განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141224010165823
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №152I-24 27 ნოემბერი, 2024 წელი
გ-ი დ. 152I-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:
1.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
1.2. დ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით:
2.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
2.2. დ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით (დაზარალებულების - ნ. შ-სა და ლ. დ-ის ეპიზოდი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით (დაზარალებულ - ა. ჯ-ს ეპიზოდი), 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი.
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (დაზარალებულების - ნ. შ-სა და ლ. დ-ს ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ-ს შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. დ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 12 ნოემბრიდან.
3. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №17 დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ დ. გ-ს პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
4.1. მსჯავრდებულ დ. გ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითად ჩათვლილი სასჯელი და საგამოცდო ვადა. მას განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
4.2. მსჯავრდებულ დ. გ-ს მიმართ არ გავრცელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების - ნ. შ-სა და ლ. დ-ს ეპიზოდი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ - ა. ჯ-ის ეპიზოდი), 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებული კომპანიის - შპს ,,მ-ს“ წარმომადგენლის - ნ. თ-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ დ. გ-ზე ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების თაობაზე.
4. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. გ-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
6. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით დ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.
7. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.
8. ამდენად, მართალია, დ. გ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული დ. გ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ-ის მიმართ საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელზე (10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით) ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდეს.
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი