შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 14.02.2007
საქმის ნომერი
2კ-1126აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1126აპ. ქ. თბილისი

14 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ი-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენით თ. ი-ია, _ საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; 182-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენით თ. ი-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თ. ი-ია 2001 წლის ივნისიდან მუშაობდა რა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების ---ად და ითვლებოდა საჯარო მოხელედ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და განმგებლობაში. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 1996 წლის 31 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამეწარმეო რეესტრში გაატარა შპს “---”, რომელიც აღრიცხვაზე იქნა აყვანილი გადასახადის გადამხდელად ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციაში და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი ¹--. 2002 წლის -- ივნისს ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნით შპს “---სა” და სს “---ის” ზუგდიდის ფილიალს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “---”-ს ანგარიშსწორების ანგარიშზე ჩაირიცხა კრედიტი _ 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე დღეს აღნიშნული თანხა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ წაყენებული საინკასო დავალიანებით ჩამოეწერა შპს “---”-ს ანგარიშსწორების ანგარიშიდან და გადაირიცხა ბიუჯეტის ანგარიშზე, როგორც საზოგადოების მიერ დამატებითი ღირებულების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც შესაბამისად აისახა საზოგადოების პირად ბარათში და მიმართულ იქნა საბიუჯეტო დავალიანების გეგმის შესასრულებლად. რეალურად საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისა და კრედიტის თანხის შპს “---”-ს ანგარიშიდან ჩამოწერის დროს საზოგადოებას ბიუჯეტის სასარგებლოდ დავალიანება არ ერიცხებოდა. საოლქო საგადასახადო ინსპექციასა და კრედიტორს _ სს “---ის” ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელობას შორის მიღწეული იყო სიტყვიერი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ შპს “---”-ზე გაფორმებულ კრედიტს საგადასახადო ინსპექცია დაფარავდა. 2002 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში შპს “---ის” სათავო ოფისში მივიდნენ ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იმჟამინდელი --- ბ. გ-ვა და ამავე საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების ---რი თ. ი-ია, რომლებიც შეხვდნენ შპს “---ის” --- დირექტორს _ შ. ც-ეს და მოითხოვეს ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული შპს “---ის” დაქვემდებარებაში არსებული ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკის ბაზაზე შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში, 2002 წლის 30 ივლისის მდგომარეობით რიცხული საბიუჯეტო დავალიანებების ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარვა, ვინაიდან ბანკის მეშვეობით თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში ვერ მოესწრებოდა ჩარიცხული თანხის --- გეგმის შესრულებაში ასახვა. იმავე დღეს შპს “---ის” ---ის მოვალეობის შემსრულებლის _ ზ. ხ-ას მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით, სალაროს გასავლის ორდერით ¹--, თ. ი-ზე გაცემულ იქნა 50000 ლარი, რომელიც საოლქო საგადასახადო ინსპექციას ბიუჯეტში უნდა შეეტანა შემდეგი დანიშნულებით: შპს “---ის” საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად _ 16675 ლარი; შპს “---ის” საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად _ 16675 ლარი; შპს “---”-ის მიწის გადასახადის დასაფარავად _ 13000 ლარი და ქონების გადასახადის დასაფარავად _ 3650 ლარი. შპს “---დან”, ნაღდი ანგარიშსწორებით ბიუჯეტის დავალიანების დასაფარავად მიღებული 50000 ლარიდან, 36500 ლარი საოლქო საგადასახადო ინსპექციის ---ის ბ. გ-ას მითითებით, მიმართულ იქნა შპს “---” კრედიტის დასაფარავად და მისივე თანდასწრებით, იმავე დღეს აღნიშნული თანხა თ. ი-ამ გადასცა “---ის” ზუგდიდის ფილიალის ---ს _ ი. გ-ას, რომელმაც 36500 ლარი შეიტანა “---ის” სათავო ოფისში. დარჩენილი 13500 ლარი საგადასახადო ინსპექციამ დანიშნულებისამებრ ჩარიცხა ბიუჯეტში. 2002 წელს, ზუსტი თარიღი დაუდგენილია, შპს “---”-ს, როგორც ტენდერში გამარჯვებულ საზოგადოებას, ნება დაერთო ჩაეტარებინა ქ. ზუგდიდში, ---ის ქუჩის აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოების შესრულების შედეგად საზოგადოებას წარმოეშვა დავალიანება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზუგდიდის --- საგადასახადო ინსპექციამ საზოგადოებას ბიუჯეტის დავალიანების შესრულებაში ჩაუთვალა კრედიტის სახით “---ის” ზუგდიდის ფილიალიდან აღებული 50000 ლარი. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს “---დან” მიღებული 50000 ლარიდან 36500 მიმართულ იქნა საზოგადოების კრედიტის დასაფარავად, რის გამოც საზოგადოებას მისი სახელით ზედმეტად გადახდილი 36500 ლარი საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით ბიუჯეტისათვის უნდა დაებრუნებინა, ანუ უნდა მიემართა შპს “---ის” დავალიანების დასაფარავად. შპს “---”-მ შპს “---ის” საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის მიზნით ეტაპობრივად, ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარა 10700 ლარი. ყველა შემთხვევაში 10700 ლარი ცოცხალი ფულის დაფარვის თაობაზე შპს “---”-ს დირექტორმა ს. გ-ამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ 2002 წლის ივნის-ივლისის თვეებში შპს “---”-ს ანგარიშიდან საინკასო დავალებით უკანონოდ ჩამოეჭრა 176000 ლარი. თვით შპს “---”-ს მიერ 2002 წელს განხორციელებული ოპერაციებიდან სხვადასხვა გადასახადის სახით ბიუჯეტს ეკუთვნოდა 83400 ლარი, ანუ ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენდა 836000 ლარს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადამხდელის მიერ წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში ექვემდებარებოდა დაბრუნებას, ფაქტობრივად საგადსახადო ინსპექციის მიერ შპს “---”-ს დაუბრუნდა 58824 ლარი, ანუ კუთვნილზე 24776 ლარით ნაკლები. აქედან გამომდინარე, თ. ი-ას, შპს “---”-ს დირექტორის _ ს. გ-ას მიერ დაბრუნებული თანხის ჩათვლით, ნაღდი ანგარიშსწორებით შპს “---ის” დაქვემდებარებაში განთავსებული --- გადამამუშავებელი ფაბრიკების ბაზაზე შექმნილი საზოგადოების საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად უნდა შეეტანა 24200 ლარი. ფაქტობრივად ამ უკანასკნელის მიერ ბიუჯეტში ნაღდი ანგარიშსწორებით შეტანილია 22700 ლარი, ანუ 1500 ლარით ნაკლები. კერძოდ, 2002 წლის 31 ივლისს შპს “---ის” მიწის გადასახადში შეტანილ იქნა 10000 ლარი, ხოლო იმავე წლის სექტემბრის თვეში _ 7000 ლარი. 2002 წლის 31 აგვისტოს შპს “---ის” დღგ-ეს გადასახადში შეტანილ იქნა 3250 ლარი, შპს “---ის” დღგ-ს დავალიანების დასაფარავად 2002 წლის 30 სექტემბერს შეტანილია 2450 ლარი. აღნიშნული თანხა იმყოფებოდა რა თ. ი-ას მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული. თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზნით თ. ი-ამ შეადგინა ყალბი დოკუმენტი _ ბანკის --- ორდერი. გაყალბებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ თითქოსდა 2002 წლის 27 სექტემბერს შპს “---ის” ქონების გადასახადში შეტანილია 1500 ლარი.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამოირიცხა მითითება აღკვეთის ღონისძიებასა და სასჯელის მოხდის რეჟიმზე.

მსჯავრდებული თ. ი-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, განაჩენი არის უკანონო, სასამართლომ არ გამოავლინა სამართლებრივ პროცედურათა არსებითი დარღვევები, რომლებიც დაშვებულ იქნა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით _ დაზარალებულ მ. რ-ას ჩვენებით, მოწმეების _ თ. კ-ას, ს. გ-ას, ე. ჯ-ას, მ. ფ-ას, ჟ. ა-ას, ზ. ხ-ას, ი. გ-ას, შ. ც-ის ჩვენებებით; ზუგდიდის --- საგადასახადო ინსპექციიდან, შპს ,,--დან” და სააქციო საზოგადოება ,,---ის” ზუგდიდის ფილიალიდან ამოღებული დოკუმენტაციით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულ თ. ი-ას მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა. პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. ი-ია უსაფუძვლოდ არის მსჯავრდებული სასამართლოს მიერ, რადგან ასეთი დასკვნისთვის საქმის მასალებში საფუძველი არ მოიპოვება.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ თ. ი-ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი პიროვნება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება, მას შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. ი-ას განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ზედმეტად წარდგენილი, რადგან იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, რაც თავისთავად მოიცავს ამავე მუხლის პირველ ნაწილს; ხოლო მსჯავრდებულ თ. ი-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულ თ. ი-ას მიმართ შევიდეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მას ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.