შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
125-საზ 18 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 ივლისის განაჩენით ნ. ჩ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით _ 3 წლითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ ნ. ჩ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. ჩ-ლს დაეკისრა დაზარალებულ ს. თ-ის სასარგებლოდ 200 ლარის, დაზარალებულ ი. ვ-ის სასარგებლოდ _ 153 ლარის, დაზარალებულ მ. ვ-ის სასარგებლოდ _ 6 ლარისა და 70 თეთრის სოლიდარულად გადახდა.
განაჩენით ნ. ჩ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით.
მსჯავრდებული ნ. ჩ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006წ. 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ნ. ჩ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, (2000წ. 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი (2000წ. 30 მაისის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტთან.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, (2000წ. 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), ქურდობისათვის ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით _ თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და «ბ» (ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით) ქვეპუნქტები ხსენებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც ისინი წარმოადგენენ ნაკლებად მძიმე დანაშაულს თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამრთლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის სახით, (2000წ. 30 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) კვალიფიკაცია _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტებით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებზე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.