დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ბს-53-53(კ-08) 20 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 19 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა ინდივიდუალურმა მეწარმემ “...-მ” მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 7 თებერვლის ¹03/31 ბრძანების საფუძველზე საწარმო შემოწმებულ იქნა საგადასახადო ინსპექტორების მიერ, რაზედაც 2007 წლის 28 თებერვალს შედგა გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც სრულიად უსაფუძვლოდ დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის მიხედვით 28383,70 ლარი, ამავე კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად _ ჯარიმა 32112,30 ლარი, 129-ე მუხლის თანახმად _ საურავი 1636,63 ლარი. აღნიშნული დარიცხვების მიხედვით გამოიცა და შედგა 2007 წლის 30 მარტის ¹843 საგადასახადო მოთხოვნა. არასწორად დარიცხული თანხების გასწორების შესახებ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომელმაც თავისი 2007 წლის 2 აპრილის ¹1601-09/1054 წერილით აცნობა, რომ არ არსებობდა დავის დაწყების ფორმალური საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებით, შემოწმების აქტი და მისგან გამომდინარე ყველა დოკუმენტი იყო უკანონო და იგი ნაწილობრივ უნდა გაუქმებულიყო. აქტში აღნიშნული იყო, რომ დასაბეგრი ოპერაციების თანხამ 2006 წლის 11 სექტემბერს გადააჭარბა 100000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ს გადასახადის გადამხდელად ითვლებოდა ამ თარიღიდან, შესაბამისად საგადასახადოს ინსპექტორებს დარიცხვა უნდა მოეხდინათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე და 245-ე მუხლების შესაბამისად, ანუ შემოსული თანხებიდან უნდა განესაზღვრათ დასაბეგრი ბრუნვა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იქნებოდა (158957,20X0,15254237)-24247,7) 134709,5 ლარი და აღნიშნულ თანხაზე მოეხდინათ 18%-იანი განაკვეთის დარიცხვა, რაც ჯამში იქნებოდა 24247,7 ლარი. მოსარჩელემ, სარჩელში აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოს აცნობა, რომ დავის ფორმად ირჩევდა სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლების მიხედვით მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 მარტის შემოწმების აქტის, 2007 წლის 28 მარტის ¹07/349 ბრძანებისა და 2007 წლის 30 მარტის ¹843 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმება და საგადასახადო ორგანოს მიერ, ყველა აღნიშნულ დოკუმენტში არასწორად დარიცხული დღგ-ს თანხის სწორად განსაზღვრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2007 წლის 26 მარტის ¹07/349 ბრძანებისა და 2007 წლის 30 მარტის ¹843 საგადასახადო მოთხოვნის _ ი/მ “...-თვის” 8749,63 ლარის ზედმეტად დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობა და ი/მ “...-თვის” დღგ-ს სახით ბიუჯეტში გადასახდელად 58632,63 ლარის ნაცვლად 49883 ლარის დარიცხვა.
ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის გასვლითი შემოწმების საფუძველზე ი/მ “...-ს” დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადის სახით სულ 58632 ლარი. მეწარმის დასაბეგრმა ოპერაციებმა 2006 წლის 11 სექტემბრიდან გადააჭარბა 100000 ლარს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, ორი სამუშაო დღის ვადაში დამდგარიყო აღრიცხვაზე საგადასახადო ორგანოში დღგ-ს გადამხდელად. 2006 წლის 11 სექტემბრიდან შემოწმების ბოლომდე დღგ-ს გადასახადის დასაბეგრმა ოპერაციებმა შეადგინა 158957,2 ლარი, დღგ-ს გადასახადის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18%-ს და შესაბამისად, გადასახადმა შეადგინა 28612,30 ლარი, რაც შემოწმების აქტში იყო ასახული. დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებისათვის მოსარჩელეს დაეკისრა ფინანსური სანქცია _ 28612,3 ლარი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დროულად გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს დაერიცხა საურავი _ 1631 ლარი. 158957,20 ლარზე 18% დაერიცხა იმის გამო, რომ მეწარმის მიერ რეალიზებულ საქონელზე არ მომხდარა ფასთა ცვალებადობა 2006 წლის 11 სექტემბრამდე და არც ამ თარიღის შემდგომ.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2007 წლის 7 თებერვლის ¹03/31 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა ი/მ “...-ის” სამეწარმეო საქმიანობის გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება, 2007 წლის 28 თებერვალს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი, 2007 წლის 26 მარტს მიღებულ იქნა ბრძანება ¹07/349, ხოლო 2007 წლის 30 მარტს, ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემულ იქნა ¹843 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ი/მ “...-ს” გადასახდელად დაერიცხა _ 62132,63 ლარი. აქედან 28383,70 ლარი _ ძირითადი გადასახადი, 32112,30 ლარი _ ჯარიმა, 1636,63 ლარი _ საურავი (ს.ფ. 4-9).
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ “...-ს” 2007 წლის 28 თებერვლის შემოწმების აქტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის სახით ბიუჯეტში ამოსაღებად დარიცხვას დაექვემდებარა 58632,63 ლარი (ძირითადი _ 28383,70 ლარი, ფინანსური საჯარიმო სანქცია _ 28 612,30 ლარი, საურავი _ 1 636 ლარი). შემოწმების აქტის მიხედვით ი/მ “...-ს” 2006 წლის სექტემბრიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე განხორციელებული ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი 158957,20 ლარის ოპერაციები, რომელზეც 18% დაერიცხა იმის გამო, რომ მეწარმის მიერ ფასთა ცვალებადობა არ მოხდა 2006 წლის 11 სექტემბრამდე და არც 2006 წლის 11 სექტემბრის შემდგომ (ს.ფ. 7).
საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია და არ გაიზიარა შემოწმების აქტში მითითებული გარემოება, რომ რადგან მეწარმის მიერ არ მომხდარა რეალიზებულ საქონელზე ფასების ცვალებადობა, 158957,20 ლარი წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ თანხას.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 11 სექტემბრიდან 2007 წლის 7 თებერვლამდე ი/მ “...-ის” მიწოდებული საქონლიდან კომპენსაციის თანხამ შეადგინა 158957,20 ლარი (ს.ფ. 7, 37-41).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ს გადამხდელის მიერ, მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით დღგ-ს გარეშე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა უნდა განსაზღვრულიყო არა მოსარჩელისათვის მიღებული კომპენსაციის თანხიდან (158957,20 ლარიდან), არამედ კომპენსაციის თანხის მიხედვით დღგ-ს გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 134709,20 ლარს (158957,20-24248). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ს განაკვეთი შეადგენდა დასაბეგრი ბრუნვის 18%-ს, რაც მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრებოდა 24248 ლარით (134 709,20 ლარის 18%).
ამდენად, მოსარჩელეს მიღებული კომპენსაციის თანხა 2006 წლის 11 სექტემბრიდან 2007 წლის 7 თებერვლამდე შეადგენდა 158957,20 ლარს, რომლიდანაც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 134709,20 ლარი, ხოლო დღგ _ 24248 ლარი იყო.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ი/მ “...-ს” უნდა დაკისრებოდა ჯარიმა რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებისათვის მთელ პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ს თანხის 100 %, ანუ _ 24248 ლარი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად უნდა დარიცხვოდა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა 1387 ლარს. ამდენად, ი/მ “...-ს” სულ დამატებული ღირებულების გადასახადში გადასახდელად დარიცხვას ექვემდებარებოდა 49883 ლარი (24248+24248+1387=49883), შესაბამისად, მოსარჩელეს დამატებული ღირებულების გადასახადის სახით ზედმეტად დარიცხული ჰქონდა 8749,63 ლარი (58632,63_49883=874963). ამასთან, საბუღალტრო-ეკონომიკური ექსპერტიზის 2007 წლის 23 ივლისის ¹562 დასკვნით დადგენილი იყო, რომ ი/მ “...-ს” დამატებული ღირებულების გადასახადში გადასახდელად დარიცხვას ექვემდებარებოდა 49883 ლარი, რომლიდანაც ძირითადი გადასახადი შეადგენდა 24248 ლარს, ჯარიმა _ 24248 ლარს, საურავი _ 1387 ლარს. ზედმეტად დარიცხული იყო 8 749,63 ლარი (ს.ფ. 37-41).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ საგადასახადო ინსპექციაში დავის სასამართლოში დაწყების შესახებ შეტყობინების წარუდგენლობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ითვლებოდა აღიარებად და საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდებოდა თუ იგი შეტანილი იყო საგადასახადო მოთხოვნასა და აქტზე ვადისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად. ამ ნორმიდან გამომდინარე, წარმოება შეწყდებოდა, თუ დაცული არ იყო ერთდროულად ორი პირობა, კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა და ვადა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დადგენილ ვადაში იყო შეტანილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ს გადასახადის გადამხდელად ითვლებოდა პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ან ვალდებული იყო გატარებულიყო რეგისტრაციაში დღგ-ს გადამხდელად. ამავე კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი ვალდებული იყო გატარებულიყო რეგისტრაციაში, თუ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატებოდა 100000 ლარს, მაგრამ 100000 ლარის დასაბეგრი პერიოდი წარმოიშვა 2006 წლის სექტემბრიდან. რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 129-ე მუხლის შესაბამისად გაითვალისწინა ჯარიმა და საურავი. რაც შეეხებოდა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 26 მარტის ბრძანებას, იგი საგადასახადო მოთხოვნაში იყო მითითებული ამ მოთხოვნის საფუძვლად. ეს ბრძანება გამოთხოვილ იქნა და დაერთო საქმეს, ამიტომ აღნიშნული ბრძანების ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არარსებობა არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სარჩელი საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე სასამართლოს უნდა წარედგინოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უარს აცხადებს საგადასახადო მოთხოვნის შესრულებაზე, ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია, საგადასახადო მოთხოვნის/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს სასამართლოს, საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება. ი/მ “...-ს“ ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში დღემდე არ წარუდგენია შეტყობინება დავის სასამართლოში დაწყების შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, უნდა შეიცავდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, რაც სასამართლოში შეტანილ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის, ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის აღიარებად, იგი აღსასრულებლად მიექცევა და სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნის დარღვევის გამო.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის დასახელებული პუნქტი და მიიჩნია, რომ მხოლოდ ორივე პირობის დაუცველობის შემთხვევაშია სარჩელის დაუშვებლად ცნობა შესაძლებელი. ეს განმარტება კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ორივე პირობის არსებობა (გასაჩივრების ვადის დაცვა და საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინება) იწვევს სარჩელის დასაშვებად ცნობას. განჩინებაში ჩამოყალიბებული განმარტების გაზიარების შემთხვევაში, სხვა ურთიერთობისას, შეიძლება შეიქმნას ისეთი სამართლებრივი კაზუსი, როცა ორი პირობიდან დაცულია მხოლოდ შეტყობინების პირობა და სარჩელის აღძვრის ვადა დაცული არ არის. იმავე კოდექსის 147-ე მუხლის მე-6 ნაწილის დისპოზიცია არ არის ალტერნატიული ხასიათის. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა სარჩელის დასაშვებობის საკითხზე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაებრუნებინა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.
კასატორის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,Dდღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ს გადამხდელად. ამავე კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში, თუ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს. ამასთან, ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე საგადასახადო ორგანოში დღგ-ს გადამხდელად აღრიცხვაზე უნდა დამდგარიყო 2006 წლის 13 სექტემბრიდან, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. გადამხდელს არც სავალდებულო რეგისტრაციამდე და არც რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, გაყიდულ საქონელზე არ განუხორცილებია დღგ-ს დარიცხვა და შესაბამისად, დღგ-ს დეკლარაციის წარდგენა საგადასახადო ორგანოში. საქონლის გასაყიდი ფასი შედგებოდა მხოლოდ თვითღირებულებისაგან და მოგებისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით დღგ-ს გარეშე. საქმის მასალებით დასტურდება და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ 2006 წლის 13 სექტემბრიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მეწარმის შემოსავალმა (დასაბეგრი ბრუნვა) შეადგინა 158957,2 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლით დღგ-ს განაკვეთი შაედგენს ბრუნვის 18%-ს. კონკრეტულ შემთხვევაში, 158957,2X18%=28612,3 ლარს. დაფიქსირებული შემოსავლის მიხედვით, მოსარჩელეს დღგ-ში დამატებით კანონიერად დაერიცხა ძირითადი გადასახადის სახით 28612,3 ლარი.
კასატორი განმარტავს, რომ ი/მ “...“ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის “ა“ პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო მოსარჩელეს სწორად დაერიცხა რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებისათვის მთელ პერიოდში ბიუჯეტში გადასახადი დღგ-ს თანხის 100% _ 28612,3 ლარი. ამასთან, აქტით მოსარჩელეს სწორად დაერიცხა საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად სანქცია საურავის სახით 1636,63 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 30 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 20 მარტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.