დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.10.2024
საქმის ნომერი
2კ-39-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802224010025379

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№39I-24 ქ. თბილისი

ქ-ა ნ, 39I-24 7 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ქ-ას (ასევე ცნობილი როგორც, ნ. ქ-ა) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ქ-ას მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

2022 წლის 4 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ნ. ქ-ას ექსტრადიციის თაობაზე.

2024 წლის 26 თებერვალს ნ. ქ-თა ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2024 წლის 26 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ნ. ქ-ას შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2024 წლის 23 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ნ. ქ-ს საექსტრადიციო პატიმრობა გაუგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე 2024 წლის 26 აგვისტომდე.

2024 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ნ. ქ-ას საექსტრადიციო პატიმრობა კვლავ გაუგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე 2024 წლის 26 ნოემბრამდე.

2. ნ. ქ-ას მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში:

2018 წლის 11 აპრილს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის გოლჰისარის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h” ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2018 წლის 11 აპრილს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის გოლჰისარის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2020 წლის 24 სექტემბერს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N7 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2018 წლის 13 სექტემბერს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N10 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 2 ნოემბერს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N8 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h” ქვეპუნქტით (შენობაში დაცული ნივთების ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 12 ოქტომბერს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N7 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2019 წლის 24 მაისს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N9 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 7 მარტს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N7 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 739 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 2 ნოემბერს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N8 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (შენობაში დაცული ნივთების ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2019 წლის 23 მაისს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N1 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2014 წლის 22 აპრილს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N7 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 21 მარტს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის ანკარას სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N33 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის საქმიანობის წახალისება, ხელშეწყობა, ადგილის გამოყოფა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2020 წლის 18 ივნისს (განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N8 სასამართლოს განაჩენით ნ. ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნდობის ბოროტად გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2021 წლის 8 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ბურდურის სააღმსრულებლო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ. ქ-ას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 27 წლით, 23 თვითა და 739 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2022 წლის 24 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის გ-ის რაიონის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ნ. ქ-ს დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.

3. ფაქტები:

2015 წლის 11 ოქტომბერს თ-ის რესპუბლიკაში, ჩ-ის რაიონში მდებარე კაზინო „ბ-ს“ შენობაში, ნ. ქ-თა უკანონოდ შევიდა დაზარალებულ ლ. ს-ს მიერ დაჯავშნილ ნომერში, საიდანაც მოიპარა დაზარალებულის კუთვნლი სიგარეტი, სანთებელა, საფულე, პირადობისა და მართვის მოწმობა, სხვადასხვა დოკუმენტი და 650 თურქული ლირა.

2015 წლის 11 ოქტომბერს თ-ის რესპუბლიკაში, ჩ-ის რაიონში ნ. ქ-მ დაზარალებულ ლ. ს-ს მობილურ ტელეფონზე გაუგზავნა შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

2016 წლის 15 ოქტომბერს ღამით, ნ. ქ-თა თითქოს, ტელეფონის შეძენის მიზნით, შეხვდა დაზარალებულ ო. ა-ს. მან დაზარალებულს გამოართვა მობილური ტელეფონი, მოატყუა, რომ შეძენამდე ტელეფონი თავისი დისთვის უნდა ეჩვენებინა. ნ. ქ-ამ მობილური ტელეფონი წაიღო და დაზარალებულს უკან აღარ დაუბრუნა.

2015 წლის 15 ნოემბერს ნ. ქ-თა თითქოს, ტელეფონის შეძენის მიზნით, შეხვდა დაზარალებულ გ. ა-ს. მან დაზარალებულს გამოართვა მობილური ტელეფონი, მოატყუა, რომ შეძენამდე ტელეფონი თავისი დისთვის უნდა ეჩვენებინა. ნ. ქ-ამ მობილური ტელეფონი წაიღო და დაზარალებულს უკან აღარ დაუბრუნა.

2015 წლის 6 ნოემბერს ნ. ქ-თა მივიდა დაზარალებულების სახლში, რომლებიც თავისი ბინის ოთახებს აქირავებდნენ. მან დაზარალებულებს განუცხადა, რომ სურდა ოთახის დაქირავება და განთავსდა ერთ-ერთ ოთახში. საღამოს, როდესაც დაზარალებულები სახლიდან გავიდნენ, ნ. ქ-თა შევიდა სხვადასხვა ოთახში და იქიდან მოიპარა სხვადასხვა ნივთი.

2012 წლის 10 სექტემბერს ნ. ქ-თა დაზარალებულს დაჰპირდა, რომ 650 თურქულ ლირად აყიდინებდა ტელევიზორს. მან დაზარალებულს აღნიშნული თანხა გამოართვა, წაიყვანა იგი სავაჭრო ცენტრში და აჩვენა ტელევიზორი, რომელიც თითქოს, უნდა შეეძინათ. აღნიშნულის შემდეგ ნ. ქ-თა გაუჩინარდა.

2015 წლის 10 ნოემბერს ნ. ქ-თა თითქოს, ტელეფონის შეძენის მიზნით, შეხვდა დაზარალებულ ს. თ-ს და შეუთანხმდა, რომ მის ტელეფონს შეისყიდდა 1600 თურქულ ლირად. მან დაზარალებულს გამოართვა მობილური ტელეფონი, მოატყუა, რომ ფულის მოსატანად მიდიოდა და ადგილიდან გაუჩინარდა.

2012 წლის 13 სექტემბერს ნ. ქ-თა მეორადი ნივთების ბაზრობაზე შეხვდა დაზარალებულს და შესთავაზა მას დახმარება 600 ლირად ტელევიზორის ყიდვაში. მან დაზარალებულს გამოართვა 400 თურქული ლირა, მიიყვანა მაღაზიასთან და უთხრა, რომ მოეცადა, ვიდრე თავად ტელევიზორის მესაკუთრეს მოიყვანდა. ამის შემდეგ, ნ. ქ-თა დაზარალებულთან აღარ დაბრუნებულა.

2012 წლის 3 იანვარს მივიდა დაზარალებულების სახლში, რომლებიც თავისი ბინის ოთახებს აქირავებდნენ. მან დაზარალებულებს განუცხადა, რომ სურდა ოთახის დაქირავება და განთავსდა ერთ-ერთ ოთახში. საღამოს, როდესაც დაზარალებულები სახლიდან გავიდნენ, ნ. ქ-თა შევიდა სხვადასხვა ოთახში, საიდანაც მოიპარა სხვადასხვა ნივთი.

2013 წლის 20 თებერვალს ნ. ქ-ამ დაზარალებულ ნ-ს, რომელთანაც შეთანხმებული იყო, რომ ელექტრო საოჯახო ტექნიკას იაფად აყიდინებდა, გამოართვა 1250 თურქული ლირა, თანხა მიითვისა და დანაპირები არ შეასრულა.

2014 წლის 4 მარტამდე პერიოდში ნ. ქ-მ დაზარალებულ ი. ო-ს გამოართვა მობილური ტელეფონი ზარის განხორციელების მიზნით, არ დაუბრუნა უკან და მიიმალა.

პოლიციის თანამშრომლების ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ ნ. ქ-თა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდა პროსტიტუციის საქმიანობის წახალისებაში, კერძოდ, 2011 წლის 3 ოქტომბერს, ნ. ქ-მ წინასწარ შეთანხმებული სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაცმულ პოლიციის თანამშრომლებთან მიიყვანა პროსტიტუციაში ჩართული დაზარალებული; ხოლო აღნიშნულ საქმიანობაში ჩართული კიდევ ერთი, სხვა პირისთვის მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, ნ. ქ-მ დაზარალებული დატოვა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა კლიენტისთვის მომსახურება გაეწია.

2015 წლის 6 ნოემბერს ნ. ქ-ამ ა. ი-ის მეუღლის სამუშაო ადგილიდან წამოიღო საქონელი თითქოს, ნივთების შეკერვის მიზნით და მიჰყიდა ჰ. თ-შს.

4. 2024 წლის 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ნ. ქ-ას თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, რათა აღსრულდეს მის მიმართ შემდეგი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის დადგენილი სასჯელი:

2018 წლის 11 აპრილის თურქეთის რესპუბლიკის გოლჰისარის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დადგენილი სასჯელი, 2020 წლის 24 სექტემბერის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N7 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2018 წლის 13 სექტემბრის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N10 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2017 წლის 2 ნოემბრის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N8 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2017 წლის 12 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N7 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2019 წლის 24 მაისის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N9 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2013 წლის 7 მარტის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N7 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2017 წლის 2 ნოემბრის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N8 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2019 წლის 23 მაისის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N1 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2014 წლის 22 აპრილის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N7 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2017 წლის 21 მარტის თურქეთის რესპუბლიკის ანკარას სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N33 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი, 2020 წლის 18 ივნისის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის N8 სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი.

დაუშვებლად იქნას ცნობილი ნ. ქ-ას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ 2018 წლის 11 აპრილის თურქეთის რესპუბლიკის გოლჰისარის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება) დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ქ-ას – ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში, ნ. ქ-ს მიმართ გამოტანილია განაჩენი ისეთი დანაშაულებისათვის, რომელთა საქართველოში ჩადენის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობით, მას დაენიშნებოდა მაქსიმუმ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, თურქეთის რესპუბლიკაში მას ხსენებული დანაშაულებისათვის 27 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, მოცემული სასჯელი იმდენად მკაცრია, რომ იგი არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის სტანდარტებს. გარდა ამისა, ნ. ქ-ას საქართველოში ჰყავს მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ექსტრადიციის შემთხვევაში, მათ მამასთან კომუნიკაცია სრულწლოვანებამდე ვეღარ ექნებათ.

7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ, წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ნ. ქ-ას მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, როგორც დაცვის მხარე განმარტავს, სასჯელი, რომლის მოსახდელადაც ნ. ქ-თა უნდა გადაეცეს თურქეთის რესპუბლიკას, ზედმეტად მკაცრია და იგი გამოიწვევს პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის #5275 კანონი სასჯელთა და უსაფრთხოების ღონისძიებათა აღსრულების შესახებ ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმებს, რომლის სარგებლობის უფლებაც თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიებიდან გამომდინარე, ნ. ქ-ას ექნება. თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების ცხადჰყოფს, რომ ნ. ქ-ას საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი უფლებები დაირღვევა. ნ. ქ-თა თავდაპირველად, უშუალოდ მონაწილეობდა სასამართლო პროცესებში. მართალია, მოგვიანებით, მას საქმის განხილვაში აღარ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოკვეთილია სასამართლო პროცესზე ნებაყოფლობითი გამოუცხადებლობის შემთხვევა. მაგალითად, საქმეში ,,M. v. The Netherlands“ (1990) ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლება არ იძლევა იმ ბრალდებულის მონაწილეობის გარანტიას, რომელსაც არ სურს, რომ ესწრებოდეს პროცესს.“ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნებაყოფლობითი გამოუცხადებლობა არ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გარდა აღნიშნულისა, ექსტრადიციის საკითხის განხილვის დროს, აგრეთვე, მხედველობაში მიიღება თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომლის მიხედვითაც, ექსტრადიციის შემთხვევაში, ნ. ქ-თა ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ნ. ქ-ა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2024 წლის 26 თებერვალს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ნ. ქ-ას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:

1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.

5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის 29–41-ე პუნქტებში აღწერილი ქმედებების (რომლებიც ისჯება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით და აკმაყოფილების სასჯელის მინიმალურ წესს) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა, სულ მცირე:

ნ. ქ-ს მიერ, შუამდგომლობის 29-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (ქურდობა სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 30-ე პუნქტში აღწერილი ქმედება (შეურაცხყოფის მიყენება) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, არ არის დასჯადი სისხლის სამართლის წესით.

შუამდგომლობის 31-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 32-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 33-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (ქურდობა სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 34-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 35-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 36-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 37-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (ქურდობა სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 38-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 39-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის მე-40 პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შუამდგომლობის 41-ე პუნქტში აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ქ-ას მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც საქართველო (როგორც აღინიშნა, გარდა, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა), ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ქ-თა არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. იგი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:

7.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ნ. ქ-ას საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა/უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც გამოკვეთდა იმ გარემოებას, რომ თ-ის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, იარსებებს ასეთი დარღვევის საფრთხე. თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, ქ. ქ-ამ სასამართლოს მისცა თავდაცვითი ჩვენებები. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის; ნ. ქ-ას გააჩნია დაცვის უფლება. ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო დაიცავს სპეციალობის წესს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მითითებული გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, მთავარი პროკურატურის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და ,,ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.

8. ხანდაზმულობის ვადა:

8.1. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ნ. ქ-თა მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშულთა კატეგორიას.

8.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

8.3. ნ. ქ-ას მიმართ გამოტანილმა განაჩენებმა საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 8 სექტემბერს, ხოლო ძებნა მის მიმართ გამოცხადდა 2022 წლის 24 იანვარს.

8.4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენებთან დაკავშირებით, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და იგი იწურება 2030 წელს.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

9.1. სტატუსი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (02/08/2024), ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნ. ქ-ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო გადაწყვეტილება N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაბარდა 2023 წლის 2 ოქტომბერს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ქ-მ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო წარმოების დასრულებამდე, იგი თავშესაფრის მაძიებლად ითვლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“

9.2. ამნისტია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“

ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

9.3. შეწყალება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“

წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

10. პრინციპი ,,Non bis in idem“:

10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

10.2. ნ. ქ-ას მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.

11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.

11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“

11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).

11.5. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ნ. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. ადვოკატი მოცემულ პოზიციას აყალიბებს სასჯელის სიმკაცრიდან გამომდინარე (მიუთითებს, თავისუფლების აღკვეთის 27 წელზე), რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ გახდება პირის ექსტრადიციის დამაბრკოლებელი კანონისმიერი საშუალება, ხოლო სხვა არგუმენტზე, რაც შესაძლოა, ყოფილიყო სასჯელის მოხდის დროს, არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხე, ადვოკატს საჩივარში მასზე არ მიუთითებია. პროკურორმა წარმოდგენილ პოზიციაში, აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკის #5275 კანონი სასჯელთა და უსაფრთხოების ღონისძიებათა აღსრულების შესახებ ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმებს, რომლის სარგებლობის უფლებაც თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიებიდან გამომდინარე, ნ. ქ-ას ექნება.

16. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

16.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, დაცვის მხარე ამ შემთხვევაში, მიუთითებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ საქართველოში მეუღლისა და ოთხი შვილის ყოლის ფაქტზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს; ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (,,King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). ამ შემთხვევაში, იმ დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობისა და ხასიათიდან გამომდინარე, რომლებისთვისაც მოითხოვება ნ. ქ-ას ექსტრადიცია, თავად ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ქ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი