განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 13.03.2025
საქმის ნომერი
2კ-1138აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1138აპ-24 თბილისი

კ-ე ვ., 1138აპ-24 13 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ის ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. კ-ეს ბრალად დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები – ორი ეპიზოდი);

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2022 წლის 15 ნოემბერს, რ-ი, ჟ--ას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. კ-ემ გ-ი ჯ-ზე 100 ლარად უკანონოდ გაასაღა, უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.00761 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“, რომელიც იმავე დღეს გ--ი ჯ-----სგან ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o 2022 წლის 16 ნოემბერს, რ---–ი, ჟ-----ას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. კ-ემ გ. ჯ-ზე 100 ლარად უკანონოდ გაასაღა, უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.0168 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“, რომელიც იმავე დღეს გ. ჯ-სგან ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:

· ვ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებისათვის;

· ვ. კ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. კ-ეს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 20 დეკემბრიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ø მსჯავრდებულ ვ. კ-ის ადვოკატმა – გ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ვ. კ-ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით –ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის; ვ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებისათვის და მინიმალური სასჯელის განსაზღვრა;

Ø საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა – ნუგზარ ჭიტაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ვ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონით დადგენილი წესით სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. კ-ის ადვოკატმა – გ. მ-ემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ვ. კ-ის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის; ვ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებისათვის და მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. კ-ის ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2025 წლის 13 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) ვ. კ-ის გამართლებასთან დაკავშირებით, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ვ. კ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით 2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდისათვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის, რაზეც დეტალურ მსჯელობას საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან წარმოდგენილია მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატის საჩივარი ვ. კ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით 2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდისათვის მსჯავრდების შესახებ; ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, წარმოდგენილი საჩივრიდან გამომდინარე, პალატა იმსჯელებს ვ. კ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით 2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდისათვის მსჯავრდებასთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ობიექტური მხარეა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვით, ასევე სხვა ფორმით მიღებით, გაცვლით, ნაპოვრის მითვისებითა და სხვა ნებისმიერი გზით მოპოვებით. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფლის მიჩენა. ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მითითებული ქმედებების (შეძენა-შენახვა) უკანონოდ ჩადენა, რაც გამოიხატება ამ ქმედებათა ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩადენით. ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის ნებისმიერი გადაცემის ხერხს, როგორც საზღაურით, ასევე საზღაურის გარეშე, მაგალითად: გაყიდვა, გაჩუქება, სხვა ნივთში გაცვლა, გასესხება და სხვ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება განსხვავდება შეძენა, შენახვისა და ა.შ. საშიშროებისაგან, რადგან გასაღებისას საფრთხე ექმნება სხვა პირის (შემძენის) სამართლებრივ სიკეთეს. სამართლის მიზანია პირის დაცვა არა თვითსაფრთხისაგან, არამედ სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. უკანო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე, გადასცემს სხვას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა დამთავრებულია ქმედების დამთავრების მომენტიდან და სავალდებულო არაა რაიმე მძიმე შედეგის დადგომა. ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით, იგი პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულია.

4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებას, სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის – გ. ჯ-სა და ქ. ც-ის ჩვენებებით; საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, მათ შორის – თანხის გადაცემის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით (კრებსები), ამოღების ოქმით; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით (ნარკოტიკული საშუალება), ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით (უდავო მტკიცებულება) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2022 წლის 16 ნოემბერს, ვ. კ-ემ, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.0168 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“, 100 ლარის სანაცვლოდ გადასცა გ. ჯ-ს. ამასთან, მართალია, უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ასევე საზღაურის გარეშე, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, ნარკოტიკული საშუალების გასაღებად არ უნდა ჩაითვალოს ყველა მსგავსი შემთხვევა. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს პირადი მოხმარებისა და რეალიზაციის მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტები. ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების ფლობა და გასაღება. ცხადია, როდესაც რამდენიმე პირი ერთიანი განზრახვით მოქმედებს ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად, პირადი მოხმარების მიზნით, მოგვიანებით შეძენილ-შენახულ ნარკოტიკულ საშუალებას გაინაწილებენ, ერთი პირი მას აუცილებლად გადასცემს მეორეს, სხვაგვარად საერთო მიზანი, რის გამოც მოქმედებდნენ პირები, არ იარსებებს. მოცემულ საქმეში კი გ. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნარკოტიკული საშუალება მათ ერთად არ შეუძენიათ, მან გამომძიებლების მიერ გადაცემული თანხით ვ. კ-ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ სრულად გადასცა გამომძიებელს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან გ. ჯ-მ ვ. კ-ისგან ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ მიიღო თანხის – 100 ლარის – მისთვის ხელზე გადაცემის სანაცვლოდ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. კ-ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გასაღება საზღაურით (გაყიდვა). ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმის – გ. ჯ-ს – ჩვენების სანდოობასა და ამ ჩვენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორეში დაეჭვების საფუძველი, საქმის მასალების მიხედვით, არ არსებობს. მოწმე გ. ჯ-მ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ვ. კ-ის მიერ მისთვის ნარკოტიკული საშუალების შეთავაზების, აღნიშნული ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოსთვის მიწოდების, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში ვ. კ-ისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, კერძოდ: სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ თავად ვ. კ-ემ შესთავაზა თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკის შეძენა, რაც შეატყობინა პოლიციას და ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი; ვ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედების – ნარკოტიკების გასაღების გამოვლენის მიზნით, სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, ფარული აუდიო-ვიდეოჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი წავიდა ვ. კ-ესთან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით და 2022 წლის 16 ნოემბერს, ხელზე გადაცემული 100 ლარის სანაცვლოდ, ვ. კ-ისაგან შეიძინა ერთ საინიექციო შპრიცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“, რაც დაუყოვნებლივ გადასცა გამომძიებელს. გამომძიებელმა ნარკოტიკული საშუალება დალუქა კანონით დადგენილი წესით. მოწმე გ. ჯ-ს მიერ ჩვენებაში მითითებული, მტკიცების საგანთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, გარემოებები სრულად შეესაბამება მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – ქ. ც-ის ჩვენებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებსა და ნივთიერ მტკიცებულებებს, მათ შორის: ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს – გ. ჯ-სა და ვ. კ-ის შეხვედრისა და საუბრის ამსახველ ჩანაწერებს, რაც მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და რომლებშიც დეტალურადაა ასახული მოწმე გ. ჯ-ს მიერ მითითებული გარემოებები.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნას ვ. კ-ისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ვ. კ-ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ვ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ვ. კ-ისათვის სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

7. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და მიაჩნია, რომ არ არსებობს ვ. კ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გამართლებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიმალური სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

8. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ვ. კ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია, კერძოდ:

8.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა); ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

8.2. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ვ. კ-ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის პირველ ივლისამდე („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის შეფარდებული სასჯელისაგან; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის შეფარდებულ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ უნდა გავრცელდეს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ. კ-ის ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. კ-ის ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენი შეიცვალოს:

2.1. ვ. კ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებისათვის;

2.2. ვ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;

2.3. ვ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. მსჯავრდებულ ვ. კ-ეს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 20 დეკემბრიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

2.5. მსჯავრდებულ ვ. კ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

2.6. ნივთიერი მტკიცებულებები:

· ნარკოტიკული საშუალებები, შესაფუთი მასალა და ვ. კ-ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ერთ დისკზე ჩაწერილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა; ორ ლაზერულ დისკზე ჩაწერილი ხმის ნიმუში და ფოტოსურათები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე