შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1198აპ. 29 მაისი, 2007 წელი
Q ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი
მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მაისის განაჩენით ა. პ-ვი, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებითა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, აქედან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წელი _ შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენით ა. პ-ვს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აგრეთვე, სხვისი ქონების დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 9 თებერვალს ა. პ-მა განიზრახა აშკარად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, ვინმე “დ-ს”. მასთან ერთად იგი იმავე დღეს მივიდა თბილისში, ---ის ქ. ¹77-ში მდებარე რ. გ-ის სასურსათო მაღაზიაში. ა. პ-ვი აშკარად დაეუფლა მაღაზიის წინ არსებულ რ. გ-ის კუთვნილ ელექტროსასწორს, ღირებულს 150 ლარად და მიუხედავად გამყიდველ ბ. გ-ის მოთხოვნისა, რომ გაჩერებულიყვნენ, ა. პ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა ვინმე “დ-ამ’’ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ხსენებული ელექტროსასწორი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამავე წლის 20 თებერვალს ა. პ-მა განიზრახა ფარულად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და მათ უკანონოდ შეაღწიეს თბილისში, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ფარეხში, სადაც ცდილობდნენ შპს “---ის” კუთვნილ ვაგონში არსებული ნივთების დაუფლებას. თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში, რადგანაც სადგურ “---ს” დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ა. პ-ვი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო მისმა თანამონაწილემ მოახერხა მიმალვა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ა. პ-მა და მისმა თანამზრახველმა დააზიანეს შპს “---ის” კუთვნილი ვაგონის მაკომპლექტებელი მასალა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 5000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. პ-მა და ითხოვა მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, პირველადაა სამართალში, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მაისის განაჩენი ა. პ-ის მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. პ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივებით, რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ა. პ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში. რაც შეეხება იმ შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომლებზეც მითითებულია მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარში, ისინი მთლიანად გაითვალისწინა სასამართლომ და ისე განსაზღვრა სასჯელის ზომა მსჯავრდებულის მიმართ, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ამავე დროს, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენი ა. პ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილების გამო, რომელიც გავლენას ახდენს მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ძარცვისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ხსენებული ცვლილების თანახმად, იმავე ქმედებისათვის პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს აღემატება. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა. პ-ის ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა 150 ლარის ზიანი, რაც, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, ე.ი. არ იძლევა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. პ-ვს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთან, ა. პ-ის მიმართ განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან აღნიშნული სასჯელის ზომა არის დასაბუთებული და სამართლიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ არმაის პარუნოვის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის
,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ა. პ-ვს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულ ა. პ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.