ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 03.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1561აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1561აპ 3 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. თ-სა და მსჯავრდებულ დ. ა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:

1. დ. ა-ი, _ დაბადებული .... წელს, ქართველი, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მესტიის რაიონის სოფელ ........, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 6 წლით, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, 236-ე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით, 353-ე მუხლის I ნაწილით _ 4 წლით, 187-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (ძველი რედაქცია).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნაწილობრივი შეკრების წესით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. გ. მ-ი, _ დაბადებული ....... წელს, ქართველი, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, გლდანის მე-5 მ/რაიონში, კორპუსი 21, ბინა 109-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 6 წლით, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით – 1 წლით, 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (ძველი რედაქცია).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნაწილობრივი შეკრების წესით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ისინი სასჯელს იხდიან 2006 წლის 24 აპრილიდან.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 24 აპრილს დ. ა-ი და გ. მ-ი მთვრალები მივიდნენ ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,,დელისთან” და განიზრახეს ყაჩაღობის ჩადენა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ გააჩერეს ა/მანქანა ვაზ-21-05 სახ. ¹........, რომელსაც მართავდა გ. მ-ძე და სთხოვეს ქ. თბილისში, გლდანის მასივში წაყვანა. გ. მ-ი ჩაჯდა ა/მანქანის წინა სალონში, ხოლო დ. ა-ი მოთავსდა ა/მანქანის უკანა სალონში. გზად დ. ა-მა ამოიღო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომელიც მან უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით მოახდინა ერთი გასროლა ა/მანქანის სალონში, დააზიანა ა/მანქანის ჭერი და მძღოლს კატეგორიულად მოსთხოვეს ფული. რეალური მუქარით შეშინებულმა გ. მ-მ მათ გადასცა 5 ლარი. მიუხედავად ამისა, დ. ა-ი განაგრძობდა სროლას, მძღოლს მოსთხოვა რესტორან „ქიზიყთან“ გაჩერება და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით აიძულა იგი გადასულიყო ა/მანქანის უკანა სალონში. თვითონ მიუჯდა საჭეს, პისტოლეტი კი გადასცა მასთან ერთად დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გ. მ-ს, რომელიც გადაჯდა ა/მანქანის უკანა სალონში, თავისუფლებააღკვეთილ გ. მ-თან. გლდანში, სუპერმარკეტ „მარიამთან“ დ. ა-მა სწრაფად მოძრაობის გამო ვერ დაიმორჩილა საჭე, შეეჯახა ბორდიურს, რის შემდეგაც ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან და ვეღარ დაიქოქა. დ. ა-ი და გ. მ-ი გადმოვიდნენ ა/მანქანიდან და მიიმალნენ. მანქანის დაზიანებით დ. ა-მა დაზარალებულ გ. მ-ს მიაყენა 505 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. დაზარალებულმა გ. მ-მ დასახმარებლად მიმართა საპატრულო პოლიციის მუშაკებს, რომლებმაც შეამჩნიეს მის მიერ აღწერილი ორი პირი. პატრულ-ინსპექტორებმა მათ მოსთხოვეს გაჩერება. პატრულის კანონიერ მოთხოვნაზე _ შეჩერებულიყვნენ, დ. ა-მა გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატმა და მსჯავრდებულმა დ. ა-მა. გ. მ-ს ადვოკატმა მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაული, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ გ. მ-ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მოცემული დანაშაულის ჩადენაში და უსაფუძვლოდ დასდო მას მსჯავრი.

მსჯავრდებულმა დ. ა-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ იგი გამართლდეს ყაჩაღობისა და ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებაში, იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ტარებაში, რაშიც ფაქტობრივად ცნო თავი დამნაშავედ და ასევე _ პოლიციის მუშაკების მიმართ თავისი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს ხელის შეშლაში, რაც ახსნა თავისი სიმთვრალით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულების – დ. ა-სა და გ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან და გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. თ-მ და მსჯავრდებულმა დ. ა-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატი ვ. თ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებას და გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. იგი აღნიშნავს, რომ გ. მ-ი არ მოქმედებდა დ. ა-თან ერთობლივი დანაშაულებრივი განზრახვით და ადგილი ჰქონდა აღმსრულებლის ექსცესს, რასაც ადასტურებენ მსჯავრდებულებიც და ნაწილობრივ _ დაზარალებული გ. მ-ძეც.

მსჯავრდებული დ. ა-.ი ითხოვს უკანონო განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ ვ. თ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებისა და გ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ იმ მოსაზრებით, რომ გ. მ-ი არ მოქმედებდა დ. ა-თან ერთობლივი დანაშაულებრივი განზრახვით და ადგილი ჰქონდა აღმსრულებლის ექსცესს.

პალატა ასევე არ ეთანხმება მსჯავრდებულ დ. ა-ის მოთხოვნას უკანონო განაჩენის გაუქმების შესახებ საქართველოს სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას, უსაფუძვლობის გამო.

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულთათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.

პალატა თვლის, რომ საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ. მ-ს წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, დ. ა-სა და გ. მ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის 2006 წლის 24 აპრილის ¹6/6-91/ბ დასკვნით, გ. მ-სა და დ. ა-ს მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. ა-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელის – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ დ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, 353-ე მუხლის I ნაწილით, 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. ა-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელის – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ დ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, 353-ე მუხლის I ნაწილით, 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.