განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 14.02.2008
საქმის ნომერი
2კ-1043აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1043აპ 14 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ, ც-ს დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ც-ა, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უცოლშვილო, მცხოვრები თბილისში, .......-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულთა ჩადენისათვის, როგორიცაა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის თანახმად, მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ გ. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 27 ივნისს თბილისში, ქობულეთის ქუჩის ¹1-ში არსებულ მაღაზიაში, ძიებით დაუდგენელი პირი ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში მომუშავე მ. ფ-ს კუთვნილ, “შIEMENშ-ის” ფირმის, A-1 მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 100 ლარად (იმეი კოდი _ 351011708520418). დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი იმავე დღეს ზემოაღნიშნული ძიებით დაუდგენილი პირისაგან შეიძინა გ. ც-ამ.

გ. ც-ამ 2006 წლის 27 ივნისს, იმყოფებოდა რა თბილისში, ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩების გადაკვეთაზე, განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან შეარჩია დანაშაულის ჩადენისათვის ხელსაყრელი მომენტი, მივიდა იქვე გაჩერებულ, კახაბერ ომიაძის მფლობელობაში მყოფ ავტომანქანა “გოლფ-2-თან” და საჭესთან მჯდომი კ. ომიაძისაგან ფარულად, ავტომანქანის წინა, მარჯვენა კარის ჩაწეული ფანჯრიდან დაეუფლა ე.წ. “ტორპედოზე” მოთავსებულ, დაზარალებულის კუთვნილ “შAMშUNG-ის” ფირმის, შGH-X 640 მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 200 ლარად (იმეი კოდი _ 356690001648854), რის შემდეგაც იგი შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც გ. ც-ა დააკავეს დანაშაულის ჩადენისთანავე. უშუალოდ დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით კ. ო-ს ავტომანქანიდან ფარულად გატაცებული, “შAMშUNG-ის” ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო მისი შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან კი ამოღებულ იქნა მარინა ფარფალიას კუთვნილი “შIEMENშ-ის” ფირმის, A-1 მოდელის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო ამ უკანასკნელის კუთვნილი სიმ ბარათი, ნომრით: 898195832.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ც-ს დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, გ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, აგრეთვე მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას იმ მოტივით, რომ კანონით განსაზღვრული წესით არ არის დადგენილი _ გ. ც-ამ თავისი ქმედებით დაზარალებულს ნამდვილად მიაყენა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან, აუდიტის დასკვნით, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, დაზარალებულ კ. ო-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის ღირებულება, რომელიც გ. ც-მ ფარულად გაიტაცა, შეადგენს 120 ლარს, რაც არ არის გაბათილებული, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა განაჩენის დადგენისას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განაჩენით აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. ც-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. ც-ს დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს ქურდობის ნაწილში მსჯავრდებულ გ. ც-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელად ისეთი ღონისძიების დანიშვნას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. კასატორი თავის მოთხოვნას აფუძნებს იმავე მოტივზე, რომელიც მას წინათ მითითებული ჰქონდა აღნიშნულ საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ც-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე გ. ც-ას მიმართ უნდა დაბრუნდეს ახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება, რომ მსჯავრდებულმა გ. ც-ამ ნამდვილად ჩაიდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მობილური ტელეფონის შეძენა, აგრეთვე მობილური ტელეფონის ქურდობა, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. ამავე დროს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: საბრალდებო დასკვნით ქურდობის ნაწილში გ. ც-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც გაიზიარეს პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ, ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ კ. ო-ს ზეპირ განცხადებას, რომლის მიხედვით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ღირებულებაა 200 ლარი, მაშინ, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილია აუდიტორული დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, მობილური ტელეფონის რეალური ღირებულება შეადგენს 120 ლარს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ, არ დაიცვა რა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლითა და მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, ხსენებულ აუდიტორულ დასკვნას განაჩენში არავითარი შეფასება არ მისცა და ისე განსაზღვრა გ. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, რაც საპროცესო კანონის არსებით დარღვევას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულება უნდა შეემოწმებინა და შეეფასებინა ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლივად, მისი სარწმუნოობის თვალსაზრისით და ისე მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ბრალეულობის თაობაზე, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, აუდიტორული დასკვნის საფუძვლიანად ჩათვლა, თუ მისი უსაფუძვლოდ მიჩნევა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს კანონიერი განაჩენის დასადგენად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად დაუდგენელია, თუ რა დანაშაული აქვს ჩადენილი გ. ც-ას _ ქურდობა მაკვალიფიცირებელ გარემოებებში, თუ ამ უკანასკნელის გარეშე, ამასთან, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განაჩენი გ. ც-ს მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს ყველა მტკიცებულება, რომლებიც საქმეშია, მათ შორის _ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა დაზარალებულ კ. ო-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის ღირებულების თაობაზე, რის შემდეგაც, სარწმუნოობისა და საკმარისობის თვალსაზრისით ყველა მტკიცებულების ერთობლივად შეფასების საფუძველზე, უნდა გადაწყდეს გ. ც-ს ბრალეულობის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ც-ს დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განაჩენი გ. ც-ს მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.