დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.10.2024
საქმის ნომერი
2კ-40-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802224010109831

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№40I-24 11 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ.(ქ–ქ) ი–ა, N40I-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი–ა (Y-Y) ქ–ს(ქ–იი) (K-K) ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ. ა–ს, დ. ს–სა და ფ. ს–ს საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი–ა (Y-Y) ქ–ს(ქ–ი) (K-K) მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2013 წლის 25 აპრილის განაჩენის მიხედვით: 2005 წლის იანვრის პერიოდში, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ი–ა ქ–ი(ქ–ი) უკანონოდ ინახავდა და ატარებდა კალაშნიკოვის მარკის ცეცხლსასროლ იარაღს და 29 ერთეულ საბრძოლო მასალას მჭიდთან ერთად.

1.2. 2022 წლის 21 ნოემბრის საბრალდებო დასკვნის თანახმად: 2022 წლის 20 აგვისტოს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, ი–ა ქ–მა(ქ–ი) და ბ. ქ–მა ცეცხლსასროლი იარაღებიდან 4 გასროლით დაჭრეს ბ.შ–ი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

1.3. 2023 წლის 23 იანვრის საბრალდებო დასკვნის თანახმად: წარსულში არსებული მტრობის გამო, შურისძიების მიზნით, ი–ა ქ–მა (ქ–ი) წააქეზა ო. ა–ი რათა ამ უკანასკნელს მოეკლა ე. ჰ–ი. აღნიშნულის შედეგად, 2022 წლის 27 სექტემბერს ო. ა–მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ე. ჰ–ს, რომელიც მიუხედავად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარებისა, გარდაიცვალა 2022 წლის 30 სექტემბერს.

1.4. 2013 წლის 25 აპრილს ყარსის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-2 სასამართლოს №2005/106-2013/156 განაჩენით, ი–აა ქ–ი(ქ–ი) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის 13/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (კანონსაწინააღმდეგო, გაუფორმებელი, საშიში სახეობის იარაღის ფლობა და ტარება) ჩადენაში. იმავე განაჩენით, ი–ა ქ–ს(ქ–ი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

1.5. 2015 წლის 19 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს მე-8 სასჯელაღსრულების პალატის №2014/36459-2015/1176 გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული და მიიღო საბოლოო სახე.

1.6. 2005 წლის 8 მარტიდან 2005 წლის 15 ნოემბრამდე და 2015 წლის 6 აპრილიდან 2015 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში ი–ა ქ–ი(ქ–ი) მოთავსებული იყო შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და იხდიდა ზემოაღნიშნული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს. 2015 წლის 19 დეკემბერს იგი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან, თუმცა პირობითი მსჯავრის ქვეშ ახალი დანაშაულის ჩადენის გამო, თურქეთის რესპუბლიკის ყარსის აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის #2023/935-2023/978 გადაწყვეტილებით, ი–ა ქ–ს(ქ–ი) მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და მის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში უკვე გატარებული ვადის გათვალისწინებით, მან ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 189 დღე თავისუფლების აღკვეთის სახით. მითითებულმა გადაწყვეტილებამ საბოლოო სახე მიიღო 2023 წლის 8 ივნისს.

1.7. 2023 წლის 13 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ყარსის მთავარი საჯარო პროკურატურის მიერ გამოცემულია ი–ა ქ–ს(ქ–ი) №2023/2967 დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით.

1.8. 2022 წლის 21 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ყარსის საჯარო მთავარი პროკურატურის საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, ი–ა ქ–ს(ქ–ი) ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე, 38-ე, 53-ე, 54-ე და 58-ე მუხლებთან ერთობლიობაში 82/1.a. მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობის მცდელობა) ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 13-დან 20 წლამდე ვადით. 2023 წლის 11 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ყარსის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-2 სასამართლოს მიერ გამოცემულია ი–ა ქ–ს(ქ–ი) #2022/285-2022/4400 დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

1.9. 2023 წლის 23 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლი ანატოლიის საჯარო მთავარი პროკურატურის საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, ი–ა ქ–ს(ქ–ი) ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 38/1 და 53/1,2,3 მუხლებთან ერთობლიობაში 82/1-.a,j მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (წაქეზებით განზრახ მკვლელობის მცდელობა შურისძიება (სისხლის აღების მოტივით)) ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია უვადო თავისუფლების აღკვეთა.

1.10. 2023 წლის 11 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლი ანატოლიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-2 სასამართლოს მიერ გამოცემულია ი–აა ქ–ს(ქ–ი) №2023/79-2022/192068 დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

1.11. 2023 წლის 29 ნოემბრიდან ი–აა ქ–ი(ქ–ი) იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ი–აა ქ–იის(ქ–იი) მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2023 წლის 16 ოქტომბერს და 2024 წლის 7 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ი–ა ქ–ის(ქ–ი) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

2.2. 2024 წლის 1 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი–აა ქ–ი(ქ–ი).

2.3. 2024 წლის 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ი–ა ქ–ს(ქ–ი) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.4. 2024 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის წინაშე ი–აა ქ–მა(ქ–ი) უარი განაცხადა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე.

2.5. 2024 წლის 26 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ი–ა ქ–ის(ქ–ი) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2024 წლის 1 აგვისტომდე.

2.6. 2024 წლის 1 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ი–აა ქ–ის(ქ–ი) და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების თაობაზე.

2.7. 2024 წლის 1 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ი–ა ქ–ის(ქ–ი) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშრებით. მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილ იქნა 2024 წლის 4 და 20 ივნისს.

2.8. 2024 წლის 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ი–ა ქ–ს(ქ–ი) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2024 წლის 1 ნოემბრამდე. ამჟამად ი–აა ქ–ი(ქ–ი) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.9. 2024 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ი–აა ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ყარსის მთავარი საჯარო პროკურატურის ი–ა ქ–ს 2023 წლის 13 ივნისის №...... დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულისათვის დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზნით, ქ. ყარსის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-2 სასამართლოს ი–ა ქ–ის 2023 წლის 11 ოქტომბრის №........... დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნითა და თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლი ანატოლიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-2 სასამართლოს ი–აა ქ–იის 2023 წლის 11 ოქტომბრის №.......... დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

2.10. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველი ადვოკატები არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

2.12. 2024 წლის 4 ოქტომბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი–ა ქ–ის(ქ–ი) ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა ნ. ა–მ, დ. ს–მ და ფ. ს–მა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

2.13. 2024 წლის 5 ოქტომბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი–ა ქ–ის(ქ–ი) ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – დ. ს–მ და ფ. ს–მა დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

3. კასატორების პოზიცია:

3.1. კასატორების პოზიციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ი–ა ქ–ს(ქ–ი) მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის გარდაუვალ რისკებს. ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას. ბრალად წარდგენილი დანაშაულები სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებენ. ამასთან, ი–აა ქ–ი(ქ–ი) შესაძლოა გახდეს თურქეთში მოქმედი „სისხლის აღების“ წესის მსხვერპლი, ვინაიდან ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ნაწილი დაკავშირებულია დაზარალებულთან/გარდაცვლილთან დაკავშირებულ კონფლიქტთან, რის შესახებაც დაცვის მხარემ წარმოადგინა თ–ი ეროვნების პირთა განცხადებები. იგი სწორედ ამ ყველაფრის გამო გახდა იძულებული დაეტოვებინა წარმოშობის ქვეყანა. შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ი–ა ქ–ი(ქ–ი) არ უნდა იქნეს ექსტრადირებული თურქეთის რესპუბლიკაში. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ი–ა ქ–ს(ქ–ი) სურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობის მიღება და განცხადება რომელიც წარედგინა სასამართლოს არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ი–ა ქ–ს(ქ–ი) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბერის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ი–ა ქ–ი(ქ–ი) 2024 წლის 1 თებერვალს ს–ს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ი–ა ქ–ს(ქ–ი) მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ი–ა ქ–ს(ქ–ი) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას;

19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 20 წლით თავისუფლების აღკვეთას;

25,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის წაქეზება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთას;

ამდენად, ი–ა ქ–ს(ქ–ი) მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით მას სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.

7. მოცემულ საქმეში ი–ა ქ–ს(ქ–ი) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.

8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

9. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ი–ა ქ–ს(ქ–ი) ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 25,108-ე მუხლი და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ათი წელი - მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო თხუთმეტი წელი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ასევე, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

11. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა ი–ა ქ–ი(ქ–ი) სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იგი პირობით ვადამდე გათავსიფლდა, რის შემდეგაც მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის რეალური საპატიმრო სასჯელით შეცვლის გადაწყვეტილება მიღებულია 2023 წელს და იმავე წელს გამოცემულია მისი დაკავების ბრძანება, ხოლო 2023 წლის 29 ნოემბრიდან იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთან მიმართებით გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციას ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

12. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

13. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ი–ა ქ–ი(ქ–ი) შესაძლოა დაექვემდებაროს წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ იგი თურქეთის რესპუბლიკაში სასჯელის მოხდის პერიოდში დაექვემდებარა წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას. აღსანიშნავია, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, ი–ა ქ–ს(ქ–ი) მიმართ გამოყენებული იქნა შეღავათი. ამასთან, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ვერ მოიძია ინფორმაცია ი–ა ქ–ს(ქ–ი) მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში მისი უფლებების დარღვევის თაობაზე. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

15. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ი–ა ქ–ს(ქ–ი) უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

17. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

18. ი–აა ქ–ი(ქ–ი) არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. მას უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. მითითებული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული სამართლოს მიერ. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

19. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ი–ა ქ–ს(ქ–ი) მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია და დაცვის მხარის აპელირება ამ საკითხზე მოიცავს მხოლოდ ზოგად განმარტებებს თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის და ტრადიციების შესახებ.

21. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ი–ა ქ–ს(ქ–ი) საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ იგი მონაწილეობდა საქმის განხილვაში და უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. ამასთან, დაცვის მხარემ ისარგებლა განაჩენის ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით.

22. აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ი–ა ქ–ს(ქ–ი) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ი–ა ქ–ს(ქ–ი) ექსტრადიცია აშკარად არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტს, ვინაიდან იგი შესაძლოა მოკლან თურქეთში არსებული „სისხლის აღების“ ტრადიციის გამო და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც კი, გასათვალისწინებელ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სახელმწიფოს შესაძლებლობა უზრუნველყოს მსჯავრდებულის უსაფრთხოება, თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებაში ან მის გარეთ.

24. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989

25. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

26. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი–ა ქ–ი(ქ–ი) მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში და გამოყენებული შეღავათის მიუხედავად, მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ ი–ა ქ–ს(ქ–ი) კავშირები საქართველოში, ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ი–ა ქ–ს(ქ–ი) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.

27. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საექსტრადიციო წარმოება ჩატარდა პროცესუალური დარღვევებით და პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ოქმი არ ასახავდა მსჯავრდებულის ნებას.

28. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი მასალა და მიაჩნია, რომ საექსტრადიციო წარმოება ჩატარდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური ნორმების დაცვით. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი წარმოდგენილი იყო სამი კვალიფიციური ადვოკატით, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი ჩართული იყო სამართალწარმოების დაწყებისთანავე. დაცვის მხარეს გონივრულ ვადაში, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, 10 დღით ადრე ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის ი–ა ქ–ს (ქ–ი) ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე შუამდგომლობის მიმართვის შესახებ და იმავე დღეს ადვოკატ – ნ. ა–ს გაეგზავნა საექსტრადიციო წარმოების ელექტრონული წარმოება სრულად. აღნიშნული მასალების და შეტყობინების მიღება ადვოკატის მიერ დადასტურებულ იქნა იმავე დღეს. ამასთან, ვინაიდან 2024 წლის 20 სექტემბერს საქმეში ჩაერთვნენ ახალი ადვოკატები, ზემოაღნიშნული ინფორმაცია და მასალები გაეცვალა მათაც სრული მოცულობით, რომელთა მიღებაც დაადასტურა ადვოკატმა – დ. ს–მ (იხ. საექსტრადიციო წარმოება გვ. 362-368). შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა გონივრული ვადა პოზიციების შესათანხმებლად და მასალების გასაცნობად.

29. რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მონაწილეობით შედგენილ ოქმს, რაც დაცვის მხარემ საეჭვოდ მიიჩნია და გარდა პოზიციების შეთანხმებისა, ამ საფუძვლით მოითხოვა პროცესის გადადება, ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ: განცხადება, რომლითაც ი–ა ქ–ი(ქ–ი) ითხოვდა პროცესი ჩატარებულიყო მისი მონაწილეობის გარეშე და რომ მის ინტერესებს დაიცავდნენ მისი ადვოკატები შედგენილია პენიტენციური დაწესებულების კომპეტენტური თანამშრომლისა და თურქულენოვანი თარჯიმნის მონაწილეობით, რაც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდით და რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ამომწურავი პასუხი გასცა დაცვის მხარეს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. ამასთან, აღნიშნულის საწინააღმდეგო დამადასტურებელი ინფორმაცია არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი–ა ქ–ს(ქ–ი) ინტერესების დამცველი, ადვოკატების ნ. ა–ს, დ. ს–სა და ფ. ს–ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი–აა (Y-Y) ქ–ს(ქ–ი) (K-K) ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ. ა–ს, დ. ს–სა და ფ. ს–ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე