საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100124008673152
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1231აპ-24 ქ. თბილისი
ბ. ნ. 1231აპ-24 11 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ–სა და ა. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ნ. ბ–ს, – პ/ნ .......... – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;
1.2. ბ. ბ–ს, – პ/ნ ............ – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ნ. ბ–სა და ბ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ. მ–ში, კ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე, ნ. ბ–ი ფიზიკურად გაუსწორდა ჭ. ხ–ს, თუმცა არ გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგი სიკვდილი, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა;
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–ს რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის N........... საქმეზე, ჭ. ხ–ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ. მ–ში, კ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე, ნ. ბ–ი ფიზიკურად გაუსწორდა ჭ. ხ–ს, თუმცა არ გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგი სიკვდილი, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2023 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–ს რაიონულ სამმართველოში მოწმის სახით გამოიკითხა ბ. ბ–ი, რომელმაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, მეგობრისათვის - ნ. ბ–სათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მოტივით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ შეესწრო ნ. ბ–ს მიერ ჭ. ხ–ს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნ. ბ–ს მხრიდან ჭ. ხ–ს მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და იგი თავისით წაიქცა.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენით:
3.1. ზემდგომი პროკურორის თანხმობით დამტკიცდა, 2024 წლის 17 ივნისს პროკურორსა და ბრალდებულ ბ. ბ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
3.2. ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი;
3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა ბ. ბ–ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი 11 თვე და 27 დღე თავისუფლების აღკვეთა;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 5 წელი;
3.7. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი;
3.8. მსჯავრდებულ ბ. ბ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 07 ოქტომბრიდან;
3.9. ნ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.10. მსჯავრდებულ ნ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 2 ოქტომბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ–მ და ა. გ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და ნ. ბ–ს მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება;
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ტ. კ–მ და ა. გ–მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას სასჯელის ნაწილში და ნ. ბ–სათვის დანიშნულზე უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდებას;
6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ტ. კ–მ და ა. გ–მა, მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვენ ნ. ბ–სათვის მსუბუქი სასჯელის დანიშვნას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ნ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ბ–სისათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:
13. საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
14. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ნ. ბ–ს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომ არ არის ნასამართლევი, ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული და ნ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ნ. ბ–მა ბრალი აღიარა და მტკიცებულებათა ნაწილი უდავოდ სცნო არსებით სასამართლო სხდომაზე, მხოლოდ 22 მოწმის დაკითხვის და სასამართლოს მიერ მსჯავრდებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მამხილებელი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, რაც ვერ ჩაითვლება ვერც გამოძიებასთან თანამშრომლობად და ვერც სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ისეთ ხელშეწყობად, რაც ქმნის განსასჯელის მიმართ მინიმალური ხანგრძლივობის სასჯელის გამოყენების საფუძველს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. შესაბამისად, დანაშაულის მიზეზის და ჩადენის ვითარების, მოწმეთა ჩვენებების, მათ შორის ასევე დაზარალებული უფლებამონაცვლის პოზიციის, დანაშაულში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულის ქცევის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს არც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობა : ბრალდებულის მიერ (მსჯავრდებული) დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან(მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ, მსჯავრდებულმა ნ. ბ–სმა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა აღიარა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა ნაწილის გამოკვლევის შემდეგ (გამოძიების ეტაპზე, 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოკითხვისას უარყო ჭ. ხ–სთან ფიზიკური დაპირისპირება, ნ. ბ–ი არ აღიარებდა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას არც წინასასამართლო სხდომის ეტაპზე (იხ.: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის სხდომის ოქმი), საქმეზე არსებითი განხილვის დაწყებისას (იხ.: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი). აღნიშნული კი ვერ შეფასდება გამოძიებასთან თანამშრომლობად, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო ერთ-ერთ წინაპირობას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
15.1. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნ. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სსიპ 112-ის N.......... შეტყობინებით დგინდება, რომ 112-ში დარეკა არა ნ. ბ–მა, არამედ ბ. ბ–სმა (რომელიც მოცემული საქმის ფარგლებში მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის).
16. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნ. ბ–ს მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, ვინაიდან დაზარალებულმა გ. გ–ი–ხ–მა უარი განაცხადა ნ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, ასევე მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, იმ პირის მიმართ რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ამნისტიის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად ადგენს დაზარალებულის თანხმობას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნ. ბ–ს დანიშნული სასჯელი შეუმციროს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ტ. კ–სა და ა. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე