საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.07.2025
საქმის ნომერი
2კ-238აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№238აპ-25 თბილისი

ღ-ი გ., 238აპ-25 16 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით გ. ღ-ი, - და გ. ღ-ი (ძებნილი), - ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 7-7 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდათ ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვრათ 6-6 წლითა და 3-3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. ღ-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 25 იანვრიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ღ-მა და გ. ღ-მა ჩაიდინეს თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 11 იანვარს მ. ჩ-ე სოციალურ ქსელ „--ით“ დაუკავშირდა გ. ღ-ს, რომელსაც „--ს“ მომხმარებლის სახელით განთავსებული ჰქონდა ინფორმაცია „Toyota land Cruiser-ის“ მარკის ავტომობილის გაყიდვასთან დაკავშირებით. გ. ღ-მა უთხრა, რომ მამასთან – გ. ღ-თან – ერთად, თითქოსდა დაკავებული იყო ავტომობილის რეალიცაზიის ბიზნესით და შესთავაზა, რომ ის და მისი მამა – გ. ღ-ი – დაეხმარებოდნენ სასურველი ავტომობილის შეძენაში, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან გააფორმებდნენ ხელშეკრულებას, რომელსაც გ. ღ-ი გამოუგზავნიდა „ვაიბერით“, ხოლო ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ერთი საბანკო დღის ვადაში მ. ჩ-ეს მითითებულ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა თანხის პირველი ნაწილი, თანხის მეორე ნაწილი უნდა ჩაერიცხა ავტომობილის საქართველოში ჩამოსვლიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, ავტომანქანას, მათთან შეძენის შემთხვევაში, საქართველოში გამოუგზავნიდნენ 18 (თვრამეტ) კალენდარულ დღეში.

· 2023 წლის 12 იანვარს ჯგუფურად, სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მ. ჩ-ეს აპლიკაცია „ვ-ის“ საშუალებით დაუკავშირდა გ. ღ-ი, რომელმაც უთხრა, რომ, თითქოს მის მიერ შერჩეული ავტომობილი ნანახი ჰქონდა და მეტი დამაჯერებლობისათვის გამოუგზავნა ვიდეო; ასევე უთხრა, რომ ავტომობილს ჰყიდდა 27 200 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. სურვილის შემთხვევაში, თანხის ნაწილი – 19800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში უნდა ჩაერიცხა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი საბანკო დღის ვადაში, ხოლო 7400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში – ავტომანქანის მისთვის გადმოცემიდან სამ სამუშაო დღეში. მ. ჩ-ე გ. ღ-ის შეთავაზებას დასთანხმდა და იმავე დღეს გააფორმეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც მ. ჩ-ემ თ-ში, -ის გამზირის N--ში მდებარე „თ- -ს“ ფილიალიდან თანხის ნაწილი – 19 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი 52 965 ლარი ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე ჩაურიცხა გ. ღ-ს. აღნიშნულის შემდეგ გ. ღ-ი თავს არიდებდა მასთან კომუნიკაციას, ან არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, ან ზარს პასუხობდა გ. ღ-ის მამა – გ. ღ-ი, რომელიც ასევე ატყუებდა მ. ჩ-ეს, რომ ავტომობილი აუცილებლად ჩამოუვიდოდა და არწმუნებდა მას, რომ, თუკი ასე არ იქნებოდა, თანხას დაუბრუნებდნენ. მ. ჩ-ემ გ. და გ. ღ-ებს მოსთხოვა თანხის დაბრუნება, რაზეც გ. ღ-მა გამოუგზავნა გაუქმების ხელშეკრულება, ხოლო თანხაზე გ. და გ. ღ-ებმა უთხრეს, რომ დაუბრუნებდნენ 72 (სამოცდათორმეტ) საათში, რაც დღემდე არ განუხორციელებიათ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი მ. ყ-ი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა გ. ღ-მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ და გამოხატა მზადყოფნა, დაზარალებულისათვის აენაზღაურებინა ზიანი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა მისი დაკავების გამო; მსჯავრდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ მას შეუძლია. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ადვოკატი ითხოვს განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლას მსჯავრდებულ გ. ღ-ის სასარგებლოდ.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე უსამართლოდ მიიჩნევს გ. ღ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით დადგენილი სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ. ღ-ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილი აქვს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის საკმაოდ გავრცელებული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (გ. ღ-ის მისწრაფება, ჯგუფურად დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ თანხას), დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი (ანგარებით სხვისი ფულადი თანხის დაუფლება) მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, მისი ნასამართლობა და გ. ღ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). ამდენად, გ. ღ-ისათვის განსაზღვრული 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით) ზემოაღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებშია.

9. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ღ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი კანონიერია, სამართლიანია და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, იმსჯელა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე, დაიცვა სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე – სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები.

10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში №- პენიტენციური დაწესებულებიდან 2025 წლის 15 მაისს წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ღ-ის განცხადება, რომლითაც ის ითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის კორექტირებას, კერძოდ, სასჯელის განსაზღვრას განაჩენთა ერთობლიობით და სასჯელის ვადაში 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდილად ჩათვლას. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ „განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის მიზნებისათვის წინა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება მისი გასაჩივრების ყველა შესაძლებლობის ამოწურვას. როდესაც ბოლო განაჩენის გამოტანისას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი შესაძლოა ჯერ კიდევ შეიცვალოს, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ, ხოლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას გააჩნია საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლები“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინება საქმეზე N635აპ-22).

11. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, „თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ“, გამოიყენება სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი და, შესაბამისად, საფუძველი, რომ საბოლოო სასჯელი დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, თუმცა არა სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არამედ – შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. კასატორის მიერ ბოლო განაჩენის გასაჩივრების უფლების გამოყენება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული ყველა განაჩენით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისა და აღსრულებისათვის გამოსადეგ საპროცესო მექანიზმს, ვინაიდან ამისათვის არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი შესაძლებლობა (იხ. სუსგ: N635აპ-22, №1148აპ-22, №141-25).

12. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განაჩენების აღსრულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე