ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.11.2024
საქმის ნომერი
2კ-915აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007341068

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №915აპ-24 ქ. თბილისი

გ-ი გ. , 915აპ-24 28 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:

1.1. გ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 12 აპრილიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მა ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, განხორციელებული იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 19 აგვისტოს, გ. გ-მა, მის მიმართ ს. ქ-ს მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის №... საქმეზე, რომელშიც ს. ქ-ს ბრალდება წარედგინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, გამოძიებას განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას, კერძოდ, გ. გ-მა განმარტა, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გზაში შემხვედრმა მისთვის უცნობმა პირმა, მაშინ, როდესაც, სინამდვილეში, დანის გამოყენებით სხეულისათვის სხვადასხვა არეში, შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას დაჭრა პირმა, რომელსაც იგი დანაშაულის ჩადენამდეც იცნობდა. შესაბამისად, გამოკითხვისას მისთვის ცნობილი იყო დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: 2022 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებული გ. გ-ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მაისის განაჩენი, მოწმეების - ს. ქ-ს, ი. ნ-ს, გ. ფ-ს, ნ. კ-ს, კ. ხ-ს, ლ. ზ-ის, დ. თ-ს, ლ. ნ-სა და სხვათა ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.

3. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი მარიამ გიგაური ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა გ. გ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

7. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. გ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

9. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სასჯელის დამძიმების არგუმენტებს, რომ გ. გ-ი არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს: დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას და არა - ვალდებულებას, ხოლო უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის N952აპ-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 იანვრის N633აპ-20 განჩინება).

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

11. შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. გ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. გ-ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე გ. გ-ს დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მიესაჯოს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 12 აპრილიდან.

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

· ნ. ბ-ნ ამოღებული ერთი ცალი ჯინსის შარვალი და ერთი ცალი მაისური, ლ. ზ-ისაგან ამოღებული მოკლე შარვალი (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე), დ. ჯ-ნ ამოღებული შარვალი და მაისური (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში) დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

· ორი ცალი ქამარი, მაისური, წყვილი ფეხსაცმელი, წყვილი წინდა, ტრუსი, შარვალი (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) და ერთი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში) დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორ ცალ სტერილურ ჩხირზე მოწითალო ფერის ორი ანაწმენდი, პლასტმასის ბოთლი სახურავთან ერთად, პლასტმასის ბოთლიდან გადმოსხმული სითხე, ერთი ცხვირსახოცი, ს. ქ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი გასაშლელი დანა (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე), პლასტმასის ბოთლი სახურავთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქების სამი ანაწმენდი, ს. ქ-ს ხელის კვალისა და ნერწყვის ნიმუშები, გ. გ-ს ნერწყვისა და სისხლის ნიმუშები (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ს. ქ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, მოწმე ნ. ბ-ნ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, მოწმე გ. ბ-ნ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ლაზერულ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 2 (ორი) აუდიოჩანაწერი, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, მოწმე დ. თ-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, მოწმე ლ. ნ-ნ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი