საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.12.2025
საქმის ნომერი
2კ-614აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №614აპ-25 ქ. თბილისი

კ. ნ., 614აპ-25 3 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. მენთეშაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. კ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. კ-ას, -, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2022 წლის 17 ივლისს, ბ-ში, ტ. ა-ის ქუჩის N--ში ჰიპერმარკეტ „კ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ნ. კ-ა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ. ა-ის კუთვნილ ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო მ. ა-ის კუთვნილი „აიფონ XR-ის “ფირმის მობილური ტელეფონი, თანხა – 200 ლარი, პასპორტები და პლასტიკური ბარათები. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ნ. კ-ამ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

1.2. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ნ. კ-ამ 2022 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 05:20 საათზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია, ბ-ში, შ. ხ-ის ქუჩის N--ში მდებარე ბურგერ ბარ “ს. ე-ში“, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხას – 195 ლარს და 50 თეთრს, რამაც გამოიწვია მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ნ. კ-ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

1.3. 2022 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 05:32 საათზე, ბ-ში, ტ. ა-ის ქუჩის --ში მდებარე აფთიაქ „ფ-ში“, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ნ. კ-ა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად, ცდილობდა უკანონოდ შეეღწია და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებოდა თანხას, თუმცა განზრახვა სისრულეში არ იქნა მოყვანილი, ვინაიდან ვერ შესძლეს საკეტის გახსნა;

1.3.1. აღნიშნული ქმედებით ნ. კ-ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით:

2.1. ნ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. ნ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

2.3. ნ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

2.4. ნ. კ-ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 21 ივლისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ მოითხოვა ნ. კ-ას მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.2. მსჯავრდებულ ნ. კ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ა-მ მოითხოვა ნ. კ-ას უდანაშაულოდ ცნობა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. ნ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში;

4.2. ნ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

4.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნ. კ-ას ერთი მეექვსედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით;

4.3. მსჯავრდებულ ნ. კ-ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 21 ივლისიდან.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ. მენთეშაშვილი ითხოვს ნ. კ-ას მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

5.2. მსჯავრდებული ნ. კ-ა ითხოვს სრულად გამართლებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ნ. კ-ას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას. ასევე – უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – ნ. კ-ას სრულად გამართლებას.

8. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ა. მ-ემ, ერთი მხრივ, დაადასტურა, რომ 2022 წლის 6 ივნისს, დილის საათებში, ბურგერ ბარ „ს-ში“ ჩაიდინა ქურდობა, თანმხლებ პირთან ერთად (რომლის ვინაობა ზუსტად არ იცის, თუმცა შეუძლია „სახეზე“ ამოიცნოს). აღნიშნულის შემდეგ, იმავე პირთან ერთად, მოტოციკლით წავიდა ტ. ა-ის ქუჩაზე, სადაც თვითონ ცდილობდა აფთიაქის გაქურდვას (გააფუჭა აფთიაქის ბოქლომი, შემდეგ – კარი, თუმცა შიგნით ვერ შევიდა, რადგან ჩაირთო სიგნალიზაცია), ხოლო თანმხლები პირი იდგა/ელოდებოდა მოშორებით, თუმცა სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ ერთად წავიდნენ ხსენებული ქუჩიდან, მეორე მხრივ, გამორიცხა ნ. კ-ასთან ერთად სადავო დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული სახელი „ნ.“ უკარნახა თავად გამომძიებელმა, თავად აღნიშნული სახელი არ უხსენებია, – გამომძიებელს უთხრა, რომ არ იცოდა მისი თანმხლები პირის სახელი. ქურდობაში მონაწილე მისი თანმხლები პირი გაიცნო ქურდობის დღესვე მისი საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს და თავად შესთავაზა თანხმლებ პირს ქურდობის ჩადენა, რაზეც იგი დასთანხმდა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩართული პირი – ნ. კ-ა – ნამდვილად არ იყო ის პირი, რომელიც ახლდა მას 2022 წლის 6 ივნისს ქურდობისა და ქურდობის მცდელობის დროს; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება (მხოლოდ ვიზუალური აღქმის საფუძველზე, სათანადო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის –სპეციალური ცოდნის/პროგრამული უზრუნველყოფის/კვლევის გარეშე); ნ. კ-ა არ აღიარებს დანაშაულების ჩადენას; ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, გარდა ორი გამომძიებლის ჩვენებებისა (კერძოდ, მოწმე გ. დ-ემ რესტორან „ე-ის“ გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით (სადაც ასახულია აფთიაქში ქურდობის მცდელობის ფაქტი) განმარტა, რომ მართლია ვიდეოჩანაწერში არ ჩანს პირთა სახეები, თუმცა მისთვის მარტივად იყო შესაძლებელი, მათ შორის, ნ. კ-ას ამოცნობა და იდენტიფიცირება, რადგან ნ. კ-ას მიმართ მიმდინარეობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე და მასთან ჰქონდა სამსახურებრივი კავშირი, ასევე იგი არაერთხელ შეხვედრია ქუჩაში, ვინაიდან იგი ცხოვრობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე, შესაბამისად, კარგად იცის მათი აღნაგობა, მოძრაობის მანერა და სხვა მახასიათებლები; მოწმე მ. ბ-მ (დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი) ბ. ბარის ვიდეოკამერების ჩანაწერთან დაკავშირებით, განმარტა, რომ შენობაში პირველად შედის ნ. კ-ა, რომელთანაც არაერთხელ ჰქონია შეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, მათ შორის, ნანახი ჰყავს სწორედ იმ წითელი ფერის დუტის ჟილეტით, რომელიც ბ. ბარის ქურდობის დროს აცვია კადრში პირს).

10. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის №505აპ-21 განაჩენი). საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის N229აპ-22 განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის N1294აპ-22 და 2023 წლის 3 მაისის N113აპ-23 განჩინებები).

10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აფთიაქის ქურდობის მცდელობისა და ბ. ბარის ქურდობის ეპიზოდებთან მიმართებით გამოძიება ჩატარდა არასრულად. მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევაში, დანაშაული ჩადენილია აფთიაქის შესასვლელთან, რომელიც მდებარეობს დასახლებულ ქუჩაში, ხოლო მეორე შემთხვევაში – ბარში, რომელიც ასევე დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომლებიც არაინფორმაციულია სადავო გარემოებასთან – არის თუ არა კადრში გამოსახული პირი ნ. კ-ა – მიმართებით; გამოძიების ფარგლებში არ დაინიშნა რიგი ექსპერტიზები, მათ შორის, მაგალითად, ჰაბიტოსკოპიური, რის გამოც, დაუდგენელი დარჩა, შესაბამისი კვლევის/ექსპერტიზის შედეგად, შეძლებდა თუ არა ექსპერტი კადრში ასახული პირის იდენტიფიცირებას; ასევე ბურგერ ბარის შემთხვევაში – იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეოჩანაწერის თანახმად, კადრში ასახული ორი პირი შემთხვევის ადგილს ტოვებს 2022 წლის 6 ივნისის 05:22 საათზე და აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ ,,112-ში” შეტყობინება შევიდა იმავე დღის 09:20 საათზე, შემთხვევის ადგილი დათვალიერდა მხოლოდ – 13:50-14:20 საათების შუალედში. ამასთან, არ განხორციელდა ყველა პოტენციური მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დანაშაულის ადგილი იყო დახურული სივრცე (დაკეტილი ბარი, სადაც დანაშაულის დროიდან, დანაშაულის შეტყობინებამდე პერიოდში არ იმყოფებოდა სხვა პირი/პირები) და დროული რეაგირების პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება).

10.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

11. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ნ. კ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

12. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის მტკიცებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ნ. კ-ას უდანაშაულობის თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ: სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ჩადენა; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულისა და მისი თანმხლები პირების მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენება, ხოლო მათ მიერ სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით ჩართული ნ. კ-ას ამოცნობა ბადებს ეჭვებს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ჰქონიათ რაიმე სახის ურთიერთობა/ნაცნობობა ნ. კ-ასთან.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის (გამოძიების სტადიაზე როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი, თუ იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს), ასევე – საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის (თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ მოწმე ს-ში არ იმყოფება და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს) და იმ გარემოებას, რომ მოწმეები: ფ. ა., მ. ა., ლ. ა., და ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმეები: ს. ა-ი, ლ. გ. და დაზარალებული მ. ა-ი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქმის არსებითი განხილვის დროისათვის აღარ იმყოფებოდნენ ს-ში. ამასთან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა აღნიშნულ პირებთან დაკავშირება.

13. დაზარალებულ მ. ა-ის მიერ საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას მიცემული ჩვენების თანახმად, 2022 წლის 17 ივლისს ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ჰიპერმარკეტ „კ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. გაიგო მოტოციკლის ხმა, რომელზეც იჯდა 2 პირი და რომელმაც ნელ-ნელა ჩაუარა მათ. მოტოციკლზე უკან მჯდომი გადმოვიდა და წავიდა მისკენ, მიახლოებისას ათვალიერებდა ყურადღებით, თავადაც უყურებდა, თანმხლებ პირებთან ერთად. შემდეგ აღნიშნული პირი წავიდა და თავადაც აღარ აქცევდა ყურადღებას, რადგან არ უფიქრია, რომ შეიძლებოდა, მისთვის რაიმე წაერთმია, თუმცა მალევე კვლავ მიუახლოვდა, რა დროსაც დაინახა, რომ აღნიშნულმა პირმა მაგიდაზე დადებულ მის ჩანთას მოჰკიდა ხელი. რის შემდეგაც, კვლავ უკან დაუჯდა მოტოციკლზე მჯდომ პირს და ერთად წავიდნენ. მ. ა-მა დაიწყო ყვირილი – ითხოვდა დახმარებას. პირს, რომელიც მართავდა მოტოციკლს, ჰქონდა შავი გრძელი თმა, ცოტა გრძელი და წვერიანი სახე, ეცვა წითელი მაისური. დაზარალებულმა მიუთითა დისტანციურად ჩართულ პირზე – ნ. კ-აზე – და განმარტა, რომ სწორედ ნ. კ-ა არის ის პირი, ვინც მართავდა მოტოციკლს.

13.1. საქმის არსებითი განხილვისას, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნდა მოწმე ს. ა-ის მიერ საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2022 წლის 17 ივლისს ოჯახსა და სხვა პირებთან ერთად, ჰიპერმარკეტ „კ-ის“ ტერიტორიაზე დასხდნენ კაფეტერიაში (ყავის დასალევი ადგილი), კერძოდ, მისი და, მეუღლე – მ. ა-ი (დაზარალებული) და მომვლელი დასხდნენ მაგიდასთან. თავად, მის მეორე დასთან ერთად, გავიდა იქვე მდებარე ბანკომატთან ფულის ასაღებად. სწორედ ამ დროს გაიგო მოტორის ძლიერი ხმა, დაინახა, რომ ტერიტორიაზე შევარდა და ნელი ტემპით გავიდა მოტოციკლი, რასაც ყველამ ყურადღება მიაქცია. მოტოციკლზე მჯდომი პირი გაკვირვებული იყურებოდა მათი მიმართულებით. შესაბამისად, თავადაც დაინტერესდა, თუ რატომ უყურებდა მათ უცნობი. მეორედ მიბრუნებისას უცნობი დაახტა ჩანთას და გაიქცა. ს. ა-ი გაეკიდა, თუმცა აღნიშნული პირი მოტოციკლზე შემოუჯდა იმავე პირს და წავიდნენ. მოწმემ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართული ნ. კ-ა იყო მოტოციკლის მძღოლი.

13.2. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ლ. გ-ომ (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით არსებით სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მაგისტრატ მოსამართლის წინაშე, საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მიცემული ჩვენება). კერძოდ, მოწმემ, მათ შორის, მიუთითა, რომ მოტოციკლზე თავდაპირველად იჯდა ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთმა აიღო მ. ა-ის ჩანთა. მოტოციკლს მართავდა სასამართლო სხდომაში დისტანციურად ჩართული ნ. კ-ა.

13.3. დაზარალებულმა და აღნიშნულმა მოწმეებმა მიუთითეს არამხოლოდ ნ. კ-აზე, როგორც სადავო დანაშაულის ჩამდენ პირზე, არამედ – ა. დ-ზე, როგორც იმ პირზე, რომელიც ნ. კ-ასთან ერთად მივიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც თავად იყვნენ და ჩანთის გატაცების შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი მოტოციკლით.

13.4. ა. დ-ემ ჩვენებაში მიუთითა, რომ მას არ ახსოვს, რამდენი ხანია იცნობს ნ. კ-ას, თუმცა დაადასტურა, რომ სწორედ ნ. კ-ასთან ერთად მივიდა ჰიპერმარკეტ „კ-ის“ ტერიტორიაზე. მათ ერთად ჩაუარეს უცხოელებს მოპედით, რის შემდეგაც ნ. კ-ას, რომელმაც შეანელა მოპედი, გამოართვა ქუდი, გადმოვიდა მოპედიდან და უცხოელებს წაართვა ჩანთა. მალევე, ა. დ. დაბრუნდა ნ. კ-ასთან და მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი.

13.4.1. ა. დ-ის ჩვენების შეფასებისას, სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, mutatis utandis იმ უპირატესობას, რომელსაც თანამონაწილე იძენს მის მიერ მიცემული მტკიცებულებების სანაცვლოდ (იხ. Erdem v. Germany, no. 38321/97, 9/12/1999), ასევე იმ გარემოებას, რომ ნ. კ-ას მსჯავრდება ა. დ-ის ჩვენების გარდა ემყარება დაზარალებულის და თვითმხილველი მოწმეების პირდაპირ მამხილებელ ჩვენებებს, ამოცნობის ოქმებს და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მამხილებელ მტკიცებულებებს. დაცვის მხარე არ იყო შეზღუდული მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ პირთა (მაგისტრატი მოსამართლის წინაშე) დაკითხვაში და დაესვა მათთვის სასურველი შეკითხვები (ტ. N2; ს.ფ. 194-211). ამასთან, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა – საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში, ჯვარედინად დაეკითხა ა. დ., რომლის მამხილებელი ჩვენება არ ყოფილა არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მტკიცებულება ნ. კ-ას მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის N965აპ-24 განჩინება).

13.5. 2022 წლის 18 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების თანახმად, ს. ა-მა, მ. ა-მა და ლ. გ-ომ ამოიცნეს ფოტოზე გამოსახული – ნ. კ-ა – პირი და განმარტეს, რომ იგი არის სწორედ ის პირი, რომელმაც 2022 წლის 17 ივლისს მოპედით ნელი სვლით ჩაუარა და უყურებდა მათ, ხოლო მას შემდეგ, რაც მისმა თანმხლებმა პირმა მ. ა-ს (დაზარალებულს) გასტაცა ხელჩანთა, მოპედით დატოვა (ერთად დატოვეს) შემთხვევის ადგილი. ამასთან, აღნიშნული პირი (ნ. კ-ა) ხელით ანიშნებდა თანმხლებს, რომ ჩქარა წასულიყო, ხოლო როდესაც მივიდა მასთან და მოპედზე შემოუჯდა უკან, დაძრა მოპედი და წავიდა.

13.5.1. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება დაზარალებულის ან/და თვითმხილველი მოწმეების მიკერძოებული დამოკიდებულება მსჯავრდებულის მიმართ. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენების სანდოობაში დაეჭვების საფუძველი; მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, ა. დ-ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა სადავო დანაშაულის ნ. კ-ასთან ერთად ჩადენა.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, par. 69, ECtHR, 18/06/2021; Lisica v. Croatia, no. 20100/06, par. 49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, paras.162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, paras. 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, paras. 56-58, ECtHR, 14/09/2019).

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ნ. კ-ას მტკიცებას, რომ მას არ ჩაუდენია მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – დანაშაული.

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. მენთეშაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. კ-ას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე