საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.04.2025
საქმის ნომერი
2კ-98აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100123007863921

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №98აპ-25 ქ. თბილისი

ბ–ი ზ., 98აპ-25 28 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ბ–მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქ. კ–ში, სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით“ გადაადგილებისას, საქართველოს შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კ–ს რაიონული სამმართველოს კ–ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს − გ. ბ–სა და კ. ბ–ს, .....სის ქუჩიდან შემოესმათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა, რის გამოც, ვითარების გარკვევის მიზნით, გაემართნენ აღნიშნული ადგილისაკენ. ....ის ქუჩაზე N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შემოხვდათ ზ. ბ–ი, რომელიც მიუახლოვდა ავტომანქანას, სავარაუდოდ, გადაჭრილი სანადირო თოფის ლულა მიადო ავტომანქანის მარცხენა კარის მინას და პოლიციის თანამშრომლებს, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, მოკვლის მუქარით, მოსთხოვა, არ გადმოსულიყვნენ ავტომანქანიდან.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის განაჩენით ზ. ბ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა − გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ნაწილი − 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და ზ. ბ–ს, საბოლოოდ, განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა ათვალა დაკავების დღიდან − 2023 წლის 31 ივლისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ და მსჯავრდებულ ზ. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ ჩ–მა.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, ზ. ბ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენით: გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ზ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ზ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა − გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი − 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზ. ბ–ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან. აგრეთვე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზ. ბ–ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის − 120 საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან. აგრეთვე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ზ. ბ–ს აღუდგა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა − იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა;

ზ. ბ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან − 2023 წლის 31 ივლისიდან;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ ჩ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, ზ. ბ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორი პირის – მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, ხოლო სხვა რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, საქმის მასალებში არ მოიპოვება; პოლიციელები არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს და არ გეგმავდნენ რაიმე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს; თუ მოწმე პოლიციელებმა მხოლოდ მეგობრულად დაუძახეს ზ. ბ–ს, რომელიც იარაღით თავს დაესხა მათ, მაშინ იკვეთება სსკ-ის 3531-ე მუხლის შემადგენლობა, მაგრამ ვინაიდან ეს მუხლი უფრო მძიმეა, სასამართლო ვერ დაამძიმებს კვალიფიკაციას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და უკანონოდ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ზ. ბ–ის ბრალეულობა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობის მუქარით. შესაბამისად, ზ. ბ–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კანონიერია და, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ ზ. ბ–ის მიზანი იყო პოლიციელთა საქმიანობისათვის, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ძალადობის მუქარით ხელის შეშლა და შეწყვეტა, არის მართებული და გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:

10. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტია მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებაში: ა) პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით); აგრეთვე ბ) აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ამასთან, ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

11. დაზარალებულების – გ. ბ–სა და კ. ბ–ს ჩვენებებით დადგენილია შემდეგი: 2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქ. კ–ში, კ–ს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე – გ. ბ–ი და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორი – კ. ბ–ი, სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით“ ახორციელებდნენ ტერიტორიის შემოვლას. ამ დროს, .....სის ქუჩიდან შემოესმათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა, რის გამოც გაემართნენ ამ ქუჩისაკენ. პოლიციელებმა დაინახეს, რომ გასროლის ხმის მიმართულებიდან ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა ახალგაზრდა მამაკაცი. იგი ცდილობდა, გადასულიყო გზიდან და არიდებოდა პოლიციელებს, რითაც, უფრო მიიქცია პოლიციელების ყურადღება. როდესაც მას მიუახლოვდნენ, პოლიციის ავტომანქანის შუქზე, რომელსაც ჩართული ჰქონდა სპეციალური ციმციმები და მაშუქებიც, ასევე ჩართული იყო ქუჩის გარე განათებაც, პოლიციელებმა იცნეს ზ. ბ–ი (რომელსაც პოლიციელები იცნობდნენ თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე). ზ. ბ–ის გამოკითხვის მიზნით, პოლიციელებმა შეაჩერეს ავტომანქანა, ხოლო როდესაც გ. ბ–მა მანქანის კარი გამოაღო, დააპირა მანქანიდან გადასვლა და ზ–ს დაუძახა სახელით, ამ დროს ზ. ბ–მა ხელი მოარტყა კარს, ამოიღო ქამარში ჩადებული, გადაჭრილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, მიადო ავტომანქანის მარცხენა საქარე მინას და დაემუქრა გ. ბ–სა და კ. ბ–ს, რომ არ გადმოსულიყვნენ მანქანიდან, თორემ ორივეს ჩახოცავდა. პოლიციელებმა ვეღარ შეძლეს ავტომანქანიდან გადმოსვლა. გ. ბ–მა დაძრა მანქანა და, დაახლოებით, 10-15 მეტრით გასცდა ზ. ბ–ს, რის შემდეგაც გადმოვიდნენ, ამოეფარნენ ავტომანქანას და მოუწოდეს ზ. ბ–ს, შეჩერებულიყო, თუმცა იგი გაიქცა და მიიმალა.

12. დაზარალებულების – გ. ბ–ისა და კ. ბ–ის ჩვენებებს სრულად შეესაბამება მოწმეების: დ. მ–ს, ზ– ა–ს ჩვენებები და ზ. ნ–ის გამოკითხვის ოქმით, რომელთა მიხედვით, ასევე დადასტურებულია, რომ მათ, შემთხვევის დღეს, კ–ში, .....სის ქუჩაზე, N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიგეს ჩოჩქოლისა და ხმაურის ხმა. მოწმეებმა – დ. მ–მა და ზ– ნ–მა ზ. ბ–ის ხელში დაინახეს იარაღის მაგვარი საგანი, სავარაუდოდ ლულაგადაჭრილი თოფი. დ. მ–მა გაიგონა გასროლის ხმა, ხოლო ზ– ნ–მა დაინახა, რომ ზ. ბ–მა მითითებული იარაღიდან ჰაერში, უმისამართოდ გაისროლა.

13. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი, ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენს, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, ერთსა და იმავე გარემოებებს, ხოლო მტკიცებულებათა შორის შეუსაბამობანი არ უნდა ეხებოდეს მტკიცების მთავარ საგანს.

14. მოცემულ შემთხვევაში, უსაფუძვლოა კასატორის მითითება დაზარალებულების – პოლიციის მუშაკების გ. ბ–ისა და კ. ბ–ის ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად, დეტალურად და დამაჯერებლად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს; მათი ჩვენებები სრულად შეესაბამება, როგორც ერთმანეთს, ისე – საქმის სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის – მოწმეთა ჩვენებებს, რის გამოც, პალატას არ გააჩნია დაზარალებულთა ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი. ამასთან, საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება პოლიციის მუშაკთა დაინტერესება ზ. ბ–ის წინააღმდეგ, რასაც ვერც დაცვის მხარე ადასტურებს.

15. ამდენად, ზემოხსენებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ზ. ბ–მა, პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, სავარაუდოდ გადაჭრილი სანადირო თოფის გამოყენებით, გაუწია წინააღმდეგობა და ძალადობის (მოკვლის) მუქარით, ისინი აიძულა, რომ შეეწყვიტათ თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, კერძოდ, აიძულა, არ გადმოსულიყვნენ სამსახურებრივი ავტომანქანიდან ვითარებაში გასარკვევად. შესაბამისად, მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი