დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 30.10.2003
საქმის ნომერი
ბს-134-312-კ-03
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-134-312-კ-03 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),ნ. ქადაგიძე,გ. ქაჯაია

დავის საგანი: ფართით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ ზ. და მ. გ-ების მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში, საცხოვრებელი სახლების უკან არსებულ ეზოში, მდებარეობს მისი და მოპასუხეების საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ეზო იყო საერთო სარგებლობის, ამავე ფართში მდებარეობს საერთო სარგებლობის ტუალეტი. მოპასუხეებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე რკინის ბადით გადატიხრეს საერთო სარგებლის ეზო, შეიყვანეს შიგნით ძაღლი, რითაც მოუსპეს მაცხოვრებლებს ეზოს ნაწილით სარგებლობის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებზე რკინის ბადის ტიხრის მოშლის დავალება, ეზოს საერთო სარგებლობაში დაბრუნება.

ზ. და მ. გ-ებმა არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, 16.05.01წ. მოპასუხეებმა სასამართლოს მიმართეს შეგებებული სასარჩელო განცხადებით, რომელშიც აღნიშნეს, რომ მოსარჩელემ 21.05.92წ. განახორციელა ქ. ბათუმში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინის პრივატიზაცია. ამის შემდეგ ს. გ-ემ დაიწყო უკანონო მშენებლობა, კერძოდ, ეზოს მხრიდან ამოაშენა ადრე დანგრეული ბარაკი, დააშენა ბინას მანსარდა, მოპასუხუეების ბინის პირდაპირ მიაშენა უკანონო სათავსი, გააშენა ბოსტანი და დაიწყო ეზოს დასაკუთრება. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ იძულებული გახდნენ გადაეტიხრათ ეზო, რათა აღეკვეთათ მოსარჩელის თვითნებური მოქმედაბანი. შეგებებული სარჩელის ავტორებმა მოითხოვეს ს. გ-ის მიერ უკანონოდ აშენებული სათავსების დანგრევა. 01.06.01წ. ზ. და მ. გ-ებმა დამატებითი შეგეგებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს 01.06.93წ. ნოტარიუს მ. მ-ის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედების _ ბათუმის ¹2 მიკრორაიონის გამგეობის მიერ ს. გ-ეზე ქ. ბათუმში, ... არსებული 16კვ.მ ფართობის მქონე სამხატვრო სახელოსნოს პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მონაცემებში.

ს. გ-ემ 11.06.01წ. და 13.09.01წ. დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეების მიერ საერთო სარგებლობაში მყოფი ტუალეტის ნაწილის და თვითნებურად დაკავებული ასაღები შენობის გამოთავისუფლება, სათანადო ცვლილებების შეტანა ბინის შესყიდვის ხელშეკრულებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.02.02წ. გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ამასთან, დაკმაყოფილდა ზ. და მ. გ-ების შეგებებული სარჩელი, გაუქმდა ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ 01.06.93წ. შესრულებული სანოტარო მოქმედება ქ. ბათუმის ¹2 მიკრორაიონის გამგეობის მიერ ს. გ-ეზე სამხატვრო სახელოსნოს პრივატიზაციის შესახებ, ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, ს. გ-ეს ასევე დაევალა მის საცხოვრებელ ბინაზე ეზოს მხრიდან უკანონოდ მიშენებული სათავსის აღება საკუთარი ხარჯებით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. გ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვის შედეგად მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.04.02წ. განჩინებით ს. გ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.02.02წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული სსკ-ს დებულებანი, არასწორად იქნა მიღებული და განხილული მ. და ზ. გ-ების შეგეგებული სარჩელები, არ იქნა დადგენილი შეგეგებული სარჩელის ავტორები იყვნენ თუ არა სათანადო მხარეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც ხელახალი განხილვის დროს უნდა გადაწყვიტოს სარჩელების მიღებისა და განხილვის საკითხები.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. გ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და შეგეგებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შეგებებულ სარჩელს არ აქვს კავშირი ს. გ-ის სარჩელთან და აღნიშნა, რომ ს. გ-ის და მის მიერ აღძრული სარჩელის ერთად განხილვა და გადაწყვეტა გამოიწვევდა დავის სწრაფ და სწორ გადაწყვეტას, რის გამოც, სსკ-ს 182.4 მუხლი ითვალისწინებს სარჩელების ერთ წარმოებად გაერთიანებას და ერთად განხილვის შესაძლებლობას. კასატორის აზრით, ეზოში მდებარე ნაგებობის სამხატვრო სახელოსნოს სახით პრივატიზებით შეილახა მისი, როგორც ეზოს მესაკუთრის და მობინადრის ინტერესები, ხოლო საერთო სარგებლობის ეზოში უკანონო მშენებლობის წარმოებით ს. გ-ემ მიითვისა მისი საცხოვრებელი ბინიდან 2-3 მეტრით მოცილებიული ეზოს ნაწილი. ეზოს გადატიხრვა გამოწვეული იყო იმით, რომ ეზოს სიღრმეში თავშესაფარს პოულობდნენ მაწანწალები, ეზოს ამ ნაწილით ს. გ-ეს არასოდეს უსარგებლია. მერიას არ დაუსვია საკითხი მავთულბადის მოხსნის თაობაზე, რადგანაც 1996 წელს მერიას გაცემული აქვს ამ ადგილას ახალი სახლის აშენების ნებართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.04.02წ. განჩინების გაუქმება.

ქ. ბათუმის მერიამ წარმოდგენილი შეპასუხებით ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის სასამართლომ არასწორად გააერთიანა და განიხილა ძირითადი და შეგებებული სარჩელები ს. გ-ის მიერ მიწის ფართის გათავისუფლების თაობაზე სარჩელის სასამართლოში შეტანა მოხდა მიკრორაიონის გამგეობის მითითების შედეგად, უმართებულოა აგრეთვე მთავრობის 11.08.92წ. ¹825 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების საფუველზე მერიის მიერ ჩუქების წესით გადაცემული სამხატვრო სახელოსნოს ხელშეკრულების გაუქმება ფორმალური, არაარსებითი დარღვევის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინებით ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 10.04.02წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ საქმე განხილული იქნა 2003წ. 3 ივნისს და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. გ-ის ძირითადი სარჩელი ზ. გ-ის მიერ ქ. ბათუმში, ... არსებულ საერთო სარგებლობის ეზოში მავთულბადის აღების შესახებ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. საერთო სარგებლობის ეზოდან აღებული იქნა შესასვლელში ზ. გ-ის მიერ გაკეთებული მავთულბადის ღობე და ეზო თავისუფალ მდგომარეობაში დატოვებული იქნა საერთო სარგებლობაში.

მოსარჩელე ს. გ-ისა და მოპასუხე ზ. გ-ის შეგებებული სარჩელები დაუშვებლობის მოტივით დატოვებული იქნა განუხილველად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა ზ. გ-ის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარს საფუძვლად კასატორი მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე: გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სსკ-ს 189-ე მუხლის II ნაწილის ,,გ” პუნქტი; სასამართლოს მხრიდან მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ეზოს გადაღობვა გამოწვეული იყო მოწინააღმდეგე მხარის უკანონო ქმედების აღკვეთის მიზნით; 1996წ. 5 ნოემბრის ¹552 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის შეფასება სასამართლო გასცდა მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს, რითაც უხეშად იქნა დარღვეული საპროცესო კანონმდებლობა.

ყოველივე აღნიშნულზე მითითებით კასატორი ითხოვდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიოანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ გადაღობილი ეზო, მდებარე ქ. ბათუმში, ..., წარმოადგენს საერთო სარგებლობის ეზოს.

სკ-ს 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას ბინის მესაკუთრეთა საკუთრებაა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლისა და ამავე კოდექსის 220-ე მუხლის I ნაწილის პრინციპებიდან გამომდინარე, ქ. ბათუმში ... მდებარე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ყველა მესაკუთრეს უფლება აქვს ისარგებლოს საცხოვრებელი სახლებს შორის განლაგებული საერთო სარგებლობის ეზოთი და მოითხოვოს სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს შეფასებას კასატორის სახელზე 1996წ. 5 ნოემბრს გაცემული ¹552 გადაწყვეტილების ნაწილში და მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს საერთო სარგებლობის ეზოდან რეალური წილის გამოყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს. თუმცა აქვე ეთანხმება კასატორის განმარტებას და მიიჩნევს, რომ ¹552 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს და მისი კანონიერების შეფაესებით სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს.

რაც შეეხება კასატორს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისი სახლი არის ავარიული და სადავო ეზოს გარდა სხვა მხრიდან შეუძლებელია რეკონსტრუქციის განხორციელება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა საერთო სარგებლობის ფართის იზოლირების საფუძველს. კასატორს, ისევე როგორც მითითებულ ბინებში მცხოვრებ მე-3 პირებს, სკ-ს 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფლება აქვს ისარგებლოს საერთო საკუთრებით, ეზოს მხრიდან განახორციელოს სარემონტო-საამშენებლო სამუშაოები, ხოლო რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარესა და ბინაში მცხოვრებ პირებს, აღნიშნულ შემთხვევაში ეკისრებათ თმენის ვალდებულება.

რაც შეეხება შეგებებული სარჩელის დასაშვებობის საკითხს საკასაციო სასამართლო განმარტავს, სსკ-ს 189-ე მუხლის თანახმად, შეგებებული სარჩელის წარდგენა დასაშვებია თუ შეგებებული სარჩელის წარდგენა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; მისი დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.

განსახილველ დავაში ს. გ-ემ სასარჩელო განცხადების საფუძველზე მოითხოვა საერთო სარგებლობის ეზოში არსებული რკინის ბადის ტიხრის მოშლა, ხოლო მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით ითხოვეს ს. გ-ის მიერ სამხატვრო სახელოსნოზე განხორციელებული პრივატიზაციის გაუქმება და უკანონო მიშენების აღება.

საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში იმთავითვე გამოირიცხება სსკ-ს 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” და «ბ” პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობა, რაც შეეხება შეგებებული სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის ურთიერთკავშირის საკითხს, აღნიშნულს ასევე გამორიცხავს საკასაციო სასამართლო. კერძოდ, უკანონოდ აგებული რკინის ბადის ტიხრის მოშლასა და მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან უკანონო მშენებლობასა თუ პრივატიზაციას შორის არ არსებობს ის სამართლებრივი კავშირი, რაც განაპირობებდა მითითებული ორი დავის ერთდროულად გადაწყვეტის აუცილებლობას.

ამასთან საყურადღებოა, რომ სასამართლოს მხრიდან აღნიშნული პროცესუალური ქმედების შედეგად ადგილი არა აქვს მხარეთა უფლებების შელახვის ფაქტს, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ არ არსებობს მითითებული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება არსებითად სწორია და საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად იქნას დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება.

3. ზ. გ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.