შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 06.06.2007
საქმის ნომერი
2კ-1267აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2007

გადაწყვეტილების ტექსტი

1267აპ ქ. თბილისი

6 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც მ. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის განაჩენით მ. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. ბ-ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 24 დეკემბერს დაახლოებით 17:00 საათზე, მ. ბ-ია იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, ---ის გამზირზე მდებარე ავტოსადგურის მოსაცდელ დარბაზში ზ. ფ-სთან, ასევე გამოძიებით დაუდგენელ ბიჭთან და გოგოსთან ერთად, რა დროსაც მ. ბ-ამ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ იქვე, მოსაცდელ დარბაზში მყოფ ხ. დ-ის ხელჩანთას.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი ზურგის მხრიდან მიუახლოვდნენ ხ. დ-ეს და ისარგებლეს რა ამ უკანასკნელისა და მისი თანმხლები თ. ც-ას უყურადღებობით, ფარულად დაეუფლნენ 253.51 ლარად ღირებულ ხ. დ-ის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს საათი _ ღირებული 2535.21 ლარად, ,,სონი-ერიქსონ”-ს ფირმის მობილური ტელეფონი _ ღირებული 633.78 ლარად, პარფიუმერიის ნაკრები _ ღირებული 105.36 ლარად, ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ეროვნული პასპორტი და სხვა მნიშნელოვანი პირადი დოკუმენტები, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 3558.04 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის განაჩენი მ. ბ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ბ-ამ, რომლითაც მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ დაზარალებულ ხ. დ-ის და მოწმე თ. ც-ას ჩვენებებით, პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით, დაპირისპირების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით მ. ბ-ზე ბრალად შერაცხული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ მ. ბ-ას პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.

ამასთან საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზომა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ას დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

გასაჩივრებული განაჩენიდან მ. ბ-ას მიმართ ასევე უნდა ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და, შესაბამისად, მითითება სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის წესზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, რაც იმას გულისხმობს, რომ პირის მიზანია, დაეუფლოს კონკრეტულად ამ ნივთს. ე.ი. იგი არა მხოლოდ უნდა ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არამედ სურდეს კიდეც ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მსჯავრდებულს არ სურდა ასეთი შედეგის დადგომა და გარდაუვალად არ ითვალისწინებდა, რომ ხელჩანთაში, რომელსაც თანამზრახველთან ერთად დაეუფლა, მოთავსებული იყო მოქალაქის პირადობის მოწმობა ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, სსსკ-ის 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენიდან მ. ბ-ას მიმართ ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

მსჯავრდებულ მ. ბ-ას დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

სააპელაციო პალატის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის წესზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.