ქ-ის ტელეფონზე შედის სატელეფონო ზარი ვ. ჩ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან, რა დროსაც მისთვის უცნობი პირი ეკითხება გ. ქ-ს - „სად იყო დამალული, რას აკეთებდა და სად იყვნენ მისი მეგობრები“. ამასთან, ავტომანქანებში მყოფ პირებს შორის იყო მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია როგორც თ-ნ მ-ის მიმართულებით, ასევე - პირველ თავდასხმამდე და შემდგომ, კერძოდ:

8.4. სატელეფონო ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფმა პირებმა დაზარალებულებზე პირველი თავდასხმა მოახდინეს 00:47:00 საათზე. ვ. მ-ის მართული ,,ტოიოტა ქამრის“ ავტომანქანა აგარაკზე იმყოფება 00:46:10 საათზე, ხოლო იქიდან მიდის 00:49:05 საათზე. დროის ამ პერიოდში, როგორც თავდასხმამდე, ასევე თავდასხმის შემდეგ, ვ. ჩ-ს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ნ. ჟ-ნ 00:46:19 00:46:46, 00:47:47 და 00:49:46 საათებზე, ხოლო ი. მ-ნ - 00:49:05 საათზე. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-ან თ-ში თავდაპირველად მიმავალ ავტომანქანებში მსხდომი პირებისათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ გ. მ-ი და ლ. შ-ი დარჩნენ მ-ში და აღნიშნულის თაობაზე მათ არ შეუტყვიათ თ-ში, როგორც ამის შესახებ მსჯავრდებულთა ნაწილი აღნიშნავს. მითითებულ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ, როდესაც ვ. ჩ-ი თანმხლებ პირებთან ერთად თ-ნ მ-ში, აგარაკზე ბრუნდება, არკვევს, იციან თუ არა აგარაკზე მყოფმა ვ. თ-მ და ე. ხ-მ სტუმრად მყოფი პირების ადგილსამყოფელი. როდესაც დარწმუნდება, რომ სტუმრები აგარაკზე არ იმყოფებიან, ტოვებს აღნიშნულ ტერიტორიას, ავტომობილებთან დაკავშირებით არანაირ საკითხს არ არკვევს, უფრო მეტიც, მათ არ ეკითხებიან გ. მ-სა და ლ. შ-ის ადგილსამყოფელს. ამდენად, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებულია დაცვის მხარის ვერსია იმის შესახებ, რომ ზ. ხ-ა და მისი თანმხლები პირების მ-ში დაბრუნების მოტივი ლ. შ-სა და გ. მ-ის, აგრეთვე, ავტომანქანების თ-ში წამოყვანა იყო.

8.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განაჩენში წარმოდგენილი სარწმუნო მტკიცებულებებით - ვიდეოკამერების ჩანაწერებით, სატელეფონო ზარების ამონაწერით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ „ტოიოტა ქამრისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანები დროის უმნიშვნელო ინტერვალის დაშორებით, თითქმის ერთდროულად, მიემართებიან იმ ადგილისაკენ, სადაც უშუალოდ კონფლიქტი (ჯგუფური ძალადობა) მოხდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ ორ ავტომანქანაში მსხდომ ზოგიერთ პირს არათუ რაიმე სახის კონფლიქტი ან უთანხმოება აკავშირებს დაზარალებულებთან, არამედ - არც კი იცნობენ მათ, უფრო კონკრეტულად:

· ნ. ჟ-ია, რომლის მოქმედებაც განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი იყო დაზარალებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, მანქანიდან გადმოსვლისთანავე რკინის საგნის მეშვეობით აყენებს დაზიანებას კ. ღ-ს;

· წვეულებაზე არ ყოფილან ვ. მ-ე, ა. გ-ე, ნ. ქ-ი;

· მხედველობაშია მისაღები წუთების დაშორებით შემთხვევის ადგილზე მისული „ტოიოტა ქამრისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანების შეჩერებისა და მათში მსხდომი პირების მოქმედება, კერძოდ, თითოეულ მანქანაში იჯდა ექვსი პირი ანუ მანქანები სრულად იყო შევსებული. „მერსედესის“ ავტომანქანა ჩერდება არა ლ. შ-სა და გ. მ-ის წინ, რომელთა წამოსაყვანადაც, თითქოსდა, ჩამოვიდნენ თ-ან და რომლებიც დაზარალებულებს ჩამორჩებოდნენ ოცი-ოცდაათი მეტრით, არამედ - დაზარალებულების წინ. ორივე შემთხვევაში, მანქანების გაჩერებისთანავე, მანქანაში მყოფი პირები ერთდროულად აღებენ ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამის კარს, სწრაფად გადადიან მანქანიდან და ჯგუფურად სჩადიან ძალადობრივ ქმედებებს დაზარალებულების მიმართ, რაშიც ასევე აქტიურად მონაწილეობენ ადგილზე მყოფი ლ. შ-ი და გ. მ-ი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ლ. შ-ი კონფლიქტის შემდეგ არ ბრუნდება თ-ში, კვლავ მ-ში რჩება თ. ბ-ის ავტომანქანაში და ნ. ქ-ან ერთად, გვიან ღამით, უცხო პირთა მანქანით ჩადის თ-ში, თავად თ. ბ-ე კი იძინებს მისსავე ავტომობილში.

8.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულები მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით - შური ეძიათ „ს-ე“ ვ. ჩ-ა და ნ. ხ-ის ცემის გამო.

8.7. ძალადობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია პირველ რიგში თავად ამ მოქმედებების თვითმხილველი, მოწმეების სახით დაკითხული დაზარალებულების ჩვენებებით, კერძოდ:

8.8. დაზარალებულ გ. ა-ის ჩვენების თანახმად, მათ გადაიარეს ხიდი, ხოლო რამდენიმე წამში მიუახლოვდათ ვერცხლისფერი ავტომანქანა და გაჩერდა. აღნიშნულ ავტომანქანაში მძღოლის გვერდით არსებული კარიდან გადმოსულმა ნ. ჟ-მ 40-50 სანტიმეტრამდე რკინის ხელკეტი დაარტყა ჯერ კ. ღ-ს, რომელიც გაიქცა თ-ის მიმართულებით, ხოლო შემდეგ - გ. ქ-ს. ამის დანახვაზე გაიქცა, მანქანიდან გადმოსული პირების ნაწილი მათ დაედევნა, ხოლო ნაწილი სცემდა გ. ქ-ს. შემდეგ დაინახა, რომ ლ. შ-ი და გ. მ-იც მათკენ გაიქცნენ. მოწმის განმარტებით, მან და გ. შ-მა აღნიშნულ პირებს გვერდი აუარეს, ხოლო ვ. ა-ნი ცოტა შეყოვნდა, თუმცა მალევე დაეწია. მათ ჩაირბინეს თითქმის ხიდის ბოლომდე, სადაც მოტრიალდა და დაინახა, რომ უკლებლივ ყველა პირი ურტყამდა გ. ქ-ს, რომელმაც ერთ მომენტში დააპირა წამოდგომა, მაგრამ ისევ „დაითრიეს“ და დაუწყეს ცემა. გ. ქ-ს სცემდა 8 პირი, 6 მანქანიდან გადმოსული და 2 - შემდგომ მისული.

8.9. დაზარალებულ გ. ქ-ს ჩვენებით, გადაკვეთეს ა-ის ხიდი, რა დროსაც მათ წინ გაუჩერა ვერცხლისფერმა ე. წ. ,,სედანის“ ტიპის ავტომანქანამ. ამ მომენტისათვის მას ეგონა, რომ ეს მისი რომელიმე მეგობრის მანქანა იყო და ახლოს მივიდა. თუმცა, შემდეგ დაინახა, რომ ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით ხუთი ადამიანი, რომლებიც გინებით გაიქცნენ მათკენ. მან დაინახა, რომ ავტომანქანიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა პირმა კ. ღ-ს მოუქნია გრძელი, ზომით დიდი საგანი. ამ მომენტში მან გონება დაკარგა. მოწმეს ახსოვს, რომ ბორძიკით გააგრძელა გზა თ-ის მიმართულებით, რა დროსაც ცემა დაუწყო რამდენიმე პირმა. ამის გამო ისევ გაითიშა. გონზე მოსვლისას მის გარშემო უკვე არავინ იყო. მან გაიგო, თუ როგორ ეძახდნენ მანქანიდან იმ ორ პირს, რომლებიც მათ უკან მოძრაობდნენ - წავიდეთ, წავიდეთო. ეს ორი ადამიანიც ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ვ. ა-ს ჰქონდა რაღაც დაზიანება შუბლის არეში, რაც მან შეამჩნია მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ. სანამ ,,მერსედესი“ გაჩერდებოდა და იქიდან გადმოსული პირები მათ ცემას დაუწყებდნენ, მანამდე ვ. ა-ს ეს დაზიანება არ ჰქონია.

8.10. დაზარალებულ ვ. ა-ის ჩვენებით, როდესაც კ. ღ-ე და გ. ქ-ე გადავიდნენ ხიდზე, მათ წინ „შემოუხვია“ მოთეთრო ფერის მანქანამ, წინა და უკანა მარჯვენა კარიდან გადმოვიდნენ მკვრივი აღნაგობის პირები და დაუწყეს ცემა გ. ქ-ს და კ. ღ-ს, რა დროსაც იგი უკან მოტრიალდა და დაინახა, რომ მათკენ მირბოდნენ ის პირები, რომლებმაც მანამდე გამოართვეს ნომერი. ერთ-ერთმა, კერძოდ, ლ. შ-მა მას ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც ასარიდებლად თავადაც მოუქნია ხელი და გაიქცა ხიდზე. შემდეგ მიტრიალდა და დაინახა, რომ მანქანიდან გადმოსული ხალხი მათ გამოეკიდა, რის გამოც გააგრძელა გზა. მოწმის განმარტებით, ამ დროს მის წინ გარბოდნენ გ. შ-ი და გ. ა-ი.

8.11. დაზარალებულ კ. ღ-ის ჩვენებით, ა-ის ხიდის გადაკვეთისთანავე მათ მიუახლოვდა მოთეთრო-მოვერცხლისფრო ავტომანქანა. თავიდან ეგონა, რომ ეს იყო მეგობრის - ი. წ-ის სატრანსპორტო საშუალება. მანქანა გაჩერდა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადადგეს. ამ დროს ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 5-6 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი მიუახლოვდა მას, მოუქნია რაღაც საგანი, რომელიც მოხვდა მარჯვენა ბარძაყში. ამის გამო, თავად გაიქცა თ-ის მიმართულებით, დანარჩენები (მისი მეგობრები) კი - საპირისპირო მხარეს. როდესაც გარბოდა და აპირებდა რომელიმე მანქანას გადადგომოდა გაჩერების მიზნით, უკან მოიხედა და დაინახა, რომ იყო ჩხუბი, გინებით მისდევდნენ მის მეგობრებს ,,მერსედესის ბიჭები“ და ასევე ის ორი პირი, რომლებიც უკან მოჰყვებოდნენ მანამდე. მანვე შეამჩნია, რომ ერთი პირი ჰყავდათ ,,ეპიცენტრში“ მოქცეული. თავიდან არ ჩათვალა, რომ ეს პირი მისი მეგობარი - გ. ქ-ე იყო. ამასობაში, ჩაჯდა გამვლელ მანქანაში და გაემართა თ-ნ. თ-ში დაურეკეს მეგობრებმა - ვ. ა-მა და გ. ქ-მ, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ ნაცემები და სჭირდებოდათ დახმარება.

8.12. დაზარალებულ ი. ბ-ის ჩვენებით, ხიდზე გადასვლისთანავე უკან მომავალი ორი ბიჭი გამოიქცა მათი მიმართულებით. ისინი ყვიროდნენ, მათ შორის ეძახდნენ - ,,გაჩერდითო.“ მოცემულ მომენტში, მათ წინ გაჩერდა ,,მერსედესის“ მოდელის მსუბუქი ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ექვსი პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ეჭირა რკინა, ხოლო მეორემ აიღო ქვა და ისინი პირდაპირ საჩხუბრად წავიდნენ. ი. ბ-ის ჩვენებით, იგი ცოტა გვერდით გაიწია, შემდეგ კი - ვინაიდან მიხვდა, რომ საჩხუბრად მივიდნენ, გაიქცა და ღობეზე გადახტა. მანვე შეამჩნია, რომ პირველი დაარტყეს კ. ღ-ს - იმ პირმა, ვისაც ეჭირა რკინა. მანქანიდან გადმოსულ ექვს პირს შეუერთდა ის ორი პირიც, რომლებიც უკან მორბოდნენ, ,,ალყაში მოაქციეს“ მისი თანმხლები პირები. სულ რვანი იყვნენ. მეორე პირმა, რომელიც გადმოვიდა მანქანიდან, აიღო ქვა.

8.13. დაზარალებულების - გ. ა-ის, გ. ქ-ის, ვ. ა-ის, კ. ღ-ა და ი. ბ-ის ჩვენებები მთლიანად დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით.

8.14. პირველი თავდასხმის ფაქტს უტყუარად ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, შპს „ქ-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოკამერის „ch05_20200618234114” დასახელების ჩანაწერი და აღნიშნული ჩანაწერის 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, 2020 წლის 19 ივნისის 00:47:00 საათზე ავტომაგისტრალის მარჯვენა ნაპირთან, ა-ის ხიდის ბოლოში, ფეხით გადაადგილდებოდნენ გ. ქ-ე, გ. შ-ი, ვ. ა-ი, გ. ა-ი, ი. ბ-ე და კ. ღ-ე. 00:37:02 საათზე, ფეხით მოსიარულე პირების წინ, ავტომაგისტრალიდან მარჯვენა მხარეს მოუხვია ღია ფერის მსუბუქი, გ. ტ-ის მფლობელობაში არსებულმა „მერწედეს ბენცის“ ფირმის ავტომობილმა (სახ.№....), რომელსაც მართავდა გ. ტ-ი, ხოლო ამ დროს ავტომობილში მასთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. ჟ-ია, ნ. ც-ე, ი. მ-ე, თ. ბ-ე და ნ. ქ-ი. ავტომანქანა გაჩერდა ავტოსამრეცხაოს წინ, რის შემდგომაც მანქანის ორივე მხრიდან გადმოვიდა მანქანაში მყოფი ზემოთ ჩამოთვლილი ექვსი პირი - გ. ტ-ი, ნ. ჟ-ია, ნ. ც-ე, ი. მ-ე, თ. ბ-ე და ნ. ქ-ი. ნ. ც-ე, ნ. ქ-ი და მასთან ერთად მყოფი პირები უეცრად თავს დაესხნენ საავტომობილო გზის მარჯვენა ნაპირზე ფეხით მოსიარულე პირებს, რომლებიც ადგილზე იყვნენ გაჩერებულები. მანქანიდან გადმოსული ერთ-ერთი პირი რაღაც საგანს უქნევს ერთ-ერთ დაზარალებულს, ასევე მანქანიდან გადმოსული ერთ-ერთი პირი, რომელიც, ა. გ-ას განმარტებით, არის ნ. ქ-ი, დაბლა იხრება და იღებს რაღაც საგანს. კ. ღ-ე გარბის საავტომობილო გზისკენ აღმოსავლეთ მხარეს - თ-ის მიმართულებით, ხოლო გ. შ-ი, გ. ა-ი, ვ. ა-ი და გ. ქ-ე - დ-ის მიმართულებით, მდინარე ა-ის ხიდისკენ, რომლებსაც გამოეკიდა რამდენიმე თავდამსხმელი. გ. ტ-ის მფლობელობაში არსებული ,,მერსედეს ბენცის“ ფირმის ავტომობილი (სახ.№...) კადრიდან თ-ის მიმართულებით გავიდა 2020 წლის 19 ივნისის 00:49:35 საათზე, რომელშიც წასვლამდე ჩასხდნენ თავდამსხმელები, მათ შორის - ლ. შ-ი და გ. მ-ი. მეორე თავდასხმის ფაქტს, დაზარალებულთა ჩვენებების გარდა, ადასტურებს შპს „ქ-ან“ გამოთხოვილი ვიდეოკამერის „ch05_20200618234114“ ჩანაწერი, ასევე აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერების 2020 წლის 19 ივლისის ოქმი, რომლის თანახმად, 2020 წლის 19 ივნისის 00:51:27 საათზე გ. ქ-ე, გ. შ-ი, ვ. ა-ი და გ. ა-ი ისევ მიემართებოდნენ ა-ის ხიდიდან შპს „ქ-ის“ მიმართულებით და 00:53:26 საათზე შეიკრიბნენ სამრეცხაოს გვერდით არსებულ ტერიტორიაზე. ვიდეოჩანაწერის 00:43:35 წუთზე აღნიშნულ პირებთან გაჩერდა დ-ან თ-ის მიმართულებით მოძრავი ვ. ჩ-ის მფლობელობაში არსებული ,,ტოიოტა ქამრის” ფირმის ავტომობილი (სახ.№....), რომელსაც მართავდა ვ. მ-ე, ხოლო მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ ვ. ჩ-ი, ა. ქ-ი, ა. გ-ე, ნ. რ-ი და ზ. ხ-ე. ავტომობილის გაჩერებისთანავე გაიღო ოთხივე კარი, საიდანაც თითქმის ერთდროულად გადმოვიდნენ ვ. მ-ე, ვ. ჩ-ი, ა. ქ-ი, ა. გ-ე, ნ. რ-ი და ზ. ხ-ე. ისინი გაიქცნენ ადგილზე მყოფი გ. შ-ის, ვ. ა-ის, გ. ა-ისა და გ. ქ-ის მიმართულებით. 00:54:03 საათზე ავტომანქანასთან დაბრუნდა ვ. მ-ე, რომელმაც მიკეტა ავტომანქანის კარი, დაჯდა საჭესთან და წავიდა გვერდულზე მოძრაობის საპირისპიროდ, ა-ის ხიდის მიმართულებით, გაიარა რამდენიმე მეტრი, ჩააქრო მაშუქები და 00:54:33 საათზე ავტომობილი გააჩერა ა-ის ხიდის ბოლოში, გვერდულზე.

8.15. მსჯავრდებულ ზ. ხ-ის მიერ (ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. ქ-ან ერთად) დაზარალებულებზე თავდასხმისა და გამოკიდების ფაქტი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხული დაზარალებულების - გ. ა-ის, ვ. ა-სა და გ. ქ-ის ჩვენებებით, კერძოდ:

8.16. დაზარალებულ ვ. ა-ის ჩვენებით, რამდენიმე წამში მოიხედა უკან, რა დროსაც დაინახა, რომ უკვე აღარავინ იყო და გადაწყვიტეს უკან დაბრუნება. როდესაც უკან დაბრუნდნენ, ადგილზე არ დახვდათ არც ი. ბ-ე და არც კ. ღ-ე, მხოლოდ იყო ნაცემი გ. ქ-ე. ამ დროს მათთან გააჩერა შავი ფერის ავტომობილმა, წინა და უკანა მარჯვენა კარიდან გადმოვიდა ორი მკვრივი მამაკაცი, ასევე გადმოვიდნენ სხვა პირებიც. ისინი იყვნენ ა. გ-ე და ნ. რ-ი. მოწმემ აჩვენა, რომ აღნიშნული პირების მანქანიდან გადმოსვლისას მიხვდა რაშიც იყო საქმე და იქ მყოფებს უთხრა, გაქცეულიყვნენ. გაქცევისას მის წინ გარბოდა გ. შ-ი, შემდეგ - თვითონ, მის შემდეგ - გ. ა-ი და ბოლოს - გ. ქ-ე. ხიდის ბოლოს გადაკვეთეს გზა და გადავიდნენ მეორე მხარეს, დ-ის მიმართულებით. მათ დაედევნა სამი პირი, რომელთა შორის არ იყო არც ა. გ-ე და არც ნ. რ-ი, რადგან ისინი იყვნენ მათზე გაცილებით გამხდრები. ხიდიდან გადასვლისას მან პატარა ციცაბოდან „ჩატეხა“ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გ. შ-ა ცოტა შორიდან მოუარა. გზაზე დაინახა ბუჩქი, სადაც დაიმალა, თუმცა გ. შ-ის არ დაუძახია, რადგან არ უნდოდა მდევრებს გაეგოთ მათი ხმა. ამ დროს ესმოდა ქვემოთ ჩარბენის ხმები, დაახლოებით 10 წუთის მანძილზე - გინების ხმა, ასევე, მდევრები მათ მოუწოდებდნენ, გამოსულიყვნენ. როდესაც ხმები შეწყდა, მან დაურეკა მეგობარს და სთხოვა წაყვანა. ის იმდენად იყო შეშინებული, რომ მეგობარს შეუთანხმდა, ადგილზე მისვლისას სამჯერ „დაასიგნალებდა“ და შემდეგ გამოვიდოდა სამალავიდან.

8.17. დაზარალებულ გ. ქ-ის ჩვენებით, დაახლოებით ორ წუთში მივიდა მეორე, ნაცრისფერი მსუბუქი ავტომანქანა. ეს მანქანა ისე უცბად შევიდა, რომ მან იფიქრა, მათ საცემრად იყვნენ მისულები, რის გამოც მანქანა გაჩერდა თუ არა, ყველანი იმწამსვე გაიქცნენ. მისი ჩვენებით, ამ მომენტიდან ახსოვს, რომ მის წინ გარბოდა ვ. ა-ი და მას მიჰყვებოდა, რადგან თავად იმის ფიქრიც არ შეეძლო, სად გაქცეულიყო, ვინაიდან იყო ნაცემი. მათ სირბილით გადაიარეს ხიდი, მარჯვენა მხარეს გადაკვეთეს ტრასაც, გადაიარეს ავტობანის სამოძრაო ზოლების გამყოფი ბუჩქნარი და გადავიდნენ გზის მეორე სამოძრაო ზოლში. ვინაიდან იგი გრძნობდა, რომ სირბილი აღარ შეეძლო, გადაწყვიტა, ისევ მარცხნივ მობრუნებულიყო და ხსენებულ ბუჩქნარში დამალულიყო. ასეც მოიქცა. იყო ჩუმად, რათა არავის დაენახა. როდესაც თ-ის მიმართულებით გაიხედა, შეამჩნია, რომ თ-ის სამოძრაო ზოლიდან სამი პირი მორბოდა იმ მიმართულებით, სადაც თავად გარბოდა მეგობრებთან ერთად. მიხვდა, რომ მისი ნაცნობები არ იყვნენ, რადგან ისინი ყვიროდნენ შემდეგ სიტყვებს „ბოლომდე ირბინეთ, მოგსდევთო“. შემდეგ სად წავიდნენ, არ იცის. ბუჩქებში დაახლოებით 1 საათს იყო დამალული. მას შემდეგ, რაც თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, დაახლოებით 20-30 წუთში, დაურეკა კ. კ-ს, რომელსაც უთხრა, რაც მოხდა და სთხოვა წაყვანა.

8.18. დაზარალებულ გ. ა-ს ჩვენებით, პირველი თავდასხმის შემდეგ იგი, გ. შ-ი და ვ. ა-ნი ა-ის ხიდიდან მობრუნდნენ უკან, მივიდნენ გ. ქ-ან და წამოაყენეს. გ. ქ-ს სახე სისხლიანი ჰქონდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მათ მიუახლოვდა მეორე, შავი ფერის ავტომობილი. ავტომობილიდან გადმოვიდა ექვსი პირი, ვიზუალურად მაშინვე აღიქვა, რადგან ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, სამი იქნებოდა მისი, ხოლო დანარჩენი - საშუალო ასაკის, ფიზიკურად ძლიერი პირები. მოწმის ჩვენებით, მათ დანახვაზე მაშინვე გაიქცნენ. პირველი, მისგან დაახლოებით 10-15 მეტრით წინ გარბოდა გ. შ-ი, მეორე - ვ. ა-ი, მესამე - თავად და მეოთხე - გ. ქ-ე. გ. ქ-ის უკან დაინახა მდევრები, რამდენი იყო, არ ახსოვს, მაგრამ ერთზე მეტი იყო, ასევე ესმოდა გინების ხმა. ხიდის ბოლოს იყო ნაძვები და გადახტნენ იმავე თანმიმდევრობით. მოწმის ჩვენებით, გ. შ-ი გარბოდა გზის მარჯვენა ზოლში. ხიდის ჩასასვლელთან მიახლოებისას ვ. ა-ა შუიდან „ჩატეხა“ გზა და ჩაირბინა ხიდის მეორეხარისხოვან ჩასასვლელ გზაზე, ხოლო გ. შ-მა ცოტა შორიდან მოუარა. მოწმის ჩვენებით, ვინაიდან გინების ხმა უკვე ახლოდან ესმოდა, იფიქრა, რომ თავად ჩასვლას ვერ მოასწრებდა და გადაწყვიტა, დამალულიყო ა-ის ხიდთან ახლოს მდებარე ფერადი შენობის უკან.

8.19. მეორე თავდასხმის ფაქტი დადასტურებულია ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, შპს „ქ-ან“ გამოთხოვილი ვიდეოკამერის „ch05_20200618234114“ დასახელების ჩანაწერისა და ასევე აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერების 2020 წლის 19 ივლისის ოქმით, რომლის თანახმად, 2020 წლის 19 ივნისის 00:51:27 საათზე გ. ქ-ე, გ. შ-ი, ვ. ა-ი და გ. ა-ი ისევ მიემართებოდნენ ა-ის ხიდიდან შპს „ქ-ის“ მიმართულებით და 00:53:26 საათზე შეიკრიბნენ სამრეცხაოს გვერდით არსებულ ტერიტორიაზე. ვიდეოჩანაწერის 00:43:35 წუთზე აღნიშნულ პირებთან გაჩერდა დ-ან თ-ის მიმართულებით მოძრავი ვ. ჩ-ის მფლობელობაში არსებული “ტოიოტა ქამრის” ფირმის და მოდელის ავტომობილი (სახ.№...), რომელსაც მართავდა ვ. მ-ე, ხოლო მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ ვ. ჩ-ი, ა. ქ-ი, ა. გ-ე, ნ. რ-ი და ზ. ხ-ე. ავტომობილის გაჩერებისთანავე გაიღო მისი ოთხივე კარი, საიდანაც თითქმის ერთდროულად გადმოვიდნენ ვ. მ-ე, ვ. ჩ-ი, ა. ქ-ი, ა. გ-ე, ნ. რ-ი და ზ. ხ-ე, რომლებიც გაიქცნენ ადგილზე მყოფ გ. შ-ის, ვ.ა-ის, გ. ა-სა და გ. ქ-ის მიმართულებით. ისინი გაიქცნენ დ-ნ, მდინარე ა-ის ხიდის მიმართულებით. 00:54:03 საათზე ავტომანქანასთან დაბრუნდა ვ. მ-ე, რომელმაც მიკეტა ავტომანქანის კარი, დაჯდა საჭესთან და წავიდა გვერდულზე მოძრაობის საპირისპიროდ, ა-ის ხიდის მიმართულებით, გაიარა რამდენიმე მეტრი, ჩააქრო მაშუქები და 00:54:33 საათზე ავტომობილი გააჩერა ა-ის ხიდის ბოლოში, გვერდულზე.

8.20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების - გ. ა-ის, ვ. ა-ა და გ. ქ-ს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ვ. მ-ის მართული ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა დიდი სისწრაფით შევიდა და გაჩერდა, იქიდან გადმოხტნენ მასში მყოფი პირები ისე, რომ მანქანის კარი დატოვეს ღია და გაეკიდნენ გაქცეულ დაზარალებულებს, მდევრებმა, ისევე როგორც დაზარალებულებმა, გადაკვეთეს გზის შუა გამყოფი ზოლი და გადავიდნენ საწინააღმდეგო მხარეს და ეძახდნენ, რომ გამოსულიყვნენ, მოცემული ვიდეოჩანაწერის გარდა, დადგენილია მსჯავრდებულების - ზ. ხ-ის, ა. ქ-სა და დაცვის მხარის მოწმე ვ. ჩ-ის ჩვენებებით.

8.21. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „ნ. ქ-ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N477, 449, 451, 455) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ.N477-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ. ხ-ს, ხოლო ობ N449,451,455-ის გენეტიკური პროფილი - გ. ქ-ს. ამავე შარვალზე არსებული მოყავისფრო, მოშავო-მოყავისფრო და მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N 448,450,452, 454, 457) სისხლს არ წარმოადგენს.

8.21.1. პაკეტში წარწერით: „..ანაწმენდების 12 ნიმუში ამოღებული ა/მ ტოიოტას N....-დან..“ მოთავსებულ წინა მარცხენა კარის შიდა საკეტის სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N 18-ისა და საჭის შუა ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ. ჩ-ს, უკანა მარჯვენა კარის შიდა საკეტის სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N20) გენეტიკური პროფილი - ნ. ც-ს. პაკეტში წარწერით: „.. 6 ც. ანაწმენდის ნიმუში ა/მანქანა ,,ტოიოტა ქამრი“, სახ.N… მფლობელი ვ. ჩ-ი...“მოთავსებულ წინა მარჯვენა სავარძლიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N25) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ა. ქ-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N25-ის პროფილში სხვა დანარჩენი, არაიდენტიფიცირებული გენეტიკური პროფილებისა და შესადარებელი პირების თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში წარწერით: „..ანაწმენდის ნიმუში 5 ც. ამოღებული ა/მ „ ტოიოტა“ სახ.N… რეზინის ფეხსადგამებიდან...“ მოთავსებულ: უკანა მარცხენა რეზინის ფეხსადგამიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.N 239) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ. ხ-ს.

8.21.2. პაკეტში წარწერით: „..ანაწმენდის ნიმუშები სველ და მშრალ სტერილურ ჩხირზე 6 ნიმუშად (ამოღებული ა/მანქანა ,,მერსედესი“ სახ.N…)-დან..“ მოთავსებულ: უკანა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N302) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ. ტ-ის, მეორე წილი ნ. ც-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. პაკეტში წარწერით: „..ანაწმენდების 12 ნიმუში - აღებული ა/მ ,,მერსედესიდან“ სახ.N…...“ მოთავსებულ: წინა მარჯვენა კარის შიდა საკეტის სახელურიდან (ობ.N 312) და უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან (ობ. N 317) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. ტ-ს. უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან (ობ. N 315) და უკანა მარჯვენა კარის შიდა საკეტის სახელურიდან (ობ. N316) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ. ც-ს.

8.21.3. პაკეტში წარწერით: „..1 ცალი ლითონის არმატურის საგანი - ამოღებული თ-ი-ს-ი-ლ-ის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე გზის მიმდებარედ ბალახიანი მიწის ზედაპირიდან...” მოთავსებული მეტალის, რელიეფური ზედაპირის მქონე საგნის, ერთ-ერთ კიდეზე არსებული ბიომასალის (ობ. N321) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ნ. ჟ-ას გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N 321-ს პროფილში სხვა დანარჩენი, არაიდენტიფირებული გენეტიკური პროფილებისა და შესადარებელი პირების გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე მეტალის საგნის დანარჩენ ზედაპირზე (ობ. N319,320) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

8.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსგავსად, დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულების - ლ. შ-ის, ზ. ხ-ის (ასევე სხვა პირებთან ერთად) მონაწილეობა ნ. ც-ის, ლ. შ-ის, გ. მ-ისა და სხვა პირების მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლდა ძალადობა.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატ ზ. გ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლ. შ-ის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებებს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია არა აქვს მიცემული (თითქოს მან ჩაიდინა ჯგუფური ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ), რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც, თანახმად სააპელაციო სასამართლოს მართებული დასკვნისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. შ-ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ესე იგი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ესე იგი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ქმედების სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო პალატაც და ამასთან, დამატებით აღნიშნავს, რომ, როგორც საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, კონკრეტულ შემთხვევაში პირთა გარკვეული ჯგუფი მოქმედებდა შურისძიების მოტივით, ჯგუფის წევრები გადანაწილდნენ ორ მანქანაში და თ-ან მ-ის მიმართულებით ორგანიზებულად მიემართებოდნენ დაზარალებულთა დასასჯელად, რომლებსაც ადგილზე შეუერთდა დაზარალებულთა გადაადგილების კონტროლის მიზნით მ-ი დარჩენილი ორი პირი - ლ. შ-ი და გ. მ-ი. საგულისხმოა, რომ ჯგუფის წევრები დაზარალებულებს თავს დაესხნენ რკინის ხელკეტით, ქვით, ძალადობის ჩასადენად იყენებდნენ ასევე ხელებსა და ფეხებს. საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის ფორმალური შემადგენლობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არაა, დაზარალებულთა მიმართ თავდასხმაში მონაწილე პირმა რა დოზით მიიღო მონაწილეობა ჩამოთვლილ ძალადობრივ ქმედებებში. გარდა ამისა, იმ დაზარალებულების მიმართ, რომლებმაც მოახერხეს თავდასხმისაგან თავის დაღწევა და ცდილობდნენ მიმალვას, განხორციელდა დევნა. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათს, შურისძიების მიზნით დამატებითი ძალის მობილიზებას, მის მიზანს, თავდასხმაში მონაწილე პირთა რაოდენობას, დამდგარ შედეგებს და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენდა საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებით ობიექტს - ადამიანის ჯანმრთელობა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, მსჯავრდებულ ლ. შ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და იურიდიული კვალიფიკაცია სწორადაა დადგენილი.

11. ადვოკატები - მ. ნ-ი და ზ. გ-ი თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულების ინტერესების დასაცავად საკასაციო საჩივრებში უთითებენ სხვადასხვა გარემოებაზე, კერძოდ, მათი აზრით, დაზარალებულების - გ. ა-ა და ვ. ა-ის ჩვენებები, რომლებიც ბრალდების მხარესა და სასამართლოს გამოყენებული აქვთ მსჯავრდებულების ბრალის დასადასტურებლად, არ შეიძლება მივიჩნიოთ უტყუარ მტკიცებულებებად, რადგან აღნიშნული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ ადასტურებს ზ. ხ-ა და ლ. შ-ის ბრალეულობას მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი კი არ შეიძლება აგებული იყოს დაუსაბუთებელ ვარაუდებზე.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, სრულად ეთანხმება მითითებულ საკითხთან დაკავშირებით გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს: „ხაზგასასმელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, რისი მხედველობაში მიღებით, უნდა აღინიშნოს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ უნდა გამოიყენოს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ამდენად, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების (ამოცნობის) ოქმი, რომლის სისწორე და კანონთან შესაბამისობა მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა“ (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენი №752აპ-20). მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის პირობებში და მიუთითეს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც ასევე დადასტურდა სხვა მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით, სატელეფონო ზარების ამონაწერებით. ამასთან, დაზარალებულებმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას დამაჯერებლად ახსნეს, თუ რით არის განპირობებული მათი გამოკითხვის ოქმებში არსებული მცირედი სხვაობა. ამდენად, დაცვის მხარის მიერ მხოლოდ მითითებული საფუძვლით დაზარალებულთა ჩვენებების დისკრედიტაციის მცდელობა ვერ დაუკარგავს მათ დამაჯერებლობასა და სარწმუნოობას.

13. ასევე დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ არარელევანტურია საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერები მათზე ბრალდების მხარის მიერ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობის გამო.

13.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს შემდეგს: მართალია, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ არის ჩატარებული შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე, მაგრამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულთა ბრალდების დასადასტურებლად. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც კონკრეტული პირის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება კონკრეტულ გარემოებებში, რაც არ მომხდარა განსახილველ საქმეზე; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების გარეშეც „ქ-ნ“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში აშკარად ჩანს, ორივე ავტომანქანიდან გადმოსული ყველა პირი როგორ დაედევნა დაზარალებულებს, ხოლო აღნიშნულ ავტომანქანებში მჯდომი პირების ვინაობას, ზ. ხ-ის, ა. ქ-ის, ასევე სხვა პირების ამოცნობის ოქმებისა და მოწმეების - ა. გ-ას, ე. ხ-ას, ს. ჭ-ა და გ. ტ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე ბრალდებულების იდენტიფიცირების გარდა, ასევე ადასტურებს როგორც დაცვის მხარის მოწმე ვ. ჩ-ა და მოწმე გ. ტ-ის ჩვენებები, აგრეთვე - მსჯავრდებულების სარგებლობაში არსებული ტელეფონების ინტერნეტტრაფიკები და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N… დასკვნა. რაც შეეხება იმ გარემოებებს, რაც არ ჩანს ზემოაღნიშნულ ჩანაწერში - მოვლენების შემდგომ განვითარებას - ამას აღწერენ თვითმხილველი მოწმეების სახით დაკითხული დაზარალებულები და ასევე ზემომითითებული მოწმეები, რომელთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

14. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ესე იგი თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ):

14.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ზ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად.

14.2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. მოცემული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს სხვა პირის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება წარმოადგენს. ობიექტური მხრივ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება, გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას, ფაქტობრივად, წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ამასთანავე, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის არაა საჭირო, ამ ქმედებას მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი. თავისუფლების უკანონო აღკვეთა ფორმალური შემადგენლობისაა და აუცილებელი არაა მას რაიმე მძიმე შედეგი მოჰყვეს, თუნდაც უშუალოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. ეს დანაშაული მთავრდება მაშინ, როდესაც პირს ობიექტურად წაერთმევა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა (უფლება).

14.3. შესაბამისად, დამნაშავეთა მხრიდან მუქარის, ქცევის ის ფორმები, როგორადაც ამას აღწერს სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებული გ. ა-ი, სრულიად საკმარისია (რეალურია) თავისუფლების აღკვეთით კვალიფიკაციისათვის ისეთ ვითარებაში, როგორშიც იმყოფებოდა გ. ა-ი - მის მიმართ ორჯერ განხორციელებული დევნის, მეგობრების ცემისა და ძალადობის შემდეგ. დაზარალებულ გ. ა-ის ჩვენების თანახმად, მისი ამოყვანისთანავე მკაცრი ტონით მოუწოდეს, ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, ა. გ-მ ისიც კი თქვა ,,ეს აქ დასატოვებელი არ არისო“, ერთ-ერთმა ხელი მოხვია (რაც, ცხადია, მიმართვის ტონისა და ხსენებული სიტყვების შემდეგ იძულების მორიგი ფორმა იყო) და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩასვეს ავტომანქანაში. გ. ა-ის ჩვენებით, მას ,,მოთხოვნების დაყენების შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა“, ხსენებული მიმართვების შემდეგ დაემორჩილა, ერთხელ სთხოვა კიდეც, რომ გაეჩერებინათ მანქანა იმ დროს, როდესაც გასცდნენ ა-ის ხიდს, მაგრამ ეს არ გააკეთეს.

14.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: პირველ რიგში, ის ფაქტი, რომ გ. ა-ი ნამდვილად იჯდა ვ. ჩ-ის ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა ვ. მ-ე, დადასტურებულია როგორც მსჯავრდებულ ზ. ხ-ის, ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. ქ-სა და დაცვის მხარის მოწმე ვ. ჩ-ის ჩვენებებით, ასევე - საქმეზე გამოკვლეული შპს ,,ლ-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით.

14.5. მსჯავრდებულ ა. ქ-ის ჩვენებით, მან კალთაში ჩაისვა გ.ა-ი, რომელიც გზად იყო დაძაბული. მათ ეუბნებოდა, რომ ჩხუბში არ მონაწილეობდა და იყო ფეხბურთელი. ისინი მას ამშვიდებდნენ. ზ. ხ-მ და ნ. რ-მა მანქანაში გადაატარეს გ. ა-ი და მას მოუწია ა. ქ-ის მუხლებზე დაჯდომა. გ. ა-ი იყო აღელვებული, 8-ჯერ გადაიწერა პირჯვარი, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, თავი ჰქონდა ჩაღუნული და ბუჩქებისკენ იხედებოდა. ის გზაშიც ხშირად იწერდა პირჯვარს და ერთ მომენტში ისიც თქვა, ნეტა, არ გავქცეულიყავითო.

14.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმადაც, რომ არა იძულება, დაზარალებულ გ. ა-ს არ ენდომებოდა ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანით წასვლა თ-ში, რადგან, ჯერ ერთი, მან არ იცოდა, სად იყო მისი ბავშვობის მეგობარი გ. შ-ი, რომელსაც არ ჰქონდა მობილური ტელეფონი. ამასთან, მისთვის ,,ტოიოტა ქამრის“ ავტომანქანაში მყოფი უცხო პირები ასოცირდებოდნენ იმ პირებთან ერთად, რომლებმაც პირველი თავდასხმის დროს უმოწყალოდ სცემეს გ. ქ-ს, დააზიანეს ვ. ა-ი და სწორედ ამიტომ გაიქცნენ ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანის გაჩერებისთანავე. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, თუ რა მდგომარეობაში იყო გ. ა-ი ავტომანქანაში - იგი იჯდა ა. ქ-ის კალთაში მაშინ, როდესაც სრულიად შესაძლებელი იყო ის დაესვათ უკანა სალონის სავარძელზე, ცალკე და არა - მისთვის უცხო ადამიანის კალთაში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მას თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი, რა დროსაც მის გვერდით ორივე მხრიდან ისხდნენ ასევე მისთვის უცხო ადამიანები, რაც დადასტურებულია „ლ-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერის დათვალიერების 2020 წლის 23-24 ივლისის ოქმით, რომლის მიხედვით, 2020 წლის 19 ივნისს, 01:18:04 საათზე, დ-ან ა-ის მიმართულებით მოძრავი მუქი ფერის „ტოიოტა ქამრის“ ავტომანქანიდან, სახ.№…, გადმოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი; პირველი გადმოვიდა მუქმაისურიანი, ხოლო შემდგომ - ღია ფერის პერანგიანი პირი. მათ ავტომობილიდან გაუშვეს მესამე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუქი ფერის პერანგი. ავტომობილიდან თავდაპირველად გადმოსული ორი პირი ჩაჯდა უკან ავტომობილში, ხოლო მესამე - დარჩა გზაზე, რომლებიც, ა. გ-ას ჩვენების მიხედვით, იყვნენ ვ. ჩ-ნი, ა. ქ-ი და გ. ა-ი.

14.7. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დაზარალებულ გ. ა-სა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე შპს „ლ-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით დადასტურებულია, რომ დაზარალებული გ. ა-ი ნამდვილად იჯდა ვ. ჩ-ის ავტომანქანაში. იმ საკითხის გადასაწყვეტად, ზ. ხ-მ ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. ქ-ნ ერთად ჩაიდინა თუ არა ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მხედველობაშია მისაღები მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულისა და მათი თანმხლები პირების წინარე ქმედებები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები - გ. ა-ა და მისი მეგობრების მიმართ განხორციელებული დევნა და გამოხატული ძალადობის ფორმები (ერთ ადამიანს ურტყამდა ათზე მეტი პირი, თავდასხმისას გამოყენებული იყო რკინის ხელკეტი), გ. ა-ის მიმართ მკაცრი ტონით გამოხატული მოთხოვნა, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში, მისთვისვე ხელის გადახვევა და მანქანაში ჩასმა, ა. გ-ის სიტყვები - „ეს აქ დასატოვებელი არ არის“; დაზარალებულის ფსიქოემოციური მდგომარეობა - იგი იყო აღელვებული, შეშინებული, იწერდა პირჯვარს და მანქანაში მყოფ პირებს ეუბნებოდა, რომ იგი ჩხუბში არ მონაწილეობდა. გადაადგილებისას დაზარალებულის თხოვნა - მისთვის გაეჩერებინათ ავტომანქანა, არ შესრულებულა, იგი ჩასვეს ა. ქ-ის კალთაში, ორივე გვერდზე კი დასხდნენ სხვა პირები, აშკარაა მოწინააღმდეგე მხარის რიცხობრივი უპირატესობა - გ. ა-ი იპოვეს მარტო, ხოლო თავად ექვსნი იყვნენ, შემთხვევა მოხდა გვიან ღამით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ცალსახად ადასტურებს ზ. ხ-ა და ავტომანაქანში მყოფი სხვა პირების მხრიდან გ. ა-ის ნების დათრგუნვას, რა დროსაც იგი გახდა მოწყვლადი და იძულებული, რომ ავტომანქანაში ჩამჯდარიყო მისი ნების საწინააღმდეგოდ, მას ფაქტობრივად შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ამასთან, ზ. ხ-ე სხვა პირებთან ერთად აღასრულებდა მოცემული დანაშაულის - თავისუფლების უკანონო აღკვეთის - ობიექტურ შემადგენლობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად მიიჩნევს, რომ ზ. ხ-მ ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. ქ-სა და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა გ. ა-ის თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - ზ. ხ-სა და ლ. შ-ის ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა და მათი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში არის კანონიერი.

16. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. ხ-ის ადვოკატის მოთხოვნას საქმეში წარმოდგენილი გრ. რ-ის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ გ. დ-ის მიერ გაცემული №….. დასკვნის, როგორც მტკიცებულების, დაშვებისა და შესაბამისად, ექსპერტის დაკითხვის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

16.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ წარადგინა გრ. რ-ის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ გ. დ-ის მიერ გაცემული №… დასკვნა, რომელიც დასაშვებად არ იქნა ცნობილი და არ გამოკვლეულა როგორც მტკიცებულება, ვინაიდან დაცვის მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაზედაც იმსჯელა სააპელაციო პალატამ 2021 წლის 7 აპრილს და საოქმო განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, კერძოდ:

17. სააპელაციო პალატამ საოქმო განჩინებით განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. სსსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით.

18. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს გადაცემული ჰქონდა საკვლევი ობიექტი, მას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა. საკვლევ ობიექტზე ექსპერტიზა ჩაატარა გამოყოფილ საქმეზე სხვა მსჯავრდებულის ადვოკატმა, რაც ცნობილი იყო მსჯავრდებულ ზ. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველისათვის, რომელიც ვალდებული იყო, აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსათვის წინასასამართლო სხდომამდე. ამდენად, საოქმო განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მსჯავრდებულ ზ. ხ-ის ინტერესების დამცველს არ ჩაუტარებია ექსპერტიზა და საერთოდ, აღნიშნული დასკვნა, რაზეც შუამდგომლობაა წარმოდგენილი, სულ სხვა დაცვის მხარის მტკიცებულებაა; შესაბამისად, ობიექტურად შესაძლებელი იყო თავის დროზე ჩაეტარებინა დაცვის მხარეს ექსპერტიზა, გაცემული დასკვნა გამხდარიყო მტკიცებულება, შემდგომ კანონით დადგენილი წესით გაეცვალათ მხარეებისათვის და ამდენად, იქნებოდა კანონიერი საფუძველი პირველი ინსტანციის სასამართლოში მომდარიყო ამ მტკიცებულების კანონით დადგენილი წესით გამოკვლევა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

19. ზ. ხ-სა და ლ. შ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:

19.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სამართლიანია მსჯავრდებულების - ზ. ხ-ა და ლ. შ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილშიც.

19.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

19.3. ,,ბავშვის უფლებათა’’ კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ - არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

19.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „დანაშაულის პრევენცია, ისევე, როგორც შესაძლო დამნაშავის გამოვლენა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება, მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს, რომლის დასაცავადაც, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური თავისუფლება შეიზღუდოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-25).

19.5. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულები - ზ. ხ-ე და ლ. შ-ი დანაშაულების ჩადენის დროს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდნენ არასრულწლოვან პირებს. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, უპირველეს ყოვლისა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა გაითვალისწინეს მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესის პრიორიტეტულობა და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში.

19.6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რეზოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალია დანაშაულის თავიდან აცილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს.

19.7. ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში. თუმცაღა აღნიშნული მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება „დროის რაც შეიძლება შესაბამის მოკლე პერიოდში.“ 18 წლამდე პირთა სასჯელის ვადა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული იმ პერიოდის ხანგრძლივობასთან, რომელიც მიჩნეულია საკმარისად ბავშვის რეინტეგრაციისა და მის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო როლის შესრულებაში ხელშეწყობისათვის.

19.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესს; იმას, რომ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე; ამავე მუხლის მე-2 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ხოლო სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

19.9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ჩადენის ხერხი და სოციალურად მომეტებული საშიში ხასიათი, მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები (ლ. შ-ი პირველადაა სამართალში, მეზობლებისა და კლასის დამრიგებლის მიერ ხასიათდება დადებითად, ნაწილობრივ გამოხატავს სინანულს მომხდარი შემთხვევის გამო, ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა; ზ. ხ-ე პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, ნაწილობრივ გამოხატავს სინანულს მომხდარი შემთხვევის გამო, ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან) და შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ხ-ს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის საბოლოოდ სასჯელი - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ლ. შ-ს - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.

19.10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულებს - ზ. ხ-ა და ლ. შ-ს ჩადენილი დანაშაულებისათვის, ცალ-ცალკე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სააპელაციო სასამართლომ განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს (არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება); სასჯელი შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია (ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს) და ამავე დროს - სამართლიანი, ორივე მსჯავრდებულის ქმედებისა და მდგომარეობის, მათი მოთხოვნილების თანაზომიერი და წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას ზ. ხ-ა და ლ. შ-ის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობის შექმნისათვის.

20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988).

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მისი ფუნქცია არ არის, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობის თაობაზე, ასევე - პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia) განაცხადი N 26853/04, §188, ECtHR, 11.12.2006). კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) განაცხადი N16034/90, §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ, არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02, §30, ECtHR, 15.02.2007).

22. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე წინაპირობა, რის გამოც არსებითად განსახილველად დასაშვებად იქნებოდა ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რადგან დაცვის მხარის პრეტენზიებსა და არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დასკვნები გამოიტანა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საქმის განხილვის დროს ზ. ხ-მ და ლ. შ-მა უკვე მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ხ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის, მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ზ. ძლიერიშვილი