დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002530372
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №100აპ-25 ქ. თბილისი
კ. გ. 100აპ-25 4 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. დ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–ის, – პირადი ნომერი: …….., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. შპს „ნ–ს“ (ს/ნ ……) ბუღალტერმა გ. კ–ემ, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული, შპს „ნ–ს“ კუთვნილი ფულადი თანხა, კერძოდ: 2015-2016 წლებში, გ. კ–ემ შპს „ნ–ს“ სს „........ ბანკში“ არსებული ანგარიშიდან მის კუთვნილ შპს „კომპანია ....ის“ სს .... ბანკის ანგარიშზე გადარიცხა 166 350 ლარი, რაც მითვისებული იქნა გ. კ–ს მიერ. გ. კ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „ნ–მ“ განიცადა დიდი ოდენობით, 166 350 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. კ–ემ ჩაიდინა – მითვისება, ესე იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2. შპს „კომპანია ....ის“ (ს/ნ ……..), შპს „გ–ს“ (ს/ნ …….), შპს „კომპანია .........ს“ (ს/ნ ………) რეალურმა მფლობელმა და შპს ტ. ი. ჯ–სს“, შპს „კომპანია .....ის“ და შპს „ნ–“ (ს/ნ ……….) ბუღალტერმა გ. კ–ემ აღნიშნული კომპანიებისათვის ყალბი დღგ-ს აქტივის შექმნის მიზნითა და ამ კომპანიათა მიმართ შპს „ნ–“სთვის (ს/ნ ……..) არარსებული ფინანსური ვალდებულებების შექმნის მიზნით დაამზადა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რაც გ. კ–ის მიერ ატვირთული იქნა აღნიშნული კომპანიების შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე (rs.ge). კერძოდ: გ. კ–ის მიერ შპს „კომპანია ....ის“ სახელით შპს ,ნ–“ სახელზე გამოწერილი იქნა უსაქონლო ოპერაციების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: №…. ….., №..... …….., №..... ........, №...... ……. (დაკორექტირებული №… ……), №...... …….. და სასაქონლო ზედნადებები: №..-……, №..-…, №..-…., №..-........, №..-…. და №..-…., 245 500 ლარის ღირებულების საქონელი/მომსახურეობის თაობაზე; შპს „გ–ს“-სახელით შპს ,,ნ–“ სახელზე გამოწერილი იქნა უსაქონლო ოპერაციების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: №… …., №..-.. …., №..-…. და №..-…… და ყალბი სასაქონლო ზედნადები №..-……., 155 000 ლარის ღირებულების საქონელი/მომსახურეობის თაობაზე; შპს „.........ს” სახელით შპს ,,ნ–“ სახელზე გამოწერილი იქნა უსაქონლო ოპერაციების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: №..-….., №…-….., №..-….. და №…-……., 160 000 ლარის ღირებულების საქონელი/მომსახურეობის თაობაზე; შპს ტ. ი. ჯ–ს“ სახელით შპს „კომპანია ....ის“ სახელზე გამოწერილი იქნა უსაქონლო ოპერაციების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: №...... ………, №..... …...., №...... ……, №...... …….(დაკორექტირებული №.. ……..) და №...... ….. და ყალბი სასაქონლო ზედნადებები: №…-….., №…-…….., № ..-…….., №..-…….. და №..-…….., 245 500 ლარის ღირებულების საქონელი/მომსახურეობის თაობაზე.
1.2.1. აღნიშნული ქმედებით გ. კ–ემ ჩაიდინა – ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 სექტემბრის განაჩენით გ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლით დამატებით სასჯელად განესაზღვრა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობიოთ, გ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლით დამატებით სასჯელად განესაზღვრა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლით;
2.4. გ. კ–ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა უნდა აეთვლოს დაკავების მომენტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. დ–მა. აპელანტმა მოითხოვა გ. კ–ის გამართლება.
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თეონა გოდერძიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 სექტემბრის განაჩენში:
4.1. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;
4.2. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
4.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გ. კ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით –მოხდისაგან;
4.3. გ. კ–ეს სასჯელის ვადა უნდა აეთვლოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით 2024 წლის 18 დეკემბერს გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. დ–მა, რომელიც ყოველგვარი არგუმენტაციის/დასაბუთების გარეშე, კერძოდ, ისე, რომ არ უთითებს: განაჩენის გასაჩივრებულ დებულებებს; გასაჩივრებულ დებულებათა უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის არსს და პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებებს, ითხოვს მსჯავრდებულ გ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ გასაჩივრების ვადაში და არც წინამდებარე საკასაციო საჩივრის სასამართლოს მიერ განხილვის მომენტისთვის არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დამატებითი დასაბუთება, საკასაციო საჩივარში მითითებული „დაზუსტებული საკასაციო საჩივარი“.
5.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თეონა გოდერძიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. საკასაციო სასამართლო კვალავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 300-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის №1089აპ-24 განჩინება).
6.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ადვოკატს უფლება არა აქვს ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ. კ–ის მიმართ განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მსჯავრდებულის მონაწილოების გარეშე, იმავდროულად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის თანხმობას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით ადვოკატის მიერ გასაჩივრებაზე, ასევე – სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მოთხოვნა საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვა.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ადვოკატისათვის საკასაციო საჩივრის დამოუკიდებლად შეტანის უფლების მინიჭება, ასევე – მსჯავრდებულის მოთხოვნა საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს/განიხილოს მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. დ–ის –საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. დ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის №695აპ-24 განჩინება).
8. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა საკასაციო საჩივარში უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რით ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს, არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ – ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას; საკითხები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა; არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 11 თებერვლის N978აპ-24, პარ. 9-10; 2025 წლის 7 მაისის №382აპ-25, პარ. 9-9.1; 2024 წლის 20 მაისის N1442აპ-23, პარ.8-8.1; 2024 წლის 1 აპრილის N1168აპ-23, პარ. 8.1; 2024 წლის 29 აპრილის N1193აპ-23, პარ. 14; 2022 წლის 1 ნოემბრის N468აპ-22, პარ.28 ).
9. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის დათქმიდან გამომდინარე, კასატორს ეკისრება ვალდებულება საკასაციო საჩივარში არამხოლოდ ცხადად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი მოთხოვნა, არამედ – დაასაბუთოს და მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული არგუმენტები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება N978აპ-24 , პარ. 10).
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 44-ე, მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე