ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1436აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1436აპ ქ. თბილისი

17 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ბ. ნ-თი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე მან დანიშნული სასჯელიდან 3 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო დარჩენილი 1 წელი შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ბ. ნ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 13 სექტემბრიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ბ. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 12 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები _ ბ. ნ-თი და ჰ. ე-ტი სომხეთის რესპუბლიკიდან საკონტროლო გამშვებ პუნქტ ,,---ს» გავლით შემოვიდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთა პასპორტებით, რა დროსაც მათ აიღეს საქართველოში შემოსასვლელი ვიზა და სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ გამოემგზავრნენ თბილისში. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ბ. ნ-თი და ჰ. ე-ტი დაბინავდნენ სასტუმრო ,,---ში», სადაც მათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთა პასტორტებიდან ამოიღეს საქართველოში შემოსასვლელი ვიზები და გადაიტანეს შვედეთის სამგზავრო დოკუმენტში და პორტუგალიის პასპორტში, რომლებიც დამზადებულია შესაბამისად: დ. დ-სა და ჯ. ს-ის სახელებზე და რომლებითაც ბ. ნ-თი და ჰ. ე-ტი ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 2005 წლის 13 სექტემბერს ბ. ნ-თი და ჰ. ე-ტი შეაჩერეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამმართველოს თანამშრომლებმა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ბ. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჯ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ბ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის გავრცელებას ან ალტერნატიული მოთხოვნის სახით _ სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, ბ. ნ-თს დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმით, ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, საზღვრის გადაკვეთის შესახებ მონაცემებით ბ. ნ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. ნ-სათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბ. ნ-თს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ ბ. ნ-ის მიმართ შესაძლებელია გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მოცემული მითითება, ვინაიდან ბ. ნ-თს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა დანაშაულის ჩადენის შემდეგ.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებული ბ. ნ-თი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთისა და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან; ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 500 ლარი _ უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ ბ. ნ-თს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ბ. ნ-თი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მესამე მუხლის მეორე პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებული ბ. ნ-თი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთისა და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ბ. ნ-თს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ ბ. ნ-თს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ბ. ნ-თი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.