ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 25.12.2007
საქმის ნომერი
2კ-2057აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2057აპ. ქ. თბილისი

25 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის განაჩენით თ. თ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ თ. თ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა. თ. თ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 17 ოქტომბრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ თ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2004 წლიდან შპს „---ის“ ---რს, ესპანეთის მოქალაქე ი. ზ-სა და შპს „---ის» ---ს, საქართველოს მოქალაქე თ. თ-ეს შორის ჩამოყალიბდა საქმიანი ურთიერთობა. კერძოდ, ესპანეთის მოქალაქე ი. ზ-გა საქართველოში დაინტერესდა შავი და ფერადი ლითონის ბიზნესის წარმოებით, რაშიც პარტნიორობა შესთავაზა შპს-ს „---ის» --- თ. თ-ეს, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. თ. თ-ემ აიღო თავის თავზე ვალდებულება, რომ საქართველოში შეაგროვებდა შავ და ფერად ლითონებს და მოახდენდა მის ტრანსპორტირებას ესპანეთში, ხოლო ი. ზ-ამ აიღო ვალდებულება თანხების ესპანეთიდან გადმორიცხვაზე. ამ უკანასკნელმა „---“ ბანკში შპს-ს „---ის“ ანგარიშზე 2006 წლის ნოემბრიდან 2007 წლის 3 იანვრამდე სულ ჩარიცხა 621 314 ევრო, ხოლო თ. თ-ემ ესპანეთში ი. ზ-ას კუთვნილ შპს „---სს» გაუგზავნა 307 067 აშშ დოლარის ღირებულების სხადასხვა დასახელების ფერადი ლითონი, რითაც თ. თ-ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკურების მიზნით, მოტყუებით, არაერთგზის დაეუფლა ი. ზ-ას კუთვნილ დიდი ოდენობით _ 802 812 ლარს.

მანვე 2006 წლის 2 მარტს გააყალბა შპს „---სა“ და შპს „---ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ლითონის თურქეთის რესპუბლიკაში გაგზავნის შესახებ, ასევე ანალოგიური გზით გააყალბა 2006 წლის 10 აპრილის ხელშეკრულება. თ. თ-ემ გამოიყენა რა ი. ზ-ას ნდობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მას ჩაბარებული ჰქონდა შპს „---ის“ ბეჭედი, არაერთგზის გააყალბა ხელშეკრულებებზე ი. ზ-ას ხელმოწერები და გამოიყენა იგი შავი ლითონის გასაგზავნად.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ თ. თ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არასრული და ცალმხრივი სასამართლო გამოძიება; სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შესახებ, არ გამოიკვლია ისეთი არსებითი ხასიათის გარემოებები, რომელთა გარეშეც საქმეზე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას თ. თ-ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დასტურდება მის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა.

განაჩენით მსჯავრდებულ თ. თ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულ ი. ზ-ას ჩვენებით, რომლის თანახმად: 2004 წელს მან გაიცნო საქართველოს მოქალაქე თ. თ-ძე, რომელსაც სურდა მის ფეროშენადნობ გადასამუშავებელ ქარხანაში მუშაობა, მაგრამ ესპანეთში არალეგალურად ყოფნის გამო უარი უთხრა. ბოლოს თ. თ-ემ შესთავაზა, რომ ჯართის ბიზნესში იგი ყოფილიყო მისი უცხოელი კომპანიონი და დამფინანსებელი, რის სანაცვლოდაც მას საქართველოდან ესპანეთში გაუგზავნიდა ლითონსა და ჯართს, რაზეც ისინი შეთანხმდნენ. ი. ზ-გა ესპანეთიდან შპს „---“ ბანკში თ. თ-ეს შპს „---ის“ ანგარიშზე წინასწარ ურიცხავდა თანხებს, თ. თ-ემ კი მას გადაუგზავნა 18 კონტეინერი ფერადი ლითონი, ხოლო შავი ლითონის ჯართი მისთვის არ გადაუგზავნია. თ. თ-ემ ფაქტობრივად მიითვისა გადარიცხული თანხების ნაწილი, დაახლოებით 350 000 აშშ დოლარის ოდენობით. ჯართის მიუღებლობის გამო იგი არაერთხელ დაუკავშირდა თ. თ-ეს, რომელიც პასუხობდა, რომ დაკავებული იყო ჯართის გაყიდვის პროცესით და თანხის გაგზავნა უგვიანდებოდა, თუმცა, როცა ბოლოს შეხვდა თ. თ-ეს, მან განუცხადა, რომ იგი თანხას არ დაუბრუნებდა.

ი. ზ-ას ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ, თ. თ-ის თხოვნით, ჯართის შეძენა-ტრანსპორტირებისათვის დატოვებული ჰქონდა ფირმის ბეჭედი, მაგრამ მის მაგივრად დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება მისთვის არ მიუცია. აღმოჩნდა, რომ თ. თ-ეს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები მისი ხელმოწერის გაყალბებით, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება. კერძოდ, 2006 წლის 2 მარტის და 10 აპრილის ხელშეკრულებებზე არ არის მისი ხელმოწერები, მას ამით არც რაიმე ტვირთი მიუღია და მასში მითითებული თარიღით თანხები არ გადმოურიცხავს, ხოლო ამოღებული საბაჟო და სხვა დოკუმენტაციით ირკვევა, რომ თ. თ-ეს რეალურად ჯართი გაგზავნილი აქვს ჩინეთში, დუბაიში, ამერიკაში, სადაც ი. ზ-ას არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონდა. ამდენად, დაზარალებულის განმარტებით, თ. თ-ემ მიითვისა მისი თანხები და მისი გვერდის ავლით, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, გაყიდა ჯართი სხვა ქვეყნებში.

დაზარალებულის ჩვენებით, თ. თ-ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმით, რევიზიის აქტითა და საქმეში არსებული შპს „---“ ბანკიდან ამოღებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ი. ზ-ამ ესპანეთიდან შპს „---ის“ ანგარიშზე თ. თ-ეს 2004 წლის 2 ნოემბრიდან 2006 წლის 3 იანვრამდე თხუთმეტ ეტაპად გადმოურიცხა თანხა _ 621314 ევრო, 771523 აშშ დოლარის კურსით, აქედან თ. თ-ემ, ი. ზ-ას საქმეში არსებული საბაჟო დეკლარაციებიდან გამომდინარე, თხუთმეტ ეტაპად, 2004 წლის 25 დეკემბრიდან 2006 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში, შპს „---ის“ სახელით შპს „---სს» ესპანეთში გაუგზავნა 307067, 14 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ფერადი ლითონი. შესაბამისად, თ. თ-ეს ი. ზ-სათვის, ანუ შპს „---სათვის“ არა აქვს გაგზავნილი 464456 აშშ დოლარის (802812 ლარის) ღირებულების ფერადი და შავი ლითონის ჯართი. საყურადღებოა, რომ შპს „---ის“ ანგარიშზე ესპანეთიდან ფირმა „---ის“ მიერ ორ ეტაპად გადმორიცხულია თანხა _ 192600,00 ევრო. საქმეში არსებული წერილის თანახმად, ფირმა „---სი“ და ფირმა „---ზი» ეკუთვნის ერთი და იგივე ინდუსტრიულ ჯგუფს და ორივე კომპანიაში იგივე ფირმა „---სი“ შეთანხმდნენ ფირმა „---ის“ სახსრებით სესხის ხელშეკრულებაზე ფირმა „---ის“ ნაცვლად განახორციელოს ორი საბანკო გადარიცხვა შპს „---ის“ ანგარიშზე, რაც სინამდვილეში გადარიცხულ იქნა შპს „---“ ბანკში 2005 წლის 11 ნოემბერსა და 2005 წლის 1 ივნისს.

მსჯავრდებულ თ. თ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული წერილით, საზღვრის გადაკვეთის შესახებ ამონაწერის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მასალებით.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. თ-ეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ო ი ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მსჯავრდებულ თ. თ-ეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ თ. თ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.