ახალად აღმოჩენილი გარემოებები
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბ-585-15(ა-08) 5 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი _ გ. ნ.-ე _ წარმომადგენელი ი. ლ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
მესამე პირი _ ,,... ბანკი”
განცხადების ავტორის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ნ.-მ 2002 წლის 10 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2323 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გ. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2323 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ.-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ მხარეებს 2007 წლის 18 დეკემბერს.
გ. ნ.-მ 2008 წლის 21 იანვარს განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც განმარტა, რომ არის უკიდურესად გაჭირვებული პენსიონერი, არ ყავს ადვოკატი უსახსრობის გამო და კანონის არცოდნის გამო ვერ შეიტანა საჩივარი სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ. ნ.-ს დაევალა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა განცხადება კონკრეტული მოთხოვნის და გასაჩივრების საფუძვლების მითითებით; მასვე დაევალა განცხადების წარმოდგენა ნაბეჭდი სახით, ორიგინალი ხელმოწერით, სათანადო ასლების დართვით. განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
გ. ნ.-მ 2008 წლის 4 მარტს საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინა განცხადება და ადვოკატ ი. ლ.-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინებით გ. ნ.-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კონკრეტული მოთხოვნის, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით შედგენილი განცხადების წარმოდგენა.
გ. ნ.-ის წარმომადგენელმა ი. ლ.-მ დააზუსტა მოთხოვნა და 2008 წლის 21 მარტს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ს.ფ. 407-408). მან განცხადებაში მიუთითა, რომ გ. ნ.-ე არის უკიდურესად მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი პენსიონერი, რომელმაც დროულად ვერ შეძლო ადვოკატის აყვანა და იურიდიული ნორმების უცოდინრობის გამო ვერ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით. განმცხადებლის განმარტებით, გ. ნ.-თვის ასევე კანონის უცოდინრობის გამო არც ის იყო ცნობილი, რომ მისი ავადმყოფობა საპატიო მიზეზი იყო საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული ვადის აღსადგენად. განმცხადებლის მითითებით, გ. ნ.-ს, რომ წარედგინა აღნიშნული მტკიცებულება საკასაციო სასამართლოში, სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უნდა გამოეტანა გ. ნ.-თვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, ანუ ვადის დარღვევა უნდა ჩაეთვალა საპატიოდ და განეხილა მისი საკასაციო საჩივარი.
განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის I ნაწილის, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის, 424-ე მუხლის I ნაწილისა და 426-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ნ.-ის წარმომადგენელ ი. ლ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ნ.-ის განცხადების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. ნ.-მ საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად (ს.ფ. 707-708). ამ ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” - ,,ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საკასაციო სასამართლო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ვერ მიიჩნევს გ. ნ.-ის მიერ წარმოდგენილ ავადმყოფობის დამადასტურებელ ცნობას, რადგან ავადმყოფობის გამო საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენა დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. აღნიშნულ ნორმაში იმპერატიულად არის მითითებული, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, გ. ნ.-ს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის დამადასტურებლი მტკიცებულება მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას რომც წარედგინა საკასაციო სასამართლოსათვის, ეს არ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ნ.-ის წარმომადგენელ ი. ლ.-ის განცხადება _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის ¹ბს-1040-994(კ-07) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ _ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს გ. ნ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის ¹ბს-1040-994(კ-07) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.