შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
879აპ ქ. თბილისი
16 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განაჩენით გ. დ-ი, _ დაბადებული ..... წლის ........., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. დ-ი დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დანაშაულებრივად დაუკავშირდა ასევე დაუდგენელ სამ პირს და შეუთანხმდა მათ, რომ შეეღწიათ გორის რაიონის სოფელ ....... მცხოვრებ ვ. ზ-ს საცხოვრებელ სახლში და მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ ამ უკანასკნელის მოძრავ ნივთებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2005 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 03.30 საათზე, გ. დ-მა თანამზრახველებთან ერთად შეაღწია ვ. ზ-ის საცხოვრებელი ბინის სარდაფში და დაეუფლა ღვინის 7 ცარიელ ბოცას, არყით სავსე ერთ ბოცას, ღვინით სავსე 3 ბოცას, ალუმინის 2 ქვაბს, რითიც დაზარალებულს სულ მიაყენა 407 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ნივთები მათ მიიტანეს ვ. ზ-ის მეზობლად მცხოვრებ გ. ზ-ის საცხოვრებელი სახლის ბაღში.
ზემოაღნიშნული ნივთების მისაკუთრების შემდეგ გ. დ-ი ძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად კვლავ შევიდა ვ. ზ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ამ უკანასკნელის კუთვნილი, ერთი სული მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის მისაკუთრების მიზნით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, კერძოდ, დაზარალებულმა შეიტყო ქურდობის შესახებ და მათ მოსაგერიებლად თოფიდან გაისროლა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო გ. დ-მა.
აღნიშნული ქმედებისათვის გ. დ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის მე-19,117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, გ. დარჩიაშვილს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 27 აგვისტოდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მა. მან ითხოვა განაჩენის გაუქმება და გ. დ-ს გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: გ. დ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის მე-19,117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი, როგორც შეცდომით წარდგენილი; მას საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. დ-მა ჩაიდინა ერთიანი, განგრძობადი, დაუმთავრებელი დანაშაული და განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სააპელაციო სასამართლო არ უნდა გასცდენოდა სასჯელის იმ ფარგლებს, რომელიც დაადგინა რაიონულმა სასამართლომ დაუმთავრებელი დანაშაულისათვის, მით უმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლოში არ იყო ბრალდების მხარის საჩივარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი მ. ნ-ძე ითხოვს გ. დ-სათვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის _ დაზარალებულ ვ.ზ-სა და მოწმე გ. ზ-ს ჩვენებებით, სასამართლო-ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით უდავოდ დადგენილია, რომ გ. დ-მა ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას გ. დ-ის მიერ ერთიანი დანაშაულის მცდელობის ჩადენის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სახეზეა სსკ-ის მე-14 მუხლით გათვალისწინებული განგრძობადი დანაშაული. ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელი განესაზღვრა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ. დ-ს სასჯელი განესაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დანიშნული სასჯელების _ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით.
რამდენადაც სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მსჯავრდებულის ადვოკატის საჩივრის საფუძველზე, სსსკ-ის 540-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი ერთი მუხლით, სასჯელთა შეკრების გარეშე გ. დ-სათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წელზე მეტი ვადით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი.
ამასთან, გ. დ-ის ქმედება 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. დ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულ გ. დ-ს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის საბოლოოდ განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.