საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123006981789
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №741აპ-25 ქ. თბილისი
დ–ე ი., 741აპ-25 22 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. დ–ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 22 დეკემბერს, ღამის საათებში, თ–ში, .... მე–.. კვარტლის №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. დ–ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანნაქონი დანის გამოყენებით, გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მუცლის მიდამოსა და მარჯვენა ბარძაყის გარე ზედაპირზე, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ. კ–ს. აღნიშნულმა ქმედებამ გ. კ–ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის განაჩენით ი. დ–ე, – დაბადებული ... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 2 (ორი) თვისა და 13 (ცამეტი) დღის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ი. დ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.
ი. დ–ეს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა 2022 წლის 23 დეკემბრიდან - 2022 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.
ი. დ–ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა მოვალეობა – პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად – კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კაპანაძემ და მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ–მა.
ü პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ი. დ–ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ü მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. დ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენით: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კაპანაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ლ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის განაჩენში, კერძოდ:
ი. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარი.
ი. დ–ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2022 წლის 23 დეკემბრიდან 2022 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
ჯარიმის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ი. დ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა – 3 000 (სამი ათასი) ლარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ი. დ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარის პოზიციით, ი. დ–ე არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში; ი. დ–ეს მასზე ფიზიკურად ძლიერი გ. კ–ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, მან მოულოდნელად დაარტყა ხელი, დააგდო ძირს, ზემოდან გადააჯდა და დაუწყო ცემა; მსჯავრდებული კი მხოლოდ თავს იცავდა მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან; ი. დ–ეს შემთხვევის ადგილზე დანა არ ჰქონია, არამედ – იგი თავს იცავდა იმ დაუდგენელი აღწერილობის ნივთით, რაც შემთხვევით ხელში მოხვდა; მსჯავრდებულს სახეზე ჰქონდა ჭრილობა, ხოლო დალურჯებებისა და ჭრილობების სიმცირე არ გამორიცხავს მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს; დაზარალებულ გ. კ–ის ჩვენება არასანდო და არადამაჯერებელია; შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა არასრულყოფილად; დაცვის მხარის მოწმის – გ. გ–ის ჩვენებითაც დასტურდება, რომ მსჯავრდებული თავს იცავდა.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების (დაცვის მხარის მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოსურათებითა და ლაზერული დისკით) დასაშვებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ–ის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და უკანონოდ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ი. დ–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ ი. დ–ემ ნამდვილად მიაყენა დაზიანებები გ. კ–ს, თუმცა დაცვის მხარის პოზიციით, აღნიშნული განპირობებული იყო თავად დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. ი. დ–ეს, მასზე ფიზიკურად ძლიერი გ. კ–ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, მან მოულოდნელად დაარტყა ხელი, დააგდო ძირს, ზემოდან გადააჯდა და დაუწყო ცემა. მსჯავრდებული კი მხოლოდ თავს იცავდა თავდამსხმელისგან. შესაბამისად, ი. დ–ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ იკვეთება მსჯავრდებულ ი. დ–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა“. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან დაკავშირებული ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა: კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასა და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული. ეს გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისათვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ არსებობს აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს. შესაბამისად, „სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო, აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).
14. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ თავდაპირველად კონფლიქტი ს. თ–სა და ა. ლ–ს შორის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაიწყო. მოგვიანებით, ე.წ. ვითარების გასარკვევად, მხარეები სატელეფონო საუბრისას, შეთანხმებისამებრ, ერთმანეთს შეხვდნენ ......ას მე-.. კვარტალში – ა. ლ–ს საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრის ინიციატორი იყო ს. თ–ი, ხოლო ადგილი შეარჩია ა. ლ–ემ. ს. თ–ს თან ახლდა გ. კ–ი და ს. კ–ი, ხოლო ა. ლ–ს – სულ მცირე, ხუთი პირი, მათ შორის ერთ-ერთი იყო – მსჯავრდებული ი. დ–ე. როგორც თვითონ მსჯავრდებულ ი. დ–ის, ისე სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ცალსახად დასტურდება, რომ დაპირისპირებული ორივე მხარე და მათი თანმხლები პირები ინფორმირებულნი იყვნენ მხარეთა შორის შექმნილ სიტუაციასა და შესაძლო მოსალოდნელ კონფლიქტზე. შესაბამისად, როგორც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, ორივე მხარისათვის კარგად იყო ცნობილი შეკრების მიზეზი, კერძოდ, ის, რომ მხარეთა მეორე შეხვედრა უკვე წინდაწინ იყო დაგეგმილი და ისინი იკრიბებოდნენ თავდაპირველი კონფლიქტის გამო წარმოქმნილი უთანხმოების გარკვევის მიზნით. მართალია, საწყის კონფლიქტში ი. დ–ე არ მონაწილეობდა, მაგრამ მეორე კონფლიქტის ერთ-ერთი უშუალო და ძირითადი ფიგურანტი სწორედ ის იყო.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ გ. კ–ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია შემდეგი: 2022 წლის 22 დეკემბერს, შუადღის საათებში მამის ავტომანქანით წავიდა .... უნივერსიტეტში. ლექციების დასრულების შემდეგ უნდა ენახა – ძმა ს. კ–ი და ს. თ–ი. მათ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეხვდა და გაემართნენ ავტოსადგომის მიმართულებით. გზაში მოესმათ ხმაური. მისმა ძმამ და ს. თ–მა ამოიცნეს ერთ-ერთი პირი, რომელიც ხმაურობდა. წავიდნენ ხმაურის მიმართულებით, იქ კი, დახვდათ რამდენიმე პირი, მათ შორის იყო ს. თ–ის და ს. კ–ის კურსელი. ა. ლ–ემ მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ა. ლ–ემ ს. კ–ის კურსელს უთხრა, რომ სასაფლაოზე აიყვანდა და გაუსწორდებოდა. შემდეგ წავიდა ავტომანქანის გადმოსაყვანად. წამოსვლამდე ს. თ–მა და ა. ლ–ემ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ს. თ–ს ლ–მ უთხრა, რომ მოგვიანებით ნახავდა. ყველაფერი რომ დასრულდა, წავიდნენ სახლისკენ. ს. თ–მა გზაში დაურეკა იქ მყოფ ერთ-ერთ პირს იმის გასარკვევად, არჩილს რაიმე სათქმელი ხომ არ ჰქონდა მათთვის. უპასუხეს, რომ ლ–ე საჭესთან იჯდა და ვერ დაელაპარაკებოდა. ს. თ–ი დატოვეს ა–ს ქუჩაზე. იგი ძმასთან ერთად წავიდა სახლში გამოსაცვლელად. გამოიცვალეს და ავტომანქანით მივიდნენ ა–ს ქუჩაზე. ს. თ–ის ტელეფონზე შემოვიდა ა. ლ–ისგან ზარი. ა. ლ–ემ ისინი დაიბარა თავის მისამართზე. დაახლოებით, ორმოცი წუთი დასჭირდათ .....ას მე-.. კვარტალში მისასვლელად, რადგან ადვილად ვერ მიაგნეს. ა. ლ–ის გარდა დახვდათ ოთხი უცნობი პირი. მიესალმნენ ერთმანეთს და ხელი ჩამოართვეს. საუბარი მიმდინარეობდა მეგობრულ ფორმატში. საუბრისას ერთ-ერთმა მისთვის უცნობმა პირმა (ი. დ–ემ) ფეხები შემოაწყო მაგიდაზე, ს. თ–ის ცხვირწინ, რის გამოც ს–მ შენიშვნა მისცა და სთხოვა ფეხების ჩამოწევა. ი. დ–ემ შენიშვნა არ მიიღო და დამცინავად უპასუხა რომ ,,ბატონი ი–თ” მიემართა მისთვის და მერე ჩამოწევდა. ს. თ–ს ეს დამოკიდებულება არ მოეწონა, კონფლიქტი რომ აერიდებინა თავიდან, თქვა, რომ იქ ესაუბრათ, სადაც თავს შეურაცხყოფილად არ იგრძნობდა. ფანჩატურიდან, დაახლოებით, თხუთმეტი მეტრის მოშორებით გამოვიდნენ. მოთხოვნა იყო, რომ ის პირი, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა მათ უნდა დარჩენილიყო ფანჩატურში. ს. თ–მა განაგრძო საუბარი. თავად იდგა მარჯვნივ, ხოლო ს. თ–ის მარჯვნივ იდგა ს. კ–ი. საუბრის დროს ი. დ–ე გამოვიდა ფანჩატურიდან და მათგან დაახლოებით ხუთი მეტრის მანძილზე ბოლთას სცემდა. მაშინ შენიშნა, რომ ი. დ–ემ შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო მუქი ფერის დანა, ხელში აათამაშა და ჩაიდო მარცხენა ჯიბეში. დანა იყო დაკეცილი, დაახლოებით შვიდი-რვა სანტიმეტრი სიგრძის. დანის ტარიც და პირიც მუქი, ხოლო ბასრი ნაწილი – პრიალა იყო. ადგილზე საკმაოდ კარგი განათება იყო და დანის ამოღება შენიშნა. დაზარალებული ი. დ–ეს თვალს არ აშორებდა, რადგან არ იცოდა რას მოიმოქმედებდა დანით. ი–ი დადიოდა და ბოლთას სცემდა. თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა, ატყდა ყვირილი და ი. დ–ემ მარცხენა ჯიბიდან ამოიღო მუქი ფერის დანა, რომელიც გაშალა და გაიწია ს. თ–ისკენ. გაშლილი დანა იყო 15-16 სანტიმეტრის. ი. დ–ემ დანა მოიქნია ჩაკუზული ს. თ–ის მიმართულებით. მან ხელი ჰკრა ი–ი ი–ის. თავდაპირველად ეგონა, რომ ს. თ–ს მოხვდა დანა, რადგან კეფასთან ძალიან ახლოს ჩაუარა. შემდეგ გაიგო, რომ ს. თ–ს ქურთუკი ჰქონდა გახეული. მის უკან იდგნენ ს. კ–ი და ს. თ–ი. დაზარალებული ცდილობდა ი. დ–ე არ გაეშვა მათი მიმართულებით და როგორც შეეძლო ისე აკავებდა. ამის შემდეგ ი. დ–ემ გაშლილი დანით მისკენ გაიწია. დაზარალებული ერთი ხელით ცდილობდა, რომ დანა დაეჭირა, ხოლო მეორე – მოგერიების მიზნით დაარტყა ი. დ–ეს ტუჩის არეში. გ. კ–მა ი. დ–ეს დანიანი ხელი ვერ დაუჭირა, მოხვდა მუცლის არეში და გაეხა ქამარი. ამის შემდეგ ისევ სცადა ი–ისთვის წიხლის ჩარტყმით დისტანციის დაჭერა. წიხლი მოხვდა ი. დ–ეს და თავადაც უკან დაიწია. ი. დ–ე გაიქცა მისი მიმართულებით, ფეხებში ეცა და დანა დაარტყა მარჯვენა ბარძაყში. ამ დროს ი–ი იდგა ცალ მუხლზე. მუხლით ცდილობდა მსჯავრდებულის თავიდან მოშორებას, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ი. დ–ემ დანა გაიქნია მისი მიმართულებით, რომელიც მსუბუქად მოხვდა ფერდის არეში. კონფლიქტის დროს გ. კ–მა ერთხელ დაიყვირა, რომ დარსაველიძეს დანა ჰქონდა. ს. თ–მა როდესაც დაინახა ეს ყველაფერი, დაიყვირა, რომ გიორგი დაჭრილი იყო. ყვირილზე ყველა გაიქცა. წავიდნენ მანქანისკენ და შეამჩნია, რომ ძალიან ბევრ სისხლს ჰკარგავდა. დაზარალებულის ძმამ ქამარი მოიხსნა და ფეხზე გადაუჭირა. ს. თ–მა დაიყვირა, მობრუნდით, ვინმემ სასწრაფოში დარეკეთო. ამის შემდეგ მობრუნდა ა. ლ–ე და მისი ძმა. ჯერ პოლიცია მივიდა, შემდეგ სასწრაფო. შემდეგ გონება დაკარგა, როდესაც გაიღვიძა უკვე საავადმყოფოში იყო. მოგვიანებით, ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო ი. დ–ე. დაზარალებულის განმარტებით, ი. დ–ემ სასიკვდილოდ გაიმეტა, ამ ფაქტის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია მასთან, მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა ადვოკატი, რომელმაც უარი განაცხადა მათთან სახლში მისვლაზე. დაზარალებულმა გ. კ–მა ასევე განაცხადა, რომ წინააღმდეგია ი. დ–ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი და, სასჯელთან დაკავშირებით, სასამართლოს მიანდო გადაწყვეტილების მიღება.
16. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ბრალდების მოწმეებმა, შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა და დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა – ს. თ–მა და ს. კ–მა, იმ განსხვავებით, რომ მათ უშუალოდ არ დაუნახავთ გ. კ–ისა და ი. დ–ის ფიზიკური დაპირისპირება და დაზარალებულის დაჭრის მომენტი, თუმცა არცერთი მათგანის ჩვენებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს ხელში ეჭირა დანის მსგავსი საგანი, ასევე დადასტურებულია მოწმე კ. ლ–ის ჩვენებითაც. ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მოწმის – გ. გ–ის ჩვენება, რომლის განმარტებით, დაზარალებულმა ძირს დააგდო მსჯავრდებული და ხელებს ურტყამდა.
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ დაზარალებულმა გ. კ–მა სასამართლოში მოწმის სახის დაკითხვისას თანმიმდევრულად, არაორაზროვნად და დამაჯერებლად გადმოსცემდა შემთხვევის დღეს განვითარებული ფაქტობრივი გარემოებები. გ. კ–ის ჩვენება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არის სრულად თანხვდენილი საქმის სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, მოწმეების – ს. თ–ისა და ს. კ–ის ჩვენებებს და რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და შეუსაბამობები მათ ჩვენებებში არ იკვეთება. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულის მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. ამდენად, დაზარალებულის ჩვენება სრულად აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც, არ არსებობს მის მიმართ უნდობლობის საფუძველი.
18. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დეტალურად განიხილა და შეაფასა აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ელემენტები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ვინაიდან დაზარალებული გ. კ–ი თავს არ დასხმია მსჯავრდებულს, შესაბამისად ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას და, ამდენად, ი. დ–ის ქმედება უკიდურესობით არ იყო გამოწვეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
19. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის იმ საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების (დაცვის მხარის მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოსურათებითა და ლაზერული დისკით) დასაშვებად ცნობის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონიერად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ი. დ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
21. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
22 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე