საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.03.2026
საქმის ნომერი
2კ-936აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030100124010614754

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №936აპ-25 ქ. თბილისი

კ–ა თ., 936აპ-25 10 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. კ–ას ბრალად ედება: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; ოჯახის წევრის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

თ. კ–ას მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2024 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 11:50 საათზე, თ. კ–ამ ქ. ფ–ში, მ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ა. ჩ–ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ოჯახის წევრს − მეუღლეს ა. ჩ–ას მოსთხოვა თავის საცხოვრებელ სახლში წასვლა და უარის მიღების შემდეგ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, თ. კ–ა ამნისტიის აქტის გამოცემის გამო, გათავისუფლდა მეუღლის − ა. ჩ–ას მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან. ამავე განჩინებით, თ. კ–ას მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი 3 (სამი) თვის ვადით, რომლითაც მას აეკრძალა მეუღლესთან − ა. ჩ–ასთან სიტყვიერი კონფლიქტი. მიუხედავად ამისა, თ. კ–ამ არ შეასრულა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2024 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 11:50 საათზე, ქ. ფ–ში, მ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ა. ჩ–ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლეს − ა. ჩ–ას მოსთხოვა თავის საცხოვრებელ სახლში წასვლა. უარის მიღების შემდეგ, ა. ჩ–ასთან მოუხდა სიტყვიერი კონფლიქტი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით თ. კ–ა, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

თ. კ–ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო გაუქმდა. ასევე გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობა.

გამართლებულ თ. კ–ას განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და თ. კ–ას დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. კ–ას დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; დაზარალებულ ა. ჩ–ას მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა − ა–ი ჩ–სა და ა. ჩ–ას ჩვენებები, დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინება, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

6. გამართლებულ თ. კ–ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. კ–ია საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის არ დაკმაყოფილებასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8 საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა თ. კ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

11. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება წარდგენილი ბრალდება, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).

12. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა – ა. ჩ–ამ (გამართლებულის მეუღლე) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის – თ. კ–ას წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.

13. პროკურორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმის მასალებში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, სრულიად საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოებულია მისი ჩვენების შესამოწმებლად. შესაბამისად, შინაარსობრივად იგი არის დაზარალებულის ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. ამდენად, მითითებული ოქმი ვერ იქნება მიჩნეული ცალკე, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებად.

15. მოწმე პოლიციელები − რ. ს–ა და ა. თ–ა ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორეს, თუმცა ისინი არ არიან შესაძლო დანაშაულის თვითმხილველი პირები. ისინი ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან და გადმოსცემენ მის მონათხრობს. ამდენად, პოლიციელთა ჩვენებები ირიბია, რის გამოც, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

16. მოწმე ა. ჩ–ას ჩვენებით დგინდება, რომ მან უარყო გამოძიებაში გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოში არ დაადასტურა თ. კ–ასა და ა. ჩ–ას შორის კონფლიქტისა და მუქარის შესწრების ფაქტი. მოწმემ განმარტა, რომ მას არაფერი დაუნახავს და გაუგია, მხოლოდ მეუღლისგან იცის მომხდარის შესახებ.

17. რაც შეეხება მოწმე ა. ჩ–ს ჩვენებას, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მითითებული მოწმის ჩვენება არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია, რის გამოც, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობისა და სანდოობის სტანდარტს, კერძოდ:

18. ა. ჩ–მ ვერ გაიხსენა თუ კონკრეტულად როდის დაემუქრა თ. კ–ა ა. ჩ–ას. სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მოწმემ არაერთხელ აღნიშნა, რომ თ. კ–ას დაკავების წინა დღეს, იგი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ა. ჩ–ას, და დაემუქრა, შემდეგ კი ფაქტობრივი გარემოებები სხვანაირად განმარტა. კერძოდ, თ. კ–ას დაკავების დღეს, მას შეატყობინეს, რომ თემური მისული იყო ანასთან, მას შეეშინდა და ანამ დარეკა პოლიციაში. მოწმე აღნიშნავს, რომ აფორიაქებული იყო და შეეშინდა თ. კ–ას მისი შვილისთვის რაიმე არ ევნო, თუმცა იცის, რომ თემური ამას არ იზამდა. მოწმემ აგრეთვე მიუთითა, რომ თ. კ–ა იყო მის საცხოვრებელ სახლში მისული, რის გამოც, შეეშინდა და უთხრა მის შვილს დაერეკა 112-ში.

19. თავის მხრივ, ,,112-ში“ შესული შეტყობინების თანახმად, რომლის ინიციატორი დაზარალებული ა. ჩ–აა, დგინდება, რომ მისი ყოფილი მეუღლე თ. კ–ა ემუქრება, მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, არის წამალდამოკიდებული, ახლა ადგილზე არ იმყოფება, თუმცა შეატყობინეს, რომ მასთან მიდის.

20. შესაბამისად, ა. ჩ–ს ჩვენებით, სრულიად გაურკვეველი დარჩა თ. კ–ა ტელეფონის საშუალებით დაემუქრა ა. ჩ–ას, თუ მას შემდეგ, რაც საცხოვრებელ სახლში მივიდა. როგორც დანაშაულის შესახებ შეტყობინებით ირკვევა, შეტყობინების დატოვებისას, თ. კ–ა ჯერ კიდევ არ იყო მისული ა. ჩ–ას საცხოვრებელ სახლში. მოწმე ა. ჩ– კი გამარტავს, რომ თ. კ–ამ წინა დღეს დაურეკა ა. ჩ–ას და დაემუქრა, ხოლო გამართლებულს ბრალი წარდგენილი აქვს არა წინა დღეს, არამედ − 2024 წლის 12 ნოემბერს დამუქრებისა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისათვის. თავის მხრივ, თ. კ–ა თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს საერთოდ არ შეხვედრია ა. ჩ–ას.

21. ამდენად, ა. ჩ–ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი ჩვენება, ვერ იქნება გაზიარებული და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც თ. კ–ას ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმეში არ არის წარმოდგენილი.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი