ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 07.10.2024
საქმის ნომერი
2კ-1048აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1048აპ-24 თბილისი

ბ-ი ა., 1048აპ-24 7 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის, მსჯავრდებულ ა. ბ-ისა და მისი ადვოკატის – ა. ბ-ის, ასევე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

· ა. ბ-ს ბრალად დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და უკანონო გასაღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები – სამი ეპიზოდი);

· ჯ. ხ-ეს ბრალად დაედო დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2023 წლის 26 ივნისს, საღამოს, თ-ში, „თ ---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.00231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 70 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ვ. ჩ-ზე;

o 2023 წლის 27 ივნისს, დღის საათებში, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.00665 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 250 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ვ. ჩ-ზე;

o 2023 წლის 28 ივნისს, დღის საათებში, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, ა. ბ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.00366 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ვ. ჩ-ზე;

o 2023 წლის 26 ივნისს, საღამოს საათებში, „თ ---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.00231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 70 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ვ. ჩ-ზე. აღნიშნული ცნობილი იყო ჯ. ხ-ისათვის, რომელიც ესწრებოდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების პროცესს, რის თაობაზეც მან არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებთან.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენით:

3.1. ა. ბ-ის მიმართ:

§ ა. ბ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით სამი – 2023 წლის 26, 27 და 28 ივნისის ეპიზოდებისათვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

§ ა. ბ-ი, დაბადებული --- (პირადი №---), ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2023 წლის 26 ივნისის ეპიზოდისათვის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2023 წლის 27 ივნისის ეპიზოდისათვის – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2023 წლის 28 ივნისის ეპიზოდისათვის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენით ა. ბ-ისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 7000 ლარი მთლიანად დაემატა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა – 7000 ლარი;

§ მსჯავრდებულ ა. ბ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 13 ივლისიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3.2. ჯ. ხ-ის მიმართ:

§ ჯ. ხ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

§ ჯ. ხ-ე, დაბადებული --- (პირადი №---), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 14 ივლისიდან.

4. განაჩენის მიხედვით, პირველის ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ბ-მა ვ. ჩ-ს გადასცა ნარკოტიკული საშუალებები ბრალდების მხარის მიერ მითითებულ სამივე შემთხვევისას, თუმცა იგი არ იყო გამსაღებელი, არამედ, ეხმარებოდა კონკრეტულ პირს ნარკოტიკების შეძენაში და მისი მხრიდან რაიმე სახის ფინანსური გამორჩენა ან ანგარების მოტივი არ დასტურდებოდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2023 წლის 26 ივნისს, ა. ბ-ის მიერ ვ. ჩ-ისთვის ნარკოტიკული საშუალების შეძენისათვის დახმარების ფაქტს ესწრებოდა ჯ. ხ-ე, რომელმაც იცოდა ა. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, თუმცა არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებთან.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ø მსჯავრდებულმა ა. ბ-მა და მისმა ადვოკატმა – მ. ნ-მა, რომლებმაც მოითხოვეს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ა. ბ-ისათვის საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;

Ø მსჯავრდებულმა ჯ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება;

Ø მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი დოლაკიძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ა. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (3 ეპიზოდი), ხოლო ჯ. ხ-ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელების განსაზღვრა; ასევე, ჯ. ხ-ისათვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის სასჯელთან მიმართებით შეიცვალა, კერძოდ:

6.1. ა. ბ-ის მიმართ:

§ ა. ბ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით სამი – 2023 წლის 26, 27 და 28 ივნისის ეპიზოდებისათვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

§ ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2023 წლის 26 ივნისის ეპიზოდისათვის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2023 წლის 27 ივნისის ეპიზოდისათვის – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2023 წლის 28 ივნისის ეპიზოდისათვის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენით ა. ბ-ისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 7000 ლარი მთლიანად დაემატა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა – 7000 ლარი;

§ მსჯავრდებულ ა. ბ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 13 ივლისიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

6.2. ჯ. ხ-ის მიმართ:

§ ჯ. ხ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

§ ჯ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ხ-ისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 6000 ლარი მთლიანად დაემატა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ხ-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა – 6000 ლარი;

§ მსჯავრდებულ ჯ. ხ-ეს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 14 ივლისიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

Ø მსჯავრდებულმა ა. ბ-მა და მისმა ადვოკატმა – ა. ბ-მა, რომლებიც ითხოვენ: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ა. ბ-ისათვის საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას;

Ø მსჯავრდებულმა ჯ. ხ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას;

Ø მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი დოლაკიძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ა. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (3 ეპიზოდი), ხოლო ჯ. ხ-ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის, მსჯავრდებულ ა. ბ-ისა და მისი ადვოკატის – ა. ბ-ის, ასევე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრები დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2024 წლის 7 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორთა მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით, სასამართლო სხდომებზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ექსპერტიზების დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ბ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი – 2023 წლის 26, 27 და 28 ივნისის ეპიზოდები), ხოლო ჯ. ხ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებსა და დასკვნებს, მათ შორის, კვალიფიკაციასთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას ა. ბ-ისა და ჯ. ხ-ისათვის შეფარდებულ სასჯელებთან მიმართებით. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ა. ბ-სა და ჯ. ხ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები.

4. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის, მსჯავრდებულ ა. ბ-ისა და მისი ადვოკატის – ა. ბ-ის, ასევე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

5. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების – ა. ბ-ისა და ჯ. ხ-ის მიმართ – უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ა. ბ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით სამივე ეპიზოდისათვის შეფარდებული სასჯელების მოხდისაგან, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ა. ბ-ს უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა). ამავე დროს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ჯ. ხ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის, მსჯავრდებულ ა. ბ-ისა და მისი ადვოკატის – ა. ბ-ის, ასევე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის, მსჯავრდებულ ა. ბ-ისა და მისი ადვოკატის – ა. ბ-ის, ასევე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი შეიცვალოს;

3. ა. ბ-ის მიმართ:

3.1. ა. ბ-ის ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებიდან (სამი – 2023 წლის 26, 27 და 28 ივნისის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.2. ა. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. ა. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. ა. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 28 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ბ-ს განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენით ა. ბ-ისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 7000 ლარი – დაემატოს მთლიანად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა – 7000 ლარი;

3.7. მსჯავრდებულ ა. ბ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 13 ივლისიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

3.8. მსჯავრდებულ ა. ბ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

3.9. მსჯავრდებული ა. ბ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით 2023 წლის 26 ივნისის ეპიზოდისათვის შეფარდებული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან;

3.10. მსჯავრდებული ა. ბ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით 2023 წლის 27 ივნისის ეპიზოდისათვის შეფარდებული სასჯელის – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან;

3.11. მსჯავრდებული ა. ბ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით 2023 წლის 28 ივნისის ეპიზოდისათვის შეფარდებული სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან;

3.12. მსჯავრდებულ ა. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);

3.13. მსჯავრდებულ ა. ბ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროის გათვალისწინებით (სასჯელს იხდის 2023 წლის 13 ივლისიდან), ამ განაჩენით შეფარდებულ ძირითად სასჯელზე განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივ დამატებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

3.14. მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 7000 ლარი დარჩეს უცვლელად;

4. ჯ. ხ-ის მიმართ:

4.1 ჯ. ხ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

4.2. ჯ. ხ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ხ-ისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 6000 ლარი დაემატოს მთლიანად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ხ-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა – 6000 ლარი;

4.4. მსჯავრდებულ ჯ. ხ-ეს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 14 ივლისიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

4.5. მსჯავრდებული ჯ. ხ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

4.6. მსჯავრდებული ჯ. ხ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

4.7. მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა – 6000 ლარი დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენის აღსრულებაზე – მსჯავრდებულების – ა. ბ-ისა და ჯ. ხ-ის მიერ დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი – დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს;

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

· 2023 წლის 26 ივნისს საქმეზე ამოღებული სამედიცინო შპრიცი მასში არსებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხით და პოლიეთილენის პარკის ნაჭერში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· 2023 წლის 27 ივნისს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბი და ფხვნილი, ასევე, აღნიშნული ობიექტის შესაფუთი მასალა (პოლიეთილენის ნაჭერი, სიგარეტის კოლოფი, სამედიცინო შპრიცი მასში არსებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხით) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბი და ფხვნილი, ფხვნილისა და აბის მცირე ნატეხების სახით და მათი შესაფუთი მასალა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· 7 ლაზერული დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

· ა. ბ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ა. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამედიცინო შპრიცი მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხით, მინის ფლაკონი ბამბის ტამპონებთან ერთად, 2 სამედიცინო შპრიცი, 10 მინის ამპულა მათში არსებული სითხით და ვენის კათეტერის მაგვარი საგნები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ა. ბ-ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· პოლიეთილენის პაკეტში --- მოთავსებული სამედიცინო შპრიცი მასში მოთავსებული მოთეთრო ნალექიანი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხით განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· პოლიეთილენის 2 პაკეტში – --- და --- – მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები ნატეხებთან ერთად განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე