ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 26.12.2007
საქმის ნომერი
2კ-2029აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2029/აპ 26 დეკემბერი, 2007 წელ

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ჯ-სა და მისი ადვოკატის – ვ. ს-ის, მსჯავრდებულების _ ზ. ე-ის, ბ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის განაჩენით:

ბ. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 19, 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19, 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შეკრების პრინციპით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 17 ივლისიდან.

პ. ჯ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 19, 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“, „გ“ და IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 19, 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“ და IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქარველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შეკრების პრინციპით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 17 ივლისიდან.

ზ. ე-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 19, 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“, „გ“ და IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 19, 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“ და IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შეკრების პრინციპით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 17 ივლისიდან.

მ. ჩ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის III ნაწილის „ბ, „გ“, IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შეკრების პრინციპით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 ნოემბრიდან.

ნ. ბ-რი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“, „გ“, IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 19-180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ”, ამავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” და IV ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ და 19, 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შეკრების პრინციპით, სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წელი, 2 თვე, 8 დღე და სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 28 მაისიდან.

ნივთმტკიცება – ა/მანქანა ,,ოპელ-ვექტრა» საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

განაჩენით მათ მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

ბ. მ-ლს, პ. ჯ-ას, მ. ჩ-ეს, ზ. ე-სა და ნ. ბ-რს ჰქონდათ რა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების განზრახვა, 2006 წლის ივნისში დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს თაღლითურად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სხვისი კუთვნილი ბინების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. შექმნეს რა ორგანიზებული ჯგუფი, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაამზადეს უძრავი ქონების ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულება, გაფორმებული 2006 წლის 6 ივნისს მოქალაქე გ. ბ-სა და მ. ჩ-ეს შორის (რეესტრის ნომერი --), რომლის თანახმადაც, თითქოს გ. ბ-მა, მ. ჩ-ეს 9000 აშშ დოლარად მიჰყიდა თავისი საცხოვრებელი ბინა ¹4, მდებარე ---ის 21-ში, რაც დადასტურებულ იქნა ---ს ნ. გ-ის ყალბი ბეჭდით, მაშინ როდესაც, გ. ბ-ლს აღნიშნული ხელშეკრულება საერთოდ არ გაუფორმებია და არც ხსენებული რეესტრის ნომრით სანოტარო მოქმედება არ შესრულებულა. აღნიშნული ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება მათ წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, სადაც დასახელებული სამსახურის თანამშრომელთა მოტყუებით მოახდინეს გ. ბ-ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინის ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრზე _ მ. ჩ-ზე გადაფორმება, რითაც საბოლოოდ დაეუფლნენ აღნიშნულ ქონებას მისი შემდგომი განკარგვის მიზნით. მათ თაღლითურად მიითვისეს რა ზემოხსენებული ბინა, 2006 წილს 15 ივნისს, ქ. თბილისში, ---ის ქუჩა ¹4-ში მომუშავე ---ს ე. შ-თან გააფორმეს ხელშეკრულება სესხის და იპოთეკის შესახებ (რეესტრის ¹--), რომლის თანახმადაც, ბ. მ-საგან მიიღეს თანხა 19 800 ლარის ოდენობით.

მათვე დაუდგენელ ვითარებაში დაამზადეს ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹--, ბინა 15-ში მცხოვრები მოქალაქე ნ. ა-ის ყალბი რწმუნებულება, რითიც, თითქოსდა, ნ. ა-ძე აძლევდა უფლებამოსილებას მოქალაქე ი. ბ-ეს, რომ ამ უკანასკნელს მისი სახელით ემოქმედა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, მაშინ, როდესაც ნ. ა-ეს აღნიშნული რწმუნებულება არ გაუფორმებია. ხსენებული რწმუნებულების გამოყენებით მათ ი. ბ-ის მეშვეობით მოიპოვეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ნ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული ბინის შესახებ, შემდეგ კი დაამზადეს ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულება ხსენებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ, დადასტურებული „---ს ნ. გ-ის“ ყალბი ბეჭდით 2006 წლის 13 ივნისს (რეესტრის ¹--), რომლის შესაბამისად, ნ. ა-ემ ი. ბ-ეს 9000 აშშ დოლარად მიჰყიდა თავისი კუთვნილი ბინა. აღნიშნული ყალბი საბუთის გამოყენებით, კვლავ ი. ბ-ის შეცდომაში შეყვანით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში ხსენებული ბინა დაარეგისტრირეს ი. ბ-ის სახელზე. თავის მხრივ ეს უკანასკნელი, ბ. მ-ის დავალებით, სესხისა და იპოთეკის გაფორმების მიზნით, მივიდა ---ს ე. შ-ის ზემოაღნიშნულ ბიუროში, რა დროსაც მას დაუკავშირდნენ ბ. მ-ლი და პ. ჯ-ია და აცნობეს, რომ მათ მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტების შესახებ ცნობილი იყო ნოტარიუსისათვის, რის შემდეგ ი. ბ-ძე გამოცხადდა შსს --- დეპარტამენტში და განაცხადა აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის შესახებ.

მათვე არაერთგზის, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, კვლავ დაამზადეს ყალბი რწმუნებულება (სანოტარო აქტი ¹--) ქ. თბილისში, ---ის მე-- მ/რაიონის -- კორპუსი, ბინა ¹40-ში მცხოვრებ მარწმუნებელ გ. ა-ის სახელზე, რომლის შესაბამისად, თითქოსდა, ეს უკანასკნელი ენდობოდა ზ. ე-ლს, რომ მის სახელზე განეხორციელებინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მის ბინასთან დაკავშირებით ყველანაირი ოპერაცია, რაც ასევე დაამოწმეს „---ს ნ. გ-ის“ ყალბი ბეჭდით. აღნიშნული რწმუნებულება ზ. ე-მა 2006 წლის 17 ივნისს მიიტანა საჯარო რეესტრში, ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, რათა მის საფუძველზე მიეღოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გ. ა-ის ბინასთან დაკავშირებით, მაგრამ მათი განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, რადგან იგი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს --- დეპარტამენტის თანამშრომლებმა. პირადი ჩხრეკისას ზ. ე-ლს აღმოაჩნდა ასანიძის სახელით გაცემული ყალბი რწმუნებულება.

გარდა ზემოაღნიშნული ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად განხორციელებული დანაშაულებრივი საქმიანობისა, მ. ჩ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

მ. ჩ-ემ, ჰქონდა რა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების განზრახვა, 2004 წლის 21 სექტემბერს თავისი კუთნვილი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ---ის დასახლება, მე-- მ/რაიონი, მე-- კვარტალი, --ე კორპუსი, ბინა 5-ში, 8160 აშშ დოლარად მიჰყიდა მოქალაქე დ. ხ-ლს, რომელმაც თავის მხრივ 2005 წლის 17 ოქტომბერს იგივე ბინა 14 700 ლარად მიჰყიდა მოქალაქე გ. გ-ლს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზემოაღნიშნულ ბინაში იმ მოტივით, რომ საყიდლად ეძებდა სხვა შესაფერის ბინას, ცხოვრობდა მ. ჩ-ძე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. ჩ-ემ დაუდგენელ ვითარებაში დაამზადა უძრავი ქონების ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულება, გაფორმებული 2005 წლის 10 ნოემბერს, მასსა და მოქალაქე გ. გ-ლს შორის, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, გ. გ-მა მ. ჩ-ეს 9000 აშშ დოლარად მიჰყიდა საცხოვრებელი ბინა ¹5 მდებარე თბილისში, ---ის დასახლება, მე-- მ/რაიონი, მე-- კვარტალი, -- კორპუსში, რაც დადასტურებულ იქნა ---ს ი. ფ-ას ყალბი ბეჭდით. მან, ზემოაღნიშნულის მსგავსად, მოახდინა გ. გ-ის კუთვნილი ბინის თავის სახელზე გადაფორმება, რითაც საბოლოოდ დაეუფლა აღნიშნულ ქონებას მისი შემდგომი განკარგვის მიზნით. 2006 წლის 16 მარტს მ. ჩ-ემ თბილისში, ---ის ქუჩა ¹19-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ---ს მ. ბ-თან გადააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერთხელ უკვე გაყიდული ბინა მეორედ, 22300 აშშ დოლარად მიჰყიდა ი. კ-ლს, შემდეგ კი მიიმალა. აღნიშნული ქმედებით გ. გ-სა და ი. კ-ლს მიადგათ დიდი ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ასევე დაირღვა მათი კანონიერი ინტერესები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ პ. ჯ-ამ, ბ. მ-მა, ზ. ე-მა, მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და დაზარალებულმა ბ. მ-მა.

მსჯავრდებულმა პ. ჯ-ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაული. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება მისი უდანაშაულობა. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ბ-რი და ი. ბ-ძე ერთობლივად აყალბებდნენ საბუთებს და შემდეგ ყიდდნენ ბინებს. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, მათ გამოძიების ზეწოლის შედეგად, უსაფუძვლოდ ამხილეს იგი მითითებული დანაშაულის ჩადენაში. ამდენად, პ. ჯ-ამ მოითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება.

მსჯავრდებულმა ბ. მ-მა განაჩენის გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალის დამადასტურებელი თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება. სასამართლომ სათანადო შეფასების გარეშე გაიზიარა მსჯავრდებულ ნ. ბ-სა და მოწმე ი. ბ-ის ჩვენებები, რომლებმაც პირადი დაინტერესებით უსაფუძვლოდ ამხილეს იგი დანაშაულის ჩადენაში. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა სოდ-ის თანამშრომელ ნ. მ-სა და მოწმე ვ. ჩ-ის ჩვენებებს, რომლებითაც დასტურდება მისი უდანაშაულობა. ნ. მ-მა პროკურორის ზეწოლის შემდეგ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების სისწორე, რომლითაც ამხელდა მას დანაშაულის ჩადენაში.

აღნიშნული და სააპელაციო საჩივარში მითითებული სხვა მოტივების გათვალისწინებით, ბ. მ-მა მოითხოვა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

მსჯავრდებულმა ზ. ე-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაული. საქმეში არ მოიპოვება რაიმე უტყუარი მტკიცებულება მის მიმართ წაყენებული ბრალდების დასადასტურებლად. ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყვეტილიყო მის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მ. ჩ-ეს, მისი მძიმე ავადმყოფობიდან გამომდინარე, შეუმცირდეს სასჯელის ზომა და გადაევადოს განაჩენის აღსრულება ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

დაზარალებულმა ბ. მ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის განაჩენის სამოტივაციო ნაწილში. კერძოდ, განაჩენის მე-8 გვერდის მე-2 აბზაცის ბოლო წინადადებაში „ყალბი სანოტარო აქტების“ ნაცვლად მითითებულ იქნეს ,,ცნობა საჯარო რეესტრიდან და ცნობა ყადაღის შესახებ“, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ნოტარიუსთან მ. ჩ-ემ წარადგინა არა ყალბი სანოტარო აქტი, არამედ დასახელებული დოკუმენტები (ცნობა საჯარო რეესტრიდან და ცნობა ყადაღის შესახებ), რომლებიც გაყალბებული არ ყოფილა. სხვა ნაწილში დაზარალებულმა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

ბ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და 19-180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 19-362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპით, ბ. მ-ლს განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

პ. ჯ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და 19-180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 19-362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპით, პ. ჯ-ას განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. ე-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და 19-180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 19-362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპით, ზ. ე-ლს განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ჩ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპით, მას განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ჩ-ძე აღნიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა გარდაცვალების გამო;

დაკმაყოფილდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ვ-ას შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ნ. ბ-რს შორის.

ნ. ბ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და 19-180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 19-362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპით, ნ. ბ-რს განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 (ექვსი) წელი, 2 (ორი) თვე, 8 (რვა) დღე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა _ 11 (თერთმეტი) წლით, 2 (ორი) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ პ. ჯ-ას ადვოკატმა ვ. ს-ემ, მსჯავრდებულებმა: ზ. ე-მა, პ. ჯ-ამ, ბ. მ-მა.

ადვოკატი ვ. ს-ძე და მსჯავრდებული პ. ჯ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვენ უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას.

მსჯავრდებული ზ. ე-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

მსჯავრდებული ბ. მ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ პ. ჯ-სა და მისი ადვოკატის ვ. ს-ის, მსჯავრდებულების _ ზ. ე-სა და ბ. მ-ის საკასაციო საჩივრების მოთხოვნას გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულების გამართლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულთათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელიც შეუფარდა მათი პიროვნებისა და ჩანადენის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით.

წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ე. შ-ის, ნ. გ-ის, ი. ბ-ის, ნ. მ-ის, ვ. ჩ-ის, მ. ნ-სა და სხვათა, მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ჩვენებებით, რომელთა შესაბამისად, მან თავი სავსებით ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სხვა მსჯავრდებულებთან ერთად საბრალდებო დასკვნით შერაცხული დანაშაულების ჩადენაში და აჩვენა, რომ ხსენებული ყალბი სანოტარო აქტების დამზადება, რომელთა საფუძველზეც ხდებოდა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ სხვა პირთა დაფიქსირება, რაც შემდგომ თავის მხრივ ასევე ხდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველი, მზადდებოდა თბილისში, ---ის გამზირის ¹104-ში მდებარე ე.წ. ოფისში. მასში მონაწილეობდნენ ი. მ-ლი, პ. ჯ-ია, მ. ჩ-ძე, თვითონ და ზ. ე-ლი. მათთვის ცნობილი იყო თითოეული გარიგების შესახებ და ყველა მათგანი სათანადო ანაზღაურებას იღებდა აღნიშნული გარიგებებიდან. ნ. ბ-მა გადასცა ზ. ე-ლს ყალბი სანოტარო აქტი, რომლის შინაარსსაც იცნობდა ზ. ე-ლი. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი თვითონ იყო გარიგების ერთ-ერთი მხარე.

დაზარალებულ ბ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2006 წლის ივნისში მ. ჩ-ეს თბილისში, ---ის გამზირის 21/--ში მდებარე ბინის საფასურად გადასცა 11 ათასი აშშ დოლარი. თვითონვე შეამოწმა აღნიშნული ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები და არაფერში ეჭვი არ შეჰპარვია. მოგვიანებით ნოტარიუსისგან შეიტყო, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები გაყალბებული იყო.

დაზარალებულ გ. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ. ხ-მა მას 8200 აშშ დოლარად მიჰყიდა თბილისში, ---ის დასახლების მე-- მ/რ, მე-- კვარტლის, -- კორპუსში მდებარე ბინა ¹5, რომელშიც დროებით ცხოვრობდა ბინის წინა მესაკუთრე _ მ. ჩ-ძე. იგი დარწმუნებული იყო, რომ ბინის საკუთრების შესახებ ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო. მოგვიანებით გაიგო, რომ აღნიშნული ბინა მ. ჩ-ეს, საბუთების გაყალბებით, მეორედ 25 ათას აშშ დოლარად გაუსხვისებია ი. კ-ზე, რითაც მან განიცადა მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური ზიანი.

დაზარალებულ თ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2006 წლის მარტში მ. ჩ-სთან გააფორმა თემქის დასახლებაში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების სისწორეში მას ეჭვი არ შეჰპარვია. ხელშეკრულების გაფორმებისას მ. ჩ-სთან ერთად იმყოფებოდა ნ. ბ-იც, რომელიც მ-ამ გააცნო, როგორც მისი მეგობარი. იმავე წლის ივლისში გაიგო, რომ ბინა სხვაზე იყო გაყიდული.

აგრეთვე: 2006 წლის 15 ივნისის სანოტარო აქტით ბ. მ-სა და მ. ჩ-ეს შორის; 2006 წლის 6 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. ბ-სა და მ. ჩ-ეს შორის; 2006 წლის 16 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. ჩ-სა და ი. კ-ლს შორის; 2006 წლის 13 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. ა-სა და ი. ბ-ეს შორის, დაზარალებულების _ ნ. ა-ის, გ. ბ-ის, ზ. ა-ის, გ. ა-ის წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ არანაირ დოკუმენტებზე ხელი არ მოუწერიათ და ხსენებულ დოკუმენტებზე მათი სახელით შესრულებული ხელმოწერები გაყალბებულია.

აგრეთვე: საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით, ხელშეკრულებებით, რწმუნებულებებით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით მსჯავრდებულებზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულებს: ბ. მ-ლს, პ. ჯ-სა და ზ. ე-ლს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის II ნაწილის ,,ა», ,,ბ» და 19, 362-ე მუხლების II ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები _ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეთ და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროთ:

მსჯავრდებულებს _ ბ. მ-სა და პ. ჯ-ას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის IV ნაწილის ,,ა» და 19, 180-ე მუხლის IV ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის II ნაწილის ,,ა», ,,ბ» და 19, 362-ე მუხლების II ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით_11-11 (თერთმეტ-თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულ ზ. ე-ლს _ 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულებს: ბ. მ-ლს, პ. ჯ-სა და ზ. ე-ლს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის II ნაწილის ,,ა», ,,ბ» და 19, 362-ე მუხლების II ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები _ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეთ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროთ:

ბ. მ-სა და პ. ჯ-ას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის IV ნაწილის ,,ა» და 19, 180-ე მუხლის IV ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის II ნაწილის ,,ა», ,,ბ» და 19, 362-ე მუხლების II ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 11-11 (თერთმეტ-თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზ. ე-ლს _ 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.