შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 07.08.2024
საქმის ნომერი
2კ-288აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.08.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100122006450583

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№288აპ-24 ქ. თბილისი

ა. ფ., 288აპ-24 7 აგვისტო, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ა--ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას. კასატორის მტკიცებით, ფ. ა., შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან გარიგებული, ნარკოდამოკიდებული ზ. გ-ს მსხვერპლია, რომელიც ხელოვნურად შეარჩიეს ნარკოტიკული დანაშაულებისათვის მისი წარსული ნასამართლობებისა და ისეთ სოციუმში ცხოვრების გამო, რომელშიც ადვილად ხელმისაწვდომია ნარკოტიკული საშუალებები. 2022 წლის 17 სექტემბრის მსჯავრდების ეპიზოდთან მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ არ არის გაქარწყლებული ეჭვი ნარკოტიკული საშუალების გადაცემიდან ამოღებამდე მის შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებით, მით უფრო, როდესაც ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერი სრულდება ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მომენტში და უწყვეტად არ აღბეჭდავს ნარკოტიკული საშუალების გადაცემიდან ამოღებამდე პროცესს. იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად ქმნის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი მისი უკანონო გასაღების შემადგენლობას, სასამართლოს საფუძვლიანად უნდა გამოეკვლია ზ. გ-სა და ფ. ა-ს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა, ნარკოტიკული საშუალების გადაცემამდე (ასეთის დადასტურების შემთხვევაში) მათ შორის არსებული შეთანხმება და ნარკოტიკული საშუალების გადაცემის პროცესში არსებული კომუნიკაციის შინაარსი, რის შესაბამისადაც, უნდა გადაეწყვიტა ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხი, თუმცა სადავოდ გამხდარი განაჩენით მტკიცებულებები ცალმხრივად, არაობიექტურად და არასრულყოფილად შეფასდა, რამაც ფ. ა-ს უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდება გამოიწვია. ზ. გ., რომლის ჩვენებასაც ეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი არასანდო მოწმეა, რამეთუ ჩვენების მიცემის დროს იცრუა, რომ არ ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი, მაშინ, როდესაც ,,მეთადონის“ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარია და სწორედ ფონიჭალაში მდებარე ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გაიცნო ფ. ადა არა – რ-ში არსებულ ავტოსამრეცხაოში, როგორც ამას სასამართლოს უმტკიცებდა. გარდა ზ. გ-ს ჩვენებისა, საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულებით, მათ შორის – არც ვიდეოჩანაწერით, უტყუარად არ დგინდება, რომ თანხის ჩარიცხვის დროს, ზ. გ. სწორედ ფ. ა-ს ესაუბრება, მით უფრო, როდესაც, ქვითარზე დატანილი ანგარიშის საიდენტიფიკაციო კოდი არ ეკუთვნის მსჯავრდებულს, ხოლო გამოძიებას არ დაუდგენია ანგარიშის მფლობელის ვინაობა, რომელიც, შესაძლოა, ნარკოტიკების რეალური გამსაღებელი ყოფილიყო. ზ. გ. მალავს ნარკოტიკების გადაცემამდე მასა და ფ. ა-ს შორის არსებულ შეთანხმებას, თუმცა საქმეში არსებული კრებსები ცხადყოფს, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარებაზე იყვნენ გარიგებულნი, მაგრამ ზ. გ–ს მოუწია ფ. ა-სათვის უარის თქმა, რის გამოც, არაერთი ბოდიში მოუხადა. ფ. ა-ს უდანაშაულობაზე მიუთითებს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე არსებული ბიოლოგიური მასალა იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია, რამეთუ მასში ვლინდებოდა ორი ან მეტი პირის გენეტიკური პროფილი, რაც ადასტურებს, რომ ნარკოტიკულმა საშუალებამ გაიარა როგორც ფ. ა-სა და ზ. გ-ს, ასევე – სხვა პირ(ებ)ის ხელში და, შესაბამისად, ფ. ა-ს კუთვნილი ნარკოტიკული საშუალება ზ. გ-სათვის არ მიუსაღებია.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ფ. ა-ს, – დაბადებულს 1... წლის ... ივნისს, – ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ფ. ა-მ კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ, 2022 წლის 5 სექტემბერს, ...... ზ. გ-ს უკანონოდ მიასაღა, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც შეიცავდა – 0,247 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რაც ზ. გ-სგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ფ. ა-მ კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ, 2022 წლის 17 სექტემბერს, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ .... მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. გ-ს უკანონოდ მიასაღა, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეიცავდა: 0,139 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, 0,0026 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მორფინს (ფუძეს)“ და 0,00062 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,კოდეინს (ფუძე)“, რაც ზ. გ-სგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. ფ. ა-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის განაჩენით: ფ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელი – 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა – 5000 ლარი და, საბოლოოდ, ფ. ა-ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

5 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ფ. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის განაჩენი შეიცვალა: ფ. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელი – 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით, დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა – 5000 ლარი და, საბოლოოდ, ფ. ა-ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ფ. ა-ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი სადავოდ გახადა დაცვის მხარემ, მხოლოდ ფ. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) მსჯავრადების ნაწილში და ითხოვს, გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე იმსჯელებს მხოლოდ ფ. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) მსჯავრადების კანონიერებაზე.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ფ. ა-ს ედავება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ფ. ა-მ, 2022 წლის 17 სექტემბერს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ზ. გ-ს მიასაღა ნარკოტიკული საშუალება. ამდენად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ბრალდების მხარის სამხილები და ბრალადშერაცხილ დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით გადაწყვიტოს, რამდენად ქმნის წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ფ. ა-ს წარდგენილი კვალიფიკაციით მსჯავრდების გონივრულ ეჭვს მიღმა საფუძველს.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი – ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ – ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

5. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – დაცვის მხარის – მითითებას, ფ. ა-ს სრულად უდანაშაულობასთან მიმართებით, რამეთუ მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დგინდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ფ. ა-მ 2022 წლის 17 სექტემბერს ზ. გ-ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეიცავდა: 0,139 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, 0,0026 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მორფინს (ფუძეს)“ და 0,00062 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,კოდეინს (ფუძე)“, საპირისპიროს მტკიცება კი, არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელსაც სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს და რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ფ. ა-ს ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადგენად, კერძოდ:

6. ზ. გ-ს 2022 წლის 2 სექტემბრის განცხადების თანახმად, მისი ნაცნობი – 1--- წელს დაბადებული ფ. ა. – ასაღებს ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ, 1 შეკვრა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ ყიდის 250 ლარად და სურვილი გამოთქვა, ფ. ა-ს დანაშაულებრივ საქმიანობაში მხილების მიზნით, ეთანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან;

7. მოწმე ზ. გ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ფ. ა. გაიცნო 2022 წლის 1 სექტემბერს, რ-ში, რომელმაც 200-250 ლარის სანაცვლოდ, შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მან უპასუხა, რომ იმ მომენტში თანხა არ ჰქონდა და როცა ექნებოდა, დაუკავშირდებოდა. მეორე დღეს ნებაყოფლობით მიმართა სამართალდამცავებს და განაცხადა, რომ იცოდა, სად შეიძლებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. 2022 წლის 5 სექტემბერს, ოპერატიული თანხის – 250 ლარის – სანაცვლოდ, ფ. ა-მ გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც წარუდგინა გამომძიებელს. 2022 წლის 6 სექტემბერს, ნარკოტიკული საშუალების შესაძენად სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფ. ა-ს ჩაურიცხა ოპერატიული თანხა – 200 ლარი, ხოლო ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი წარუდგინა გამომძიებელს. 2022 წლის 17 სექტემბერს დაურეკა ფ. ა-მ და უთხრა, სად მისულიყო. შეხვდნენ დათქმულ ადგილას და 2022 წლის 6 სექტემბერს ჩარიცხული თანხის სანაცვლოდ ფ. ა-მ გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, თავის მხრივ, წარუდგინა გამომძიებელს.

8. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – ო. ჩ-ს – ჩვენებით ირკვევა, რომ 2022 წლის 2 სექტემბერს, ზ. გ-ს განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე. ზ. გ-მ გამოთქვა სურვილი, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ემხილა ნარკორეალიზატორი. ზ. გ-მ ფ. ა-სგან ორჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. პირველად – 2022 წლის 5 სექტემბერს, ხოლო მეორედ – 2022 წლის 6 სექტემბერს, თუმცა მეორე ჯერზე, ფ. ა-მ იმავე დღეს ვერ გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება, არამედ – 2022 წლის 17 სექტემბერს. ფ. ა-სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, როგორც 2022 წლის 5 სექტემბერს, ასევე – 2022 წლის 17 სექტემბერს, მან ამოუღო ზ. გ-ს. ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვის დროს თავად იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო მისი ზ. გ-სათვის გადაცემიდან მალევე.

9. 2022 წლის 6 სექტემბრის თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, გამომძიებელმა ო. ჩ-მ ზ. გ-ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადასცა 200 ლარი;

10. 2022 წლის 6 სექტემბერს, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ, აუდიო-ვიდეო ჩანაწერში ჩანს ზ. გ., რომელიც დგას ფულის ჩასარიცხ აპარატთან და, ამავდროულად, ტელეფონით იღებს საჭირო მონაცემებს. აპარატზე კრეფს ციფრებს – ..... ოპერაციის გასაგრძელებლად აპარატი სთხოვს კოდს. რეკავს ტელეფონზე და თანამოსაუბრეს მიმართავს რუსულად: ,, – აბა კოდი მითხარი“. თანამოსაუბრე პასუხობს ,, – კარგი, დამელოდე, 96... „. დაყოვნების გამო აპარატი პროგრამიდან აგდებს მომხმარებელს, რომელიც ხელახლა შეჰყავს ზ. გ-ს და აგრძელებს ტელეფონით საუბარს: ,, – ხო ძმა, მაგრამ გამომაგდო. სწრაფად უნდა მითხრა. დაიცა, თავიდან შემყავს“. აპარატზე ისევ კრეფს ციფრებს – ..... და ამბობს: ,, – 599 ... 996. აი, სმს-თი მოვა ახლა“. გაბრაზებული თიშავს ტელეფონს, შემდეგი სიტყვებით: ,, – ამის დებილ დედას შ...ი” და თანამოსაუბრისგან ელოდება მიღებული კოდის კარნახს. ცოტა ხანში თანამოსაუბრე კარნახობს: ,, – ...“. აპარატზე შეჰყავს კოდი, რომელიც უკარნახა თანამოსაუბრემ, რის შემდეგ აპარატი კვლავ სთხოვს კოდს, რომელსაც დამატებით იღებს თანამოსაუბრისგან: ,, – ...“. კოდის შეყვანის შემდეგ, ოპერაციის გასაგრძელებლად აპარატი ითხოვს პიროვნების დაფარულ მონაცემებს, რასაც ასევე კარნახობს თანამოსაუბრე: ,, – ვარსკვლავი, ვარსკვლავი, ო.“ ზ. გ.: ,, – აჰა, კარგი, ძმაო, დამელოდე“, შემდეგ აპარატში ათავსებს ორ 100-ლარიან კუპიურას, ასრულებს ოპერაციას და მიმართავს თანამოსაუბრეს: ,, – აჰა, 200 ლარი აისახა, ძმაო“, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს: ,, – კარგი“, ზ. გ. კი დასძენს: ,, – დაგირეკავ“.

11. 2022 წლის 17 სექტემბერს, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ, აუდიო-ვიდეო ჩანაწერში ჩანს ზ. გ., რომელიც აჩერებს ავტომანქანას და ესაუბრება ფანჯარასთან მისულ ფ. ა-ს. ზ. გ-ს შეკითხვაზე: ,, – რას შვრები?“, ფ. ა. პასუხობს: ,, – ჩემი ძმა, მართლა სწორად გაიგე“, რაზეც ზ. გ. საყვედურობს: ,,პროსტა, ამდენი ხანია, ეს ფული ჩარიცხული... მეც ჩავვარდი. პროსტა ისეთ ცუდ სიტუაციაში, მაგარი, აი!“ ფ. ა.: ,, – ჰო, ვიცი. მეც ვაბშე გარეთ არ გავდივარ“. ზ. გ.: ,, – „კაროჩე, ისეთი პონტი ვქენი მერე, რომ კაროჩე, რა. ახლა არ მინდა შენთან ეს დაძაბული ის“. ფ. ა.: ,, – ჰო, ვიცი, მესმის, მეც – ეგრე“. ზ. გ.: ,, – მინდა შენთან ძმაკაცობა. ჩემს სახელს გაიკითხავ მერე, ვინა ვარ, გაიგებ. პროსტა, მითხარი, რომ ასეთი სიტუაცია მაქვს, კაროჩე, რა. ხომ იცი ახლა, ადამიანები ვართ, გავუგებთ ერთმანეთს, რა“. ფ. ა.: ,, – რა ვქნათ ახლა? ერთი ოთხი კაცის მივცე, თუ არა?“. ზ. გ.: ,, – რამდენი გაქვს ახლა?“ ფ. ა.: ,, – რავი. კაი „ფაქტია“, რა“. მას შემდეგ, რაც ფ. ა. ხელში გადასცემს პოლიეთილენის პარკში შეხვეულ, პატარა ზომის შეფუთვას, ზ. გ. ეუბნება მას: ,, – ბიჭო, მოდი, ამას წავიღებ რა ჩემებთან, რა და მერე ერთად გავიჩხირავთ, რა“, რაზეც ფ. ა. პასუხობს: ,, – ჰო, ბაზარი არ არის“. ზ. გ.: ,, მოსულა?“ ფ. ა.: ,, – ჰო, ბაზარი არ არის“. ზ. გ.: ,, – დღეს არ გაგიტყდეს და მერე, შენ ხომ იცი, არა, არ შემეშლება, რა!“ ფ. ა.: ,, – აი, სოფელში არის“. ზ. გ.: ,, – არის?“ ფ. ა.: ,, – ჰო“. ზ. გ.: ,, – რამდენში?“ ფ. ა.: ,,ასლარიანი, აი, ისა“. ზ. გ. აზუსტებს: ,, – ასი?“ ფ. ა.- თავის მოძრაობით უდასტურებს. ზ. გ.: ,, – რამდენი?“ . ა.: ,, – ...“ ზ. გ.: ,, –კაროჩე, დღეს, მოდი პატივს ვცემ, რა, პროსტა და ისეთ პონტში ვიზამ. ხვალ, ზეგ, აქ ვიქნები, რა“ ფ. ა.: ,, – ბაზარი არ არის. ეგრე, შენს ძმობას ვფიცავარ, ეგეთი კაცი არა ვარ, ბრატ. პროსტა რაღაც ეგრე მოხდა, რა“. ზ. გ. ეუბნება: ,, – ვიძმაკაცოთ რა!“, შემდეგ მანქანიდან უწვდის ხელს და ართმევს ფ. ა-ს, რის შემდეგაც განაგრძობს: ,, – ვიძმაკაცოთ, ბ..ს შვილი ვიყო, მეტი არაფერი არ მინდა შენთან და რომ ვიძმაკაცებთ, შენც გაგისწორებ და მეც გავისწორებ, ძმაო“. ფ. ა. კვლავ თავის მოძრაობით უდასტურებს. ზ. გ. ეუბნება: ,, – მიდი, შემოგევლე! კაი კაცი ხარ“, რის შემდეგაც ქოქავს ავტომანქანას და მიდის.

12. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 8 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, 2022 წლის 17 სექტემბრის შეხვედრის ჩანაწერის ამსახველ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან ამოღებულ გამოსახულებასა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული ფ. ა-ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების გამოსახულება.

13. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმეების სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – გ. ჩ–მ და გ. გ-მ.

14. ამოღების ოქმის მიხედვით, 2022 წლის 17 სექტემბერს, 15:15-15:30 საათის დროის შუალედში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელმა ო. ჩ-მ ზ. გ-საგან ამოიღო ფ. ა-საგან შეძენილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება.

15. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 18 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, 2022 წლის 17 სექტემბერს ზ. გ-საგან ამოღებული: უფერო, გამჭვირვალე, პოლიეთილენის მილღობილთავიან, ორმაგ ნაჭერში, ერთ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი გამომშრალი ნივთიერება, წონით – 0,3434 გრამი, არის კუსტარულად მიღებული და შეიცავს: 0,139 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, 0,0026 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მორფინს (ფუძეს)“ და 0,00062 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,კოდეინს (ფუძეს)“.

16. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმეების სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – ი. და ს. ც-მ.

17. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების №...დასკვნის საფუძველზე, 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური კვლევის შედეგად, ფ. ა-ს ლაბორატორიულად დაუდგინდა: ,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალებისა და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი.

18. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნინო მაჭარაშვილმა.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს – 2022 წლის 17 სექტემბერს – ფ. ა-ს მიერ ზ. გ-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტი, მაგრამ სასამართლოს პოზიცია განსხვავდება ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულის ქმედების – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის – კვალიფიკაციასთან მიმართებით, რამეთუ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების ზ. გ-სათვის გადაცემით, ფ. ა-მ, ანაზღაურების სანაცვლოდ, გაასაღა იგი, ხოლო საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ნარკოტიკული საშუალების ზ. გ-სათვის გადაცემის დროს მსჯავრდებულს მისი რეალიზაციის მიზანი არ ჰქონია, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ქმედების სამართლებრივი შეფასების დროს.

20. იმისათვის, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რომელიც მან ჩაიდინა, საკასაციო სასამართლო ვალდებულია მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭოს, ხოლო იმის გამოსარკვევად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII – ნარკოტიკული დანაშაულის – თავით გათვალისწინებული, რომელი დანაშაულის შემადგენლობაა გამოკვეთილი ფ. ა-ს ქმედებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ გარემოებებს და მათ საფუძველზე გადაწყვეტს მსჯავრადშესარაცხი ქმედების საკითხს.

21. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფ. ა-ს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში მსჯავრდებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ ორი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, ერთი მხრივ, ზ. გ-მ 2022 წლის 6 სექტემბერს ჩაურიცხა თანხა ფ. ა-ს, რომელმაც მოგვიანებით – 2022 წლის 17 სექტემბერს – გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, ზ. გ-მ ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ფ. ა-სათვის გადახდილი თანხის სანაცვლოდ შეიძინა მისგან ნარკოტიკული საშუალება.

22. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასკვნა იმის თაობაზე, რომ ფ. ა-მ უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალებები ზ. გ-ს, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:

23. განსახილველ საქმეში არ მოიპოვება ფ. ა-სა და ზ. გ-ს თავდაპირველი შეხვედრის ჩანაწერი და არც მათი სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი მასალები, რაც, ცხადია, მეტ ნათელს მოჰფენდა მათ შორის შეთანხმების პირობებს და, შესაბამისად, სადავოდ გამხდარ საკითხს, გამომდინარე იქიდანაც, რომ ზ. გ–მ 2022 წლის 6 სექტემბერს გადახდილი თანხის სანაცვლოდ მხოლოდ 2022 წლის 17 სექტემბერს მიიღო კუთვნილი ნარკოტიკული საშუალება და, ადვილად წარმოსადგენია, რაოდენ ინტენსიური იქნებოდა ამ პერიოდში მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია. ამავდროულად, სასამართლოში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 2022 წლის 17 მაისის აუდიო-ვიდეო ჩანაწერით დასტურდება, რომ ზ. გ. ნარკოტიკის გადაცემის შემდეგ, უბოდიშებს ფ. ა-ს და უხსნის, რომ ნარკოტიკს ამჯერად ,,თავისიანებთან“ წაიღებს, რადგან თანხის გადახდიდან ნარკოტიკის გადაცემამდე გაჭიანურებული დროის გამო, სხვებთან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ჰპირდება, რომ შემდეგში ისინი აუცილებლად ერთად მოიხმარენ ნარკოტიკს, რაზეც ფ. ა. სთანხმდება. ზ. გ., ცოტა არ იყოს, გაკვირვებულია, ხელახლა ეკითხება ფ. ა-ს და აზუსტებს მის თანხმობას, შემდეგ კი კვლავ უბოდიშებს და სთხოვს, რომ ამჯერად არ ეწყინოს და ისევ ჰპირდება, რომ მომავალში აღარაფერი შეეშლება. ხაზგასასმელია, რომ ზ. გ-ს მიერ ფ. ა-სათვის მიცემული პირობა იყო სამომავლო, ხოლო ამ ჯერზე ფ. ა-თან ერთად შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი არ მოუხმარია, რაც ნარკოტიკული საშაუალების შეძენაში დახმარებისათვის მადლიერების ჟესტი შეიძლება ყოფილიყო და ობიექტური შეფასებით ეწინააღმდეგება ნარკოტიკული საშუალების შემძენისა და გამსაღებლის ურთიერთობის შინაარსს. ასევე საყურადღებოა, რომ ფ. ა. ზ. გ-ს უზიარებს კონკრეტულ ადგილას გამოკვეთილ, ნარკოტიკული საშუალების შეძენის ალტერნატიულ გზას, ეუბნება, რომ სოფელში შესაძლებელია, ნარკოტიკული საშუალების 100 ლარად ყიდვა, რაც ასევე ცხადყოფს, რომ ზ. გ-სათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ფ. ა. არ ყოფილა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი, არამედ – ეხმარებოდა მას ნარკოტიკული საშუალებების, მისთვის ხელმისაწვდომი გზებით, მოპოვებაში.

24. ამდენად, რადგანაც გარდა ზ. გ-ს ჩვენებისა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ფ. ა-ს მიერ ზ. გ-სათვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკულ საშუალების მისაღების ფაქტი. მეტიც, ზ. გ-ს მტკიცების საპირისპიროდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შინაარსით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ზ. გ-სა და ფ. ა-ს შორის იმთავითვე არსებული შეთანხმებით, მათ ერთად უნდა მოეხმარათ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი (რაც შესაძლოა, ყოფილიყო სწორედ თავად ნარკოდამოკიდებული ფ. ა-სათვის ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარების ინტერესი), საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ფ. ა-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ზ. გ-ს თანხით შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების მისთვის გადაცემით ფ. ა-მ 2022 წლის 17 სექტემბერს ჩაიდინა – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით.

25. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რომელმაც უკვე არაერთხელ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საქმეზე №844აპ-22, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).

26. ამრიგად, ვინაიდან უტყუარად არ დასტურდება ფ. ა-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღება, არამედ მის ქმედებაში გამოკვეთილია – ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში დახმარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ფ. ა. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

27. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, რომლისთვისაც მსჯავრი უნდა დაედოს ფ. ა-ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე .

28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

29. საკასაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, – რამეთუ ფ. ა.- რრუსთავისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლისა და 2018 წლის 28 მაისის განაჩენებით ნასამართლევია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის და მისი ნასამართლობები, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წლის 17 სექტემბერს – მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა, – საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა მიესაჯოს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

30. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 აპრილის განაჩენით ფ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

31. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით, ფ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ფ. ა-ს, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა – 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

32. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ფ. ა-მ, განსახილველ საქმეზე, განზრახი დანაშაული ჩაიდინა 2022 წლის 17 სექტემბერს ანუ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, გამომდინარე იქიდან, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით უკვე გაუქმებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, აღარ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის ხელახლა გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და ფ. ა-ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ფ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ფ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი:

3. ფ. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი), ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. ფ. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარი და, ფ. ა-ს, საბოლოოდ მიესაჯოს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. ფ. ა-ს სასჯელი აეთვალოს 2024 წლის 7 აგვისტოდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს – 2022 წლის 18 ოქტომბრიდან 2024 წლის 7 აგვისტომდე პერიოდი;

7. ფ. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 10 წლით;

8. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილი:

· ნარკოტიკული ნივთიერებები, ნარკოტიკული ნივთიერებების შესაფუთი მასალა და ფ. ა-ს ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;

· ელექტრონული დისკები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე