საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123007192796
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №796აპ-25 3 თებერვალი, 2026 წელი
გ–ი ლ., №796აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. ქ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. გ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 7 მარტს, ღამის საათებში, ქ. თ–ი, ........ გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ლ. გ–მა ხელყო ქ. თ–ში, .....ს ქუჩაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების გ. ჭ–ისა და ზ. ლ–ის ჯანმრთელობა, კერძოდ, ლ. გ–მა გ. ჭ–ეს და ზ. ლ–ს ესროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რის შედეგადაც გ. ჭ–მ მიიღო მარჯვენა ფეხის წვივის დამწვრობა, ხოლო ზ. ლ–მა – მარჯვენა ხელის მტევნის დამწვრობა.
1.3. 2023 წლის 9 მარტს, ღამის საათებში, ლ. გ–მა ცეცხლის წაკიდებით განზრახ გაანადგურა ქ. თ–ში, ........ს ქუჩაზე ამოტრიალებულ მდგომარეობაში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .......ის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილის გ. მ–ის სახელზე განპიროვნებული ავტომანქანა „ტოიოტა კოროლა“ (სახელმწიფო ნომრით – .......), კერძოდ, ლ. გ–მა განზრახ წაუკიდა ცეცხლი ავტომანქანას, რომელიც ადგილზევე დაიწვა. სახანძრო-სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „ტოიოტა კოროლა“ (სახელმწიფო ნომრით – .........) განადგურებულია ხანძრის შედეგად, ხოლო ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს ზემოქმედება წვად მასალასთან. დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა 39500 (ოცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის განაჩენით, ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ე. ქ–მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ლ. გ–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი. ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებული შეწყალებული იქნა და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
3.2. 2025 წლის 9 ივლისს, მსჯავრდებულ ლ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. ქ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. გ–ის მიმართ უკანონოა. გამოძიებასა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს არაერთხელ დაირღვა ლ. გ–ის უფლებები, კერძოდ: დაკავებისას ლ. გ–ს შეუზღუდეს დაცვის უფლება; წაართვეს ტელეფონი; მასზე განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც გამოძიებისას მისგან მიღებული იქნა აღიარებითი ჩვენება. კასატორის მითითებით, ლ. გ–ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა არ იყო კანონიერი, ამასთან N.. პენიტენციურ დაწესებულებაში მისთვის თმის გადაპარსვა მოხდა მისი უარის მიუხედავად, თითქოსდა მის დასაცავად. წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ხოლო დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები. კასატორის მტკიცებით, სასამართლოები დაეყრდნენ საეჭვო მტკიცებულებებს, როგორიცაა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა. მოწმე პოლიციელთა ჩვენებებში კასატორს ეჭვი შეაქვს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ მათ ვერ დაინახეს მსჯავრდებულის ტატუირება სახეზე, ხოლო ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში – იმ საფუძვლით, რომ საგამოძიებო ორგანოებმა იცოდნენ მსჯავრდებულის ადგილსამყოფელი, ამასთან ლ. გ–ი და ფოტოსურათით ამოსაცნობი პირები ერთმანეთს არ ჰგავდნენ. საბოლოოდ, კასატორის მოთხოვნაა, დასაშვებად იქნეს ცნობილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი და გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს, რომ საკასაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნიოს ლ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ როგორც სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ისე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას.
5.5. დაცვის მხარის მითითებით, ბრალდების მხარემ ლ. გ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, რომელთა სანდოობაც კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან არიან დაინტერესებული პირები. ამასთან, ფოტოსურათით ამოცნობები ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა დარღვევით – ამოსაცნობი პირები ერთმანეთისგან აშკარად განსხვავდებოდნენ, რის გამოც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დაეფუძნებინა აღნიშნულ მტკიცებულებებზე.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთ მოწმის ჩვენებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მხოლოდ მოწმის სტატუსიდან და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენების უპირობოდ გაზიარება, ისე რომ არ მოხდეს საპირწონე არგუმენტების შეფასება – დაუშვებელია. ანალოგიურადაა დაუშვებელი მოწმე პოლიციელთა ჩვენებების გაუზიარებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, რომლებიც მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან, ასევე სასამართლოს მიერ დასაბუთებული უნდა იყოს ის გარემოებები რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გაიზიარა კონკრეტული მოწმის (მათ შორის, პოლიციელის) ჩვენება.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ყველა მოწმის ჩვენება იდენტური ვერ იქნება და გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შესაძლოა არსებობდეს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული არ უნდა იყოს არსებითი, რაც გონივრულ კითხვებს გააჩენს მტკიცების საგანთან მიმართებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17). მოცემულ შემთხვევაში მსგავსი სახის წინააღმდეგობები, რაც მტკიცების საგანთან მიმართებით გონივრულ კითხვებს გააჩენდა არ არსებობს და გაქარწყლებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ისეთი მაღალი დამაჯერებლობის მქონე მტკიცებულებებით, როგორიცაა ვიდეოჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა გამოკვლევის პროცესში უტყუარად დადასტურდა ლ. გ–ის მონაწილეობა განსახილველ დანაშაულებში.
5.8. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების – ზ. ლ–ისა და გ. ჭ–ის ჩვენებებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ა. გ–ს, მოწმეების – რ. ბ–ს, ლ. გ–ს, გ. მ–ის, დ. ქ–ს, გ. გ–ს, ნ. ჯ–ს, ზ. გ–ს, მ. ფ–ს, ლ. ს–ს, გ. ხ–ს, დ. ხ–ს, მ. ჩ–ს, ლ. კ–ს, მ. ჯ–ს, ვ. ბ–ს, ი. ს–ს, ა. დ–ს, გ. გ–ს, თ. ბ–ს, გ. ა–ს, გ. ჩ–სა და გ. გ–ს ჩვენებებს, სამედიცინო ექსპერტიზის №........., №........ დასკვნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო-ტექნიკური, ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №........., ......, ........, ....., ....., ........., №........, ......, ...., ......, ......, ......... და ..... დასკვნებს, 2023 წლის 24 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, 2023 წლის 9 მარტის ავტომანქანების დათვალიერების ოქმს, ტელეკომპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის - პირველის არხის ვებგვერდის (https: ..........ge) დათვალიერების ოქმს, „.........-ის“ ოფიციალური „.......“ გვერდზე (მისამართი https://m.......com/.........) საჯაროდ განთავსებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების დათვალიერების ოქმს, სოციალურ ქსელი „.........-ის“ საშუალებით მედიასაშუალება „......ას“ ოფიციალური გვერდის დათვალიერების ოქმს, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, ვიდეოჩანაწერებს, 2023 წლის 8 მარტისა და 9 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ლ. გ–ის პირადი ჩხრეკის ოქმსა და 2023 წლის 30 მარტის ამოღების ოქმს.
5.9. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარისთვის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ლ. გ–ის საპროტესტო აქციებზე ყოფნის ფაქტი, მხარეებს არ გამოუთქვამთ ხსენებულის საწინააღმდეგო მოსაზრებები სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე. დაცვის მხარის განმარტებით, ფაქტის თვითმხილველი მოწმეები ვერ დაინახავდნენ ვინ ესროლა მათ ან მათ კოლეგებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ და ვერ ამოიცნობდნენ მას. ამასთან, ლ. გ–ის ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების არსებითი დარღვევით, ვინაიდან ფოტოსურათით ამოსაცნობი პირები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ.
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43.)
5.11. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს მტკიცებულებათა არასაკმარისობისა და არადამაჯერობლობის მხრივ, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009), ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, არ განმეორდეს და პასუხი გასცეს მხოლოდ დაცვის მხარის რამდენიმე საკვანძო არგუმენტს.
5.12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არგუმენტი, ლ. გ–ის ფოტოსურათით ამოცნობების საქართველოს სსსკ-ის დარღვევით ჩატარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ამოსაცნობი პირები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ თმის ფერით. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, რამდენადაც ფოტოზე გამოსახული პირები იერსახითა და თმის ფერით ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან.
5.13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, რომ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები ვერ დაინახავდნენ ლ. გ–ის მიერ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტს. დაცვის მხარე აღნიშნულს გამორიცხავს იმ საფუძვლით, რომ რ. ბ–ი და ლ. გ–ი შორს იდგნენ. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ფაქტის თვითმხილველი მოწმეების მიერ მითითებული ინფორმაცია – მათ მიერ მსჯავრდებულის სახის დანახვისას ლ. გ–ის განხორციელებული მოქმედებები, პირბადის ჩამოწევა, ჩაცმულობა და ქმედებათა განვითარება სრულად თანხვდება ვიდეოჩანაწერებს, რაც მეტ დამაჯერებლობას სძენს მათ ჩვენებებს. ამ ნაწილში მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული და არ შეიცავენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რ. ბ–ისა და ლ. გ–ის ჩვენებებში (სადაც უთითებენ, რომ უშუალოდ თავად დაინახეს ლ. გ–ის მიერ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტი) ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულებს, რომელთა განმარტებითაც ვერ დაინახეს კონკრეტულად ვინ ესროლა მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ - აღნიშნული საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების მიმდინარეობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას ბუნებრივად მიაჩნია. მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიური მომენტიც, კერძოდ: მსხვერპლი, რომელზეც ხორციელდება თავდასხმა, პირველ რიგში მოქმედებს თავდაცვის ინსტინქტით, კონცენტრირებულია თავის გადარჩენაზე, შესაბამისად, შეიძლება ვერ დაინახოს თავდამსხმელი ან ის ადამიანები, რომლებიც ხედავენ თავდასხმის მიმდინარეობას. აღნიშნული არის სრულიად ბუნებრივი მოვლენა და დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე, როგორიც შესაძლოა იყოს ადამიანის ასაკი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა თავდასხმის მომენტში, მისი ხასიათის თავისებურებები, გარემო პირობები, შემთხვევის ადგილის განლაგება და სხვა. თავისთავად ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა ვერ დაინახეს თავდამსხმელი, ობიექტურად არ გამორიცხავს სხვათა მიერ ფაქტისა და თავდამსხმელის დანახვის შესაძლებლობას, მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეები რ. ბ–ი და ლ. გ–ი ცალსახად უთითებენ აღნიშნულზე.
5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
5.15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც კასატორი მხოლოდ მიმოიხილავს სასამართლოების მიერ საქმის არსებითი განხილვისას საპროცესო ნორმების უხეშად დარღვევას, ამასთანავე, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასა და გამოძიების ეტაპზე მიმდინარე მოვლენებს, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და მყარად დაასაბუთოს კონკრეტულად, რაში გამოიხატა სასამართლოების მიერ მსჯავრდებულის უფლებების უხეში დარღვევა, რის შემდეგაც კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვოს უკანონოდ მიღებული შუალედური გადაწყვეტილებების გაუქმება – რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
5.16. კასატორი აპელირებს, რომ ლ. გ–ის დაკავება და შემდგომში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოხდა უკანონოდ. ლ. გ–ის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა 2023 წლის 18 მარტს, ხოლო იგი დააკავეს 2023 წლის 29 მარტს, რა დროსაც ძალით წაართვეს ტელეფონი, ხოლო აღიარებითი ჩვენება მიაცემინეს ზეწოლის შედეგად, ისე რომ შეუზღუდეს დაცვის უფლება. ამის შემდეგ კი, შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე პირველი ინსტანციის სასამართლომ მას შეუფარდა პატიმრობა, რითაც დაირღვა მისი უფლება.
5.17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მტკიცებულებათა მოპოვება და საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება მთლიანად მხარეზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად ინფორმაციის მიღებიდან 11 დღის შემდეგ დაკავებისა, დაცვა ვერ უთითებს წონად მტკიცებულებას საგამოძიებო მოქმედებების საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით ჩატარების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განჩინებით შემოწმდა დაკავების მართლზომიერება და საპროცესო ნორმათა დაცულობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცული იყო საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაკავებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითად დარღვევა, იწვევს დაკავებულის (დაკავებიდან) გათავისუფლებას და როგორც წესი არ წარმოადგენს არც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და არც მსჯავრადშერაცხილ დანაშაულში გამართლების უპირობო საფუძველს.
5.18. კასატორის მტკიცებით, ლ. გ–ს დაკავებისას ძალადობით წაართვეს მობილური ტელეფონი, შეუზღუდეს დაცვის უფლება და იძულებით მიაცემინეს აღიარებითი ჩვენება. ლ. გ–ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2023 წლის 29 მარტს, 21:31 საათზე, ქ. თ–ში, წ–ს გზატკეცილი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. თ–ს პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს გამომძიებელ გ. ა–ს მიერ, მოსამართლის განჩინების გარეშე, იძულების პროპორციული ძალის გამოყენებით, ჩატარდა ლ. გ–ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ლ. გ–ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი (დაზიანებულ მდგომარეობაში), ერთი ცალი ჩანთა მასში არსებული ნივთებით და სხვა პირადი ნივთები. ამოღებული ნივთები დაილუქა, რაც დადასტურებულია, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა და ლ. გ–ის ხელმოწერებით.
5.19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლება ბრალდებულს აძლევს გარანტიას, არ შეიზღუდოს გამოძიებაში ბრალის აღიარებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონმდებლის მიერ საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
5.20. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია დაცვის მხარის განმარტება პოლიციელთა მხრიდან ლ. გ–ისათვის დაცვის უფლების შეზღუდვისა და მეგობრების დაკავების მუქარით აღიარებითი ჩვენების მიღების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებით და ეფუძნება დაცვის მხარის ზეპირსიტყვიერ განმარტებებს, კონკრეტიზაციის გარეშე. ამასთან, საგულისხმოა, რომ ლ. გ–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ იყო პირველი შემთხვევა და მისთვის ნაცნობი უნდა ყოფილიყო პოლიციელთა მხრიდან თვითნებობის რისკებისგან თავის დაცვის გზები, რასაც მისი მხრიდან პოლიციელთა უპირობო ნდობის საფუძველი არ უნდა შეექმნა (მისი განმარტებით, არ იცოდა რომ ოქმებზე ხელმოწერით ჩხრეკის და ამოღების კანონიერებას ადასტურებდა). აღნიშნული გარემოებები, კი მიუთითებს ლ. გ–ისა და დაცვის მხარის განმარტებების არასანდოობაზე. დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ყურადსაღებია, რომ ლ. გ–ს მსჯავრდება არცერთ ეპიზოდში არ ეფუძნება და არ ეყრდნობა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ აღიარებით ჩვენებას. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებები ვერ გადაწონის იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც აღიარებითი ჩვენების გარეშეც, საკმარისია ლ. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.21. რაც შეეხება, დაცვის მხარის აპელირებას ლ. გ–ის მიმართ საგამოძიებო ორგანოების მიერ დაცვის უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ - საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის უფლება ბრალდებულის ერთ-ერთ ფუნდამეტური უფლებაა, რომლის დარღვევამაც შესაძლოა მთლიანი სამართალწარმოების პროცესი უსამართლოდ აქციოს და სამართლიანი სასამართლოს უფლება ხელყოს. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქმის წარმოების მიმდინარეობისას, მათ შორის გამოძიების ეტაპზე ლ. გ–ი უზრუნველყოფილი იყო ადვოკატის მომსახურებით. კერძოდ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა საგამოძიებო მოქმედებებში ლ. გ–ი მონაწილეობდა ადვოკატთან ერთად, ასევე სასამართლო პროცესებზე იგი უზრუნველყოფილი იყო კვალიფიციური ადვოკატებით, რომლებმაც ისარგებლეს კანონით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, ასევე წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებით.
5.22. საკასაციო პალატა, ასევე ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ ლ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ქ–ის საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომელიც ეხება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას და აღნიშნავს, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2023 წლის 6 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის 2023 წლის 1 მაისის საოქმო განჩინება, დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელი.
5.23. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.24. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.25. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. ქ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე