ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1682აპ 28 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ე. და ზ. ბ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განაჩენით:
1. ე. ბ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 179-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ», „გ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით, 260-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, 363-ე მუხლის II ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასჯელთა მთლიანი შეკრების წესით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 6 აგვისტოდან.
2. ზ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ და ამავე კოდექსის 179-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით, 363-ე მუხლის II ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასჯელთა მთლიანი შეკრების წესით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 6 აგვისტოდან.
მსჯავრდებულებს _ ე. და ზ. ბ-ებს სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულის გზით მიყენებული მატერიალური ზიანის თანხის ანაზღაურება დაზარალებულ ნ. რ-ის სასარგებლოდ _ 2480 (ორი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარის, ხოლო მსჯავრდებულ ე. ბ-ლს დაზარალებულ ბ. ფ-ის სასარგებლოდ _ 3775 ლარის გადახდა.
გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით, ზემოაღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
მსჯავრდებულებმა _ ე. და ზ. ბ-ებმა 2006 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 03 საათზე, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ქონების (ნივთის) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფური შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ გ. ფ-ის ოჯახის წევრებზე და დაეუფლნენ დაზარალებულების _ ნ. რ-სა და თ. კ-ის მოძრავ ნივთებს: ვიდეო, აუდიო, მობილურ და საოჯახო ტექნიკას, აგრეთვე _ ოქროს სამკაულებს, სულ 2480 (ორი ათას ოთხასოთხმოცი) ლარის ქონებას, რითაც დაზარალებულებს _ ნ. რ-ეს და თ. კ-ეს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ე. და ზ. ბ-ებს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება მსჯავრად შეერაცხათ: ე. ბ-ლს _ წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ში, 2006 წლის 4 ივლისს, 23.45 საათზე, არაერთგზის, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით, დაზარალებულ ბ. ფ-სა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში შეიარაღებული ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაზარალებულ ფ-ების მოძრავი ნივთების: მობილური ტექნიკის, ოქროს სამკაულებისა და თანხის, სულ 3775 ლარის ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა; ზ. ბ-ლს _ წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ---ში, 2006 წლის 5 აგვისტოს, 17.20 საათზე, არაერთგზის, გამოძიებით დადგენილ და დაუდგენელ პირებთან ერთად, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ტურისტებზე _ თ. გ-სა და ა. თ-ზე მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში შეიარაღებული ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაზარალებულ თ. გ-ას მოძრავი ნივთების: მობილური ტელეფონის აპარატის, კოსმეტიკის საშუალებების, თანხის, სამსახურებრივი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, სულ 1410 (ათას ოთხასათი) ლარის ქონების, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამასთან, ე. ბ-ლს მსჯავრი შეერაცხა ასევე ნარკოტიკული საშუალების _ 12,5 გრამი „---ს“ უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის, რაც 2006 წლის 6 აგვისტოს აღმოაჩნდა პოლიციის ოპერატიული მუშაკების მიერ ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას და ჩამოერთვა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ე. და ზ. ბ-ებს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი შეერაცხათ ყაჩაღური თავდასხმის დროს გ. ფ-ის ოჯახიდან ამ უკანასკნელისა და მისი შვილის _ კ. ფ-ის კუთვნილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გატაცებისათვის.
ობიექტური სამხილის არარსებობის გამო გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილით ზ. ბ-ლს ამოერიცხა დაზარალებულ ბ. ფ-ის ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში ე. ბ-თან ერთად მონაწილეობა, ხოლო ე. ბ-ლს დაზარალებულების _ თ. გ-სა და ა. თ-ის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში ზ. ბ-თან ერთად მონაწილეობა. გარდა ამისა, ე. ბ-ლს გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილით ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებიდან ამოერიცხა ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება, როგორც არასწორად შერაცხული; ასევე საბრალდებო დასკვნით ე. და ზ. ბ-ებს ბრალად ჰქონდათ შერაცხული, თითოეულს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გასაჩივრებული განაჩენით რეაგირებული არ არის. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული არც ერთი ცვლილება არა არის ასახული გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
აპელანტები, მსჯავრდებულების _ ე. და ზ. ბ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ნ. რ-ძე და გ. ჭ-ძე თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და პატიმრობიდან ამ უკანასკნელთა დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, რასაც ასაბუთებენ შემდეგი მოტივებით:
გ. ფ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მსჯავრდებულებს არ განუხორციელებიათ, ბრალდების მხარის მიერ ამის დამადასტურებლად ნივთმტკიცების სახით უვარგისი საათების ამოღება მეტად საეჭვო გარემოებებშია წარმოებული და არ შეიძლება იგი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; მით უფრო, რომ როგორც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის კვლებიდან არც ერთი არ ეკუთვნის არც ე. და არც ზ. ბ-ებს.
რაც შეეხება ე. ბ-სათვის შერაცხულ ბ. ფ-ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, ესეც უსაფუძვლოა, რადგან მრავალრიცხოვან მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ თავდასხმის განხორციელების მომენტში იგი ქალაქში იმყოფებოდა, დაზიანებული ჰქონდა ავტომანქანა და მის შეკეთებაში დაზარალებულის ოჯახის წევრებმა გაუწიეს დახმარება, რაც გ. ფ-ის დამ და სიძემ _ ნ. და კ. ძ-ებმა დაადასტურეს კიდეც. ამდენად, ე. ბ-ლი ერთდროულად არ შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც მოწმეების მიერ მითითებულ, ისე _ თავდასხმის განხორციელების ადგილზე.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ლს არ ჩაუდენია თ. გ-ა და ა. თ-ზე ყაჩაღური თავდასხმა; ამ ნაწილში ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდი საეჭვოა ეკუთვნოდეს ზ. ბ-ლს; საეჭვო გარემოებები კი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ; ყაჩაღურ თავდასხმაში ზ. ბ-ის მონაწილეობა ასევე უარყო ჯ. ფ-მაც.
რაც შეეხება საქმეში არსებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებს – ჩხრეკების, ამოღებების, ამოცნობების და ა.შ. სახით, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონდარღვევით და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სხვა რამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18, მე-19 მუხლების მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც ე. და ზ. ბ-ები უნდა იქნენ უდანაშაულოდ ცნობილნი, გამართლდნენ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განაჩენით წყალბუტოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება შემდეგი მიმართებით:
ე. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 (რვა) წლით, 260-ე მუხლის I ნაწილით _ 2 (ორი) წლით, 363-ე მუხლის II ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილისა, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ბ-ლს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
ზ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ 8 (რვა) წლით, 363-ე მუხლის II ნაწილით _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობთ, ზ. ბ-ლს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულების _ ე. და ზ. ბ-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ი-მა ითხოვა უკანონო განაჩენის გაუქმება, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და მათი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება ე. და ზ. ბ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ი-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების, მათი გამართლების და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
პალატა არ ეთანხმება ადვოკატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებს ფ-ების ოჯახებზე, ასევე თ. გ-სა და ა. თ-ზე ყაჩაღური თავდასხმა არ განუხორციელებიათ, რაც, ვითომდა დასტურდება მოწმეების _ ნ. და კ. ძ-ების ჩვენებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდებით. რაც შეეხება ე. და ზ. ბა-ების ჩვენებებს თავის მართლების შესახებ, პალატა არ იზიარებს, რადგან ისინი მოგონილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით.
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულთათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების – ე. და ზ. ბ-ების პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ავტომანქანის ჩხრეკის, ამოღების ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ამოცნობის ოქმით, დაზარალებულების _ ნ. რ-ის, თ. კ-ის, მოწმეების _ ფ-ებისა და ნ. გ-ის ჩვენებებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მასალებით ე. და ზ. ბ-ების მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულებს _ ე. და ზ. ბ-ებს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის II ნაწილით დანიშნული სასჯელები _ 1_1 (ერთ-ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეთ. მსჯავრდებულ ე. ბ-ლს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულ ზ. ბ-ლს _ 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულებს _ ე. და ზ. ბ-ებს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის II ნაწილით დანიშნული სასჯელები _ 1_1 (ერთ-ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა_ გაუნახევრდეთ.
მსჯავრდებულ ე. ბ-ლს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის I ნაწილით, 363-ე მუხლის II ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ზ. ბ-ლს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის II ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.