საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.07.2023
საქმის ნომერი
2კ-483აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122006017363

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №483აპ-23 ქ. თბილისი

ც–ი ბ., 483აპ-23 18 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ბ. ც–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის მხედველობაში მიღებით) და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ სამართლებრივად ნაწილობრივ სწორად შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ასევე საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გამამართლებელ ეპიზოდშიც; მართალია, დაზარალებულმა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებებიც, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მის ბრალეულობას; წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ბ. ც–სმა დანაშაულები ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ც–ს ბრალად ედება: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

ბ. ც–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

- 2022 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 23:40 საათზე და 2022 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 00:10 საათზე, თ–ში, ..........ის რაიონში, ს–ს გამზირის №..-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში, ბ. ც–სმა მეუღლეზე - ლ. გ–ზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი მუდმივი კონტროლითა და მისგან მორჩილების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, არასრულწლოვან - 2016 წელს დაბადებულ ა. ც–სის თანდასწრებით, იძალადა, კერძოდ: მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, ასევე, სახეში და მუცლის არეში მიაყენა დაზიანება. ამავდროულად, ბ. ც–სმა ფიზიკურად იძალადა ლ. გ–სა და დ. გ–ზე, რომლებთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ: ლ. გ–ი თმით ითრია, ხელებისა და ფეხების გამოყენებით თავისა და ტანის არეში მიაყენა დაზიანება, ასევე, ხელი გაარტყა სახის არეში, ხოლო დ. გ–ს ხელი ჰკრა ძლიერად, რის შედეგადაც იგი იატაკზე დავარდა, ასევე, მოქაჩა თმაზე და სახეში ხელი დაარტყა. ბ. ც–ს მიერ განხორციელებული ძალადობების შედეგად, ლ. გ–მა, ლ. გ–მა და დ. გ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

- 2022 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 23:40 საათზე და 2022 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 00:10 საათზე, მდებარე საერთო საცხოვრებელში, ბ. ც–ი მეუღლეს - ლ. გ–ზეს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი მუდმივი კონტროლითა და მისგან მორჩილების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, ასევე, დ. გ–სა და ლ. გ–ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ: უთხრათ, რომ დახოცავდა და დაასახიჩრებდა, რის შედეგადაც ლ. გ–ს, ლ. გ–სა და დ. გ–მს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 25 აგვისტოს, თ–ში, მ–ს მე-.. მ/რ-ში მდებარე, კორპუსი №.., მე... სადარბაზო, მეორე სართული, ბინა №..-ში, ბ. ც–სი ლ. გ–ზეს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი მუდმივი კონტროლითა და მისგან მორჩილების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენით ბ. ც–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ბ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით; სსკ-ის 11, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ. ც–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.

გაუქმდა ბ. ც–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 12 ივნისიდან.

ამავე განაჩენით, ბ. ც–ს ბრალდებიდან ამოერიცხა დანაშაულების გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბ. ც–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაში (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გათვალისწინებით) და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ბ. ც–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ბ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ბ. ც–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

მსჯავრდებულ ბ. ც–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 12 ივნისიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს ბ. ც–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მოცემულ ეპიზოდში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ლ. გ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის - ბ. ც–ს წინააღმდეგ ჩვენება. ამავდროულად, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

10. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა შესახებაც ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს, აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდების მოცემულ ეპიზოდში არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სახელდობრ: დაზარალებულ ლ. გ–ს მიერ 2022 წლის 12 ივნისს 112-ში დატოვებული შეტყობინებები ზოგადი ხასიათისაა, რომელშიც აღნიშნულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ მხოლოდ ზოგადად და არაფერია მითითებული არც 2020 წლის 25 აგვისტოს და არც წარსულში რაიმე სახის მუქარის ფაქტებზე; დაზარალებულ ლ. გ–ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას; საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დანარჩენი დაზარალებულები - ლ. და დ. გ–ები გადმოსცემენ მხოლოდ 2022 წლის 11-12 ივნისს მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტების დეტალებს, ხოლო 2020 წლის 25 აგვისტოს მუქარის ფაქტთან მიმართებით, რაიმე ინფორმაციას არ ფლობენ; ასევე სრულიად არაინფორმატიულია საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის - დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია 2022 წლის 11-12 ივნისს მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ; საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლები არ არიან შემთხვევის შემსწრე პირები, ისინი ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან და, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია, რის გამოც ვერც ეს მტკიცებულებები გახდება ბ. ც–ს მსჯავრდების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ბრალდების 2020 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდში არ არის საკმარისი, ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბ. ც–ს სასარგებლოდ.

11. უსაფუძვლოა პროკურორის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ ბ. ც–მა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულები ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატამ ბ. ც–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, ამ ნაწილში ნაწილობრივ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მსჯავრდებულს დაუმძიმა სასჯელი, რომლის კიდევ უფრო დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი