საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006268268
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №843აპ-25 ქ. თბილისი
მ. დ., 843აპ-25 15 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. დ. მ-მ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია); ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და იარაღის გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით; განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისთვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);
1.2. კ. მ-მ ჩაიდინა: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა და იარაღის გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით; დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ე.ი. ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
1.3. გ. მ-მ ჩაიდინა: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით; დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ე.ი. ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2.1. დ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო კ. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:
ü კ. მ. წარსულში არსებული წყენისა და უსიამოვნებების გამო, უარყოფითად იყო განწყობილი თავისი ნათესავის, დეიდაშვილის შვილის − კ. მ-ს მიმართ და სურდა მისი დასჯა. კ. მ-ს ცემის მიზნით, კ. მ-მ ორგანიზება გაუკეთა დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებას. კერძოდ, 2022 წლის 17 ივნისს .. დასახლებაში დაუკავშირდა ამავე დასახლებაში მცხოვრებ თავის ახლო მეგობარ დ. მ-ს და ნაცნობ შ. ჭ-ს და სთხოვა დახმარება. თანხმობის მიღების შემდეგ, იგი ასევე დაუკავშირდა თავის ახლო მეგობარ გ. მ-ს და სთხოვა, თითქოსდა, თავისი ნაცნობისგან ვალის გამორთმევის მიზნით, მისი მანქანით, მათი ტრანსპორტირება ა-ს დასახლებიდან გ-ს მიმართულებით და უკან. 2022 წლის 17 ივნისს, საღამოს საათებში, კ. მ-ს მიერ ორგანიზებული ჯგუფის წევრები: თავად კ. მ., დ. მ. და შ. ჭ. შეიკრიბნენ კ. მ-ს საცხოვრებელ სახლში, ..., სადაც კ. მ-მ დ. მ-ს და შ. ჭ-ს გადასცა გასაშლელი ხელკეტი, პირბადეები და მუქი ფერის კაპიუშონიანი ზედა ჩასაცმელი. შემდეგ, კ. მ-მ დაურეკა გ. მ-ს და სთხოვა მასთან მისვლა ავტომობილით. 2022 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ. მ. თავისი „მერსედესის“ მოდელის, სახელმწიფო ნომრით ..., ავტომობილით მივიდა კ. მ-ს სახლთან. კ. მ., დ. მ. და შ. ჭ. ჩასხდნენ გ. მ-ს ავტომობილში და ჯერ გაიარეს დ. მ-ს სახლში, სადაც დ. მ-მა აიღო დიდი ზომის დანა და გამოიცვალა ტანსაცმელი, რის შემდეგაც, ყველა ერთად წავიდა ... მიმართულებით.
2022 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, გ. მ-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრები კ. მ-ს მითითებით მიიყვანა კ. მ-ს საცხოვრებელ ბინასთან, ... მიმდებარე ტერიტორიაზე და მანქანა გააჩერა კორპუსთან ახლოს. შ. ჭ-მ და დ. მ-მა სახეზე გაიკეთეს სამედიცინო პირბადეები, შ. ჭ-მა აიღო კ. მ-ს მიერ მიცემული გასაშლელი ხელკეტი და დანით შეიარაღებულ დ. მ-თან ერთად, გადავიდა ავტომობილიდან.
კ. მ-მ დ. მ-სა და შ. ჭ-ს დაანახა კ. მ-ს ბინა, ავტოფარეხი და სავარაუდო ადგილები, სადაც შეიძლება ყოფილიყო კ. მ. და გააგზავნა ისინი, ხოლო თავად და გ. მ. დარჩნენ ავტომობილში. დაახლოებით, თხუთმეტი წუთში დ. მ. და შ. ჭ. დაბრუნდნენ მანქანასთან და კ. მ-ს უთხრეს, რომ ეზოში ვერ ნახეს კ. მ.. აღნიშნულის შემდეგ, კ. მ-მ თავის კუთვნილ ტელეფონში გახსნა კ. მ-ს სურათი და აჩვენა დ. მ-სა და შ. ჭ-ს. ამასთან, ტელეფონში აჩვენა კ. მ-ს ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ წაეღოთ ტელეფონი, ვინმე შემხვედრი პირის ტელეფონიდან დაერეკათ კ. მ-ს ტელეფონის ნომერზე, ჩაეტყუებინათ ეზოში და ეცემათ.
დ. მ-მა კ. მ-ს გამოართვა ტელეფონი და შ. ჭ-თან ერთად, კვლავ შევიდა ეზოში. შემხვედრი პირის მობილური ტელეფონის ნომრიდან დაურეკა კ. მ-ს და უთხრა, რომ ჰქონდა საქმე და ელოდებოდა ეზოში. დაახლოებით 15 წუთში კ. მ. ჩავიდა ეზოში, სადაც შეხვდა დ. მ-სა და შ. ჭ-ს. დ. მ-მ ისე, რომ საერთოდ არაფერი უთქვამს, დაარტყა კ. მ-ს და დაიწყო მისი ცემა. კ. მ-ს ცემაში ასევე ჩაერთო შ. ჭ. დ. მ-მა და შ. ჭ-მა სცემეს კ. მ-ს. თავდასხმის შემდეგ, კ. მ-მ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი − პისტოლეტი, რომლითაც რამდენჯერმე გაისროლა დ. მ-სა და შ. ჭ. მიმართულებით, რის შედეგადაც, დ. მ-ს გულმკერდის არეში, ხოლო შ. ჭ-ს მარჯვენა მხრის მიდამოში მიაყენა დაზიანებები. ამავე დროს, დ. მ-მა მოიმარჯვა დანა და კ. მ-ს განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე ხარისხის დაზიანებები. სროლისა და დაჭრის შემდეგ, შ. ჭ-მ გადააგდო ხელკეტი და დ. მ-თან ერთად გაიქცა გ. მ-ს მანქანის მიმართულებით. მანქანაში ჩაჯდომისთანავე გ. მ-მ დაქოქა ავტომობილი და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან. მგზავრობისას დ. მ-მა და შ. ჭ-მ კ. მ-ს უთხრეს, რომ მათ სცემეს კ. მ-ს, რა დროსაც კ. მ-მ პისტოლეტიდან ესროლა დ. მ-ს, ხოლო დ. მ-მა იგი „დანით აჩეხა“.
2.2. დ. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 23 საათსა და 10 წუთზე, კ. მ-ს მიერ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის დროს ... მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. მ-სა და შ. ჭ. მიერ კ. მ-ს ცემისას, დ. მ-მა ხელთნაქონი დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიაყენა კ. მ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
2.3. დ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
2016 წლის 19 აპრილს დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით. 2021 წლის 7 ივლისს დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და პირობით მსჯავრი 1 (ერთი) წელი, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მიუხედავად იმისა, რომ დ. მ. ნასამართლევი იყო განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისთვის და ცივი იარაღის ტარებისათვის, 2022 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე ... მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს – დანას.
2.4. კ. მ-სა და გ. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 23 საათსა და 10 წუთზე, კ. მ-ს მიერ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის დროს ... მიმდებარე ტერიტორიაზე დ. მ-მა ხელთნაქონი დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა კ. მ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დ. მ. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე შ. ჭ-თან ერთად გაიქცა გ. მ-ს მანქანის მიმართულებით, რომელშიც ასევე იჯდა კ. მ.ც. მანქანაში ჩაჯდომისთანავე გ. მ-მ დაქოქა ავტომობილი და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან. მგზავრობისას, დ. მ-მა და შ. ჭ-მა კ. მ-ს უთხრეს, რომ მათ სცემეს კ. მ-ს, რა დროსაც კ. მ-მ პისტოლეტიდან ესროლა დ. მ-ს, ხოლო მან „დანით აჩეხა’’ კ. მ.. აღნიშნული საუბარი ასევე მოისმინა გ. მ-მ.
