განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 28.11.2024
საქმის ნომერი
2კ-663აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№663აპ-24 თბილისი

ც.ი ვ., 663აპ-24 28 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის – იოსებ ხუციშვილისა – და მსჯავრდებულ ვ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ც-ს ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობა, გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი); ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით (სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· ვ. ც-ი წარსულშიც იმყოფებოდა თ-ი, გ. ა----ში მდებარე შპს „თ--ის“ მასაჟის სალონ „ტ-ში“ და მისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობდნენ ტრანსგენდერი ქალები. 2021 წლის 31 ოქტომბერს ვ. ც-ი მივიდა ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე შპს „თ--–ის“ მასაჟის სალონ „ტ---ში“, რადგან განზრახული ჰქონდა, რომ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოეკლა დასაქმებული ტრანსგენდერი ქალები. 2021 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით, 20:30 საათზე, მან დააკაკუნა აღნიშნული დაწესებულების კარზე, ტრანსგენდერმა ქალმა – ჯ. ს-მა – გააღო კარი, რა დროსაც ვ. ც-მა თანნაქონი ცივი იარაღით – დანით – მოკვლის მიზნით, მიაყენა მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას. ჯ. ს--ი დაგორდა კართან არსებულ კიბეზე და დაეცა იატაკზე, ხოლო ვ. ც-ი სწრაფი ნაბიჯით დაედევნა მას და დაცემულ ჯ. ს-ს იმავე დანით კვლავ აყენებდა დაზიანებებს. ჯ. ს-ის დასახმარებლად მასთან ახლოს მივიდა პ. ჯ-. ვ. ც-მა, მოკვლის მიზნით, მასაც დაარტყა იგივე დანა სახისა და ყელის არეში და მიაყენა ჭრილობა. ჯ. ს-ისა და პ. ჯ-ს დასახმარებლად მივიდნენ აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი სხვა პირები, რომელთაც ვ. ც-ს გაუწიეს წინააღმდეგობა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ჯ. ს-ი გარდაიცვალა, ხოლო ვ. ც-მა ვერ დაძლია ზემოხსენებულ პირთა წინააღმდეგობა და ვერ შეძლო პ. ჯ-ს, ისევე, როგორც მასაჟის სალონ „ტ----ში“ დასაქმებული სხვა პირების, მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანა და დატოვა შემთხვევის ადგილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განაჩენით ვ. ც-ის - მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; ვ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით, ხოლო 108-ე მუხლით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. ც-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვ. ც-მა დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა მოიხადოს ---- არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ვ. ც-მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი); ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· ვ. ც-ი წარსულშიც იმყოფებოდა თ--–ი, გ. ა-ში მდებარე შპს „თ-ის“ მასაჟის სალონ „ტ-p--ში“ და მისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობდნენ ტრანსგენდერი ქალები. 2021 წლის 31 ოქტომბერს ვ. ც-ი მივიდა ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე შპს „თ--–ის“ მასაჟის სალონ „ტ--ში“ და კარის გაღებისას განიზრახა, რომ მოეკლა ჯ. ს-ი. 2021 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით, 20:30 საათზე, მან დააკაკუნა აღნიშნული დაწესებულების კარზე, ტრანსგენდერმა ქალმა – ჯ. ს-მა – გააღო კარი, რა დროსაც ვ. ც-მა თანნაქონი ცივი იარაღით – დანით – მოკვლის მიზნით მიაყენა მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას. ჯ. ს-ი დაგორდა კართან არსებულ კიბეზე და დაეცა იატაკზე, ხოლო ვ. ც-ი სწრაფი ნაბიჯით დაედევნა მას და დაცემულ ჯ. ს-ს იმავე დანით კვლავ აყენებდა დაზიანებებს. ჯ. ს-ის დასახმარებლად მასთან ახლოს მივიდა პ. ჯ-, რომელიც ცდილობდა ვ. ც-ის შეჩერებას, რა დროსაც, ვ. ც-მა, მოკვლის მიზნით, მასაც დაარტყა იგივე დანა სახისა და ყელის არეში, რის შედეგადაც პ. ჯ-მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხოლო ჯ. ს-ი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ჯ. ს-ისა და პ. ჯ-ს დასახმარებლად მივიდნენ აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი სხვა პირები, რომელთაც ვ. ც-ს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის გამოც მან დატოვა შემთხვევის ადგილი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. ც-ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

5. მსჯავრდებულ ვ. ც-ის ადვოკატებმა – კ. ხ-მა და ი. ს-მა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, საქართველოს სსკ-ის 31-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და სსსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ან მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე – საქმის წარმოების შეჩერება, საქმისწარმოების განახლების შემდეგ – ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების გამოკვლევა ბრალდებულის მონაწილეობით, ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ე. გაბრიჩიძის გადაწყვეტილების გაუქმება საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვისათვის გადაცემის გაუქმებისა და მისი საერთო წესით წარმოების თაობაზე და საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ან საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. კასატორი – პროკურორი იოსებ ხუციშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ. ც-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 108-ე მუხლით.

8. კასატორი – ადვოკატი კ. ხ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ვ. ც-ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს დაცვის მხარის მიერ დანიშნული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაუშვებლად მიჩნევის შესახებ და დაცვისათვის ამ ექსპერტიზის საწარმოებლად კანონიერი საშუალების მიცემას; თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დამატებით მტკიცებულებაზე, შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების შესანახ მოწყობილობაზე, დაცვის მხარის მიერ საინფორმაციო-ანალიტიკური ექსპერტიზის წარმოებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გაუქმებას და დაცვის მხარისათვის დასახელებული ექსპერტიზის წარმოების შესაძლებლობის მიცემას; საქართველოს სსკ-ის 31-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და სსსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ან მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე – საქმის წარმოების შეჩერებას; საქმისწარმოების განახლების შემდეგ – ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების გამოკვლევას ბრალდებულის მონაწილეობით; ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ე. გაბრიჩიძის გადაწყვეტილების გაუქმებას საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვისათვის გადაცემის გაუქმებისა და მისი საერთო წესით წარმოების თაობაზე და საქმის განხილვას ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ან საქმის დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: დაზარალებულ პ. ჯ-ს, მოწმეების: ი. ნ-ის, ჩ. მ-ის, ჩ. ნ-სა და სხვათა ჩვენებები (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია), ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ექსპერტიზების დასკვნები (რომელთა სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა), შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საცხოვრებელი ფართის (ოთახის) ჩხრეკის ოქმები, ვ. ც-ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ვ. ც-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ვ. ც-მა ს. ჯ-ს ჭრილობები მიაყენა მოკვლის განზრახვით, რასაც ადასტურებს როგორც ჭრილობების რაოდენობა და ლოკალიზაცია, ისე – ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებები.

4. რაც შეეხება მსჯავრდებულის განზრახვას პ-ი ჯ-სთან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს, რომ თავად დაზარალებულისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ პ-ი ჯ. ვ. ც-ისათვის ცოცხის ზურგში ჩარტყმით ცდილობდა ს. ჯ-ის დაცვას, ხოლო მოხრილ მდგომარეობაში მყოფმა თავდამსხმელმა, თავიდან მოშორების მიზნით, რამდენჯერმე მოუქნია დანიანი ხელი, რომელიც კისრის არეში მოხვდა პ-ი ჯ--ს. ამდენად, მსჯავრდებულის ქმედება მიმართული იყო ჯ. ს-ის სიცოცხლის მოსპობისაკენ და პ-ი ჯ-ს მხოლოდ მას შემდეგ მოუქნია დანა, როდესაც ის შეეცადა, მისთვის ზურგში ცოცხის არაერთხელ დარტყმით დახმარებოდა ჯ. ს-ს. ვ. ც-ს არც მანამდე და არც მის შემდეგ არ უცდია დაზარალებულისათვის რაიმე დაზიანების მიყენება, მისთვის დანის მოქნევის შემდეგაც არ შეუწყვეტია აწ გარდაცვლილზე თავდასხმა. მსჯავრდებულს პ.ი ჯ-ს მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, თავდასხმის მომენტში არ არსებობდა ხელისშემშლელი გარემოებები, დანის კიდევ დარტყმით სისრულეში მოეყვანა იგი. იმის გამო, რომ ვ. ც-ის განზრახვა არ მოიცავდა პ. ჯ-ს (ან მასაჟის სალონში მყოფი რომელიმე სხვა პირის) მოკვლას, მხოლოდ ჭრილობათა ლოკალიზაცია ვერ გახდება მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირების საფუძველი. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლის საფუძველზე მსჯავრდებულის ქმედებები შეფასდებოდა, როგორც გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი. ასევე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კანონიერად, საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, არ გამოიყენეს მტკიცებულებად ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, რაც სათანადოდ დაასაბუთეს კიდეც და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოთხოვნას ვ. ც-ის სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან საქმის არსებითად განხილვის დროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 27 დეკემბრის №-- დასკვნით (რომლის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა) ცალსახად გამოიკვეთა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდიდა შემდგომ სასამართლო სხდომებში მის მონაწილეობას, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ვ. ც-ს მისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში“. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განსახილველად გადასცა მოსამართლეს, რაც, საკასაციო პალატის შეფასებით, სრულიად კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემომითითებული ექსპერტიზა ჩატარებულია კანონით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით, ემყარება არა მხოლოდ ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებს, არამედ – მასთან უშუალო გასაუბრებისას მიღებულ ინფორმაციასაც. შესაბამისად, მისი საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

6. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი და, ამდენად, დაცვის მხარეს თავადვე ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თუკი მიიჩნევდა, რომ მითითებული ნორმა ეწინააღმდეგებოდა ბრალდებულის ეფექტიანი ჩართულობისა და მონაწილეობის უფლებას სისხლის სამართლის პროცესში, რომლის რისკი, საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.

7. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნებს: ვ. ც-ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს დაცვის მხარის მიერ დანიშნული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაუშვებლად მიჩნევის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და დაცვისათვის ამ ექსპერტიზის საწარმოებლად კანონიერი საშუალების მიცემის თაობაზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დამატებით მტკიცებულებაზე, შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების შესანახ მოწყობილობაზე, დაცვის მხარის მიერ საინფორმაციო-ანალიტიკური ექსპერტიზის წარმოებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გაუქმებისა და დაცვის მხარისათვის დასახელებული ექსპერტიზის წარმოების შესაძლებლობის მიცემის თაობაზე – საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის ეტაპზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხები გასცეს მხარეს, ხოლო საკასაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, არ ხდება მტკიცებულებათა მოპოვება, წარდგენა და გამოკვლევა.

8. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ. ც-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა, ხოლო დანიშნული სასჯელები – საქმის გარემოებებსა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებზე დაყრდნობით, პროპორციული და სამართლიანი.

9. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც მხარეს წარმოუდგენია განსახილველ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის (სსკ-ის 120-ე მუხლთან მიმართებით) თანხმობა ვ. ც-ზე ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისთვის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებულ საბოლოო სასჯელზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის – იოსებ ხუციშვილის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ვ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

4. ვ. ც-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;

5. ვ. ც-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. ც-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულმა ვ. ც-მა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი – 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა – მოიხადოს -- არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა განაგრძოს საერთო წესით;

7. მსჯავრდებულ ვ. ც-ს სასჯელი აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 1 ნოემბრიდან;

8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ. ც-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

9. ნივთიერი მტკიცებულებები:

სუნის კვალის ნიმუშები; ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე; ნერწყვის ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოყვითალო ფერის ორი „ჩუსტი“ მოწითალო ფერის ლაქებით, თმის ფრაგმენტი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელსახოცები, ცოცხი, წინდები, პირბადე, ორი ტილო და ხელსახოცის ფრაგმენტები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ბიუსტჰალტერი; ვ. ც-ის საცხოვრებელი ფართის ჩხრეკისას ამოღებული ორი დანა; ვ. ც-ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუშები, სუნის ნიმუში; ს. ჯ-ის გვამიდან აღებული თმის, ანაწმენდი, ფრჩხილის, სისხლისა და ნაცხის ნიმუშები – განადგურდეს კანონით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი საყურე, ერთი მობილური ტელეფონი, ერთი ცალი თმის სამაგრი, ერთი საათი; თ-ი, ა------ში მდებარე შპს „თ---–ის“ შენობიდან ამოღებული ერთი ვიდეოჩამწერი მოწყობილობა (ე.წ. „დივიარი“); ჯ. პ-ისაგან ამოღებული ტანსაცმელი; ვ. ც-ის საცხოვრებელი ფართის ჩხრეკისას ამოღებული ერთი მუქი ფერის, სპორტული, კაპიუშონიანი ზედა და ერთი ცალი სტუდენტური პლასტიკური ბარათი, ღია ფერის მაისური; ვ. ც-ისგან ამოღებული მოთეთრო ფერის მაისური, მოშავო ფერის სპორტული შარვალი და ფეხსაცმელი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი; ს. ჯ-ის პირადი ნივთები: ლინზები და ორი თმის სამაგრი; ს. ჯ-ის ტანსაცმელი – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მათ ნდობით აღჭურვილ პირს/პირებს;

კომპიუტერული (ლაზერული) დისკები; მეხსიერების ბარათები; ხელის კვლები და ხელის კვლების ნიმუშები დაქტილოფირებზე; ლევან სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გადმოგზავნილი, დაქტილობარათზე გადატანილი ხელის კვლების ფოტოსურათები – შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე