საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.09.2023
საქმის ნომერი
2კ-523აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003560744

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №523აპ-23 ქ. თბილისი

ჩ–ი ლ., 523აპ-23 12 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალინა კუკავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალინა კუკავამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ლ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 3 იანვრისა და 2019 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში და მის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი არგუმენტებით: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ლ. ჩ–სის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერით, მოწმეების - ე. გ–ს, შ. გ–ს, თ. წ–ს, ს. წ–ს ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.

2. ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა–ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი არის დასაბუთებული და სამართლიანი.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ჩ–ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2020 წლის 3 იანვრისა და 2019 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები), რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თ–ში, ფ–ს შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. ჩ–ს, სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლე - ლ. ჩ–ი, კერძოდ: უთხრა, რომ მას და მის შვილს დააკლავდა ერთმანეთზე, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 3 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თ–ში, ფ–ს შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. ჩ–ს, მიმოწერისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლე - ლ. ჩ–ი, კერძოდ: მისწერა, რომ ბეისბოლის ჯოხით გაუტეხავდა თავს და მოუსპობდა სიცოცხლეს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის განაჩენით ლ. ჩ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათით.

გაუქმდა ლ. ჩ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

მსჯავრდებულ ლ. ჩ–სათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და სასჯელის სახედ და ზომად მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ლ. ჩ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალინა კუკავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ლ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის განაჩენი გაუქმდა გამამტყუნებელ ნაწილში.

ლ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. ჩ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

ლ. ჩ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ ლ. ჩ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 3 იანვრისა და 2019 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები) მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, კერძოდ:

10. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, იმ პირებმა, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სახელდობრ: დაზარალებულმა - ნ. ჩ–მა და მოწმეებმა, ლ. ჩ–სა და ნ. ჩ–ს შვილებმა, არასრულწლოვნებმა: ა. ჩ–მა, მ. ჩ–მა, პ. ჩ–მა, თ. ჩ–მა და ა. ჩ–მა, ლ. ჩ–ს მშობლებმა - ე. ჩ–მა და ლ. ჩ–მა, ძმამ - დ. ჩ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის, ლ. ჩ–ს წინააღმდეგ ჩვენება. ამავდროულად, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

11. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მოწმეები: ნ. ა–ე, ე. გ–ე, ნ. ფ–ი, შ. გ–ი, თ. წ–ე, ს. ბ–ე, დ. ო–ი, თ. ი–ი, კ. თ–ე, ლ. კ–ე და ქ. რ–ე, ლ. ჩ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი რომელიმე ქმედების თვითმხილველები არ არიან და უშუალოდ არ შესწრებიან მუქარის არცერთ ფაქტს. აღნიშნული მოწმეები ინფორმაციას ძირითადად ფლობენ დაზარალებულისაგან, ან სხვა მოწმეთაგან, ხოლო ნაწილს კი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე ირიბია, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; საქმეში წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებები (მათ შორის - ლ. ჩ–ს მიმართ 2019 წლის 15 ნოემბერსა და 2020 წლის 3 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერები და დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმი) კი, საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან მათში მითითებული ინფორმაციის ნაწილი ზოგადი ხასიათისაა და არაფერია მითითებული მუქარასთან დაკავშირებით, ნაწილი - გადმოცემულია დაზარალებულის მიერ, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოში უარი განაცხადა ლ. ჩ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც, ვერ მოხერხდა მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, ქმედების სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას (სუბიექტური კრიტერიუმი). იმავდროულად, საფუძვლიანი შიშის არსებობა შეფასებული უნდა იქნეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზეც.

13. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმისა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი, არ დგინდება არც სუბიექტური და არც ობიექტური კრიტერიუმებით, ერთი მხრივ, იმ საფუძვლით, რომ დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, ხოლო, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ საქმეში არ მოიპოვება მუქარის განხორციელების საფუძვლიანობის დამადასტურებელი სხვა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალინა კუკავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი