საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1325აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007535037

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1325აპ-24 ქ. თბილისი

ო–ე კ., 1325აპ-24 5 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ო–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ე–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით კ. ო–ე, – დაბადებული ....., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 16 მაისიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ კ. ო–მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2023 წლის 3 მაისს, ქ. თ–ში, .....ის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ი. ხ–მა და კ. ო–ემ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,2144 გრამი ნარკოტიკული საშუალება – „ალფა-პვპ“ – უკანონოდ მიასაღეს დ. ბ–ს, რაც იმავე დღეს ამოიღეს მისგან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.2. კ. ო–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 2,2700 გრამი ნარკოტიკული საშუალება – „ალფა-პვპ“ – რასაც 2023 წლის 16 მაისს, ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად ქ. თ–ში, .... გზატკეცილის №..-ის მიმდებარედ და ამოუღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრი დაედო ი. ხ–ს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაუვადდა სასჯელი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ო–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–ემ. სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული საჩივრით მსჯავრდებულმა კ. ო–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ე–მა მოითხოვეს კ. ო–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შერაცხილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება; ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებული ჰქონდათ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ი. ხ–ის ინტერესების დამცველს, ადვოკატ მ. ს–ას, რომელიც ითხოვდა ი. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძესს, რომელიც ითხოვდა ი. ხ–ისათვის სასჯელის გადავადების გაუქმებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: კ. ო–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 16 მაისიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

5. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრი დაედო ი. ხ–ს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის დაუნიშნავად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ო–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ე–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და კ. ო–ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებისათვის – ვინაიდან მიიჩნვს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. კერძოდ, სადავოდ არ გამხდარა, რომ ი. ხ–მა დ. ბ–ს გამოართვა თანხა და მოგვიანებით გადასცა ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, როდესაც ერთი ნარკოდამოკიდებული პირი ეხმარება მეორეს, ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, მიუხედავად, ერთი მხრივ, თანხის ჩარიცხვისა, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი კავშირების გამოყენებით, შეძენილი ნივთიერების გადაცემისა – ქმედება კვალიფიცირდება არა, როგორც ნარკოტიკული საშუალების გასაღება, არამედ, როგორც – შეძენაში დახმარება, რაც ცალსახად გამოკვეთილია განსახილველ სისხლის სამართლის საქმეშიც. მხარეები თანხმდებიან, რომ ი. ხ–ი, დ. ბ–ი და კ. ო–ე ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები არიან. ამავდროულად, ი. ხ–სა და დ. ბ–ს ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, მაშინ, როდესაც დ. ბ–ისა და კ. ო–ის რაიმე კავშირი, გარდა 2023 წლის 3 მაისის შეხვედრისა, საქმის მასალებით არ დასტურდება. არ არსებობს დნმ-ის ექსპერტიზა და, გარდა დ. ბ–ის ჩვენებისა, ვერაფრით დგინდება, რომ კ. ო–ის მიერ ი. ხ–ისათვის გადაცემული ნივთი, ნარკოტიკული საშუალებაა. დ. ბ–ი სხვა არაერთ მსგავს საქმეში ფიგურირებს და მისი მიზანი ცალკეული პირების გამოვლენა და დასმენაა. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა 2023 წლის 3 მაისის ფარული ჩანაწერი და დ. ბ–ის ჩვენება, ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ი. ხ–ი დ. ბ–ს დაეხმარა ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში და არაფერი მიუსაღებია მისთვის. რა მიზნით გადასცა კ. ო–ემ ი. ხ–ს, თუნდაც, დავუშვათ, ნარკოტიკული საშუალება, გამოძიებით არაა დადგენილი და არც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გამოკვეთილა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა, რომ კ. ო–ემ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანაოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: მოწმე დ. ბ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გამოძიებასთან თანამშრმლობის ფარგლებში, 2023 წლის 3 მაისს, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელ ი. ხ–ს ანგარიშზე ჩაურიცხა ოპერატიული თანხა – 300 ლარი და რამდენიმე საათში მიაკითხა მას საცხოვრებელ სახლთან. იქ დახვდა კ. ო–ე, რომელიც, ი. ხ–ის თქმით, სხვადასხვა ლოკაციებზე ალაგებდა ნარკოტიკულ საშუალებებს. კ. ო–ემ მიაწოდა მას ნარკოტიკული საშუალება, რომელიც არ გამოართვა და იქვე მყოფ ი. ხ–ს დაუძახა, რომლისთვისაც ჰქონდა ჩარიცხული თანხა. თავის მხრივ, ი. ხ–მა კ. ო–ეს გამოართვა და გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იმავე დღეს წარუდგინა გამომძიებელს; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერით, დასტურდება, რომ 2023 წლის 3 მაისს, დ. ბ–ი თ–ში, ........ ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ზის ავტომანქანაში, კ. ო–ე კი, რომელსაც ხელში რაღაც უჭირავს, სთხოვს, დაუძახოს ი. ხ–ს. კ. ო–ე ამბობს: „ – აი, ეს მე მაქვს“, დ. ბ–ი პასუხობს: „ – ჯერ ი–ა მივიდეს“. მანქანას უახლოვდება ი. ხ–ი, კ. ო–ეს ართმევს შეფუთვას და გადასცემს დ. ბ–ს, რომელიც დასძენს: „ – კაი ბიჭი ხარ, ვხედავ რაღაც კარგად მოგიტანია“. ამ დროს ი. ხ–ი უთითებს კ. ო–ეზე და ეუბნება: „ – ეს არის კ–ა, ჩემი ძმაა“; ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო, ტექნიკური ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ფარულ ჩანაწერს რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება და ჩანაწერში დაფიქსირებული პირები ნამდვილად არიან – ი. ხ–ი და კ. ო–ე; ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2023 წლის 3 მაისს, 19:58 - 20:15 საათზე, ქ. თ–ში, .....ის ქუჩის №..-ის მიმდებარედ, გამომძიებელმა დ. ბ–ს ამოუღო მოშავო, წებოლენტით შეკრული, ე.წ. „ზიპშესაკრავიანი“, მცირე ზომის, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ნივთიერება, რომელიც დ. ბ–ის შენიშვნის თანახმად, არის ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“, და იმ დღეს შეიძინა ი. ხ–ისგან; ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზით დადგენილია, რომ დ. ბ–ისგან 2023 წლის 3 მაისს ამოღებული – ერთ ცალ უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ნივთიერება, წონით – 0,2144 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP), რაოდენობით – 0,17038 გრამს (საწყის წონაზე გადაანგარიშებით – 0,18048 გრამს).

10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მტკიცების კვალდაკვალ, რომ, თითქოსდა, კ. ო–ე დ. ბ–ს მხოლოდ დაეხმარა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, საყურადღებოა, რომ არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, რომ კ. ო–ე დ. ბ–ს საერთოდ არ იცნობდა, რაც, ცხადია, საფუძველს აცლის მათი ურთიერთობის შინაარსის, მათ შორის, შეხვედრამდე არსებული, შესაძლო კომუნიკაციისა და, მათ შორის, შესაძლო, შეთანხმების კვლევას, იმის გამოსარკვევად, თუ რა მიზანს ემსახურებოდა, შემთხვევის დღეს დ. ბ–ისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა, რამეთუ დადგენილია, რომ 2023 წლის 3 მაისის შეხვედრამდე, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. საპირისპიროდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, აშკარად ადასტურებს კ. ო–ისა და ი. ხ–ის დანაშაულის – დ. ბ–ისათვის ნარკოტიკული საშუალების მისაღების – ერთობლივად ჩასადენად, მის განსახორციელებლად წინასწარ კავშირზე, რამეთუ ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც დ. ბ–მა უარი თქვა ნარკოტიკული საშუალების კ. ო–ისათვის გამორთმევაზე, ვინაიდან კ. დ–ს საერთოდ არ იცნობდა და ნარკოტიკების შესაძენი თანხა ი. ხ–ისათვის ჰქონდა გადახდილი, ი. ხ–მა უსიტყვოდ გამოართვა ნარკოტიკულ საშუალება კ. ო–ეს და, მისივე თანდასწრებით, გადასცა იგი დ. ბ–ს, რაც ცხადია დ. ბ–ისათვის ნარკოტიკების მისასაღებლად მათ შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ დ. ბ–ს, კ. ო–ის მიმართ გამოვლენილი უნდობლობის გასაქარწყლებლად უთხრა, რომ იგი იყო „მისი ძმა“, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ო–ის მსჯავრდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის, კანონიერი და დასაბუთებულია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ო–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ე–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი