შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹868აპ 12 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლოს საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ვ-რის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის განაჩენით, მ. ვ-რი, ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მ. ვ-რს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 28 ივლისიდან.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 5 ივლისს მ. ვ-მა უკანონოდ შეაღწია ქ. თელავის ¹-- საშუალო სკოლაში, საიდანაც ფარულად გაიტანა აღნიშნული სკოლის კუთვნილი 302 ლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთები, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე წლის 21 ივლისს მ. ვ-მა განზრახ, არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა. მან ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია ქ. თელავის ¹-- საშუალო სკოლაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 140 ლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სკოლას. 2005 წლის 26 ივლისს მ. ვ-მა არაერთგზის უკანონოდ შეაღწია ქ. თელავში შ.პ.ს. “---” მომსახურების საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ სარემონტო სახელოსნოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაიტაცა და დაეუფლა 1070 ლარის ღირებულების სახადასხვა ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. 2005 წლის 28 ივლისს მ. ვ-მა ქურდობის განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქ. თელავის ¹-- საშუალო სკოლის ---ის ოთახის კარები შეამტვრია, ფანჯრიდან გადავიდა ე.წ. საწვეთურის აივანზე და შეეცადა მეორე ოთახის ფანჯრის გისოსის მოძრობას, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომელბმა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ვ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ მ. ვ-რი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, მ. ვ-რს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა მსჯავრდებულ მ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის მიერ. საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ მ. ვ-ის გამართლებას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), ხოლო სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - დანიშნული სასჯელის დაკლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ დაზარალებულების ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთმტკიცების ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მ. ვ-ის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ. ვ-რს ქ. თელავის ¹-- საშუალო სკოლის გაქურდვის ეპიზოდში უნდა მოეხსნას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
რაც შეეხება მ. ვ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებები: სსკ-ის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ არაერთგზისი დანაშაული ამ კოდექსით გათვალისწინებულია გარემოებად, რომელიც უფრო მკაცრ სასჯელს იწვევს, პირის მიერ ჩადენილი ორი ან მეტი დანაშაული დაკვალიფიცირდება ამ კოდექსის მუხლის შესაბამისი ნაწილით, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი არაერთგზისი დანაშაულისათვის. ამასთან, სსკ-ის 177-ე მუხლის (2000 წლის რედაქცია) მე-2 ნაწილში, კანონმდებელი იყენებს ტერმინს - იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის და მე-2 ნაწილი ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს. აღნიშნულიდან გამომდინარე მ. ვ-რს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ. ვეშაგურს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), სასჯელის ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ვ-რს საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
მ. ვ-ის მიმართ ქ. თელავის ¹-- საშუალო სკოლის ქურდობის ეპიზოდში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
მ. ვ-რს სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.