ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1375აპ. 25 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 მარტის განაჩენით მ. ბ-ლი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა: მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მთლიანობაში მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, მ. ბ-ლს მსჯავრი დაედო ისეთ დანაშაულთა ჩადენაში, როგორიცაა ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, აგრეთვე,სხვისი მოძრავი ნივთის განზრახ დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განაჩენის მიხედვით, მ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 22 სექტემბერს მ. ბ-მა განიზრახა მოქალაქე ა. მ-ის კუთვნილი ქონების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 03:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ. ბ-ლი ფეხით მივიდა მცხეთის რაიონის ---ში, ---ის ქუჩაზე მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულების შესასვლელთან, სადაც იდგა მოქალაქე ა. მ-ის კუთვნილი ავტომანქანა ,,მერსედეს_320’’. ავტომანქანის მარცხენა კარის საქარე შუშის დაზიანების გზით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, უკანონოდ შეაღწია შიგნით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა, ფარულად დაუფლებოდა ა. მ-ის კუთვნილ, 13000 აშშ დოლარად ღირებულ ავტომანქანას, რა დროსაც იგი შეამჩნია სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის თანამშრომლმა, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ხოლო თავად მ. ბ-ლი მოგვიანებით დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა ი. მ-ამ. საჩივრით აპელანტი ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: სასჯელის დამძიმებასა და მისთვის 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განაჩენით პროკურორ ი. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე პროკურორმა ი. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განაჩენის გაუქმებასა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. პროკურორის აზრით, განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან მ. ბ-ის ქმედება ფაქტობრივად წარმოადგენს ჩამოყალიბებული დამნაშავის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ საქმიანობას და მის ქმედებაში არ არსებობს არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება, რის გამოც მისთვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით, უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა მ. ბ-მა ნამდვილად ჩაიდინა დიდი ოდენობით ქურდობის მცდელობა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ეჭვქვეშ არც ბრალდებისა და დაცვის მხარეები აყენებენ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის, პროკურორ ი. შ-ის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე, რადგან ასეთ მოთხოვნას, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი. მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სწორად გაითვალისწინა ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებები და ჩადენილი ქმედების ხასიათი, ობიექტური შეფასება მისცა მათ და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს მის წინაშე დასახული მიზნის მიღწევას, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, რის გამოც მსჯავრდებულ მ. ბ-ლს იმავე განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით _ უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ მ. ბ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით, ,,ამინისტიის შესახებ’’ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებული მ. ბ-ლი « ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისგან, რის გამოც აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მ. ბ-ლს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.