დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.03.2026
საქმის ნომერი
29აგ.-2025
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142225702267418

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №29აგ-25 ქ. თბილისი

გ. ა. 29აგ-25 2 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:

1.1. ა. გ–ი (პირადი ნომერი ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლით (2013 წლის 27 ნოემბრის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი, 2017 წლის 4 მაისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ექვსი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა;

1.2. ა. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 3 აპრილიდან;

1.3. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა. გ–ს სასჯელის მოხდა განესაზღვრა (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში – შპს „..... ცენტრში“ მის გამოჯანმრთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე), რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდება საერთო წესით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ფ–ის – საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2025 წლის 4 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. გ–მა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი) განაჩენის გადასინჯვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. გ–მა. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და ა. გ–ის უდანაშაულოდ ცნობას. კასატორის მტკიცებით იგი არის უდანაშაულო და ცრუ ბრალდების მსხვერპლი. მისი მსჯავრდება ემყარება ცრუ ჩვენებს; სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნა მოპოვებული/სამართლებრივად სწორად შეფასებული მტკიცებულებები, მათ შორის, არ დაიკითხნენ მეზობლები;

7. 2025 წლის 20 ნოემბერს კასატორმა (დამატებით) საჩივრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორი უთითებს, რომ მას ცილს სწამებენ და მის მიმართ წარმოებული საქმე არის ,,შეკერილი”. იმავდროულად უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის დაფიქსირებული მისი დაკავების ადგილი.

7.1. 2025 წლის 23 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გადმოიგზავნა მსჯავრდებულ ა. გ–ის საჩივარი, იგივე გარემოებებზე მითითებით;

7.2. 2025 წლის 30 დეკემბერს კასატორმა საჩივრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს იგივე გარემოებებზე მითითებით;

7.3. 2026 წლის 27 იანვარს კასატორმა საჩივრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს იგივე გარემოებებზე მითითებით.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს უდანაშაულოდ ცნობას, იმ საფუძვლით, რომ: სისხლის სამართლის საქმე აგებულია ცრუ მოწმეების ცრუ ბრალდებებზე, მასში არსებული მტკიცებულებები შეფასდა სამართლებრივად არასწორად, არ იქნენ დაკითხულნი ე.წ. ოქროს მოწმეები (კასატორს საჩივართან ერთად წარმოდგენილი აქვს ფოტოსურათების ასლები, რომლებითაც ცდილობს იმის დადასტურებას, რომ ნაკვეთში არის ჯუჯა კაკლები და არა ვენახი, რაზეც ჩვენებებში უთითებენ დაზარალებული და მოწმეები); არ იქნა გამოკვლეული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და მოპოვებული შესაბამისი მტკიცებულებები; კასატორი სადავოდ ხდის დაზარალებულის სანდოობას და მისი ჩვენების სარწმუნოობას, ასევე უთითებს ცალკეული პირების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე (,,შემიყვანეს ძველ შენობაში, თავზე მაცმევდნენ პოლიეთილენის პარკს და მიტყამდნენ თავში მუშტებს”).

3. სამართლებრივი სტაბილურობის და განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე და 3321-ე მუხლებში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. კანონმდებლობა სასამართლოს არ ანიჭებს უფლებას გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე და საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას.

3.1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობას სასამართლო ამოწმებს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ასევე – მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით – განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაში მითითებული კონკრეტული საფუძვლის არსს, ხასიათს, მის de iure მიმართებას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულ კონკრეტულ წინაპირობებთან (იმისდამიუხედავად, თუ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის რომელი ქვეპუნქტით ითხოვს მხარე განაჩენის გადასინჯვას).

3.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვას, ზოგადად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლზე მითითებით.

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

4.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩვარი) განაჩენით შეფასებული იქნა სადავო მტკიცებულებები, მათ შორის, დაზარალებულ ლ. გ–ს, მოწმეების ე. ჭ–ს (დაზარალებულის დედა), ექსპერტებისა და სხვათა ჩვენებები.

4.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. გ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა, – ,,საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ არასრულწლოვანი მსხვერპლის – ლ. გ–ს გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი, თანმიმდევრული და სარწმუნო ჩვენება“, ასევე – ,,არასრულწლოვნის თანმიმდევრული ჩვენება ა. გ–ს მიერ, მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ქმედებებთან დაკავშირებით გამყარებულია სკოლის დირექტორის მოწმე მ. ს–ე-გ–ს ჩვენებით და ასევე სრულად თანხვედრილია მისი დედის – ე. ჭ–ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან“.

4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამავე (2024 წლის 9 აგვისტოს) განჩინების თანახმად: ,,დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოსდა არასრულწლოვანი მსხვერპლი დარიგებულია და მსჯავრდებულს აბრალებს დანაშაულის ჩადენას, არ დასტურდება სხვა გარემოებებით. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მისი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის დაინტერესებას დაადასტურებდა“.

4.4. ამდენად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) სასამართლოებმა იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც რელევანტურობის და დასაშვეობის, ასევე უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით (მიუთითეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობოდა არამხოლოდ დაზარალებულ ლ. გ–ს მამხილებელ ჩვენებას, არამედ მოწმეების: ე. ჭ–ს, მ. ს–ე-გ–ს (სკოლის დირექტორის), მ. მ–ს (ფსიქოლოგი), ნ. გ–ი (ფსიქოლოგი) ჩვენებებს).

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებებზე, რომლებიც უკვე განხილული/შესწავლილი იქნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ). კასატორი არ უთითებს ზემოთმითითებულ განაჩენებში/განჩინებაში განხილულისგან განსხვავებულ გარემოებაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დამატებით შეფასებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმეორებით აღარ შეაფასებს წინამდებარე საჩივარში მითითებულ იმ გარემოებებს, რომლებიც შეფასებული იქნა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას.

6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,კასატორის მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნა ისეთ საკითხებზე აპელირებით, რაც უკავშირდება გამოძიების ან სასამართლო განხილვის ეტაპზე დაშვებულ ხარვეზებს, გამოძიების მხრიდან ცალკეული გარემოებების არაჯეროვნად გამოძიებას, იმ მტკიცებულების სანდოობას, რომელიც გამოკვლეული იყო არსებითი სასამართლო განხილვის დროს და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა არასაკმარისობა არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 3 ივნისის N15აგ-21 განჩინება).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წარმოებისას სასამართლოებმა შეისწავლეს/გამოიკვლიეს და სამართლებრივად შეაფასეს ყველა ის მტკიცებულება, რომლებზეც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული არცერთ ახალ ფაქტზე/გარემოებაზე, რაც ცნობილი არ იყო სასამართლოებისათვის სადავო განაჩენის დადგენისას, საქართველოს სსსკ-ის 310-ე 3321-ე მუხლების იმპერატიული ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

7.1. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლოებმა სამართლებრივი შეფასება უკვე მისცა, როგორც მოწმეების ჩვენებებს, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც უკვე შეფასებულ მტკიცებულებებზე თავიდან მსჯელობა ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. გ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

9. მსჯავრდებული ა. გ–ი 2025 წლის 19 ნოემბრის საკასაციო საჩივარში (ოთხჯერ), ასევე, – 2025 წლის 20 ნოემბრის, 2025 წლის 23 დეკემბრისა და 2026 წლის 27 იანვრის საჩივრებში უთითებს, რომ სამართალდამცავი სისტემა მას ,,თვითმკვლელობას მაიძულებთ”.

9.1. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს (თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მოსამართლე უფლებამოსილია განჩინებით დაავალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ასეთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება).

10. ა. გ–ი 2025 წლის 20 ნოემბრის, 2025 წლის 23 დეკემბრისა და 2025 წლის 30 დეკემბრის, 2026 წლის 27 იანვრის საკასაციო საჩივრებში უთითებს, რომ დაკავებისას მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის თანახმად, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ დავობს დაცვის მხარე. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით გადააგზავნოს საქმის მასალები რეაგირებისათვის. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია თავად მიმართოს შესაბამისი განცხადებით საგამოძიებო ორგანოს.

11. სასამართლო იმავდროულად განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის (,,ა“-,,დ“, ,,ვ“-,,თ“ ქვეპუნქტები) ან/და 3321-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დადასტურებისას დაცვის მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის – ა. გ–ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ზომების მიღება;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე