საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007026899
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №198აპ-24 ქ. თბილისი
გ. ე. 198აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. გ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
1.2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, – დანაშაული, გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ე. გ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – 26,8746 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერებები, საიდანაც ნარკოტიკული საშუალება – 26,87 გრ. ჰეროინის შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა პირადად, რაც 2023 წლის 14 თებერვალს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თ–ში, სოფელ ფ–ში, გ–ს ქუჩის №..-ში ე. გ–სის პირადი ჩხრეკისას, ხოლო ნარკოტიკული საშუალება – 0,0046 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება ე. გ–სმა უკანონოდ შეინახა თ–ში, თ–ში, სოფელ ფ–ში, გ–ს ქუჩის №..-ში მდებარე სახლში, რაც 2023 წლის 14 თებერვალს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ე. გ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.
2.2. 2022 წელს, რ–ს ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, იმავე ქვეყნის მოქალაქე, ე. გ–მა ე.წ. „მწვანე ზოლის“ მეშვეობით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შემოვიდა საქართველოში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ე. გ–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.5. ე. გ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3.6. ე. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 14 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე. გ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ფ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილი მსჯავრის ნაწილში, იმის გათვალისწინებით, რომ ე. გ–ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, – არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. გ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ფ–მა. კასატორი მხარე ითხოვს ე. გ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხილ მსჯავრში უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილი მსჯავრის ნაწილში, იმის გათვალისწინებით, რომ ე. გ–ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, – არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე. გ–ს მიერ დანაშაულის – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ჩადენა. საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, გამომძიებლების – ა. გ–ს, ა. შ–ს, ა. ჭ–ს, ლ. გ–ს ქ. ც–ს, გ. თ–ს, თარჯიმნების – ა. ი–სა და თ. შ–ს, კ–ს გამგეობის თანამშრომელ ბ. ჯ–ს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2023 წლის 24 მაისის №....... დასკვნით, პირადი ჩხრეკის 2023 წლის 14 თებერვლის ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის 2023 წლის 14 თებერვლის ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე. გ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა.
10. პირადი ჩხრეკის 2023 წლის 14 თებერვლის ოქმით დასტურდება, რომ საქართველოს შს სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ გ. თ–ს მიერ, დეტექტივების – ა. გ–ს, ა. ჭ–ს და თარჯიმან ა. ი–სის – მონაწილეობით თ–ში, სოფელ ფ–ში, .... ქუჩის №..-ში ჩატარდა ე. გ–ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მოშავო ,,დუტის“ ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ერთი ცალი მოყვითალო პოლიეთილენის პარკის შეკვრა მასში არსებული ნივთიერებით. ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მის სახელზე გაცემული რ–ს ფედერაციის მოქალაქის პასპორტი და ერთი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც გამომძიებლის მიერ დაილუქა ადგილზე. ამოღებულ ნივთმტკიცებებზე და პირადი ჩხრეკის ოქმზე საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეების მიერ შესრულდა ხელმოწერები. პირადი ჩხრეკის ოქმზე გამომძიებლის შენიშვნის თანახმად, ბრალდებულს ჩხრეკის ოქმი გაეცნო თარჯიმნის მეშვეობით, თუმცა ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.
10.1. პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა დასტურდება, როგორც პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით, ასევე – ნეიტრალური მოწმე, თარჯიმან ა. ი–ს ჩვენებით. აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ 2023 წლის 14 თებერვალს თარჯიმნის სახით მონაწილეობა მიიღო ე. გ–ს პირად ჩხრეკაში. სამართალდამცველებთან ერთად შევიდა თ–ში, სოფელ ფ–ში ე. გ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში. პოლიციელები გაეცნენ მსჯავრდებულს და განუმარტეს, რომ მასთან უნდა ჩატარებულიყო პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მან სცადა გაქცევა, მაგრამ გააკავეს და დააწვინეს მიწაზე. ცოტა ხანში როდესაც დაწყნარდა, წამოაყენეს ფეხზე, გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და განუმარტეს უფლებები. პირადი ჩხრეკის დროს ე. გ–სგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც გახვეული იყო პოლიეთილენის პარკში, მობილური ტელეფონი და რ–ს ფედერაციის მოქალაქის პასპორტი. ჩხრეკის ოქმი გამომძიებელმა შეადგინა ადგილზე, ამოღებული ნივთიერება და ნივთებიც იქვე დაილუქა და მოაწერს ხელი. როგორც ახსოვს, მსჯავრდებულმა ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოაწერა. პირად ჩხრეკას ესწრებოდა სრულად და ჩხრეკის მიმდინარეობის დროს მსჯავრდებულს ყველაფერი გადაუთარგმნა მისთვის გასაგებ – .... ენაზე, ასევე, გააცნო ოქმიც.
11. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის 2023 წლის 14 თებერვლის ოქმით დასტურდება, რომ საქართველოს შს სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ქ. ც–ს მიერ, დეტექტივების – ლ. გ–ს და ა. შ–ს, გამგეობის წარმომადგენლის ბ. ჯ–ს, მოწმე ა. მ–ს და თარჯიმან თ. შ–ს მონაწილეობით, ჩხრეკა ჩატარდა ე. გ–ს საცხოვრებელი სახლში (მდებარე თ–ში, სოფელ ფ–ში, .. ....ს ქუჩა №..-ში), რა დროსაც, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის სასადილო ოთახში, კარადის ზედაპირიდან ამოიღეს ელექტროსასწორი. ამოღებულ ნივთებსა და ჩხრეკის ოქმზე შესრულდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები.
11.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა 2023 წლის 17 მარტის ნუსხის თანახმად, სასამართლოში დასაკითხ პირთა შორის იყო ა. მ–სი (ტ. N1; ს.ფ. 139-142; პუნქტი 2.8.), ხოლო 2023 წლის 6 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის (17:20:27) თანახმად, ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები, მათ შორის – ა. მ–ი (ტ. N2; ს.ფ. 155-166), შესაბამისად, აღნიშნული მოწმე არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე.
11.2. მოწმე თ. შ–მ განმარტა, რომ 2023 წლის თებერვალში თარჯიმნად მონაწილეობდა ე. გ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში (კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირს უწევდა თარჯიმნობას, როგორც ახსოვს, სოფლის გამგებელს ან გამგებლის მოადგილეს). ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე, გაეცნო და მოაწერა ხელი. ჩხრეკის დროს ყველა მოქმედებას ესწრებოდა და ხედავდა პირადად, როგორც ახსოვს, ამოიღეს სასწორი და ფულადი თანხა.
11.3. მოწმე ბ. ჯ–მა განმარტა, რომ იგი არის კ–ს გამგეობის თანამშრომელი, კერძოდ, გამგებლის წარმომადგენელია სოფელ ფ–ში. ე. გ–ი ცხოვრობს სოფელ ფ–ში, გ–ს ქუჩის №..-ში. ჩხრეკის დროს სახლიდან ამოიღეს სასწორი. ადგილზე შედგა ჩხრეკის ოქმი, რასაც გაეცნო და მოაწერა ხელი. მოწმემ განმარტა, რომ, როდესაც ადგილზე მივიდა ე. გ–ი იქ არ უნახავს. ჩხრეკის დროს ყველანი ერთად შედიოდნენ ოთახებში. სამზარეულოდან ამოიღეს სასწორი და ფულადი თანხა – 190 ლარამდე, რაც დაილუქა იქვე. ჩხრეკის ოქმის შინაარსი წაიკითხა და მოაწერა ხელი.
12. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2023 წლის 24 მაისის №........... დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „ანაწმენდები პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტიდან და ელექტრო სასწორიდან...“, მოთავსებულ პოლიეთილენის პარკიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N..) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე. გ–სს (ობ. N..; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში „ე. გ–ს პირის ღრუდან...“). აღნიშნულ პაკეტში მოთავსებულ ელექტრო სასწორიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N..) შერეული პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გარემოება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების არგაზიარების საფუძველი ან რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიმართ მოწმეთა რაიმე ინტერესი ან/და მიკერძოება.
14. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქურთუკის ჯიბიდან და სასწორის ზედაპირიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ერთი და იგივე ნარკოტიკის სახეობაა, თუმცა სტრუქტურით და შემადგენლობით არ არის ერთგვაროვანი, ექსპერტს კი ამ კუთხით კვლევა არ ჩაუტარებია, ვინაიდან მსგავსი საკითხი არ დასმულა მის წინაშე; ბრალდების მხარემ არ დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ი 38-ე მუხლის დანაწესს და, მეორე მხრივ – იმ გარემოებას, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა გაეზიარებინა დაცვის მხარის პოზიცია; გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა მტკიცებულებების მოპოვებისა თუ ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. გ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.
16. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, – საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
17. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ფ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი