განსჯადობა

ადმინისტრაციული 02.12.2009
საქმის ნომერი
ბს-1004-962(გ-09)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
02.12.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1004-962(გ-09) 2 დეკემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის ,,სამტრესტის» სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

22.08.07წ. სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – ი/მ ც. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რომლის შედეგად სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ «სამტრესტს» დაუბრუნდებოდა მის მიერ მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხა – 5626 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.08წ. განჩინებით სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» სარჩელი მოპასუხე ი/მ ც. მ-შვილის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობით ასრულებს საჯარო-სმართლებრივ უფლებამოსილებებს. აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი” ადმინისტაციული ორგანოა, იმავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” მიერ დადებული იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ხელშეკრულება დაიდო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რომელიც მას მინიჭებული აქვს ,,ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მე-31 მუხლის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 11.02.03წ. ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» დებულების მე-2 მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,სამტრესტის» საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ,,დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა», რაც მის საჯარო უფლებამოსილებას წარმოადგენს. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ რადგან სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სასარჩელო განცხადებით დავის საგანი არ გამომდინარეობს კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან, აღნიშნული დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.02.09წ. გადაწყვეტილებით, სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» სარჩელი დაკმაყოფილდა, ი/მ ც. მ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5626 ლარის გადახდა, თანხის დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება – მცხეთის რაიონში, სოფ. ... მდებარე 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა ი/მ ც. მ-შვილმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რადგან დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვითული უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით თანხის დაბრუნება, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული დავის საგანს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.09წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა ან შესრულება; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ,,ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს», ამდენად, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი” წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

პალატამ მიუთითა, რომ დავის ბუნების გარკვევისათვის უნდა შეფასდეს არა მხოლოდ დავის მონაწილე სამართალსუბიექტები (თუმცა აღნიშნული ადმინისტრაციული დავის მახასიათებელი ერთ-ერთი კომპონენტია), არამედ აგრეთვე დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსი, კერძოდ ის თუ რომელი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს დავის საგანი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ-ის მიერ ინდ. მეწარმესთან გაფორმებული ხელშეკრულება დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. აღნიშნული მოსაზრება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 11.02.03წ. ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი «სამტრესტის» დებულების 2.3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, «სამტრესტის» საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა. პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანი – ვაზის გარკვეული ჯიშის ნერგებით ვენახების გაშენების მომსახურება, პირდაპირ კავშირშია «სამტრესტის» საჯარო-სამართლებრივ ფუნქციასთან, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციით თანხის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა, სააპელაციო პალატის აზრით, გავლენას ვერ მოახდენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შინაარსზე, ვინაიდან იპოთეკა წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნვეოყოფის საშუალებას, ხოლო თავად ხელშეკრულების შინაარსი აქცევს მას საჯარო-სამართლებრივი ინტერესის მქონე ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, დავის საგნობრივი განსჯადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და შესაბამისად განსჯადობით განსახილველად სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, ის გარემოება, რომ სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი - «სამტრესტი» სზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თავისთავად არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის «ზ» ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ამდენად, ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ის გარემოება. რომ «ვაზისა და ღვინის შესახებ» კანონის 31 მუხლის თანახმად და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 11.02.03წ. ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების 2.3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი «სამტრესტი», რომლის საქმიანობის ძირითად საგანს დებულების თანახმად შეადგენს «დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა» ასევე არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის 30.06.09წ. განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსიპ –ის და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ «სამტრესტსა» და ი/მ ც. მ-შვილს შორის დადებული 03.12.04წ. ¹9 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკურმა პირმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, გაეშენებინა ვენახი ვაზის ჯიშების («ჩინური», «თავკვერი») ნერგებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო თვით ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების, ღია ტენდერის შედეგად დაიდო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლბერივი უფლება-მოვალეობით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას, ხელშეკრულების დადება სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, ღია ტენდერის ჩატარებით თავისთავად არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს, ამასთანავე დავის საგანს წარმოადგენს არა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა, არამედ ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 5626 ლარის დაკისრება, სანოტარო წესით დამოწმებული 03.12.04წ. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რეალიზაციის შედეგად სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ «სამტრესტის» მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხის დაბრუნება. მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მე-300 (იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა) და 301-ე (იძულებით გაყიდვა აუქციონზე) მუხლები. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას განეკუთვნება, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251 მუხლის, სზაკ-ის 65.2, 651 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ვინაიდან დავა აღძრულია კანონმდებლობაში ადმინისტრაციული გარიგების ნაცვლად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის შემოღების შემდეგ, განსახილველი დავის განსჯადობის საკითხზე გავლენას ვერ იქონიებს სასკ-ის 35-ე მუხლის დებულება, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებისა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული უნდა იყოს ადმინიტსრაციული სამართალწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-2, მე-2, მე-5, 251, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტის” სარჩელის გამო საქმე ი/მ ც. მ-შვილის წინააღმდეგ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.