საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100122005422925
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №916აპ-25 ქ. თბილისი
ნ. ა. 916აპ-25 8 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის, მსჯავრდებულ რ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ნ–ისა და მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ზ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ა. ნ–ს, – პირადი ნომრით ........., – ბრალად ედებოდა:
1.1.1. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
ა. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა. ნ–მა უკანონოდ შეიძინა და 2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე უკანონოდ ინახავდა „ფ-1“ ტიპის ხელის მსხვრევად ყუმბარას.
1.1.2. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
ა. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ქ. ლ–ში, წ.... ქუჩა N..-ში ავტომობილით გადაადგილებისას, ა. ნ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ „ფ-1“ ტიპის ხელის მსხვრევად ხელყუმბარას.
1.1.3. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გასაღება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
ა. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ქ. ლ–ში, წ.... ქუჩა N..-ში, ა. ნ–მა რ. ა–ს მართლსაწინააღმდეგოდ გადასცა „ფ-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა გამოეყენებინა მ. ნ–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში აფეთქების მიზნით.
1.1.4. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა. ნ–მა ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და დაშინების მიზნით გადაწყვიტა ლ–ის რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრები მ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაეგდო და აეფეთქებინა ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ა. ნ–ი ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ შეუთანხმდა რ. ა–ს, რომელსაც გადასცა „ფ-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა და მიუთითა ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაგდების დროისა და ადგილის შესახებ. 2021 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, რ. ა–მა, ა. ნ–ის დავალებით, ლ–ის რაიონის სოფელ კ–ში, მ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მისი დაშინების გზით ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და ქონების დაზიანების მიზნით, განზრახ ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რამაც მ. ნ–ის ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია.
1.1.5. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ჯგუფურად, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის სექტემბრის ბოლოს, ა. ნ–მა თ–ს რესპუბლიკიდან სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიღწეული შეთანხმების შედეგად დ–ს მუნიციპალიტეტში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა გ. მ–ს და რ. ა–ს, რაზეც შეთანხმებისამებრ გაემგზავრნენ დ–ს მუნიციპალიტეტში, სადაც მათ გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გადასცა 3 ცალი ხელყუმბარა.
1.1.6. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა. ნ–მა ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და დაშინების მიზნით გადაწყვიტა ლ–ს რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრები ი. მ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაეგდო და აეფეთქებინა ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ა. ნ–ი, ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, შეუთანხმდა გ. მ–სა და რ. ა–ს, რომლებსაც მიუთითა ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაგდების დროისა და ადგილის შესახებ. 2021 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, გ. მ–მა მისი მართვის ქვეშ არსებული „Ford Escape“ მარკის, ტრანზიტული ნომრის „...“ მქონე, ავტომობილით ლ–ს რაიონის სოფელ კ–ში ი. მ–ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა რ. ა–ი, რომელიც მივიდა და ი. მ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მისი დაშინების გზით ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და ქონების დაზიანების მიზნით, დაახლოებით ერთ საათიანი ინტერვალით, განზრახ გადააგდო ორი ცალი ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა, საიდანაც აფეთქდა ერთი ცალი ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა, რის შედეგადაც დაზიანდა ი. მ–ის ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი.
1.2. რ. ა–ს, – პირადი ნომრით .........., – ბრალად ედებოდა:
1.2.1. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
რ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ქ. ლ–ში, წ.... ქუჩა N..-ში, რ. ა–მა ა. ნ–ისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა „ფ-1“ ტიპის ხელის მსხვრევად ხელყუმბარას.
1.2.2. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
რ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ლ–შიის რაიონის სოფელ კ–ში, რ. ა–ი პირადად მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „ფ-1“ ტიპის ხელის მსხვრევად ხელყუმბარას.
1.2.3. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
რ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის სექტემბერში, ა. ნ–მა განიზრახა დაშინებით და მუქარით განეხორციელებინა ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა. ნ–ი დაუკავშირდა ნაცნობს - რ. ა–ს, რომელსაც შესთავაზა გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ მის მიერ დაგეგმილ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა, კერძოდ, დაშინების მიზნით, ხელყუმბარის აფეთქება მ. ნ–ისა და ი. მ–ის საცხოვრებელ სახლებში, რაზეც რ. ა–ი დასთანხმდა. 2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ა. ნ–მა ხელყუმბარები გადასცა რ. ა–ს, რომელსაც შეუთანხმდა, რომ აფეთქება უნდა განეხორციელებინა მ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. 2021 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, რ. ა–მა, ა. ნ–თან წინასწარი შეთანხმებით და მისი დავალებით, ლ–ის რაიონის სოფელ კ–ში, მ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მისი დაშინების გზით ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და ქონების დაზიანების მიზნით, განზრახ ააფეთქა „ფ-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა, რამაც მ. ნ–ის ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია.
1.2.4. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ჯგუფურად, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის სექტემბრის ბოლოს, ა. ნ–მა თ–ს რესპუბლიკიდან სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიღწეული შეთანხმების შედეგად, დ–ს მუნიციპალიტეტში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა გ. მ–ს და რ. ა–ს, რაზეც შეთანხმებისამებრ გაემგზავრნენ დ–ს მუნიციპალიტეტში, სადაც მათ გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გადასცა სამი ცალი ხელყუმბარა.
1.2.5. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა ჯგუფურად, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, რ. ა–მა და გ. მ–მა დაქირავებული „Ford Escape“ მარკის ავტომობილით დ–ს მუნიციპალიტეტიდან ქალაქ ლ–ში უკანონოდ გადმოიტანეს მათ მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარები.
1.2.6. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
რ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა. ნ–მა ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და დაშინების მიზნით გადაწყვიტა ლ–ის რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრები ი. მ––ის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაეგდო და აეფეთქებინა ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ა. ნ–ი, ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, შეუთანხმდა გ. მ–სა და რ. ა–ს, რომლებსაც მიუთითა ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაგდების დროისა და ადგილის შესახებ. 2021 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, გ. მ–მა მისი მართვის ქვეშ არსებული „Ford Escape“ მარკის, ტრანზიტული ნომრის „....“ მქონე, ავტომობილით ლ–ის რაიონის სოფელ კ–ში ი. მ––ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა რ. ა–ი, რომელიც მივიდა და ი. მ––ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მისი დაშინების გზით ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და ქონების დაზიანების მიზნით, დაახლოებით ერთ საათიანი ინტერვალით, განზრახ გადააგდო ორი ცალი ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა, საიდანაც აფეთქდა ერთი ცალი ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა, რის შედეგადაც დაზიანდა ი. მ––ის ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი.
1.3. გ. მ–ს, – პირადი ნომრით ..........., – ბრალად ედებოდა:
1.3.1. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ჯგუფურად, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
გ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის სექტემბრის ბოლოს, გ. მ–მა რ. ა–თან ერთად, ა. ნ–ის მიერ თ–ს რესპუბლიკიდან სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიღწეული შეთანხმების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ხელის მსხვრევად ხელყუმბარებს, რათა მოგვიანებით ი. მ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში განეხორციელებინა აფეთქება.
1.3.2. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა, ჯგუფურად, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
გ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის სექტემბრის ბოლოს, დ–ს მუნიციპალიტეტში, გ. მ–მა რ. ა–თან ერთად, ა. ნ–ის მიერ თ–ს რესპუბლიკიდან სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიღწეული შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და უკანონოდ გადაზიდა ხელის მსხვრევადი ხელყუმბარები, რათა მოგვიანებით ი. მ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში განეხორციელებინათ აფეთქება.
1.3.3. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
გ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა. ნ–მა ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და დაშინების მიზნით გადაწყვიტა ლ–ის რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრები ი. მ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაეგდო და აეფეთქებინა ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა. ნ–ი, ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, შეუთანხმდა გ. მ–სა და რ. ა–ს, რომლებსაც მიუთითა ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაგდების დროისა და ადგილის შესახებ. 2021 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, გ. მ–მა მისი მართვის ქვეშ არსებული „Ford Escape“ მარკის, ტრანზიტული ნომრის „....“ მქონე, ავტომობილით ლ–ის რაიონის სოფელ კ–ში ი. მ––ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა რ. ა–ი, რომელიც მივიდა და ი. მ––ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მისი დაშინების გზით ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღებისა და ქონების დაზიანების მიზნით, დაახლოებით ერთ საათიანი ინტერვალით, განზრახ გადააგდო ორი ცალი ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა, საიდანაც აფეთქდა ერთი ცალი ხელის მსხვრევადი ხელყუმბარა, რის შედეგადაც დაზიანდა ი. მ––ის ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით:
2.1. გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეძენა-შენახვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაზიდვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.3. გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. მ–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.4. ა. ნ–ი (დაუსწრებლად) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.5. ა. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.6. ა. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.7. ა. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.8. ა. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მ. ნ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.9. ა. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. მ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წელი თავისუფლების აღკვეთა;
2.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა. ნ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.11. რ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეძენა-შენახვა, ტარება) წარდგენილ ბრალდებაში;
2.12. რ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაზიდვა) წარდგენილ ბრალდებაში;
2.13. რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.14. რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საბრძოლო მასალის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.15. რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მ. ნ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.16. რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. მ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.17. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ. ა–ს, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.18. ა. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლება ფაქტობრივი დაკავების ან სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან;
2.19. რ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 8 ოქტომბრის 17:57 საათიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა მოითხოვა გ. მ–ის, რ. ა–ისა და ა. ნ–ის დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში;
3.2. მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ზ–მა მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენის გაუქმება ა. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 25, 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში მისი უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;
3.2.1. სააპელაციო საჩივარს ერთვოდა მსჯავრდებულ ა. ნ–ის თანხმობა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენის გასაჩივრებისა და მისი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე.
3.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ გ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ო–მა და მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება;
3.4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ზ–მა, რომელმაც მოითხოვა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად;
4.1. იმავდროულად, გამართლებულ გ. მ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
5.1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და გ. მ–ის, რ. ა–ისა და ა. ნ–ის დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში;
5.2. მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ზ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ა. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 25, 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში, მისი უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;
5.2.1. საკასაციო საჩივარს ერთვის მსჯავრდებულ ა. ნ–ის თანხმობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენის გასაჩივრებისა და მისი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე.
5.3. მსჯავრდებულ რ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. ნ–ი ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში, – რ. ა–ისთვის მსჯავრადშერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (ორი ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და თითოეულ ეპიზოდში – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5.4. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ზ–ის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი.
6. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017)
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
7.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი ითხოვს რ. ა–ის, ა. ნ–ის და გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე – რ. ა–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (ორი ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, ხოლო ა. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
7.2. ამდენად, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს რ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
8. უსაფუძვლოა კასატორი ბრალდების მხარის მტკიცება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი - ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ჩადენილი ჯგუფურად და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა, ჩადენილი ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. მ––ის ეპიზოდი) გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2025 წლის 15 ივლისის №38აპ-25; 2024 წლის 20 დეკემბრის N745აპ-24, II-3.4; 2024 წლის 11 მარტის N1009აპ-23, II-23; 2023 წლის 10 აგვისტოს N426აპ-23, II-9.1; 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13; საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2022 წლის 11 ოქტომბრის N770აპ-22; 2022 წლის 12 სექტემბრის №781აპ-22; 2022 წლის 7 სექტემბრის №748აპ-22).
9.1. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული/გაურკვეველია/ვერ დგინდება გ. მ–ისათვის ბრალადშერაცხული – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენის გარემოებები. კერძოდ, გაუგებარია, მაგალითად, სად და რამდენი ხელყუმბარის შეძენას და საიდან სად გადაზიდვას ედავება ბრალდების მხარე რ. ა–სა და გ. მ–ს.
10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ მოწმეთა: მ. ნ–ის, ა. ნ–ს, ი. მ–ის, ს. უ–ს ჩვენებები გ. მ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების სამტკიცებლად არაინფორმატიულია.
12. გ. მ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალადწარდგენილი (ორი ეპიზოდი – ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ჩადენილი ჯგუფურად და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა, ჩადენილი ჯგუფურად) ქმედების ნაწილში სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2021 წლის სექტემბრის ბოლოს გ. მ–ი და რ. ა–ი, გ. მ–ის კუთვნილი ავტომობილით იმყოფებოდნენ ბ-ში. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ რ. ა–მა 2021 წლის 4 ოქტომბერს, ი. მ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ააფეთქა ხელყუმბარა, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დგინდება, სად და რა ვითარებაში შეიძინა (გ. მ–თან ერთად თუ მის გარეშე) აღნიშნული ხელყუმბარები რ. ა–მა.
12.1. გ. მ–ის და რ. ა–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრების მომსახურე ანძების შესახებ ინფორმაციით დგინდება, რომ გ. მ–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერს – ... .. .. .. – 2021 წლის 28 სექტემბერს ემსახურებოდა ქ. თ–დან ბ–ს მუნიციპალიტეტამდე არსებული მომსახურე ანძები და შემდეგ - პირიქით (იხ.: ტ.4, ს.ფ.98-99).
12.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ გარემოებებს არც თავად გ. მ–ი და რ. ა–ი უარყოფენ და ჩვენების მიცემისას უთითებენ, რომ რ. ა–ს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ესაჭიროებოდა მკურნალობა, რის გამოც გაყიდა თავისი კუთვნილი ცხენი და იმისთვის, რომ აეღო გაყიდული ცხენის საფასური, 2021 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში, გ. მ–ის კუთვნილი ავტომანქანით წავიდნენ ბ–ში თუ დ–ში, ზუსტად არ ახსოვთ, თუმცა ის პირი, ვისგანაც ცხენის საფასური უნდა აეღოთ, ვერ ნახეს და დაბრუნდნენ ისევ თ–ში. იარაღის შეძენაზე კი საუბარი არ ყოფილა. იმავდროულად, რ. ა–ის მიერ ცხენის გაყიდვის ფაქტს ადასტურებს ს. უ–ა(რ. ა–ის მეუღლე).
12.3. გ. მ–ის მფლობელობაში არსებული „Ford Escape“ მოდელის (სახელმწიფო ნომრით .....) ავტომანქანის გადაადგილების გრაფიკთან (რომლითაც დასტურდება, რომ გ. მ–ის მფლობელობაში არსებული ზემოაღნიშნული ავტომანქანა 2021 წლის 28 სექტემბერს გადაადგილდებოდა ქ. თ–დან ბ–ს მიმართულებით და ამავე დღეს დაბრუნდა ქ. თ–ში) დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული გრაფიკი 2021 წლის 10 დეკემბრის გამოკითხვის შემდეგ ი. გ–ემ წარუდგინა გამომძიებელს, რაც დათვალიერდა იმავე დღეს და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს (იხ.: ტ.4, ს.ფ. 4-15).
12.3.1. შესაბამისად, აღნიშნული გრაფიკის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესების არსებითი დარღვევით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის“ (თუ არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა), – ბრალდების მხარის მიერ არ მოხდა ი. გ–ისაგან მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ავტომობილის გადაადგილების გრაფიკის ამოღება.
12.3.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს დოკუმენტის წარმოდგენას, როგორც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას/მტკიცებულების დამაგრების ხერხს. ავტომობილის გადაადგილების გრაფიკის სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლით დადგენილი წესით, ი. გ–ისაგან მისი ამოღების გზით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ უგულებელყო მტკიცებულების (მოცემულ შემთხვევაში – ავტომობილის გადაადგილების გრაფიკის) მოპოვების საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია აღნიშნული მტკიცებულების (გრაფიკის) შინაარსის გაზიარების შესაძლებლობას (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 3 ნოემბრის განჩინება N 845აპ-22 და mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N80აპ-21 განჩინება).
13. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი – ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ჯგუფურად და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
14. საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. მ–ის ეპიზოდი) გ. მ–ისათვის ბრალადწარდგენილ ქმედებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გ. მ–ის, ს. ჩ–ის, რ. ა–ის ჩვენებებით) დადგენილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2021 წლის 4 ოქტომბერს, გ. მ–ს დაურეკა რ. ა–მა და სთხოვა მეგობრის ფერმასთან მიყვანა. გ. მ–ი და ს. ჩ–ე წავიდნენ გ–ს კუთვნილი ავტომანქანით, სოფელ კ-ს ბაზართან დახვდათ რ. ა–ი, რომელიც ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს ფერმაზე. გ. მ–მა ფერმასთან დატოვა რ. ა–ი და თვითონ ს. ჩ–სთან ერთად სახლში დაბრუნდა. დილით რ. ა–მა დაურეკა და სთხოვა, რომ ისევ იმ ადგილას მისულიყო და წამოეყვანა. გ. მ–მა რ. ა–ი წამოიყვანა. დაისვენეს და მეორე დღეს წავიდნენ თ–ში.
15. კასატორი ბრალდების მხარის აპელირებაზე, რომ გ. მ–ს სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ა. ნ–თან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ აღნიშნული კომუნიკაცია (კომუნიკაციის ფაქტს არ უარყოფენ არც გ. მ–ი და ს. ჩ–ე) ეხებოდა აფეთქებას/რ. ა–ს (ს. ჩ–ის განმარტებით, ა. ნ–მა იგი დაპატიჟა საზღვარგარეთ, უთხრა, რომ მასთან, თ–ში ჩასულიყო. საუბრის დასრულების შემდეგ მან (ს. ჩ–ემ) გათიშა ტელეფონი და გადავიდა ავტომობილიდან ლუდის შესაძენად (იხ.: გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმი 16:16:25 – 16:19:25)).
16. უსაფუძვლოა კასატორი ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ს. ჩ–მ ჩვენებაში დაადასტურა აფეთქების შემდეგ რ. ა–ის მიერ ხიდიდან ტანსაცმლის გადაყრა. ს. ჩ–ის და გ. მ–ის ჩვენებით დგინდება, რომ რ. ა–ის თხოვნით გააჩერეს მანქანა მდინარესთან და რ. ა–ი მანქანიდან გადავიდა. სასამართლო ითვალისწინებს ს. ჩ–ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც რ– მანქანაში ჩაისვეს და წამოიყვანეს, რ–ს თხოვნით გაჩერდნენ მდინარესთან, თავად გ–თან ერთად მანქანაში დარჩა, რ– კი გადავიდა მანქანიდან, სავარაუდოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, – უთხრა მათ რომ გაეჩერებინათ. თავად წინ იჯდა და სხვა რამე გააკეთა თუ არა რ–მა არ იცის, რადგან ვერც ხედავდა და არც ყურადღება მიუქცევია, სავარაუდოდ რაღაც გადააგდო, რადგან ჩანთა რომელიც ეკეთა მერე მანქანაში აღარ ჰქონია (იხ.: გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმი 17:05:19-17:07:59). როცა გამოძიებას ჩვენებას აძლევდა ჰკითხეს რამე ხომ არ გადაუგდია რ–ს მდინარეშიო, ახსოვდა რომ მდინარესთან გააჩერეს მანქანა, შესაბამისად, როდესაც ჰკითხეს გადაყრაზე, იფიქრა რომ ალბათ ეგ იყო. ჩანთა მერე მანქანაში აღარ იყო (იხ.: გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმი 17:08:00-17:10:30). ანალოგიურად, გ. მ–მაც დაადასტურა მანქანის გაჩერების ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ ზუსტად არ იცის, რ–მა მდინარეში რამე გადააგდო თუ არა, შესაძლებელია გადააგდო კიდეც.
17. უსაფუძვლოა ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნა სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენისას გ. მ–თან, რ. ა–თან და ს. ჩ–ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმების გამოყენების შესახებ.
17.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი იყო რ. ა–ის და გ. მ–ის ჩვენებების ადგილზე შემოწმება, ხოლო არსებით სასამართლო სხდომაზე მათ უარყვეს გამოძიების დროს მიცემული ის ჩვენებები, რომლის შესამოწმებლადაც ჩატარდა ექსპერიმენტი, –დაუშვებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოყენება მსჯავრებისათვის.
17.2. ს. ჩ–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით 2021 წლის 9 ოქტომბერს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. ჩ–ემ არსებით სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, რომლის შემოწმებაც განხორციელდა ექსპერიმენტის ფარგლებში. ამასთან, არსებით სხდომაზე არ იქნა დაკითხული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი პირი (ბრალდების მხარეს არ დაუყენებია აღნიშნული პირის დაკითხვის მოთხოვნა (არ იყო მითითებული დასაკითხ პირთა სიაში)).
18. უსაფუძვლოა ბრალდების მხარე კასატორის მითითება „მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი“ რ. ა–ის გამოკითხვის ვიდეოჩანაწერზე (სადაც მსჯავრდებული დეტალურად აღწერდა ა. ნ–ის მიერ დაგეგმილი აფეთქების დეტალებსა და გ. მ–თან ერთად განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს). სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი რ. ა–ის 2021 წლის 8 ოქტომბრის გამოკითხის ოქმით მართალია დგინდება, რომ გამოკითხვის პროცესის დროს გამოყენებული იქნა „ნიკონის“ ფირმის აუდიო-ვიდეოჩამწერი და გადაღებული იქნა აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც გადატანილ იქნა DVD დისკზე და დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც პაკეტში (იხ.: ტ.1, ს.ფ. 136-140), თუმცა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბრალდების მხარეს დაცვის მხარისათვის არ გაუცვლია არც 2021 წლის 10 ოქტომბერს (იხ.: ტ.2, ს.ფ. 180-194), არც 2021 წლის 5 ნოემბერსა (იხ.: ტ.3, ს.ფ. 60-61) და არც 2022 წლის 20 იანვარს (იხ.: ტ. 4) მტკიცებულებათა გაცვლისას, ასევე აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე მითითებული არ არის სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში (იხ.: ტ.4). ამდენად, კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს მტკიცებულებაზე, რომელიც არც დაცვის მხარისათვის გაუცვლია და არც სასამართლოში წარუდგენია და შესაბამისად, ვერც მხარეთა მიერ იქნებოდა უდავოდ ცნობილი და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არის დაუშვებელი მტკიცებულება.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულმა მოწმეებმა (შსს ლ–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა): ტ. ფ–მ, მ. ბ–მ, ა. პ–მა, ზ. ხ–მ, ბ. მ–მა, ი. კ–მ, ბ. გ–მა, გ. ა–მა, შ. გ–მ, ლ. თ–მ დაადასტურეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილი წერილობითი დოკუმენტების სისწორე.
20. ბრალდების მხარე კასატორის მითითება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დათვალიერებულ, გ. მ–ისა და რ. ა–ის ტელეფონში არსებულ ინფორმაციებზე (რ. ა–ის ტელეფონსა და გ. მ–ის ტელეფონს ჰქონდა ერთნაირი განბლოკვის პაროლი, ორივე ტელეფონში გახსნილი იყო ერთი და იგივე „.........” გვერდი საერთო პროფილით “M....M....”), არარელევანტურია, ვინაიდან მოცემული ტელეფონების დათვალიერებისას გარდა საერთო პაროლისა და „......”-ის საერთო პროფილებისა, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა მოპოვებული საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე ინფორმაცია.
21. დაუსაბუთებელია ბრალდების მხარე კასატორის მტკიცება, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს გ. მ–ის საბანკო ანგარიშზე 1000 ლარის ჩარიცხვა (რ. ა–ისათვის ბილეთის შეძენამდე) ადასტურებს, რომ აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო რ. ა–ისთვის. „.... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ გ. მ–ის .... ბანკის ანგარიშზე თანხა შეტანილია გ. მ–ის სახელით 2021 წლის 8 ოქტომბერს ბილეთის შეძენამდე. ამასთან, ამონაწერის თანახმად, ბილეთის 717 ლარად შეძენამდე და შემდეგაც აღნიშნული ბარათით განხორციელდა სხვადასხვა ტრანზაქციები (იხ.: ტ.3, ს.ფ. 207-222).
21.1. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (მაგალითად, მოწმეთა ჩვენებები, ჩარიცხვის აპარატის ვიდეოჩანაწერები და ა.შ) რაც დაადასტურებდა, რომ გ. მ–ის სახელზე რეგისტრირებული აღნიშნული ბარათის გამოყენება ხდებოდა რ. ა–ის მიერ ან/და მისი მითითებით ხდებოდა ჩარიცხული თანხის გამოყენება, ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნული თანხის – 1000 ლარი – გ. მ–ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას კასატორი ბრალდების მხარის მიერ მითითებული მიზნით. შესაბამისად, ბრალდების მხარის მტკიცება, რომ გ. მ–ის ანგარიშზე 8 ოქტომბერს 1000 ლარის ჩარიცხვა მოხდა იმ მიზნით, რომ მას 9 ოქტომბერს შეეძინა რ. ა–ისათვის გასამგზავრებელი ბილეთი, წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს.
22. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გ. მ–ისთვის ცნობილი იყო რ. ა–ის განზრახვა – ი. მ–ის სახლის აფეთქება – და აღნიშნულში იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, არ არსებობს გ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. მ–ის ეპიზოდი) მსჯავრდების საფუძველი.
23. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ა. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო რ. ა–ის მიერ – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი - ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
24. კასატორი დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ: სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, ა. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 25, 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის და შესაბამისად, რ. ა–ის მიერ აფეთქების (რომელსაც აღიარებს) ჩადენა ჯგუფურად – საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება ა. ნ–ის უდანაშაულობა მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენაში და რ. ა–ის მიერ დამოუკიდებლად (პირადი წყენის მიზეზით) აფეთქების (ორი ეპიზოდის) ჩადენა.
25. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის N594აპ-22 და 2025 წლის 3 დეკემბრის N 614აპ-25 განჩინებები).
26. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულთა: ი. მ–ისა და მ. ნ–ის, მოწმეთა: ს. უ–ას, ს. ჩ–ის, გ. მ–ის, ა. ნ–ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, „ვ.... ს–დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი მასალები, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი: ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის N.... დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის N.... დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ა. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 25, 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და რ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
27. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).
28. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის, მსჯავრდებულ რ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ნ–ისა და მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ზ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განაჩენზე გ. მ–ის, ა. ნ–ისა და რ. ა–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე