საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.10.2023
საქმის ნომერი
2კ-805აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121005075096

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №805აპ-23 ქ. თბილისი

ა-ი ა, 805აპ-23 5 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ-სა და მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. მ-სა და ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენით:

1.1. ა. ა-ი, - დაბადებული ... წლის... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ა. ა-ს შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ა-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 აგვისტოდან.

1.2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

1.3. გ. ნ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და გ. ნ-ს შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ნ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 აგვისტოდან.

1.4. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; 15 წლით - იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-მა და გ. ნ-მ ჩაიდინეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ა. ა-მა გ. ნ-ნ წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები:

· ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით 0,4159 გრამი, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს 2021 წლის 20 აგვისტოს თ-ში, ა-ის დასახლებაში, გ-ის ქუჩის №..ა-ს მიმდებარედ, ა. ა-ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად;

· ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით 0,3499 გრამი, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თ-ში, ა-ის დასახლებაში, გ-ის ქუჩის №..ა-ს მიმდებარედ გ. ნ-ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად;

· ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით 0,00033 გრამი, ალფა-პვპ და მეფედრინი, ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ADB-BUTANICA საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თ-ში, ე-ის ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ა. ა-ის ავტომობილის - სახ.ნომრით ..... ჩხრეკის შედეგად;

· ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით 1,2045 გრამი, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თ-ში, გ-ის ქუჩის, №.. კორპუსის მე-.. სადარბაზოს მე-2 სართულიდან;

· ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით 1,7123 გრამი, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თ-ში, გ. მ-ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ;

· ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით 1,4385 გრამი, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თ-ში, ა-ის დასახლებაში, გ-ის ქ.№..-ში 1-ლი სადარბაზოს 1-ლი სართულიდან.

· ა. ა-ი გ. ნ-ნ წინასწარი შეთანხმებით ასაღებდა უკანონოდ შეძენილ და შენახულ ნარკოტიკული საშუალებებს, კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებას შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით ანაწილებდა, დებდა თ-ის სხვადასხვა უბნებში, რომელთა მისამართისა და ადგილმდებარეობის ფოტოებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით უგზავნიდა მის თანამზრახველს.

· ამ მიზნით ა. ა-ა წინასწარი შეთანხმებით გ. ნ-ნ ერთად უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები:

· მეთადონი (ფუძე), წონით 1,2045 გრამი, შემდგომი გასაღების მიზნით, შეფუთა და განათავასა თ-ში, გ-ის ქუჩის №.. კორპუსის მე-.. სადარბაზოს მე-... სართულზე;

· მეთადონი (ფუძე), წონით 1,7123 გრამი, შემდგომი გასაღების მიზნით, შეფუთა და განათავასა თ-ში, გ. მ-ის ქ.№..-ის მიმდებარედ;

· მეთადონი (ფუძე), წონით 1,4385 გრამი, შემდგომი გასაღების მიზნით, შეფუთა და განათავასა თ-ში, ა-ის დასახლებაში, გ-ის ქუჩის №..-ში 1-ლი სადარბაზოს 1-ელ სართულზე.

· მიუხედავად იმისა, რომ ა. ა-სა და გ. ნ-ის ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მათი დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და 2021 წლის 20 აგვისტოს ამოიღეს სამართალდამცავებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ა. ა-ს შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 აგვისტოდან.

3.3. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3.4. გ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და გ. ნ-ს შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ გ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 აგვისტოდან.

3.5. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; 15 წლით - იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ტ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გასაღების მცდელობის ეპიზოდსა და ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ა. ა-ის გამართლება მტკიცებულებათა არარსებობის გამო.

4.1. კასატორებმა - მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. მ-მა და ლ. ზ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ:

· გ. ნ-ის გამართლება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადების ნაწილში;

· გ. ნ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონის (ფუძე) წონით 0,3499 გრამის შეძენა და შენახვა) და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა-სა და გ. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (მოწმეების - დ. ნ-ს, ლ. ფ-ის, ზ. რ-ისა და სხვათა ჩვენებებს, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, ამოღების ოქმებს, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №.. დასკვნას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №.. დასკვნას, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №.. დასკვნასა და სხვა მტკიცებულებებს), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

7. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ერთმანეთთან თანხვდენილად აღწერეს, რომ 2021 წლის 20 აგვისტოს ა. ა-სა და გ. ნ-ნ დაკავშირებით ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოცხადდნენ თ-ში, გ-ის ქუჩაზე, რა დროსაც ნახეს ინფორმაციაში მითითებული ორივე პიროვნება, რომელთა ფიზიკურ მონაცემებს იცნობდნენ შსს-ს ბაზაში არსებული ფოტოსურათებით. მოწმეებმა - დ. ნ-მ და ზ. რ-მა, ასევე ლ. ფ-მა (რომლის გამოკითხვის ოქმი უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი) ჩაატარეს ა. ა-ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის ჯიბიდან ამოუღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული, კრისტალისებრ-ფხვნილისებრი ნივთიერება, რასაც შემოხვეული ჰქონდა შავი წებოვანი ლენტი. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, შავი წებოვანი ლენტით გადახვეულ და უფერო გამჭვირვალე პარკის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული ნივთიერება წარმოადგენს 0,4159 გრამი მეთადონის (ფუძე) შემცველ ნარევს. ამასთან, ნიშანდობლივია ა. ა-ის პირადი ჩხრეკის ოქმზე მისივე ხელით დასმული შენიშვნა, რომლის თანახმად, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა მას.

8. ა. ა-ის მანქანის ჩხრეკისას ნანახი ზურგჩანთიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა მცირე ზომის სასწორი, რაც ასევე დაფიქსირებულია ავტომანქანის ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერით - 00:07:03-00:09:30 პერიოდი. სასწორთან მიმართებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ მასზე ნარჩენების სახით დაფიქსირდა 0,00033 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, ალფა-პეპ და მეფედრონი, ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ADB-BUTANICA.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადვოკატ ც. ტ-ს მითითება ა. ა-ს პირადი ჩხრეკის კანონიერების თაობაზე ბათილდება პოლიციის თანამშრომლების მიერ მის მიმართ ჩატარებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებების გადაღებისა და ვიდეოჩანაწერზე ასახვის შედეგად, რის გამოც საგამოძიებო მოქმედებების კანონის შესაბამისად ჩატარებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ჩანაწერის 00:09:41 წუთზე ნათლად ჩანს შარვლის ჯიბიდან პოლიციელები როგორ უღებენ წონაკს, რომლის აღწერილობა სრულად ემთხვევა პირადი ჩხრეკის ოქმსა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში ასახულ აღწერილობას. ამასთან, ნარკოტიკის შესაფუთ მასალასთან მიმართებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ გარდა ა. ა-სა, მასზე დაფიქსირებულია გ. ნ-ის ბიოლოგიური მასალა, რაც მიუთითებს მათ ჯგუფურ ქმედებაზე.

10. რაც შეეხება გ. ნ-ის პირად ჩხრეკას, ადვოკატები - მ. მ-ი და ლ. ზ-ძე აპელირებენ, რომ მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი არ არსებობს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს გადაღება არ უწარმოებიათ. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულთა ნაწილობრივ აღიარებაზე მათი საბოლოო სიტყვის დროს, კერძოდ, ა. ა-მა და გ. ნ-მ აღიარეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განზრახვით ნარკოტიკული საშუალებების შეძენისა და შენახვის ფაქტები; მნიშვნელოვანია აღინიშნოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №... დასკვნაში ასახული შედეგები, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე დაფიქსირებულია ორივე მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალა, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებს გ. ნ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვასთან მიმართებით ა. ა-ნ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად.

11. მოწმის სახით დაკითხულმა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - გ. ჩ-მ, გ. ნ-მა და ბ. ლ-მ, რომლებიც იმავე ინფორმაციის საფუძველზე იყვნენ შემთხვევის ადგილზე გასულები, სასამართლოში საქმის განხილვისას აღწერეს გ. ნ-ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთჯერად პირბადეში არსებულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული და მოშავო ფერის საიზოლაციო ლენტით გადახვეული კრისტალისებრ-ფხვნილისებრი ნივთიერება. ამოღებული ნივთიერების თაობაზე ქიმიური ექსპერტიზის №.. დასკვნით დადგენილია, რომ ერთჯერად პირბადეში არსებული შავი წებოვანი ლენტით გადახვეული და უფერო გამჭვირვალე პარკის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული ნივთიერება წარმოადგენს 0,3499 გრამი მეთადონის (ფუძე) შემცველ ნარევს.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ა. ა-სა და გ. ნ-ს პირადი ჩხრეკებისას ამოღებული იდენტური ნივთიერების, ასევე მათი შეფუთვისა (გამჭვირვალე პარკის ნაჭერში მოთავსებული, რაც, თავის მხრივ, გადახვეული იყო შავი საიზოლაციო ლენტით) და ერთგვაროვნების გათვალისწინებით, ცალსახაა ქმედების ჯგუფური ხასიათი წინასწარი შეთანხმებით. აღნიშნულის თაობაზე დასკვნასაც ამყარებს საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №.. ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ერთმანეთის ბიოლოგიური მასალა გამოვლინდა შეფუთვაზე. ქმედებების ჯგუფურ ხასიათი ასევე დგინდება მსჯავრდებულების პირადი ჩხრეკის ოქმებში ასახული გარემოებებით, ა. ა-ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების სახეობებითა და დანიშნულებით, ასევე მსჯავრდებულთა მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტისას ნანახი და ამოღებული ნივთიერებებისა და ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთანალიზის საფუძველზე.

13. მსჯავრდებულ ა. ა-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებით ირკვევა, რომ თ-ში, გ-სა და მ-ის ქუჩების კონკრეტული ადგილებიდან - გ-ის ქ.№..-ში, მე-.. სადარბაზოს მე-.. სართულიდან ამოღებულ იქნა სამ ცალად შეფუთული წონაკი, ხოლო მ-ის ქ.№..-თან ხის ძირიდან - ოთხ ცალად შეფუთული წონაკი; ასევე, გ. ნ-ის მითითებით, თ-ში, გ-ის ქ.№..-ში, პ-ი სადარბაზოს პირველი სართულის კიბის საყრდენი შველერიდან ამოღებულ იქნა ოთხ ცალად შეფუთული წონაკი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები დასურათებულია, ფოტოსურათებზე პოლიციელებთან ერთად ჩანან ა. ა-ი და გ. ნ-ე, რომლებიც უთითებენ ერთგვარ სამალავად გამოყენებულ ადგილებზე, ურომლისოდაც პოლიციის თანამშრომლები ვერ მიაგნებდნენ ნარკოტიკული საშუალებებს. ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით ასევე სათითაოდაა დადგენილი მეთადონის შემცველობა კონკრეტული ოდენობების მითითებით.

14. ასევე საგულისხმოა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მსჯავრდებულ ა. ა-ის მითითებით ქ. თ-ში, გ. მ-ის ქ.№..-ის მიმდებარედ გზის პირზე არსებულ ერთ-ერთ ხესთან ნანახი იქნა ენერგეტიკული სასმელის ცარიელი ქილა, რომელშიც მოთავსებული იყო ოთხ ცალად, წებოვანი ლენტით დაფასოებული პოლიეთილენის პარკის ნაჭრები, მათში არსებული კრისტალისებრ-ფხვნილისებრი ნივთიერებებით. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ეჭვსგარეშე მიუთითებს, რომ საგანი განთავსებული იყო შემდგომი გასაღების მიზნით. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია თუნდაც იმგვარი მსჯელობა, რომ ენერგეტიკული სასმლის ცარიელ ქილაში ჩაყრილი, ცალ-ცალკე დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება, მსჯავრდებულს უნდოდა პირადი მოხმარებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ საგანი დადებული იყო ღია სივრცეში, იმგვარად, რომ ნებისმიერ წუთს როგორც ბუნებრივი მოვლენების, ისე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად არსებობდა მისი დაკარგვისა და გადაადგილების შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, მსჯავრდებულთა მხრიდან ბოთლში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერების, რაც შეიძლება, მოკლე დროში გასაღების მიზანი.

15. გასაღების მომზადების ნაწილში მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება დადასტურებულია არა მხოლოდ მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებით, არამედ სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. პირველ რიგში, აღსანიშნავია პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, დასაფასოებლად გასამზადებელი პაკეტები, ასევე საგამოძიებო ექპსერიმენტის ფარგლებში, მსჯავრდებულთა მიერ მითითებულ ადგილებში გასასაღებელად განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მობილურ ტელეფონში შენახული სურათები, რომელიც სრულად ემთხვევა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მითითებულ ლოკაციებს.

16. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებმა - ა. ა-მა და გ. ნ-მ ჩაიდინეს როგორც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა შენახვა, ისე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მომზადება, შესაბამისად, მათი ქმედებები სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და განსაზღვრული აქვთ სამართლიანი სასჯელები.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ-სა და მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. მ-სა და ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი