განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1121აპ. 14 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ი-ის დამცველის, ადვოკატ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით ა. ი-ვს, ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ”, “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულში, როგორიცაა ძარცვა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 15 მარტს, დაახლოებით 11.00 საათზე, ა. ი-ვი იმყოფებოდა ქ. მარნეულში, ---ის ქუჩაზე მდებარე ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაინახა თავისი ნაცნობი, ბოლნისის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები, ს. პ-ვი. ამ უკანასკნელს მან მოსთხოვა ვალის დაბრუნება, თუმცა ს. პ-მა უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ მისი ვალი არ ჰქონდა. ამის შემდეგ ა. ი-მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ს. პ-ის კუთვნილ ნივთებს _ ფულად თანხასა და მობილურ ტელეფონს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა. ი-მა ს. პ-ვი გაიყვანა მოშორებით და ცემის მუქარით, ანუ ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მას აშკარად გასტაცა მობილური ტელეფონი “MOთOღOLA - ჩ-350”, ღირებული 100 ლარად და ფულადი თანხა _ 300 აშშ დოლარი, რითაც დაზარალებულ ს. პ-ვს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა. ი-ის ბრალდების საქმე განიხილა მარნეულის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც, ჩატარებული სასამართლო გამოძიების შედეგების საფუძველზე, მიიჩნია, რომ განსასჯელს ძარცვა არ ჩაუდენია, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედების ნიშნებს, როგორიცაა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულის გამო სასამართლომ 2006 წლის 22 ივნისის განაჩენით ა. ი-ვს მოუხსნა წინასწარი გამოძიების სტადიაზე წარდგენილი ბრალდება ძარცვის ჩადენის თაობაზე, რომელშიც იგი გაამართლა, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
რაიონული სასამართლო ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო შემდეგ დასაბუთებას: წარდგენილ ბრალდებაში, სახელდობრ, ძარცვის ჩადენაში ა. ი-ვს ამხელდა დაზარალებული ს. პ-ვი, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება სასამართლო სხდომაზე შეცვალა და აჩვენა, რომ ა. ი-ვს მის მიმართ არავითარი ძარცვა არ ჩაუდენია. სხვა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ა. ი-მა ნამდვილად ჩაიდინა ძარცვა, ვერც წინასწარი გამოძიებისას იქნა მოპოვებული. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მომხდარი შემთხვევის შემდეგ ა. ი-ვი მალევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა ავტობუსში. მას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას არც დანა აღმოაჩნდა, რომელზეც ს. პ-ვი მიუთითებდა პოლიციაში გამოცხადებისას და არც 300 აშშ დოლარი. ამიტომ, სასამართლოს დასკვნით, ა. ი-ის ქმედება, ე.ი. მის მიერ სამირ პ-სგან მისი ქონების (მობილური ტელეფონის) ამოღება ვალში ჩასათვლელად, უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 15 მარტს, დაახლოებით 11 საათზე, ქ. მარნეულში, ---ის ქუჩაზე მდებარე ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ი-მა დაინახა თავისი ნაცნობი, ბოლნისის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები ს. პ-ვი, რომელსაც ჰქონდა მისი ვალი _ 150 ლარი. მის მოთხოვნაზე ვალის დაბრუნების შესახებ ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ ფული არ ჰქონდა. შეამჩნია რა, რომ ს. პ-ვს შარვლის ქამარზე მობილური ტელეფონი ჰქონდა ჩამოკიდებული, ა. ი-მა განიზრახა მოტყუებით წაერთმია ტელეფონი, გაეყიდა და მიღებული თანხა ვალში გაექვითა. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მან მობილური ტელეფონი _ “მოტოროლა-350” გამოართვა ს. პ-ვს და უკან აღარ დაუბრუნა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მარნეულის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. კ-ემ, რომელმაც უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მიერ ა. ი-ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა. პროკურორმა თავის საჩივარში მიუთითა შემდეგ მოტივებზე:
სასამართლომ განაჩენის გამოტანისას საერთოდ არ გაითვალისწინა ს. პ-ის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მოცემული ჩვენება, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ განსასჯელმა მას ძალადობის მუქარით გასტაცა მობილური ტელეფონი და 300 აშშ დოლარი. სასამართლომ ასევე უგულებელყო მოწმეების _ დ. დ-სა და ი. ც-ის ჩვენებები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ 2006 წლის 15 მარტს მათ დააკავეს ა. ი-ვი, ხოლო დაკავების საფუძველი გახდა ს. პ-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქ. მარნეულში, ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ნაცნობმა ა. ი-მა ძალადობით გასტაცა კუთვნილი ნივთები: ტელეფონი და ფული.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა შესწავლითა და ჯეროვანი შეფასებით უნდა დავასკვნათ, რომ სასამართლოს მიერ ა. ი-სათვის წარდგენილი ბრალდება არ შეესაბამება და არ მოიცავს რეალურად მომხდარი დანაშაულის ფაქტს, რის გამოც ა. ი-ვი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მის მიმართ თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების _ ძარცვის ჩადენაში.
აღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ა. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ”, “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე და მის მიმართ სასჯელის ზომად 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
პროკურორ მ. კ-ის საჩივარი წარმოებაში მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც ამ საჩივრის განხილვა დაიწყო 2006 წლის 11 მაისს. საჩივრის განხილვის პერიოდში დაზარალებული ს. პ-ვი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო შემდეგ _ სამართალშიც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ისეთი ქმედებისათვის, როგორიცაა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში, ჩადენილი პირადი მოტივით.
მარნეულის რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის 14 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენით ს. პ-ვი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რომელსაც სასჯელის ზომად შეუფარდა ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ი-ის ბრალდების საქმის სასამართლოში განხილვისას ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ს. პ-მა შეგნებულად, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს მისცა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რაც მან ჩაიდინა პირადი მოტივით, კერძოდ, ვინაიდან ის და ა. ი-ვი იყვნენ ნაცნობები, განიზრახა ამ უკანასკნელისათვის შეემსუბუქებინა მდგომარეობა და ხელი შეეშალა მართლმსაჯულებისათვის.
სააპელაციო სასამართლოში ა. ი-ის საქმეზე შეტანილი საჩივრის განხილვა გაგრძელდა 2006 წლის 2 ოქტომბერს, რის შემდეგაც პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა წარმოდგენილ იქნა მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ დაზარალებულ ს. პ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის ასლი.
სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 9 ოქტომბერს ა. ი-ის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულის მდგომარეობა შეაბრუნა საუარესოდ, კერძოდ: ბრალდების მხარის მოთხოვნის შესაბამისად, იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ”, “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ხოლო სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას დაეყრდნო შემდეგ მოტივებსა და მოსაზრებებს:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაიზიარა დაზარალებულ ს. პ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რადგან დაზარალებულ ს. პ-ის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებით, რომელიც ასევე გამოკვლეულია სასამართლოს მიერ, დადგინდა, რომ იგი 2006 წლის 15 მარტს, დაახლოებით 11.00 საათზე, იმყოფებოდა ქ. მარნეულში, საიდანაც უნდა გამგზავრებულიყო ქ. ბაქოში. ამ დროს მასთან მივიდა მისი ნაცნობი, სოფელ ---ში მცხოვრები ა. ი-ვი, რომელმაც დაუწყო მას ლანძღვა, თან ეუბნებოდა, რომ დიდი ხანი იყო, რაც მას ეძებდა. მის კითხვაზე, თუ რატომ ეძებდა, ა. ი-მა უპასუხა, რომ უნდოდა მისგან ვალი _ 150 ლარი დაებრუნებინა, რაზედაც ს. პ-მა უპასუხა, რომ მას არავითარი ვალი არ ჰქონდა. ა. ი-ვი გაბრაზდა, დაუწყო ლანძღვა, გაიყვანა გვერდით და დანის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი და ფული _ 300 აშშ დოლარი. ამის შემდეგ ის დაბრუნდა ბოლნისში და მომხდარის შესახებ განაცხადა პოლიციაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განაჩენის ასლი, რითაც დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ს. პ-ვს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 3711 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული განაჩენით დადგენილია, რომ განსასჯელის სახით დაკითხულმა ს. პ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და დაადასტურა 2006 წლის 15 მარტს ---ის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებისათვის მის მიერ ზეპირი განცხადებით მიმართვის ფაქტი იმის თაობაზე, რომ სოფელ ---ში მცხოვრებმა ა. ი---მა მას დანის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი და ფული _ 300 აშშ დოლარი. მან ასევე დაადასტურა ა. ი-ის ბრალდების საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემა და ითხოვა პატიება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების _ დ. დ-სა და ი. ც-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2006 წლის 15 მარტს, დაახლოებით 11-12 საათზე, ბოლნისის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლნისის რაიონში მცხოვრებმა ა. ი-მა ქ. მარნეულში, ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაძარცვა მოქალაქე, რომელსაც წაართვა მობილური ტელეფონი “---” და 300 აშშ დოლარი. შეტყობინების საფუძველზე ისინი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და დააკავეს ა. ი-ვი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ს. პ-სათვის წართმეული მობილური ტელეფონი “---”.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ა. ი-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს თავისი მარწმუნებლის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ”, “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში და, ამის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას მის სასიკეთოდ, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სასჯელის ზომად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის შეფარდებას. კასატორი თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს შემდეგ მოტივებზე: სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა. ი-ის ბრალეულობის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, იგი ეყრდნობა ურთიერთწინააღმდეგობრივ მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების დარღვევით. განაჩენს ძირითადად საფუძვლად უდევს დაზარალებულის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და შემდეგში ორჯერ შეცვლილი ჩვენება, რომელიც არ დასტურდება სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რის გამოც ასეთი ჩვენებითა და მის მიმართ მარნეულის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ასლით არ შეიძლებოდა ა. ი-ის დამნაშავედ ცნობა, სააპელაციო სასამართლოს ეჭვი უნდა განემარტა მის სასარგებლოდ, რასაც მოითხოვს საპროცესო კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ა. ი-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ ამ საჩივრის მოთხოვნა საკასაციო ინსტანციაში მოცემულ საქმეზე ახალი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში ჩატარებული გამოძიების დროს არ იყო დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის თაობაზე, რა დროსაც ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს პირის როგორც დანაშაულში მამხილებელი, ისე მისი გამამართლებელი გარემოებები და უზრუნველყოფილ იქნეს პირის უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის თაობაზე დაცვის მხარის ყველა განცხადების გულდასმით შემოწმება.
სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ძირითად მტკიცებულებებს: პირველი არის დაზარალებულ ს. პ-ის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვით, 2006 წლის 15 მარტს ქ. მარნეულში, მისმა ნაცნობმა ა. ი-მა მას დაუწყო ლანძღვა და გინება, უთხრა, რომ დიდი ხანია მას ეძებს, რა დროსაც ა. ი-მა მისგან მოითხოვა ვალის _ 150 ლარის დაბრუნება, რაზედაც მან უპასუხა, რომ მისი ვალი არ ჰქონდა. ამის შემდეგ ა. ი-მა იგი გაიყვანა გვერდზე, სადაც დანის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი და ფული _ 300 აშშ დოლარი, რის გამოც დაბრუნდა ბოლნისში და მომხდარის შესახებ განაცხადა პოლიციაში.
მეორე მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, არის მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს იმ განაჩენის ასლი, რომლითაც ს. პ-ვი მსჯავრდებულ იქნა იმისათვის, რომ მან მარნეულის რაიონულ სასამართლოში ა. ი-ის საქმის განხილვისას ამავე საქმეზე წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება შეცვალა განსასჯელ ა. ი-ის სასარგებლოდ. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ს. პ-მა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა შეგნებულად, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლისა და ა. ი-სათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით. ამ განაჩენის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ ჩათვალა ს. პ-ის მიერ ა. ი-ის ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება.
სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა ასევე ბოლნისის პოლიციის თანამშრომელ კ. ც-ის ჩვენებებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ა. ი-ის დაკავებისა და ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად მისგან ამოღებულ იქნა ს. პ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი.
ა. ი-ის ბრალდების საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებისას და ასევე სასამართლო გამოძიებისას საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ მთელი სამართალწარმოება წარიმართა ცალმხრივად, ბრალდების ტენდენციით. არც წინასწარი გამოძიების ორგანომ, არც მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ და არც სააპელაციო სასამართლომ რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალეს, შეემოწმებინათ ა. ი-სა და მისი დაცვის მიერ თავიდანვე წარმოდგენილი ვერსია იმის თაობაზე, რომ ს. პ-ვს ემართა მისი 150 ლარი და ამ უკანასკნელს მობილური ტელეფონი წაართვა აღნიშნული ვალის ანგარიშში. ხსენებული ვალის რეალურად არსებობისა თუ არარსებობის, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოების დადგენას, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია მოცემულ საქმეზე სწორი და დასაბუთებული განაჩენის დასადგენად. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა აღნიშნული ვერსია ვალის არსებობის თაობაზე, მაგრამ ისე, რომ არ გამოუკვლევია საფუძვლიანად, რამდენად რეალური იყო იგი. აღსანიშნავია, რომ ვალის არსებობის საკითხი არ იქნა გარკვეული, ასევე, მარნეულის რაიონულ სასამართლოში ს. პ-ის ბრალდების საქმის განხილვისას, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმესაც იგივე მოსამართლე _ მ. ფ-ლი იხილავდა, რომელმაც მანამდე განაჩენი გამოიტანა ა. ი-ის მიმართ იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან კავშირში.
სააპელაციო სასამართლომ ჯეროვანი ყურადღების გარეშე დატოვა ის გარემოებაც, რომ მომხდარი შემთხვევიდან ცოტა ხანში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ა. ი-ვს აღმოაჩნდა ს. პ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, მაგრამ 300 აშშ დოლარი და დანა, რომლითაც იგი ემუქრებოდა ს. პ-ვს, ამ უკანასკნელის მიერ წინასწარი გამოძიებისას და მისი ბრალდების საქმეზე სასამართლოში მიცემული ჩვენებების მიხედვით, ა. ი-ვს არ აღმოაჩნდა, რაც საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს ა. ი-ის მიერ ძარცვის ჩადენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნას.
ამრიგად, როგორც ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი მტკიცებულებები ნათელს ვერ ჰფენენ უმთავრეს სადავო საკითხს _ ა. ი-მა ჩაიდინა ძარცვა თუ თვითნებობა, რომლის დადგენის გარეშე შეუძლებელია საკასაციო ინსტანციაში საბოლოო სამართლებრივი შეფასება მიეცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა ისეთ არსებით დარღვევას, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და რაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველია, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
საბოლოოდ, აღნიშნული გარემოებების გამო, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ა. ი-ის მიმართ ახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. აღნიშნული საქმის ხელახლა განხილვისას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, მე-18 მუხლის, 131-ე და 132-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმის სააპელაციო წესით განხილვისათვის საპროცესო კანონით დადგენილ ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ა. ი-ის მიერ როგორც ძარცვის, ისე თვითნებობის შესაძლო ჩადენის თაობაზე არსებული ვერსიების ობიექტური შემოწმება შესაბამისი საპროცესო მოქმედებების მეშვეობით, რადგან მხოლოდ ასეთი გზით, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შეიძლება მიეცეს სამართლებრივად დასაბუთებული შეფასება მსჯავრდებულ ა. ი-ის მიერ ჩადენილ ქმედებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ი-ის დამცველის, ადვოკატ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი ა. ი-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.