საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.11.2025
საქმის ნომერი
2კ-667აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124009710550

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №667აპ-25 თბილისი

ს. ფ., 667აპ-25 26 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ხ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

ა. ბ–ს, დაბადებულს 19.. წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად დარჩა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ბ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 20 ივნისიდან. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ბ–ს 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რის შესახებაც ეცნობათ შესაბამის ორგანოებს.

გ. თ–ს, დაბადებულს 19.. წელს, ნასამართლევს, – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად დარჩა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2000 ლარი ჯარიმა – და გ. თ–ანს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 21 ივნისიდან. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ. თ–ანს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობათ შესაბამის ორგანოებს.

ფ. ს–ს, დაბადებულს 19.. წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად დარჩა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 21 ივნისიდან. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფ. ს–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობათ შესაბამის ორგანოებს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ა. ბ–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, გ. თ–მა და ფ. ს–მა კი ჩაიდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· ა. ბ–მა, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3446.87 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ (ფუძე), საიდანაც 816.18 გრამს, 2024 წლის 20 ივნისს, თ–ში, გ–ს დასახლებაში, ........ის ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ინახავდა პირადად, ხოლო 2630 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ 2024 წლის 20 ივნისს, თ–ში, .......ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ გაასაღა ფ. ს–სა და გ. თ–ანზე, რაც ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ა. ბ–ის პირადი ჩხრეკისა და ვ. მ–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

· თ. გ–მა და ფ. ს–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ა. ბ–ისგან 2024 წლის 20 ივნისს, თ–ში, ....... ქუჩის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2630.69 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ (ფუძე), რომელსაც 2024 წლის 21 ივნისს უკანონოდ ინახავდნენ ხსენებულ მისამართზე, ვ. მ–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვ. მ–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი ა. ხ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ფ. ს–ის უდანაშაულოდ ცნობას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას ფ. ს–ის გამართლების თაობაზე უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეების – ა. გ–ს, გ. თ–ს, კ. ა–ს, ი. გ–ს, ბ. კ–ს, ვ. მ–ისა და სხვათა – ჩვენებები, ჩხრეკის ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ექსპერტიზების დასკვნები, ავტომანქანის ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ფ. ს–ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, კერძოდ:

7.1. საქმეზე გამოძიება დაიწყო 2024 წლის 20 ივნისს, გამომძიებელ ა. გ–ის პატაკის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თ–ს რესპუბლიკის მოქალაქეები – .... წელს დაბადებული თ. ი. გ–ი და .... წელს დაბდებული ფ. ს–ი – ეწევიან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. ამავე ინფორმაციით, თარქან გუნგორი და ფ. ს–ი თ–ში, ....... ქუჩაზე გადაადგილდებიან „ნისანის“ მარკის ავტომანქანით (სახ. ნომრით – .....), რომელშიც და ასევე პირადად – თ. გ–ი და ფ. ს–ი – უკანონოდ უნდა ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

7.2. გამომძიებელ ა. გ–ის, რომელმაც გადაამოწმა კონფიდენციალური წყაროდან მიღებული ინფორმაცია, მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით, რომელიც თარჯიმნებთან ერთად გაემართა გამომძიებელ ა. გ–ის მიერ დასახელებულ მისამართზე, თ–ში, ........ის ქუჩაზე. მათ გააჩერეს „ნისანის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით – „.....“), რომელსაც მართავდა ვ. მ–ი; მანქანაში ისხნენ: გ. თ–ანი, ფ. ს–ი და ვ. მ–ი. შემდეგ ჩატარდა გ. თ–ანის, ფ. ს–ის და ვ. მ–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა.

7.3. „ნისანის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით – .......) ჩხრეკის ოქმის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 21 ივნისს, 00:39 საათიდან 01:25 საათამდე პერიოდში გამომძიებელ ი. გ–ს მიერ, დეტექტივების: ე. მ–ს, რ. ლ–ს, კ. ა–ს, ბ. კ–სა და გ. თ–ს, თარჯიმნების: ს. ა–სა და ა. ს–ს, მონაწილე პირის – ზ. ქ–ს – და ვ. მ–ის მონაწილეობით თ–ში, .......ის ქუჩის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის სალონის წინა, მარჯვენა სავარძელთან განთავსებული საფარის, ე.წ. „კოვრიკის“, ზედაპირიდან ამოიღეს ე.წ. „სკოჩით“ (წებოვანი ლენტით) გადახვეული ორი შეკვრა მოთეთრო ფერის, კრისტალისებური ნივთიერებებით; ასევე, იმავე ავტომანქანის სალონში, უკანა, მარჯვენა მხარეს განთავსებული სავარძლის წინა მხრიდან, საფარის, ე.წ. „კოვრიკის“, ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი, მრგვალი ფორმის, ე.წ. „სკოჩით“ (წებოვანი ლენტით) გარშემორტყმული შეკვრა კრისტალისებური ნივთიერებებით; აღნიშნული შეკვრა არის გახსნილი, კერძოდ, მის ერთ მხარეს გადაკრული, ე.წ. „სკოჩის“ მთლიანობა დარღვეულია ნაკვეთი სახით. ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და ნივთიერებები ცალკე-ცალკე მოთავსდა პაკეტებში და დაილუქა სათანადო წესით, რომლებზეც გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე თ. გ–ს შენიშვნის თანახმად, ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნის ჩ–ს (ფ. ს–ს), რომელიც მასთან ერთად იჯდა ავტომანქანაში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კანონიერება დაადასტურეს საქმეზე მოწმეებად დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა: ა. გ–მა, გ. თ–მა, კ. ა–მა, ე. მ–მა, ბ. კ–მ და ი. გ–მ.

7.4. მოწმე ვ. მ–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2024 წლის 20 ივნისს მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა გ. თ–ანი და სთხოვა გ–ში გაყვანა, რასაც დასთანხმდა და დ–ს ტერიტორიაზე მანქანაში ჩაისვა მის თანმხლებ პირთან – ფ. ს–თან – ერთად. მათი მითითებით წავიდა გ–ში, ციხის მიმართულებით. გ–ს ტერიტორიაზე გაჩერდნენ თ–ს მიერ მითითებულ ადგილზე; მანქანასთან მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება და თ–ს გადააწოდა პაკეტი. ადგილიდან წამოსვლის შემდეგ, ისე, რომ ყურადღება არ მიუქცევია, თარქანმა მასთან ერთად მყოფ პირს უკან რაღაც გადააწოდა. შემთხვევის ადგილიდან წამოსვლიდან მალევე ისინი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ჯერ ავტომანქანაში მსხდომ პირებს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შემდეგ კი – ავტომანქანა გაჩხრიკეს.

7.5. ქიმიური ექსპერტიზის 2024 წლის 21 ივნისის №......... დასკვნის თანახმად, ვ. მ–ის ავტომანქანიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოთეთრო, კრისტალური ნივთიერება არის კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (ფუძე) შემცველი ნარევი, საერთო წონით – 2630,69 გრამი. ამასთან, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტის მთლიანობა არ არის დარღვეული. ექსპერტიზის დასკვნის კანონიერება დაადასტურა საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ნათია წიკლაურმა.

7.6. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2024 წლის 19 დეკემბრის №.......... დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთ, გამჭვირვალე, ოვალური ფორმის შესაფუთზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ფ. ს–ს.

8. ამდენად, საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ფ. ს–ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, კანონის შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც მათი სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, შეესაბამება და თანხვდება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს. შესაბამისად, არ არსებობს რომელიმე მოწმის მიმართ უნდობლობის საფუძველი. ამასთან, თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით მისი გადამოწმების საშუალებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, ხოლო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ოქმებისა და მათში მითითებული გარემოებების სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი გამომძიებლების და მათში მონაწილე პირების ჩვენებებით. დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დააყენებდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს.

9. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, განსახილველი საქმის მტკიცებულებათა მოპოვებისა და საქმეზე დამაგრების კანონით დადგენილი წესის დარღვევის არარსებობასთან დაკავშირებით, და ამ საკითხზე ყურადღებას აღარ შეაჩერებს, რადგან მიიჩნევს, რომ კანონის არსებითად დარღვევების ფაქტებს, რომლებიც გამოიწვევდა რომელიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, ადგილი არ ჰქონია.

10. წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის – ვ. მ–ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის ოქმთან – დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათი საპროცესო დამაგრება ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და რაიმე კანონდარღვევა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვისას არ გამოვლენილა. მოწმე პოლიციელების ჩვენებას კიდევ უფრო მეტ სანდოობას და დამაჯერებლობას სძენს სისხლის სამართლის საქმეზე დართული ვიდეოჩანაწერი, რომლის გამოკვლევით დგინდება, რომ ვ. მ–ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ჩხრეკისას, რომელიც ჩატარდა მონაწილე პირის – ზ. ქ–ს – მონაწილეობით და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვიდეოფირზე უწყვეტ რეჟიმში თვალსაჩინოდ აისახა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება, რის შემდეგაც, შედგა საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი და ვიდეოჩანაწერი, რომლებიც საქმეს დაერთო. საკასაციო სასამართლოსთვის საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას პოლიციელთა მხრიდან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ფ. ს–ს საკუთარი უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთა მხრიდან სხვა, რაიმე უკანონო მოქმედების შესახებ ამ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას არ განუცხადებია. ჩხრეკა მიმდინარეობდა მაქსიმალურად გამჭვირვალედ. მონაწილე პირების მხრიდან რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოთქმულა. ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელმა ი. გ–მ ვ. მ–ს, თ. გ–ს და ფ. ს–ს თარჯიმნების მეშვეობით წარუდგინა და გააცნო დადგენილება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ავტომანქანის ჩხრეკის წარმოების შესახებ, განუმარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მათი უფლება-მოვალეობები; ამის შემდეგ ვ. მ–ს მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით წარედგინა ამოსაღები ობიექტები, რაზეც ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა. საგამოძიებო მოქმედების – ავტომანქანის ჩხრეკის – კანონიერება დადასტურებულია მასში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის – ვ. მ–ის, თ. გ–ს და ფ. ს–ის ხელმოწერებით; ამასთან, ოქმზე თ. გ–ს მიერ გაკეთებულია შენიშვნა, რომლის მიხედვით, ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნის ჩ–ს (ფ. ს–ის), რომელიც მასთან ერთად იჯდა ავტომანქანაში. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების – ავტომანქანის ჩხრეკის – კანონიერება შემოწმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ივნისის განჩინებით. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლების ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედება წარმართულია და ჩხრეკის ოქმი შედგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, მისი ჩატარებისას და საპროცესო გაფორმებისას არ ყოფილა დაშვებული კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები, რის გამოც, ზემოათაღნიშნული მტკიცებულების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი არ იკვეთება.

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე არ ვლინდება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულთა (მათ შორის – ფ. ს–ის) მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერც დაცვის მხარე მიუთითებს რაიმე გარემოებაზე და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ბრალდების მოწმეების ჩვენებები არასანდოობასთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მოწმის ჩვენებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და, მხოლოდ მოწმის სტატუსიდან და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენების უპირობოდ გაზიარება ისე, რომ არ შეფასდეს საპირწონე არგუმენტები – დაუშვებელია. ანალოგიურადაა დაუშვებელი მოწმე პოლიციელთა ჩვენებების გაუზიარებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, რომლებიც მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან, ასევე სასამართლოს მიერ დასაბუთებული უნდა იყოს ის გარემოებები, რომელ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გაიზიარა კონკრეტული მოწმის (მათ შორის, პოლიციელის) ჩვენება.

12. პოლიციელთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, არ იქნებოდა მართებული სამართალდამცავთა ჩვენებების გამოყოფა და საეჭვო კატეგორიის მტკიცებულებებისთვის მიკუთვნება. არასწორი იქნებოდა ვარაუდი, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების გარანტორი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება რაიმე განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია და რომ პოლიციის თანამშრომლები იმთავითვე არასანდო მოწმეები არიან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საკმარის გარანტიებს იმისათვის, რათა დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დაკითხოს ჩხრეკის თვითმხილველი პოლიციელები, შეამოწმოს მათი კომპეტენტურობა, საქმის მიმართ რაიმე დაინტერესების ქონა და დამაჯერებლობა. ასევე, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობაც, რაც მნიშვნელოვანი გარანტიაა იმისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების განხორციელებას. ამდენად, ზემოთ დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე, პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და a priori არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად – სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-101-102).

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ვ. მ–ის მხრიდან დანაშაულის პროვოკაციის მოწყობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ ჰქონია ადგილი მსჯავრდებულების წაქეზებას დანაშაულის ჩასადენად. დაცვის მხარეს თავისი მოსაზრების გასამყარებლად არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, მისი ამგვარი არგუმენტაცია მიმართულია მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც მოიპოვეს და წარმოადგინეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. თუკი სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებელი და საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების ან დაცვის მხარე, გარდა ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენდა კიდევ სხვა მტკიცებულებებს, დანარჩენ მტკიცებულებებთან ერთობლივად, ისინიც სათანადოდ შეფასდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები მტკიცებულებით ძალას ვერ დაუკარგავს სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებს, რომლებიც წარმოდგენილია და გამოკვლეულია სასამართლოში, და ვერ გახდება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებების საეჭვოდ მიჩნევისა და მათი არგაზიარების საფუძველი, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც გაბათილდებოდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმნიან ფ. ს–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით, რაც დადგენილად მიიჩნია ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ.

15. საკასაციო პალატის აზრით, ადვოკატის საკასაციო საჩივრის კიდევ ერთი არგუმენტი, პოლიციელთა მიერ ფ. ს–ისგან აღებული დნმ-ის ნიმუშის კონვერტში ხელოვნურად შეყვანის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდია, არ არის გამყარებული და დადასტურებული რაიმე მტკიცებულებით და, შესაბამისად, არ უნდა იქნას გაზიარებული.

16. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ფ. ს–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და გაითვალისწინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენის დადგენისათვის სავალდებულო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ფ. ს–ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები, ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №1122აპ-24, №400აპ-24, №637აპ-23, №1383აპ-23, №428აპ-24, №215აპ-19, №1164აპ-23), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას კასატორი. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

19. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნას ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ხ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე