განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 04.11.2025
საქმის ნომერი
2კ-510აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124009436902

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№510აპ-25 4 ნოემბერი, 2025 წელი

მ. ნ., 510აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ–ს – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. ნ. მ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თვისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.

1.2. 2024 წლის 4 აპრილს, ქ-ს ქუჩის №---ს მიმდებარედ, ნ. მ-მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,0275 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველი, უფერო, გამჭვირვალე, პოლიმერული მასალის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფხვიერი ნივთიერება – 300 ლარად უკანონოდ მიასაღა გ. გ-ს, რომლისგანაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.3. 2024 წლის 8 აპრილს, ქ-ს მიმდებარედ და შემდგომ – ... ქუჩაზე, ნ. მ-მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,35921 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (αPVP) შემცველი, უფერო, გამჭვირვალე, პოლიმერული მასალის ჩამკეტიან პაკეტში დაფასოებული, მოთეთრო ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით – 420 ლარად უკანონოდ მიასაღა გ. გ-ს, რომლისგანაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. ნ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის განაჩენით: ნ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდა ორი მესამედით და განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდა ორი მესამედით და განესაზღვრა – 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და განესაზღვრა – 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით, განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ნ. მ-ს განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 8 მაისიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა – ზაზა ქორიძემ, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლასა და ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა – ზაზა ქორიძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლასა და ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), მისთვის ბრალადშერაცხილი კვალიფიკაციით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უკანონოდ და დაუსაბუთებლად გაამართლეს იგი ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ნაწილში. სასამართლოს საეჭვოდ არ მიუჩნევია მოწმე გ. გ-ს თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენება, რომელმაც, თავის მხრივ, ასევე დაადასტურა, რომ ნ. მ-საგან, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ორჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილებიც – ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმები, მოწმეების: ბ. წ-სა და გ. ქ-ს ჩენებები, ქიმიური ექსპერტიზების დასკვნები და 2024 წლის 8 აპრილის ფარული საგამოძიებო ღონისძიების მასალები. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ნ. მ. ნარკოტიკებს ფლობდა და თავადვე აკონტროლებდა მათ გაყიდვას და ეს არის ყოფილა ერთი შემთხვევა. საყურადღებოა, რომ თავად მსჯავრდებულს არ გაუპროტესტებია გ. გ-ს მონათხრობი, სასამართლოში წარმოდგენილი, ნ. მ-ს მობილურ ტელეფონში არსებული შეტყობინებებისა და ფარული ჩანაწერების დროს ფიგურანტების საუბრების შინაარსი კი ასევე ადასტურებს, რომ 2024 წლის 4 და 8 აპრლის ნ. მ-მ ნამდვილად უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა ნარკოტიკული საშუალებები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილია მსჯავრდებულ ნ. მ-ს განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლოს პირველ რიგში აღნიშვნით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა – ნ---- მ-----–-–---–მა, 2024 წლის 4 და 8 აპრილს გ. გ-ს გადასცა ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა, ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალდების მხარე ნ. მ-ს ედავება, რომ მან ნარკოტიკული საშუალებები ორგზის მიასაღა გ. გ-ს, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებით, ნ. მ-ს ნარკოტიკული საშუალებები არ გაუსაღებია, არამედ დაეხმარა გ. გ-ს მათ შეძენაში.

3. ამდენად, მხარეები თანხმდებიან ნ. მ-ს მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს – 2024 წლის 4 და 8 აპრილს – გ. გ-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტზე, მაგრამ მათი პოზიციები განსხვავდება მსჯავრდებულის ქმედების – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის – კვალიფიკაციასთან მიმართებით. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების გ. გ-სათვის გადაცემით, ნ. მ-მ, ანაზღაურების სანაცვლოდ გაასაღა ისინი, ხოლო დაცვის მხარის პოზიციით, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის დროს, მსჯავრდებულს მათი რეალიზაციის მიზანი არ ჰქონია.

4. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად ქმნის ერთი პირის მიერ სხვა პირისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი (ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მიზნების, ვითარებისა და იმ ურთიერთობების მხედველობაში მიღების გარეშე, რომელიც წინ უსწრებს ნარკოტიკების გადაცემას) ,,a priori“, მისი უკანონო გასაღების შემადგენლობას, სასამართლომ საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია ნ. მ-ს და გ. გ-ს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის, ნარკოტიკული საშუალებების გადაცემამდე მათ შორის არსებული შეთანხმებისა და ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის პროცესში არსებული კომუნიკაციის შინაარსის დასადგენად და, შესაბამისად, დავის საგნად ქცეული – ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის – საკითხის გადასაწყვეტად (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის №817აპ-23 და 2023 წლის 2 ნოემბრის №589აპ-23 გადაწყვეტილებები).

5. მოწმე გ. გ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ტაქსის მძღოლია და მოიხმარდა ნარკოტიკს. 2024 წლის აპრილში გაიცნო ნ. მ., რომელმაც უთხრა, რომ ფული თუ ექნებოდა, ამფეტამინს აყიდვინებდა. ამის თაობაზე აცნობა სამართალდამცავებს. 2024 წლის 4 აპრილს, ნ. მ-ს გადაუხადა ოპერატიული თანა – 300 ლარი, რომლის სანაცვლოდ მსჯავრდებულმა გადასცა ნარკოტიკული საშუალება. აქედან 3-4 დღეში, კვლავ დაუკავშირდა ნ. მ-ს, რომლის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხა 420 ლარი. ვინაიდან პირველ ჯერზე ნარკოტიკი ეცოტავა, მსჯავრდებულმა უთხრა, რომ „ამჯერად კარგი იყო“. ნარკოტიკის ასაღებად მსჯავრდებულთან ერთად მივიდა კონკრეტულ ლოკაციაზე, თუმცა თავად მანქანიდან არ გადასულა, ნ. მ-მ აიღო ნარკოტიკი და მიუტანა მას. მისი თქმით, მსჯავრდებული, რას აკეთებდა და როგორ იძენდა ნარკოტიკს, მისთვის უცნობია, თუმცა დაადასტურა, რომ კონკრეტული ადგილიდან ნარკოტიკის აღებისას ნ. მ. რაიმე შენობაში არ შესულა. ამავდროულად, უარყო მსჯავრდებულთან ერთად ნარკოტიკის, მათ შორის, მარიხუანის მოხმარება.

6. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერით დგინდება, რომ 2024 წლის 8 აპრილს, 14:21:43 სთ-დან 14:23:05 სთ-მდე, ... მიმდებარედ, „..“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, გ. გ-მ ნ. მ-ს მიერ ტელეფონით მითითებულ – თ. მ-ს – ანგარიშზე ჩარიცხა 420 ლარი, ხოლო მოგვიანებით, 20:24:15 სთ-დან 20:25:05 სთ-მდე, გ. გ-ს ავტომანქანაში უჯდება ნ. მ., რომელიც ამბობს: „ – ვსიო“, სიწყნარეა...“ ამბობს „ – ეხლა ჩაასხი ჯერ ის...“ და ისე, რომ არ ასრულებს წინადადებას, პირიდან იღებს შავი პოლიეთილენში შეფუთულ პატარა, თხილის ზომის შეკვრას, ხელში აშრობს და აძლევს გ. გ-ს, რომელიც, თავის მხრივ, ართმევს და ხელში ათვალიერებს. ნ. მ-ი ეუბნება: „ – ჰა, არ არის ბერთალური?“ გ. გ. კი ისე, რომ არ ასრულებს წინადადებას: „ – აუ ბიჭო, რა...“ ქოქავს მანქანას. ნ. მ. ეუბნება: „ – ჩაასხი ჯერ თან. ჰა? რაში?“. გ. გ. აქრობს ძრავს და გადადიან მანქანიდან.

7. ნ. მ-ს მიერ გ. გ-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის მიზნების დასადგენად, გარდა იმისა, რომ თავად ბრალდების მოწმემაც დაადასტურა, რომ კონკრეტული ლოკაციებიდან ნარკოტიკული საშუალებების ასაღებად, საკუთარი ავტომანქანით მიიყვანა ნ. მ., რა დროსაც თავად ელოდებოდა ავტომანქანაში, მსჯავრდებული კი გადავიდა და მიუტანა მას ნარკოტიკები, ასევე – მეტად საყურადღებოა ნარკოტიკების გადაცემამდე ნ. მ-ს და გ. გ-ს შორის არსებული კომუნიკაცია, რომლის შინაარსი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უდავოდ ცხადყოფს, რომ გ. გ-სათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ნარკოტიკულ საშუალებას იგი ნ. მ-საგან კი არ ყიდულობდა, არამედ – მსჯავრდებული ეხმარებოდა მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში, კერძოდ: ნ. მ-საგან ამოღებული ტელეფონის დათვალიერებით ირკვევა მასსა და გ. გ-ს შორის მიმოწერის შინაარსი, რომელიც შეეხება სწორედ მტკიცების საგანს.

8. ასე, მაგალითად: გ. გ. ნარკოტიკული საშუალების გადაცემამდე ნ. მ-ს უგზავნის ხმოვან შეტყობინებებს: „ – თუ რამეს დაითრევ დღეს და მიშველი, რომ ვიმოძრაო, დანარჩენს მე დავითრევ, ოღონდ მე აღარ წამოვალ, ვსიო, არსად, ფულს ჩაგირიცხავ, თორემ დღეს ძალიან ცუდად ვარ...“. „ ... – კაროჩე, მიხედო საქმეს უცბად და მე დრო არ დავკარგო, გადაყარე შენთვის, როგორც არის და დანარჩენი რომ მომაწოდო.“ ნ. მ.: „ – ... 400 უნდა ფაქტს, ესე ღირს, მაგრამ ერთად წავიდეთ.“ „ – დაგეხმარები, თუ ასე გინდა.“ „ – ან ვისი გინდა, მითხარი, აგიღებ QR კოდს, ჩაურიცხავ, მთავარია, მე ნუ მატარებ, შენ მაინც დადიხარ, აღებაზე შეგეშველები, დარიცხე QR-ზე ან რავი ვინმეზე, გეტყვი.“ გ. .: „ – სად ხარ? მოგაწოდებ ფულს“, ნ. მ.: „ – არ მომაწოდო.“ გ. გ.: „ – შენც არ დაგტოვებ, მოგხედავ.“ ნ. მ.: „ – არ მინდა“. გ. გ.: „აბა რა ვქნა? ვერ გავიგე.“ ნ. მ.: „ – QR-თან მიდი ჩემთან მოსვლას და გეტყვი, როგორ ... გამოგიგზავნი და დაანახებ და მანდვე დარიცხავ, თუ არადა, არ მომაწოდო, ძაან მაგრად გთხოვ, QR-ს გეტყვი.“ გ. გ. „ – 430 ლარს სადმე დაგირიცხავ, შენ გაქვს ანგარიში? შენ ანგარიშზე დავრიცხავ თუ გინდა, სხვას ვერ ვენდობი ვერავის, ბიტკოინიც არ ვიცი, ჰოდა დაგირიცხავ მაგ ტაქსის ფულთან ერთად, მერე რო მოგვარდები, მოვალ, შეგხვდები და გამოგართმევ. თუ მოხდება ეგრე – მოვგვარდებით ეგრე, არ მოვგვარდებით და რა ვქნა ... ესენიც მე მეუბნებიან, სხვისი ფულია, იცი, როგორც ხდება? რა ვიცი მე, ვის ვენდო? სად დავრიცხო ფული? ბიტკოინიც არვიცი.“ ნ. მ.: „ – გ----, მეგობრულად დაგიდექი გვერდში, ბოლოს ეხლა რა, ერთადერთხელ მყავხარ ნანახი, მე ვის როგორ უნდა ვენდო? ისეთ ახლობელს და 8-წლიან მეგობარს აქვს გაკეთებული ისეთი რაღაც რო, რა ვიცი. ადამიანებში არ ვტყუი, მაგრამ მერე ისე შევცდი, ხო ხვდები? მე დაგეხმარე, ერთად წავედით მაშინ, მეგობრულად დაგეხმარე, ერთად ჩავრიცხეთ, ერთად ავიღეთ, დაინახე შენ თვითონ ყველაფერი, იცი ყველაფერი. ანუ მრიცხველთან მიდი, ჯობია და გზაც არ გაგიცდება. მე მეგობრულად დაგიდგები ყველანაირად გვერდში, არ არის პრობლემა ... მიდი ეხლა ბიტკოინთან, გეტყვი, აგიხსნი, როგორც ქნა და აი, რავი, მეტი რა ვიცი, ძაან გადარბენაზე ვარ მეც, მაგრამ გიდგები კიდე გვერდში.“ გ. გ.: „ – იმიტო მინდა შენი ნახვა, რომ ფული ერთად ჩავრიცხოთ, ფულსაც მოგცემ ტაქსისას, დიდი ხნითაც არ მათხოვებს მანქანას.“ ნ. მ.: „ – გამოგყვები, მე არაფერი მინდა... თუ გინდა QR-ს მოგცემ, მეტი მე არ შემიძლია.“ „ – კაი, მაშინ თუ მეცალა, დაგეხმარები“. გ. გ.: „ – ... რამდენი უნდა ზუსტად ფული, ეგ მითხარი, მაგისი გაყიდვა ან ჩაბარება მინდა, რამდენი შევკრა ფული, ზუსტად მითხარი...“ ნ.მ.: „ – მისმინე, ჩაურიცხე და დაგვახვედრებს.“ გ. გ.: „ – შენი მომწერე, შენ ჩაგირიცხავ და გადაურიცხე.“ ნ. მ.: „ – ბავშვისას მოგწერ ... ბანკი არის საქართველო.“ „ – აი, დადებს და ეგრევე, ჯერ იმათ არ აქვთ, დაიდება. არ იდარდო.“

9. ნ. მ-ს ტელეფონის გამოკვლევისას აღმჩენილია აპლიკაცია „ტელეგრამში“ არსებული, ნარკოტიკული საშუალებების შესაძენილი ბმულები, რომელთა მეშვეობით, როგორც მსჯავრდებულმა განმარტა, მითითებული QR კოდების საშუალებით, აპარატებიდან რიცხავდნენ საფასურს და იღებდნენ შეტყობინებას იმ მისამართების შესახებ, რომლებზეც განთავსებული იქნებოდა ნარკოტიკები.

10. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცების საპირწონედ, რომ ნ. მ-მ გ. გ-ს ორჯერ მიასაღა ნარკოტიკული საშუალება, სასამართლოში წარმოდგენილია ნ. მ-სა და გ. -ს სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი მასალა, რომელიც ნათლად ასახავს, რომ მსჯავრდებული გარკვევით ჰპირდება გ. გ-ს, რომ დაეხმარება ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. მეტიც, უხსნის, რომ ამას მისი დახმარების გარეშეც მარტივად შეძლებს, მაგრამ, გ. გ. იმის მომიზეზებით, რომ ვერ ერკვევა კრიპტოვალუტაში, ამასთან, მის გარდა ვერავის ენდობა, არაერთგზის სთხოვს მას ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას.

11. შესაბამისად, მოწმე გ. გ-ს ჩვენების გათვალისწინებით, რომ ნ. მ. იმთავითვე დაჰპირდა, რომ კი არ მიჰყიდდა, არამედ – აყიდინებდა ნარკოტიკს და, იმავდროულად, გ. გ-ს თავისი ავტომანქანით მიჰყავდა მსჯავრდებული კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც ავტომანქანიდან გადადიოდა ნ. მ. და მიჰქონდა მისთვის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც, მანამდე თან არ ჰქონია; მსჯავრდებულისა და ბრალდების მოწმის სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ გ. გ. ნ. მ-ს დაჟინებით სთხოვდა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას, ვინაიდან, მისი თქმით, სხვას ვერავის ენდობოდა და, ამავდროულად, კარგად ვერ ერკვეოდა კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებაში – საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გ. გ-ს თანხით შეძენილი ნარკოტიკების მისთვის გადაცემით ნ. მ-ს მისთვის ნარკოტიკული საშუალება არ მიუსაღებია.

12. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული დასკვნისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ-მ 2024 წლის 4 და 8 აპრილს ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც სამართლებრივად არასწორია, რამეთუ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის კვალდაკვალაც ცხადად იკითხება, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია არა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, არამედ – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში დახმარება, ჩადენილი არაერთგზის, შესაბამისად, ნ. მ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ნ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. ნ. მ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ორი მესამედით და განესაზღვროს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ნ. მ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს ორი მესამედით და განესაზღვროს – 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და განესაზღვროს – 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ნ. მ-ს განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2024 წლის 8 მაისიდან;

9. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით –საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 15 წლით;

10. სხვა ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი