დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.10.2007
საქმის ნომერი
2კ-669აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹669აპ ქ. თბილისი

12 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ძ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:

ჯ. ძ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია).

ჯ. ძ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მეორე ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე.

ჯ. ძ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 105-ე მუხლზე.

ჯ. ძ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ. ძ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 1999 წლის 17 თებერვლიდან 2000 წლის 2 ოქტომბრამდე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 1 წელი, 7 თვე, 15 დღე და 2006 წლის 8 მაისიდან პატიმრობაში ყოფნის დრო.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. ჯ. ძ-ას დაზარალებულ გ. ძ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 900 ლარის გადახდა.

განაჩენით ჯ. ძ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ჯ. ძ-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ადგილას, ასევე გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი _ 5,45მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ „აკ-74“ მოდიფიკაციის ნომერგადაშლილი ავტომატი და საბრძოლო მასალა _ ამავე ავტომატის 30 ვაზნა, რომლებსაც ასევე უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა დროგამოშვებით და ინახავდა მარტვილის რაიონის სოფელ ---ში, მისი აწ გარდაცვლილი ბებიის, შ. ხ-ას მიტოვებულ სახლში 1999 წლის 17 თებერვლამდე, ანუ ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის მის დაკავებამდე.

1998 წლის 11 აგვისტოს მარტვილის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა ი. ძ-მა სანადირო თოფიდან გასროლით ჩაიდინა ჯ. ძ-ას ძმის – ჯ. ძ-ას მკვლელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მარტვილის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. ი. ძ-რი, მართალია, მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამავე კვალიფიკაციით, მაგრამ რამდენადაც ჯ. ძ-ას გვამი ჭირისუფალთა წინააღმდეგობის გამო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს არ გამოუკვლევია და სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა, იგი გაათავისუფლეს დაკავების ადგილიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გაუსვლელობის ხელწერილი. ამავე მიზეზით საქმე სასამართლოში არ წარმართულა და შეჩერებულ იქნა წარმოებით 1998 წლის 11 ოქტომბერს. საბოლოოდ გამოძიებამ დაადგინა, რომ ი. ძ-მა ჯ. ძ-ას მკვლელობა ჩაიდინა ურთიერთშელაპარაკების დროს, შურისძიების მოტივით, რის გამოც საქმეზე განახლდა წინასწარი გამოძიება და ი. ძ-ის ქმედება ამ ნაწილში დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით.

ჯ. ძ-ას მკვლელობასთან დაკავშირებით ი. ძ-სა და აწ გარდაცვლილ ჯ. ძ-ას ძმას _ ჯ. ძ-ას შორის დაიძაბა ურთიერთობა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჯ. ძ-ამ ი. ძ-რს წაუყენა მოთხოვნა, დაეტოვებინა მარტვილის რაიონი და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. ი. ძ-მა, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობდა ჯ. ძ-ას მკვლელობაში, არ შეასრულა მისი მოთხოვნა, დარჩა თავის საცხოვრებელ სახლში და ძმასთან, გ. ძ-თან ერთად ეწეოდა კერძო მეწარმეობით საქმიანობას. ი. ძ-ის მოქმედებით განაწყენებულმა ჯ. ძ-ამ შურისძიების მოტივით გადაწყვიტა მისი მოკვლა და განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის ელოდებოდა ხელსაყრელ შემთხვევას. 1999 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 12 საათზე, ი. ძ-რი ძმასთან _ გ. ძ-თან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „კამაზის“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ქ. მარტვილში მდებარე პურის საცხობში, სადაც შეიძინა ფქვილი. ავტომანქანის ფქვილით დატვირთვის მომენტში ისინი დაინახა ამავე პურის საცხობში პურის შესაძენად მისულმა ჯ. ძ-ამ, რომელიც მინდობილობით მართავდა მოქალაქე ე. გ-ის კუთვნილ ,,ვაზ 21-011” მარკის ავტომანქანას. ი. ძ-ის დანახვისთანავე მან გადაწყვიტა შურისძიების მოტივით მისი განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანა და აწ გარდაცვლილი ბებიის სახელზე რიცხული მიტოვებული სახლიდან წამოიღო თავის მიერ გადამალული ზემოთ აღნიშნული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მოამზადა იგი სროლისათვის და დაბრუნდა პურის საცხობში, მაგრამ ი. ძ-რი იქ აღარ დახვდა. ჯ. ძ-ამ იცოდა რა მისი მოძრაობის მიმართულება, პურის საცხობიდან წავიდა ქალაქის ცენტრისკენ. ---ის ქუჩაზე მან შენიშნა გ. ძ-ის მართვის ქვეშ მყოფი „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, დაედევნა მას და გზა გადაუჭრა ---სა და ---ის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე, რის შემდეგაც გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაახლოებით 10 მეტრიდან, დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, ისეთი საშუალებით _ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, განიზრახა ორი პირის – საჭესთან მჯდომი გ. ძ-სა და მის გვერდით, სალონში მყოფი ი. ძ-ის მკვლელობის ჩადენა, რისთვისაც „აკს“ –ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ავტომატური ჯერით რამდენიმე ტყვია ისროლა სალონის წინა მხარეს, მაგრამ ჯ. ძ-ამ ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, მის მიერ ნასროლი ტყვიებიდან მხოლოდ ორმა გაიარა ავტომანქანის სალონის წინა თუნუქის კედელში და შეაღწია რა სალონში, ორივე მათგანი მოხვდა გ. ძ-რს მარჯვენა წვივის შუა და ქვედა მესამედში, რითაც მას დაუზიანდა მარჯვენა წვივის რბილი ქსოვილები, რაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მიეკუთვნება სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებათა კატეგორიას ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. გ. ძ-მა, მიუხედავად მიღებული დაზიანებისა, შეძლო ავტომანქანის გაჩერება და თავის ძმასთან- ი. ძ-თან ერთად სალონიდან ჩამოხტა და ისინი გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით, რის გამოც ჯ. ძ-ას არ მიეცა ავტომანქანის სალონში მათი მოკვლის შესაძლებლობა. ჯ. ძ-ამ „კამაზის“ მარკის ავტომანქანის სალონში მსხდომი ი. ძ-სა და გ. ძ-ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის დროს საყოველთაოდ საშიში საშუალების _ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ დააზიანა სხვისი ქონება _ გ. ძ-ის საკუთრებაში მყოფი „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, კერძოდ, მის მიერ ი. ძ-სა და გ. ძ-ის მიმართულებით ავტომატიდან გასროლილი ტყვიები მოხვდა ზემოთ აღნიშნულ ავტომანქანას და დააზიანა მისი წინა მხარის პანელის ქვედა მილაკი, წინა საბარგულის სახურავი ე.წ. „კაპოტი“, „ბამპერი“, წინა მარჯვენა საბურავი, წინა მარცხენა ფრთა, მარჯვენა ავზი და ზარალმა მთლიანობაში შეადგინა 900 ლარი. ავტომანქანიდან გადმოხტომის შემდეგ ი. ძ-რი შეეცადა, გასცლოდა შემთხვევის ადგილს და ამ გზით შეენარჩუნებინა სიცოცხლე, მაგრამ ამის საშუალება არ მისცა ჯ. ძ-ამ, იგი დაედევნა გაქცეულ ი. ძ-რს და გადაწყვიტა შურისძიების მოტივით, დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ: უკვე ჰქონდა რა ჩადენილი მრავალ პირთა სიცოცხლისათვის საშიში საშუალებით ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ახლობელი ადამიანის – ძმის, გ. ძ-ის თანდასწრებით, მისთვის ტანჯვისა და სულიერი ტრავმის მიყენების სურვილით, რასაც თავის მხრივ აცნობიერებდა გ. ძ-რი და, ამდენად, ამ უკანასკნელს განაცდევინებდა განსაკუთრებულ ტანჯვას _ ე.ი. განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა ი. ძ-ის მკვლელობა. ჯ. ძ-ამ დაახლოებით 10 მეტრი მანძილიდან, ზემოთ აღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატიდან, ავტომატური ჯერით, 4 ტყვია ესროლა მას ზურგის არეში. ი. ძ-მა, ჯ. ძ-ას დანაშაულებრივი მოქმედებით, ავტომატიდან ოთხი ტყვიის გასროლის შედეგად, მიიღო შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა ბეჭის ქვემო მესამედში _ ოვალური ფორმის 2, 8/2 სმ ზომის ჭრილობა, რომელმაც შეაღწია გულმკერდის ღრუს მარჯვენა მხარეს და დააზიანა კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, მარჯვენა ბეჭის ძვალი, მარჯვენა მეოთხე და მეხუთე ნეკნების შუა კუნთები, მარჯვენა მეხუთე ნეკნის ზედა კიდე; დაზიანებულია ასევე მარჯვენა ფილტვი, მარჯვენა პარკუჭის გვერდითი კედელი და მარჯვენა ფილტვის არტერია. მარჯვენა ბეჭის ზედა მესამედში აღენიშნება 8/2 სმ. ზომის ჭრილობა, რომელიც აზიანებს კანსა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, იქვე არსებული კუნთების ზერელე შრეს; მარჯვენა დუნდულოს მიდამოში აღენიშნება ჭრილობა ზომით 0-5/0,5 სმ რომელიც შემღწევია და მის მიერ დაზიანებულია რბილი ქსოვილები, მარჯვენა წვივის ზედა მესამედზე აღენიშნება 5/6სმ ზომის ჭრილობა, რომელიც აზიანებს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილებს და კუნთებს. ზემოაღნიშულ დაზიანებათა შედეგად ი. ძ-რი ადგილზე გარდაიცვალა. ჯ. ძ-ამ ამ დანაშაულებრივი ქმედებით, ე.ი. ი. ძ-ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობით, მოკლულის ძმას – გ. ძ-რს განაცდევინა განსაკუთრებული ტანჯვა, რასაც თავის მხრივ მიზნად ისახავდა კიდევაც.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

განაჩენიდან ამოირიცხა ჯ. ძ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით შერაცხული მსჯავრი დანიშნულ სასჯელთან ერთად, როგორც ზედმეტად შერაცხული.

ჯ. ძ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ჯ. ძ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. ჯ. ძ-ას დაზარალებულ გ. ძ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 900 ლარის გადახდა.

მსჯავრდებულ ჯ. ძ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ა-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, კერძოდ:

1. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტის შესაბამისად, კერძოდ: ვითარების შეცვლის გამო ჯ. ძ-ას ქმედება აღარ არის საშიში; ჯ. ძ-ია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 17-104-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით, 104-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით და მე-100 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. მარტვილის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 თებერვლის ბრძანებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2000 წლის 13 მაისს ბრალდებული ჯ. ძ-ია გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, საიდანაც 2000 წლის 1 ოქტომბერს იგი გაიქცა გ. ა-სთან, ვ. (ლ.) ქ-სთან, ზ. ე-სთან, ხ. ფ-სთან, თ. ბ-სთან, გ. ნ-სთან, მ. ჯ-სთან, ფ. გ-სთან, ხ. მ-სა და რ. კ-თან ერთად. 2004 წლის 4 აპრილამდე იგი იმალებოდა წალენჯიხის რაიონის ტყეებში. საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა ეროვნული თანხმობის კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობდა აწ გარდაცვლილი --- მინისტრი ზ. ჟ-ია. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შექმნილმა ეროვნული თანხმობის კომისიამ 21.901.2004 წლის ¹--/-- წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს 21 პირის, მათ შორის _ ჯ. ძ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე სსკ-ის 28-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2004 წლის 4 აპრილს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ეროვნული თანხმობის კომისიის წევრებთან ერთად შეხვდა იმ დროისათვის მიმალვაში მყოფ 21 პირს. მიღწეულ იქნა შეთანხმება შემორიგებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. 2004 წლის 4 აპრილს ჯ. ძ-ია გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში და აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე წარადგინა განცხადება მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების, ვითარების შეცვლის გამო, შეწყვეტის შესახებ. საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს --- მინისტრის გადაწყვეტილებით მკვლელობისათვის ძებნილი ჯ. ძ-ია გაათავისუფლეს, რის შემდეგ ორი წლის განმავლობაში სამართალდამცავებს მის მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ, მათზე დაქვემდებარებულმა ორგანოებმა გასცეს პირადობისა და ავტომანქანის მართვის მოწმობები.

2. უზენაესმა სასამართლომ დაარღვია სასამართლოში საქმის განხილვის კანონით გათვალისწინებული ვადები.

3. სასამართლოს უნდა ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6, მე-9 პუნქტები, 17-104 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ. ძ-ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ გ. ძ-ის ჩვენებით, მოწმეების _ მ. მ-ას, ბ. ბ-ას, ბ. წ-ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ჯ. ძ-ას მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტის შესაბამისად, კერძოდ: ვითარების შეცვლის გამო ქმედება აღარ არის საშიში.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ი. და გ. ძ-ების რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა, მათსა და ძარიების ოჯახებს შორის პოლიტიკური მიზეზით დაპირისპირება. 1999 წლის 10 თებერვალს ჯ. ძ-ამ დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ყოფით ნიადაგზე, შურისძიების მოტივით და მას არანაირი კავშირი არა აქვს 1991-1992 წლებში საქართველოში არსებულ სამოქალაქო დაპირისპირებასთან.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია საქმის განხილვის კანონით გათვალისწინებული ვადები და საპატიმრო ვადები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სისხლის სამართლის საქმე შევიდა 2000 წლის 19 მაისს. ჯ. ძ-ამ 2000 წლის 1 ოქტომბერს მოახდინა გაქცევა გ. ა-სთან, გ. ქ-სა და სხვებთან ერთად. 2002 წლის 19 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ჩაატარა განმწესრიგებელი სხდომა და განჩინებით ჯ. ძ-ია მიცემულ იქნა სამართალში, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ჯ. ძ-ას მოძებნამდე საქმე წარმოებით შეჩერდა. 2006 წლის 26 აპრილს, საქართველოს სსსკ-ის 48-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მარტვილის რაიონულ სასამართლოს, სადაც კანონით გათვალისწინებულ ვადებში განხილულ იქნა ჯ. ძ-ას სისხლის სამართლის საქმე.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯ. ძ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის ორი _ 17,104-ე და 104-ე მუხლებით, მაგრამ მსჯავრდებულს თითოეული ამ მუხლით არასწორად დაენიშნა ცალ-ცალკე სასჯელი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ჯ. ძ-ას სსკ-ის 17,104-ე და 104-ე მუხლებით გათვალისწინებული ერთი ქმედებისათვის უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

ჯ. ძ-ას საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯოს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.