შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100124008549838
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1344აპ-24 24 აპრილი, 2025 წელი
ე-ი ს., №1344აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ე–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ე–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ს. ე–მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის საფუძველზე, ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2023 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ. ნ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, სკამის ჩარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, გ. ე–ს, რის შედეგადაც გ. ე–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ს. ე–მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის საფუძველზე, ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2023 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ. ნ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის მშობლებს – მ. და გ. ე–ებს, კერძოდ, უთხრა, რომ აუცილებლად დახოცავდა მათ. აღნიშნულის გამო, მ.და გ. ე–ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შევიდნენ მათ საძინებელ ოთახში და ჩაკეტეს კარი, რათა ს. ე–ს, რომელიც მათთან შესვლას ცდილობდა და კვლავ აგრძელებდა მათი მოკვლის მუქარას, ოთახში არ შეეღწია. გამომდინარე იქიდან, რომ ს. ე–ი ძალის გამოყენებით ცდილობდა მათ ოთახში შესვლას თან უყვიროდა მშობლებს, რომ მათ მოკლავდა, მ. და გ. ე–ებმა დახმარებისათვის სამართალდამცავ ორგანოს მიმართეს, რათა ს. ე–ს მუქარა არ მოეყვანა სისრულეში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენით, ს. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს. ე–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. ე–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ა–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ს. ე–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ა–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ს. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ს. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ს. ე–ის მიმართ გამოცემულ იქნა დამცავი ორდერი, 4 თვით.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ე–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ა–მ. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიორგი ორჯონიკიძემ, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორთა პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. დაზარალებულებმა ისარგებლეს მათი უფლებით არ მიეცათ ჩვენება, ასევე არ აქვთ პრეტენზია. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს დაეყრდნო მხოლოდ ირიბ ჩვენებებს. ასევე სასჯელის დანიშვნის დროს არ გაიზიარა ს. ე–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ:
5.2. საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ს. ე–ისა და დაზარალებულების – გ. და მ–ების ნათესაური კავშირი, დაზარალებულები მსჯავრდებულის მშობლები არიან. ასევე – ს. ე–ის წარსულში ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლობის ფაქტი. 2017 წლის 8 ნოემბრის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენით ს. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.3. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ს. ე–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში სისხლის საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ამ ეპიზოდთან მიმართებით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5.5. პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.6. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულებმა – გ. ე–მა და მ. ე–მა გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – შვილის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმების გარდა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
5.8. 2023 წლის 12 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ. ნ–ში მდებარე მ. ე–ის საცხოვრებლი სახლი, რომლითაც დადასტურებულია, რომ სამზარეულოში იყო არეულობის კვალი, იატაკზე ეყარა მიწა, ასევე – დამტვრეული მაგიდა, დამტვრეული თეფში, სამარილე, საფერფლე, საჭმლიანი ვერცხლისფერი ქვაბი, მისივე თავსახურით და მოყვითალო ფერის ქვაბის თავსახური. სამზარეულოდან ხელმარცხნივ ორფრთიან კართან, რომელიც შედის მისაღებ ოთახში, იატაკზე ეგდო სკამი, სკამზე დასაჯდომი ბალიში, ჩაიდნის თავსახური, ლითონის პატარა, მოყვითალო ფერის ქვაბი და მოწითალო ფერის მაგიდა, რომელიც დაზიანების გარეშე იყო ამოტრიალებული, ხოლო საძინებლის კარზე იყო ფეხის კვალი, მარცხენა ფრთაზე კი, ე.წ. „დიქტის“ კარს ჰქონდა პატარა ნატეხი, რის შესახებაც მ. ე–მა მიუთითა, რომ კარი დააზიანა მისმა შვილმა, ასევე ფეხის კვალი არის ს. ე–ის ზემოქმედების შედეგი, როდესაც ის ცდილობდა ოთახში შეღწევას მასთან და მის მეუღლე გ. ე–თან, ხოლო დაზიანებულ მაგიდასა და სხვა არეულობის შესახებ განმარტა, რომ აღნიშნულიც მისი შვილის – ს. ე–ის ნამოქმედარია მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს.
5.9. 2023 წლის 13 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ადგილზე შემოწმდა მ. ე–ის ჩვენება, მან საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, აღნიშნა, რომ: 2023 წლის 12 ოქტომბერს, საღამოს საათებში, დაახლოებით, 18:00 საათზე, ის და მისი მეუღლე სახლში იმყოფებოდნენ მარტო, რა დროსაც შინ დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი – ს. ე–ი, რომელიც იყო აგრესიულად განწყობილი მათ მიმართ. იგი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით შევიდა საძინებელ ოთახში და დაიძინა. რამდენიმე წუთის გასვლის შემდგომ მოესმა ყვირილის და მტვრევის ხმა, რა დროსაც მისი მეუღლე შევიდა მასთან ოთახში, რის შემდგომაც იგი (მ. ე–ი) გამოვიდა ოთახიდან, ხოლო შვილმა დაიწყო დანის ძებნა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ის და მისი მეუღლე შევიდნენ საძინებელ ოთახში და ჩაკეტეს კარი შიგნიდან, ს. ე–მა სცადა კარის გაღება ძალის გამოყენებით და დააზიანა სხვადასხვა ნივთები.
5.10. 2023 წლის 13 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ადგილზე შემოწმდა გ. ე–ის ჩვენება, რომელმაც საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, აღნიშნა, რომ: 2023 წლის 12 ოქტომბერს, საღამოს საათებში, დაახლოებით, 18:30 საათზე სახლში მყოფმა მისმა შვილმა – ს. ე–მა სკამი ჩაარტყა თავის არეში. კონფლიქტის დროს მისი მეუღლე – მ. ე–ი საძინებელი ოთახიდან გამოვიდა, რათა ს. ე–ი დაეწყნარებინა. ს. ე–მა დაიწყო დანის ძებნა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ის და მისი მეუღლე შევიდნენ საძინებელ ოთახში და ჩაკეტეს კარი შიგნიდან, ს. ე–ი ყვიროდა და ურტყამდა ფეხებს კარზე, ცდილობდა კარის გაღებას ძალის გამოყენებით, ისმოდა მტვრევის ხმა. მ–მა დარეკა პოლიციაში. ს. ე–მა სახლში დააზიანა სხვადასხვა ნივთები.
5.11. 2023 წლის 23 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ჩანაწერი. ზარი განხორციელებულია 2023 წლის 12 ოქტომბერს, 18:26 საათზე, ნომრიდან – 592 14 61 92; ჩანაწერის ხანგრძლივობა – 1 წუთი და 24 წამი: ,,...112-ის ოპერატორი: ,,–რა მისამართზე გესაჭიროებათ დახმარება?“ მ. ე–ი: ,,–გამარჯობა, ძვირფასო, გირეკავ ქალაქ ნ.... რეგიონიდან, რ...... მისამართიდან და მესაჭიროება დახმარება“. 112-ის ოპერატორი: „-თქვენი სახელი და გვარი“. მ. ე–ი: „– შვილმა დალია, დაამტვრია ყველაფერი დაგვამტვრია, ასევე ჩვენ და გვემუქრება ჩვენც“. 112-ის ოპერატორი: „–კარგი, გადავეცი. სასწრაფო დახმარება ხომ არ გესაჭიროება?“ მ. ე–ი: „–არა, მარტო პოლიცია“. 112-ის ოპერატორი: „– ის ეხლა სახლშია?“ მ. ე–ი: „– კი, კი, სახლშია“.
5.12. 2023 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა გ. ე–ისათვის მიყენებული დაზიანებების გამოსავლენად, თუმცა დადგენილებაზე არსებული გ. ე–ის განმარტების თანახმად, მან უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.
5.13. 2023 წლის 12 ოქტომბრის ს. ე–ის მიმართ ჩატარებული ალკოტესტით დადგინდა, რომ იგი შემთხვევის დროს იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, მაჩვენებლით – 1,520% პრომილე.
5.14. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა აფასებს დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია აღნიშნული ოქმები საფუძვლად დაედოს ს. ე–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს:
5.15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1) ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2) საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.16. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, არ ამოღებულა იმგვარი ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა ბრალადწარდგენილი ქმედებების დადასტურების თვალსაზრისით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომელიც თავისი შინაარსით უტოლდება ჩვენების ადგილზე შემოწმებას, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენენ, სწორედ ის პირები (დაზარალებულები), რომლებმაც სასამართლოში შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
5.17. რამდენადაც დაზარალებულმა გ. ე–მა სასამართლოში უარი განაცხადა ოჯახის წევრის მიმართ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-ში“ განხორციელებული ზარი, ამ ეპიზოდთან მიმართებით, ბუნდოვანი და ორაზროვანია, უტყუარად იმის დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რის შედეგადაც გ. ე–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი – შეუძლებელია.
5.18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ს. ე–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს ს. ე–ის სასარგებლოდ.
5.19. საკასაციო სასამართლოს სურს ყურადღება გაამახვილოს დაზარალებულების ქცევაზე, კერძოდ კი, მათ მიერ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმის თაობაზე და განმარტავს, რომ დაზარალებულების მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, აპრიორი ბრალდებულის უდანაშაულობას არ გულისხმობს. მსგავს შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და სწორედ ამ მტკიცებულებათა შეფასებით დაადგინოს საკმარისია თუ არა ისინი პირის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად. ხშირ შემთხვევაში, დაზარალებულების მხრიდან ჩვენებაზე უარის თქმა განპირობებულია არაერთი ფაქტორით, ამ შემთხვევაში კი, მსხვერპლთა ემპათიური დამოკიდებულებით შვილის მიმართ, რაც გამოიკვეთა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ გ. ე–ის განმარტებით, რომ ს. ე–ი მათი შვილია, უპატრონოები არიან და მას და მის მეუღლეს მის გარდა, არავინ ჰყავთ.
5.20. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო, მუქარის ეპიზოდთან მიმართებით, ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულთა ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომლებმაც ხელი შეუწყეს ობიექტურ გამოძიებას – მ. ე–მა თავად მიმართა პოლიციას დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, დარეკა საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-ში“, განმარტა, რომ მისმა შვილმა დალია, დაამტვრია ყველაფერი, ასევე ემუქრება მათ. ითხოვა პოლიციის მისვლა და უარი თქვა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე. ამასთან, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სადაც მიუთითა ს. ე–ის ქმედებებზე. 2023 წლის 12 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებული სახლში არსებული არეულობა, ძირს დადგებული და დამტვრეული საგნები, ასევე საძინებელ კარზე ფეხის კვალის არსებობა და საკეტის დაზიანების ფაქტი, მ. ე–ის მიერ შეტყობინებაში განმარტებულ გარემოებებს, კიდევ უფრო დამაჯერებელს და სარწმუნოს ხდის. საგულისხმოა ისიც, რომ ს. ე–ის სიმთვრალის ფაქტი უტყუარად დადასტურდა ალკოტესტზე შემოწმების ოქმითაც. ამდენად, ზემოხსენებული მტკიცებულებების შინაარსობრივი ანალიზი და ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
5.21. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად მოპოვებული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ მიუჩნევიათ, უტყუარად დადასტურდა ს. ე–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, სასამართლო კი შებოჭილია ვალდებულებით: მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს, ასევე განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან – მისი ღირსების დამცირება.
6.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.5. სასჯელის თანაზომიერება მიზნად ისახავს მიღწეული იქნეს ბალანსი პირის დასჯის ხარისხსა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში, მიღწევადია სასჯელის სახედ, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების განხორციელებას და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
6.6. ამასთან, ვინაიდან ს. ე–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი. დაზარალებულებმა – მ. ე–მა და გ. ე–მა სააპელაციო სასამართლოში თანხმობა განაცხადეს ს. ე–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალიწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე, ასევე ს. ე–მა დააფიქსირა პოზიცია და სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ თანახმაა გამოიცეს დამცავი ორდერი.
6.7. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ... 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ... თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა.
6.8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 3811 მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს – 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
6.9. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ე–ი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, და მსჯავრადშერაცხილი ქმედება, ასევე მოიცავს ამ მაკვალიფიცირებელ გარემოებას, შესაბამისად, დაზარალებულთა თანხმობის არსებობის მიუხედავად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და ამნისტიის შესახებ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად, ს. ე–ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.
6.10. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გამოიცეს დამცავი ორდერი, იმ ვადით, რა ვადითაც ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი.
6.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. ე–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში;
3. ს. ე–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით;
4. ს. ე–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. ს. ე–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 12 ოქტომბრიდან;
6. ს. ე–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გაუქმებულია;
7. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ს. ე–ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 4 თვით (იმ ვადით, რა ვადითაც პირს ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი) და ს. ე–ს აეკრძალოს: დაზარალებულებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად, ასევე, მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების, ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით; მათ საცხოვრებელ, სამუშაო, ან სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც დაზარალებულები იმყოფებიან, ასევე, პირადად მათთან მიახლოება.
8. დამცავი ორდერი ამოქმედდეს ს. ე–ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;
9. ს. ე–ს განემარტოს, რომ მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით;
10. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
მაგიდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
თეფშის ნამსხვრევები განადგურდეს;
კომპიუტერული დისკი შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე