ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 11.02.2008
საქმის ნომერი
2კ-1634აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1634აპ ქ. თბილისი

11 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენზე ა. თ-სა და ვ. ჟ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით ა. თ-ი, _ დაბადებული ..... წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, და ვ. ჟ-ი, _ დაბადებული ... წლის ........., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ასევე _ სხვისი მოძრავი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. თ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ვ. ჟ-ს და გადაწყვიტეს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ სხვის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2006 წლის 3 ნოემბერს ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, ახმეტელის ქ. ¹10-ში მდებარე სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის” ფირის გადამამუშავებელი საამქროს შენობასთან, ამოიღეს პირველ სართულზე მდებარე ფანჯრის მინა და ამ გზით შეაღწიეს შენობაში, თანნაქონი ტექნიკური საშუალებების, კერძოდ _ მკვნეტარას, სახრახნისისა და ქანჩის გამოყენებით საამქროს მოხსნეს ორი ავტომატური ელექტროჩამრთველი, ასევე გადაჭრეს საამქროს მეორე სართულზე მდებარე ქიმიურ ლაბორატორიაში არსებული წყლის გამოსახდელი და ელექტროსადენები, რითიც დააზიანეს და მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანეს ფირის გადამამუშავებელი საამქრო, რომელსაც მიაყენეს 3000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ქურდობის განზრახვა მათ ბოლომდე ვერ მოიყვანეს სისრულეში, რადგან შეამჩნიეს ტელეკომპანია „იმედის” საერთაშორისო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, რის შემდეგაც ორივე მათგანი საპატრულო პოლიციის მუშაკებმა დააკავეს საამქროს შენობაშივე.

აღნიშნული ქმედებისათვის ა. თ-ა და ვ. ჟ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით განესაზღვრათ თითოეულს _ 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულებს საბოლოოდ მიესაჯათ თითოეულს _ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოთ 2006 წლის 3 ნოემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა და ითხოვეს გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ა. თ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან მთელი რიგი საკითხებისა გადაწყდა არასწორად და არსებითად დაირღვა საპროცესო ნორმები, კერძოდ:

დაირღვა მსჯავრდებულის დაცვის უფლება, რადგან მას სააპელაციო სასამართლოში, მიუხედავად მოთხოვნისა, არ დაუნიშნეს ადვოკატი; საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ლ. დ-მა ვ. ჟ-ს სთხოვა საამქროსათვის ყურადღების მიქცევა, რადგან შენობა არაერთხელ გაიქურდა; ვ. ჟ-მა შეამჩნია ფანჯრიდან ამოღებული მინა და შევიდა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა; სასამართლომ არასწორად შეაფასა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოწმეთა ჩვენებები, არ გაარკვია, თუ ვინ დააზიანა ელექტროჩამრთველები და ელექტროსადენები; აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დადასტურებულია მსჯავრდებულთა მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა და გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გ. ლ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ ოთხასრთულიანი შენობის დათვალიერებისას სახურავზე აღმოაჩინეს ა. თ-ი და ვ. ჟ-ი, რომლებსაც დიდხანს ეძებდნენ. მისივე განცხადებით, აშკარა იყო, რომ ხსენებული პირები იმალებოდნენ. დაზიანებული იყო ელექტროსადენები.

მოწმე გ. ა-მაც მიუთითა, რომ ეჭვმიტანილები სახურავზე დააკავეს. შენობაში ჩაჭრილი და წასაღებად გამზადებული იყო ელექტროსადენები (ს.ფ. 102-104).

დაზარალებულმა ლ. დ-მა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას ეჭვმიტანილები უკვე დაკავებული ჰყავდათ. მისივე თქმით შენობაში ,,ყველაფერი დაჭრილი და განადგურებული იყო" (ს.ფ. 100-102).

უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ დაირღვა მისი დაცვის უფლება. პირველი ინსტანციის სასამართლოში ორივე განსასჯელს იცავდა ადვოკატი, ხოლო სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ა. თ-მა და ვ. ჟ-მა განაცხადეს, რომ ადვოკატის მომსახურებას არ საჭიროებდნენ და თავად დაიცავდნენ საკუთარ ინტერესებს (ს.ფ. 142).

გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი, რადგან ამ მუხლის ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას.

ამასთან, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულები _ ა. თ-ი და ვ. ჟ-ი უნდა გათავისუფლდნენ სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, შესაბამისად, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება სსკ-ის 59-ე მუხლზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ა. თ-ი და ვ. ჟ-ი გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

გასაჩივრებული განაჩენიდან ა. თ-სა და ვ. ჟ-ს მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და მითითება სსკ-ის 59-ე მუხლზე;

ა. თ-სა და ვ. ჟ-ს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით საბოლოოდ განესაზღვროთ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლითა და 3-3 (სამ-სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.