შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 27.04.2007
საქმის ნომერი
386საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

386საზ. 27 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ _ ნ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის რეგიონის სამხედრო სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 28 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ო-ძე, თბილისის რეგიონის სამხედრო სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 28 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; სსკ-ის 17,104-ე მუხლის მეორე, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. იგი პატიმრობაშია 1994 წლის 19 ივლისიდან.

საქართველო პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹-- ბრძანებულებით სიკვდილმისჯილი გ. ო-ძე შეწყალებულ იქნა და იმავე ბრძანებულებით მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ. ო-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე (შთანთქმის პრინციპით) დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 10 წლით, 10 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოოდ მოსახდელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით. გ. ო-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2003 წლის 11 სექტემბრიდან.

მსჯავრდებული გ. ო-ძე საჩივრით ითხოვს თბილისის რეგიონის სამხედრო სასამართლო კოლეგიის მიერ 1995 წლის 28 ივლისს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის სასჯელის განსაზღვრას.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ გ. ო-ის დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს. მან აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) სანქცია, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ანდა თავისუფლების აღკვეთას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომების გათვალისწინებით, ხოლო მათ შორის ყველაზე მსუბუქია აღნიშნული კანონის იმ რედაქციით განსაზღვრული სანქცია, რომელიც ძალაში იყო ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენისას. ადვოკატმა ნ. ბოჭორიშვილმა ითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ გ. ო-ის სასიკეთოდ.

საჩივარს მხარი დაუჭირა, აგრეთვე, პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ქ-მა, რომელმაც, მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ეს ცვლილებები არსებით გავლენას ახდენენ გ. ო-ის მსჯავრდების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება განაჩენით დანიშნულ სასჯელს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ გ. ო-ის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ო-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანი გ. ო-ძე საჩივრით ითხოვს დამამძიმებელ გარემოებებში მის მიერ ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის მსჯავრდების თაობაზე მის მიმართ თბილისის რეგიონის სამხედრო სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენით განსაზღვრული ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც მისთვის ყველაზე მსუბუქია. როგორც აღინიშნა, გ. ო-ეს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე, მეოთხე, მეექვსე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩადენაში ბრალი დაედო გ. ო-ეს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ხოლო ორი ან რამდენიმე პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ამრიგად, გ. ო-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტები (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ო-ეს სასჯელი _ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას. ანალოგიურად უნდა გადაწყდეს საკითხი გ. ო-ის მიერ ჩადენილი ქმედების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც დაკავალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტებით (მითითებული რედაქცია).

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის _ განზრახ მკვლელობა ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის – ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იგივე უნდა აღინიშნოს გ. ო-ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით (მითითებული რედაქცია) კვალიფიკაციის თაობაზე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ო-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. იმავე გარემოების გამო გ. ო-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლიდან და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან (მითითებული რედაქცია) შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) თანახმად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა ყოფილიყო ჩადენილი დამთავრებული დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის სამ მეოთხედზე მეტი, მსჯავრდებულ გ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა უნდა დაენიშნოს 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ო-ის მიერ ჩადენილი სხვა ქმედების კვალიფიკაციას, განსაზღვრულს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ უფრო მსუბუქ კანონთან, რის გამოც იგი უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ო-ეს, რომელსაც წინა განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, შთანთქმულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლისა და 104-ე მუხლის მეორე, მეოთხე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, აგრეთვე, საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის, იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელები.

საკასაციო პალატამ, შეამოწმა რა მისი პირადი საქმე სრული მოცულობით, დაადგინა, რომ გ. ო-ძე მსჯავრდებულია აგრეთვე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ასევე საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, მთლიანობაში მას დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. ამ სასჯელს სასამართლომ წინა განაჩენის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაუმატა 9 (ცხრა) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.

ამჟამად საკასაციო პალატამ, გ. ო-ის მიმართ თბილისის რეგიონის სამხედრო სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენის ზემოთ მითითებულ სისხლის სამართლის კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, უნდა იმსჯელოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სასჯელის ნაწილში კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე. კერძოდ, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ წინა განაჩენის საფუძველზე გ. ო-ის მიმართ სასჯელი უნდა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ იმ დანაშაულის ჩადენის დღისათვის, რომლის გამოც იგი გაასამართლა რუსთავის საქალაქო სასამართლომ, აღნიშნული თხუთმეტი წლის ვადიდან გ. ო-ეს მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთის ვადა - ხუთი წელი, ათი თვე და თერთმეტი დღე, რომელიც ნაწილობრივ უნდა დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ბოლოს ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადას – სამ წელსა და ექვს თვეს, რის შედეგადაც მსჯავრდებულ გ. ო-ეს უნდა განესაზღვროს საბოლოო მოსახდელი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, რომლის მოხდა გ. ო-ეს უნდა დაეწყოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში მითითებული დღიდან – 2003 წლის 11 სექტემბრიდან.

სხვა ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ო-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის რეგიონის სამხედრო სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 28 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ გ. ო-ის მიერ ჩადენილი ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე; იგივე ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე. მისივე ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ გ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გამოყენებით საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლისა და 104-ე მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მესამედით და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, ასევე, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მას სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. გ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რითაც საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე შთანთქმულ იქნეს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სხვა სასჯელები.

მითითებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 12 ოქტომბერს მსჯავრდებულ გ. ო-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილისა და იმავე კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნულ სასჯელის ზომას _ 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს ნაწილობრივ წინა განაჩენის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ვადა, რომელიც გ. ო-ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის დღისათვის შეადგენდა ხუთ წელს, ათ თვესა და თერთმეტ დღეს და მსჯავრდებულ გ. ო-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში მითითებული დღიდან _ 2003 წლის 11 სექტემბრიდან.

თბილისის რეგიონის სამხედრო სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 28 ივლისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენები სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.