გ. მ-მ და კ. მ-მ იცოდნენ, რომ დ. მ-ს მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული –კ. მ-ს განზრახ მკვლელობა, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
ü 2022 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 23 საათსა და 10 წუთზე, კ. მ-ს მიერ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის დროს ... მიმდებარე ტერიტორიაზე დ. მ-მ ხელთნაქონი დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა კ. მ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დ. მ. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე შ. ჭ-თან ერთად, გაიქცა გ. მ-ს მანქანის მიმართულებით, რომელშიც ასევე იჯდა კ. მ.ც. მანქანაში ჩაჯდომისთანავე გ. მ-მ დაქოქა ავტომობილი და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან. მგზავრობისას, დ. მ-მ და შ. ჭ-მა კ. მ-ს უთხრეს, რომ მათ სცემეს კ. მ-ს, რა დროსაც კ. მ-მ პისტოლეტიდან ესროლა დ. მ-ს, ხოლო მან „დანით აჩეხა’’ კ. მ.. აღნიშნული საუბარი ასევე მოისმინა გ. მ-მ.
დ. მ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – კ. მ-ს განზრახ მკვლელობის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მიზნით, გ. მ. დაეხმარა დ. მ-ს შემთხვევის ადგილიდან მიმალვაში და თავისი კუთვნილი ავტომობილით წაიყვანა აფრიკის დასახლების მიმართულებით. მგზავრობისას, დ. მ-მა თქვა რომ დაჭრილი იყო და უჭირდა სუნთქვა. ამავე დროს გაიხადა სისხლით მოსვრილი ტანსაცმელი. კ. მ-მ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მიზნით, დ. მ-ს სისხლით მოსვრილი ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – გადააგდო ...-ის მიმდებარედ განთავსებულ სანაგვე ყუთში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განაჩენით:
3.1. დ. მ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით − თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით − თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
გაუქმდა დ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 20 ივნისიდან.
3.2. კ. მ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ელი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გაუქმდა კ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 18 ივნისიდან.
3.3. გ. მ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
გაუქმდა გ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 18 ივნისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
ü მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ტ-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ü მსჯავრდებულ კ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ლ. ფ-მ და გ. ძ-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე.
ü მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულების: დ. მ-ს, კ. მ-ს და გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − ც. ტ-ს, ლ. ფ-ს, გ. ძ-ს და მ. გ-ს სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განაჩენზე არ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განაჩენში მხოლოდ მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად;
დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;
დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული და 2024 წლის 17 სექტემბრის 4435-XVIმს-Xმპ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან პროპორციული წესით შემცირებული სასჯელი − თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით და 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
დ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
დ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 20 ივნისიდან;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; განაჩენი ემყარება ერთადერთი, ე.წ. ,,ოქროს მოწმის“, შ. ჭ. ჩვენებას; დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ შ. ჭ., რომელთანაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, თავის გადარჩენის მიზნით, ბრალდების მხარესთან შეთანხმებით, ცრუ ჩვენებას იძლევა; ამასთან, მისი ჩვენება ასევე ეწინააღმდეგება თვითმხილველი მოწმის დაზარალებულის უფლებამონაცვლე − ა. ლ-ს ჩვენებას, რომელიც აბათილებს მის ჩვენებას; დაუდგენელი დარჩა კ. მ-ს მიერ ე.წ. დავალების გაცემის მოტივი; ბრალდების მხარე არაფერს საუბრობს დ. მ-ს სხეულზე არსებულ ცეცხლნასროლ დაზიანებაზე, რის შედეგადაც, იგი სიკვდილს მოულოდნელად გადაურჩა; კ. მ-ს დანაზეც აღმოჩნდა დ. მ-ს სისხლის კვალი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინციდენტისას დ. მ. დაჭრილი იყო.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. განსახილველ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს დ. მ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
11. დაცვის მხარე ცდილობს ბრალდების მხარის მოწმის შ. ჭ. ჩვენების დისკრედიტაციას, იმ საფუძვლით, რომ იგი თავის გადარჩენის მიზნით, ბრალდების მხარესთან შეთანხმებით ცრუ ჩვენებას იძლევა, ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მისი ჩვენება ასევე ეწინააღმდეგება თვითმხილველი მოწმის დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ლ-ს ჩვენებას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის უშუალო მონაწილე პირის, პირდაპირი მოწმის – შ. ჭ. ჩვენებაზე, რომელმაც დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად გადმოსცა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, კერძოდ: მოწმემ დაადასტურა, დ. მ-თან და კ. მ-სთან ერთად, გ. მ-ს მფლობელობაში არსებული ა/მანქანით, კ. მ-ს ორგანიზებით, ... დასახლებაში კ. მ-ს საცემად წასვლის ფაქტი. მან ასევე მიუთითა, რომ მანქანაში ყოფნისას დ. მ-ს თან ჰქონდა 20-25 სანტიმეტრი სიგრძის წითელტარიანი დანა, რომელიც მას ხელში ეჭირა. მოწმემ ასევე დაადასტურა კ. მ-ს მიერ მისთვის ხელკეტის, ე.წ. ,,დრინის“ და კაპიუშონიანი ჟაკეტის გადაცემის, აგრეთვე − კ. მ-ს მიერ ტელეფონში კ. მ-ს ფოტოსა და მისი სავარაუდო ადგილსამყოფლის ჩვენებისა და მათთვის კ. მ-ს მობილური ტელეფონის ნომრის მიცემის ფაქტები, რათა მისთვის დაერეკათ უცხო ტელეფონის ნომრიდან და გამოეტყუებინათ სახლიდან.
შ. ჭ-მა თავის ჩვენებაში ასევე ისაუბრა დ. მ-ს მიერ კ. მ-ს საცხოვრებელ კორპუსთან მყოფი უცხო პირის − რ. თ-ს მობილური ტელეფონიდან კ. მ-სთან დარეკვისა და მისი ეზოში, მოტყუებით დაბარების შესახებ, რაც, თავის მხრივ, დადასტურებულია რ. თ-ს ჩვენებითაც, ასევე – მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით.
შ. ჭ. ჩვენებით დადგენილია ის ფაქტიც, რომ კ. მ-მ ჩამოსვლისთანავე იკითხა ვინ ხარო, რასაც დ. მ-მა უპასუხა, რომ ,,გ.’’ იყო და კ-ს მაშინვე მუშტი დაარტყა სახეში. კ. დაეცა და დაცემულს თვითონაც ჩაარტყა წიხლი. ამ დროს დაინახა, რომ კ. მ-ს იარაღი დაუვარდა და დავარდნის ხმაც გაიგო. ამის გამო, შეეშინდა და გაიქცა, როცა მოტრიალდა დაინახა დ. მ-მ კ.ს როგორ მოუქნია და დაარტყა დანა, სად და რამდენჯერ დაარტყა ვერ დაინახა, მაგრამ დარტყმა დაინახა. ამ დროს თვითონ შეშინებული გარბოდა და ხელში რაც ეჭირა, − ე.წ. ,,დრინი’’ იქვე გადააგდო. გაქცევის დროს გაიგო სროლების ხმა, 4-5 გასროლა იყო, დ. მ.ც მირბოდა მის უკან.
შ. ჭ-მ დაადასტურა ისიც, რომ შემთხვევის შემდეგ, მანქანაში, რომელშიც გ. მ-ც იჯდა, დ. მ-მ, რომელსაც ხელში სისხლიანი დანა ეჭირა თქვა, რომ ის პირი დაჭრა და თვითონაც დაჭრილი იყო. შემდეგ, წავიდნენ ,,...’’ მიმართულებით, საავადმყოფოსკენ. მოწმემ თავისი მაისური ჩააცვა დ. მ-ს, ხოლო ამ უკანასკნელის სისხლიანი ტანსაცმელი და ამ ტანსაცმელში გახვეული დანა, კ. მ-მ გადაყარა ქ-ს ქუჩაზე, ბუნკერში.
13. შ. ჭ. ჩვენება გამყარებულია და მას სრულად შეესაბამება დაზარალებულის უფლებამონაცვლე, კ. მ-ს მეუღლის − ა. ლ-ს ჩვენება. მათ ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობა არ იკვეთება. ა. ლ. მომხდარი შემთხვევის ასევე უშუალო თვითმხილველი პირი და პირდაპირი მოწმეა. კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ სასამართოს განუმარტა, რომ შემთხვევის დღეს, კ.ს უცხო ნომრით მობილურზე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ვიღაც ,,გ.’’ ურეკავდა, მოსაწევი ჰქონდა და მარტო ჩასულიყო დაბლა. კ.მ მოსაუბრეს უპასუხა, რომ ვერ იცნო ვერც ნომერზე და ვერც ხმაზე. უცნობმა პირმა კი უთხრა რა იყო ბიჭო, ხომ არ შეგეშინდაო. კ.მ ჩაიცვა ტანსაცმელი და კარში რომ გადიოდა, ანამ სთხოვა, არ წასულიყო, ღამე იყო, რაზეც მიუგო, რომ მალე ამოვიდოდა. მოწმეს იარაღის ჩადება არ დაუნახავს. ანა იყურებოდა სახლიდან. ამ დროს დაინახა, თუ როგორ მიუახლოვდა კ-ს უცნობი პირი, რომელმაც რაღაც დაარტყა მის მეუღლეს, რის შემდეგაც კ. მუხლებზე დაეცა. მისი მეუღლის წაქცევიდან მალევე გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები, რის გამოც, ხმამაღალი კივილით, სახელით – ,,კ.“ დაუძახა მას. ყვირილის დაწყებისთანავე, მოწმემ დაინახა, თუ როგორ გარბოდა ავტოფარეხების უკან გამხდარი, თავზე კაპიუშონმოხურული ბიჭი (შ. ჭ.), რომელსაც სირბილის დროს გადაეხადა კაპიუშონი და დაინახა მისი ,,კიკინა“. მოწმის განმარტებით, ამ დროს მეორე პირი (დ. მ.), რომელიც თავს ედგა ძირს დავარდნილ მის მეუღლეს, მას დანით ,,ჩეხავდა“. შემდეგ დ. მ-მ როგორც კი დაინახა მისკენ მიმავალი მანქანა, შეეშინდა და ისიც უმალ გაიქცა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეების − შ. ჭ. და ა. ლ-ს ჩვენებები, გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან თანხვდენილია და მათ შორის რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობა არ იკვეთება, ისინი ასევე გამყარებულია მოწმეების – გ. მ-ს, ვ. ს-ს ჩვენებებით (რომლებმაც შემთხვევის დღეს გაიგონეს იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის ხმა და შემთხვევის ადგილზე მისულებს, კორპუსის სადარბაზოს წინ დახვდათ ძირს დავარდნილი და დაჭრილი კ. მ., რომელიც სისხლისგან იცლებოდა), აგრეთვე – კ. მ-ს, დ. მ-სა და შ. ჭ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა მიხედვით დადგენილია შემდეგი:
14.1. კ. მ-ს სიკვდილი მიზეზია მარჯვნივ გულმკერდის გვერდით ზედაპირზე არსებული (მარჯვენა პლევრის ღრუში შემავალი) ნაკვეთნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსით, გარეგანი და შინაგანი სისხლდენით და მწვავე სისხლნაკლებობის განვითარებით.
კ. მ-ს გვამზე აღინიშნებოდა დაზიანებები: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, იღლიის უკანა ხაზზე, ტერფის ძირიდან 122,0 სმ-ზე, VIII-IX ნეკნთაშუა სივრცის პროექციაზე, არხის მიმართულებით მარჯვნიდან-მარცხნივ, ქვემოდან-ზემოთ, უკნიდან-წინ- კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, VIII-IX ნეკნთაშუა კუნთების, პარიესული პლევრის და მარჯვენა ფილტვის ქვედა წილს გამჭოლი დაზიანებით, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად რბილ ქსოვილებში და ფილტვის ქსოვილში, მარჯვენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით (სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად მარჯვენა პლევრის ღრუში 500მლ სისხლი და კოლტები, ჰაერის გამოდინებით ჭრილობიდან, გვამის გამოკვლევით 600მლ-მდე მუქი მოწითალო ფერის სისხლი და კოლტები მარჯვენა პლევრის ჯვრის ღრუში), ჭრილობის არხის სიგრძით, დაახლოებით, 12,0-14,0 სმ- ჭრილობა პირობითად N1; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხნივ დუნდულოს და ბარძაყის მიდამოების საზღვარზე, დუნდულოს ღარში, შუა ხაზიდან ოდნავ მარცხნივ, ტერფის ძირიდან 82 სმ-ზე, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან-ზემოთ, უკნიდან-წინ, მარცხნიდან-მარჯვნივ - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, მარცხენა დუნდულოს კუნთების, საჯდომი ძვლის მიმდებარედ მენჯის რბილი ქსოვილების და შარდის ბუშტის მარცხენა გვერდითი კედლის დაზიანებით შარდის ბუშტის ფუძის მიდამოში (ექსტრაპერიტონეალური ნაწილი), მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, ჭრილობის არხის შესაბამისად, რბილ ქსოვილებში და შარდის ბუშტის კედელში, ჭრილობის არხის სიგრძით დაახლოებით 14,0 სმ-იანი ჭრილობა, პირობითად N2; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში, უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 80 სმ-ზე, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან-მარჯვნივ, უკნიდან-წინ, ქვემოდან-ზემოთ კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, მარცხენა ბარძაყის და დუნდულოს კუნთების დაზიანებით და მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, ჭრილობის არხის შესაბამისად, რბილ ქსოვილებში, ჭრილობის არხის სიგრძით, დაახლოებით 14,0 სმ-იანი ჭრილობა, პირობითად N3; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა დუნდულოს ზედა შიგნითა კვადრატზე, ტერფის ძირიდან 90,0 სმ-ზე, ჭრილობის არხის მიმართულებით ზემოდან-ქვემოთ, მცირედ მარცხნიდან-მარჯვნივ და უკნიდან-წინ (მარცხენა საჯდომი ძვლის შიგნითა კიდის მიმდებარედ) კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის და მარცხენა დუნდულოს კუნთების დაზიანებით, ჭრილობის არხის შესაბამისად მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით რბილ ქსოვილებში, ჭრილობის არხის სიგრძით, დაახლოებით, 14,0 სმ-იანი ჭრილობა, პირობითად N4; ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში, უკანა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 75 სმ-ზე, ზეკანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანებით და კანის ზედაპირული ნაკვეთი ჭრილობა ამავე ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე, ზედა მესამედში, ტერფის ძირიდან 73,5 სმ-ზე. კანის ზედაპირული ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში. ასევე ერთეული არაინტენსიური სისხლნაჟღენთები და მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ნახეთქი მარჯვენა მტევნის V თითის ფრჩხილზე, მუქი მოწითალო ფერის არაინტენსიური სისხლჩაქცევით ფრჩხილის ქვეშ.
ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ნახეთქი ფრჩხილზე (სისხლჩაქცევით ფრჩხილის ქვეშ) – რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. აღნიშნული ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 17.06.22 წელს.
ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე (ჭრილობა, პირობითად N1) შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენა ფილტვის დაზიანებით და მარჯვენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით – ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
14.2. დ. მ-ს აღენიშნებოდა სისხლმდენი ცეცხლნასროლი ჭრილობები გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა ნახევარში, მე-3-4 ნეკნთაშუა სივრცეში, ლავიწშუა (მედიოკლავიკულურ) ხაზზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით.
14.3. შ. ჭ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, განვითარებულნი რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შემთხვევის დროს დ. მ-ს მიერ წითელტარიანი დანის ფლობისა და მისი გამოყენებით დაზარალებულის დაჭრის ფაქტი დადასტურებულია, როგორც ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე − საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ:
ü კ. მ-ს წერილობითი თანხმობითა და მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ კ-მ მიუთითა ..., შპს ,,ს-ს'' მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის ნაწილზე განთავსებულ რკინის ნაგვის ურნაზე და განმარტა, რომ მითითებულ ურნაში გადააგდო ავტომანქანაში დ. მ-ს მიერ გამოცვლილი სისხლიანი მაისური და დანა.
ü 2022 წლის 18 ივნისის ამოღების ოქმით, რომლითაც დგინდება, რომ ..., შპს ,,ს-ს’’ მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე მდგარი ნაგვის ურნიდან ამოიღეს სწორედ კ. მ-ს მიერ მითითებული ნივთები, კერძოდ, პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი ღია ფერის ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი ნაჭრის ხელთათმანი, თეთრი ფერის ნაჭრის ბადე, მოკლესახელოებიანი მაისური და აღნიშნულ მაისურში გახვეული, ხისტარიანი დანა.
ü სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებულ ზემოხსენებულ დანაზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დ. მ-ს; დ. მ-ს ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ. მ-ს.
16. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული ვერსიის უსაფუძვლობის შესახებ, რომ თითქოსდა დ. მ. საკუთარ თავს და შ. ჭ-ს იცავდა კ. მ-სგან, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგენილია: როგორც ის ფაქტი, რომ ჯგუფის წევრები, წინასწარ ორგანიზებულად, დანითა და ხელკეტით, ე.წ. ,,დრინით“ შეიარაღებულები მივიდნენ აწ. გარდაცვლილის სახლთან, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, იგი მოტყუებით, უცხო პირის ტელეფონის ნომრიდან დარეკვის გზით, გამოიტყუეს სახლიდან; ასევე დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ კ. მ-ს ჩამოსვლისთანავე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თავდაპირველად სწორედ დ. მ. ურტყამს მუშტს, ძირს აქცევს, მის ცემაში ასევე ერთვება შ. ჭ.ც, შემდეგ დ. მ. უკვე წაქცეულს, კვლავ არაერთხელ ურტყამს დანას სხეულის სხვადასხვა მიდამოში, კერძოდ, დაზარალებულს გულმკერდის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე აყენებს ჭრილობებს, რომელთა შედეგად, უზიანდება ფილტვი, ხოლო ბარძაყის მიდამოების საზღვარსა და დუნდულოს ღარში − შარდის ბუშტი და დგება ფატალური შედეგი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ამავე დასკვნის გამცემი ექსპერტების – ნ. ჯ-სა და ც. მ-ს ჩვენებებით, დადგენილია, რომ კ. მ-ს სიკვდილის მიზეზია მარჯვნივ გულმკერდის გვერდით ზედაპირზე არსებული (მარჯვენა პლევრის ღრუში შემავალი) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, მარჯვენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით, გარეგანი და შინაგანი სისხლდენით და მწვავე სისხლნაკლებობის განვითარებით. შესაბამისად, დაცვის მხარის ვერსიის საპირისპიროდ, საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ სწორედ აწ. გარდაცვლილი, დაზარალებული კ. მ. ცდილობდა თავდამსხმელებისაგან თავის დაცვას მისთვის მითითებული დაზიანებების მიყენებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით და არა – პირიქით, როგორც ამას დაცვის მხარე წარმოაჩენს. ყოველივე აღნიშნული კი, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ დ. მ. დანაშაულის ჩადენის დროს, მოქმედებდა კ. მ-ს მოკვლის განზრახვით, რაც დანის გამოყენებით, მისთვის არაერთი დაზიანების მიყენებით, მოიყვანა კიდეც სისრულეში.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება დ. მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის – განზრახ მკვლელობის – ჩადენა.
18. რაც შეეხება დ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და იარაღის გამოყენება) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით (განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისთვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცივი იარაღის ტარება) შერაცხილ მსჯავრდებებს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილითაც სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, რომ დ. მ-ს მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
19. მოწმე შ. ჭ. ჩვენებით დადგენილია, რომ კ. მ-მ მისი და დ. მ-ს მონაწილეობით ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რათა წარსულში არსებული წყენისა და უსიამოვნების გამო, დაესაჯა/ეცემა მისი დეიდაშვილის შვილი, კ. მ.. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულების მიზნით, ჯგუფის წევრს შ. ჭ-ს კ. მ-მ გადასცა გასაშლელი რკინის ხელჯოხი, ე.წ. ,,დრინი“, ხოლო ჯგუფის მეორე წევრი − დ. მ. – შეიარაღდა დანით. შემთხვევის ადგილზე მისულებს კ. მ-მ ტელეფონში აჩვენა კ. მ-ს ფოტო, ასევე აჩვენა ის ადგილები, სადაც კ. მ. გადაადგილდებოდა, ასევე მისცა მისი მობილური ტელეფონის ნომერი, რათა დაჰკავშირებოდნენ მას და განზრახვის აღსასრულებლად გამოეტყუებინათ სახლიდან. კ. მ., დ. მ. და შ. ჭ. კ. მ-სთან გლდანულაში მივიდნენ გ. მ-ს ავტომანქანით. მანქანიდან გადმოვიდნენ მხოლოდ დ. მ. და შ. ჭ., ხოლო ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორი − კ. მ. მანქანის მძღოლთან ერთად, დარჩა ა/მანქანაში. მანქანიდან გადასულმა დ. მ-მა და შ. ჭ-მა როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, კ. მ-ს გეგმის მიხედვით იმოქმედეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ კ. მ-ს. თავის მხრივ, კ. მ-მ მოახერხა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და დ. მ-სა და შ. ჭ. მიმართულებით გასროლა.
20. ამდენად, დადგენილია, რომ კ. მ-ზე ანგარიშსწორების მიზნით, კ. მ-ს ორგანიზებით, წინასწარ მოხდა ფიზიკური ძალების მობილიზება და შეიარაღება, მათ შორის – ისეთი პირების, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ აწ გარდაცვლილს, ხოლო უშუალოდ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს, თავდამსხმელებმა გამოიყენეს წინასწარ მომარჯვებული იარაღები − დანა და რკინის ხელკეტი, რის გამოც, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დ. მ-ს ქმედება მართებულად შეაფასეს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობად, რასაც თან ახლდა ძალადობა და იარაღის გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
21. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით (განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისთვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცივი იარაღის ტარება) შერაცხილი ბრალდება კი, დადასტურებულია როგორც მოწმეების − შ. ჭ., ა. ლ-ს ჩვენებებით, აგრეთვე − საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ... მიმდებარედ, ნაგვის ურნიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებული დანით. თავის მხრივ, დანის დ. მ-სადმი კუთვნილების ფაქტი, გარდა შ. ჭ. ჩვენებისა, აგრეთვე დადგენილია საქმეზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, დანაზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დ. მ-ს. განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისთვის და ცივი იარაღის ტარებისათვის დ. მ-ს წარსულში ნასამართლობა, დადასტურებულია: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით, რომლის მიხედვით დ. მ. მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით, რომლის მიხედვით, დ. მ. მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; თბილისის პრობაციის ბიუროს 2021 წლის 21 ივნისის წერილით ირკვევა, რომ დ. მ. აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში და გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2024 წლის 29 მარტს.
22. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ს მოთხოვნას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე